საკვირაო ქადაგება (22 ივლისი, 2007 წელი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 22 ივლისი, 2007 წელი
„ვერავითარი მტერი ვერ სძლევს
საქართველოს, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლი იცავს და იფარავს მას!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველი
ადამიანი არის განსაკუთრებული ქმნილება ღვთისა, ქმნილება ღვთის სიყვარულისა.
სიყვარული ქმნის ყოველივეს. სიყვარულმა შექმნა ეს ქვეყანა, ეს ბუნება. წმინდა იოანე
ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“. ყოველი ადამიანი არის გარკვეული
ენერგიის, გარკვეული ძალის მაგარებელი, მაგრამ ადამიანის ძალა შეზღუდულია, მის
ქმედებებს გააჩნია რაღაც ზღვარი, რომლის იქით უკვე აღარაფერი შეუძლია. მაგრამ რაც
შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღმერთისთვის. და თუკი ადამიანი ითხოვს, უფალი მას ძალას შემატებს. ადამიანს
ძალიან ბევრი შეუძლია. ადამიანი სასწაულებს აკეთებს, როცა დიდ სიწმინდეს მიაღწევს,
მაგრამ ადამიანს სჭირდება სულიერი დახმარება. ამ დახმარების მისაღებად
ადამიანისთვის საჭროა ლოცვა. სახარებაში წერია: „ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ,
ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ“. ადამიანებს ზოგჯერ გვგონია, რომ
შეგვიძლია თავადვე ყველაფერს მივაღწიოთ ჩვენი ძალით, ჩვენი მეცადინეობით, ჩვენი
გამჭრიახობით, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანი უნდა გრძობდეს, რომ არის საზღვარი, რომლის იქით იგი ვეღარ მიდის, არის საზღვარი,
რომლის იქით ვერაფერს ხედავს. ეს არის ღვთის განგებულება. ადამიანს მიანიჭა უფალმა
გარკვეული ძალა, მაგრამ თუ უნდა მას, რომ ჰქონდეს იმაზე მეტი, უნდა შესთხოვოს
უფალს და სულიერად განიწმინდოს თავისი შინაგანი ბუნება. ამ შემთხვევაში მადლი
ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, მიენიჭება მას და აღავსებს
იმ უძლურებას და ნაკლულოვანებას, რომელიც არის მასში.

მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ
დროს, როცა მთელი მსოფლიო ღელავს, როცა მთელი მსოფლიო ეძებს ახალ გზებს, ახალ
ურთიერთობებს. ეს ყველაფრი ღვთს განგებთ ხდება. და აი, ამ მღელვარების დროს
ადამიანმა არ უნდა დაკარგოს მთავარი გზა, მთავარი გეზი, არ უნდა დაკარგოს რწმენა,
არ უნდა დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ უფალი ჩვენი
იესო ქრისტე და ჩვენი სარწმუნოება არის გზა ჭეშმარიტებისა, რომელიც აახლოებს
ადამიანს ღმერთთან და რომელსაც აჰყავს ადამიანი სასუფეველში. მინდა გავიხსენო ერთი
შემთხევა, რომელიც ჩემი პატრიარქობის პერიოდში მოხდა. ჩვენი ეკლესიის დელეგაცია
ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. ჩვენ სასტუმრო „უკრაინაში“ ვცხოვრობდით. ერთხელ გარეთ
ჰაერზე გამოვედით. მე განცალკევებით დავჯექი. მოულოდნელად ჩემთან ერთი რუსი
ახალგაზრდა მოვიდა და მომმართა: „თქვენ ხართ საქართველოს პატრიარქი?“ „მე
ვარ-მეთქი“ –
ვუპასუხე. მითხრა: „მინდა ისეთი რამ გიამბოთ, რასაც ვერავის ვუმხელ“. მივხვდი, რომ
მას რაღაც სტანჯავდა და აწუხებდა და ჩამოჯდომა შევთავაზე. იგი გვერდით მომიჯდა და
საოცარი ამბავი მიამბო. ჯარში, თურმე ბირთვულ წყალქვეშა ნავზე მსახურობდა. ნავმა
ოკეანეში კატასტროფა განიცადა და სადღაც ჩაიძირა. მათი მშველელი არავინ ჩანდა.
შეწყდა ყოველი კავშირი დედამიწასთან და მიხვდნენ, ეკიპაჟის დაღუპვა გარდაუვალი იყო.
ამ შემთხვევისთვის მათ ჰქონიათ წესად, – სვამდნენ სპირტს და ითიშებოდნენ,
რომ გათავისუფლებულიყვნენ სიკვდილის ტანჯვისაგან. ამასთან მათ წესად ჰქონიათ,
ეკიპაჟის ყველაზე ახალგაზრდა წევრის კატაპულტირება, რათა მათი დაღუპვის ამბავი
ჩაეტანა სამშობლოში. ეკიპაჟის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ჩემი თანამოსაუბრე
აღმოჩნდა. იგი კატაპულტით ზღვის ნაპირზე ამოუსვრიათ. თითქმის 2 თუ 3 დღე ტივტივებდა
ზღვაზე და გემს ელოდა. ბოლოს იგი გემბანზე აუყვანიათ და ასე დაბრუნღა საბჭოთა
კავშირში, მივიდა თავის უფროსებთან და ყველაფერი რაც იცოდა, უამბო. მას მოთხოვეს
არავისთვის გაენდო ეს ამბავი და ამ უთქმელობით იგი წლების მანძილზე იტანჯებოდა.
ბოლოს გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მოეყოლა და გათავისუფლებულიყო ამ ტვირთისგან.
დავლოცე და მადლობა შევწირე უფალს, რომ გადარჩა. ბოლოს მან დასძინა: ახლა ძალიან
გახარებული ვარ, რადგან შვილი შემეძინაო. რაკი ბირთვულ წყალქვეშა ნავზე
მსახურობდა, ეგონა რომ ისე დაავადდებოდა, რომ შვილი აღარ ეყოლებოდა, მაგრამ უფალმა
მისცა. ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი.

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ გითხრათ, არავინაა არაფრისგან დაზღვეული და არავინ
იცის, რა შეემთხვევა. ამიტომ ერთმანეთისთვის უნდა ვილოცოთ, ერთმანეთს ლოცვით უნდა
დავეხმაროთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ
აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. სხვისი სიმძიმის ტვირთვა სხვადასხვაგვარად
შეიძლება: შეიძლება მშიერს პური მისცე, ან
მწყურვალს წყალი მიაწოდო, ან გაჭირვებულს შეეწიო, მაგრამ ყველაზე დიდი საქმე არის
ლოცვა, სულიერი დახმარება. მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, განსაკუთრებით ილოცეთ
ჩვენი ჯარისკაცებისათვის, ჩვენი ჯარისათვის. თქვენ იცით, ამჟამად თითქმის 2000 კაცი
გაგზავნილია ერაყში. ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს ეს ადამიანები სამშობლოში.

ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ლოცვით. სწორედ ამიტომაა, რომ წირვა-ლოცვის დროს დიაკონი
იხსენიებს – ჩვენს ღვთივდაცულ ერს, მის მთავრობასა და მხედრობას; და ასევე იხსენებს
პატრიარქსა და ეპისკოპოსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასე ვეხმარებით ერთმანეთს
და ამით მოვიპოვებთ ძალსა და მადლს ღვთისას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ
მამაზეციერმა.

დღეს ჩვენს ქვეყანას მძიმე განსაცდელები აქვს. ზოგიერთი ადამიანი ვარდება
სასოწარკვეთილებაში. ეს არ შეიძლება, სასოება მუდამ უნდა გვქონდეს. საქართველო
მუდამ იყო განსაცდელში, მაგრამ მუდამ გამოდიოდა უმძიმესი მდგომარეობიდან.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მუდამ შეეწეოდა საქართველოს. არ შეიძლება, რომ
დაეცეს ან მოისპოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა! ვერავითარი მტერი
ვერ სძლევს საქართველოს, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იცავს და იფარავს
მას!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს
სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26,
2007 წ.