საკვირაო ქადაგება (25 თებერვალი, 2007 წელი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 თებერვალი, 2007 წელი
„მართლმადიდებლობა – ეს არის
ჩვენი ერის დიდი საუნჯე და
განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჭეშმარიტ სარწმუნებას!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის დიდი საეკლესიო დღესასწაული – მართლმადიდებლობის ზეიმი. ყველას
გილოცავთ! მართლმადიდებლობა ეს არის ჩვენი ერის დიდი საუნჯე და ამიტომაც
განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჭეშმარიტ სარწმუნოებას! ჩვენი ეკლესია
ინახავს იმ ტრადიციებსა და რწმენას, რომელიც ახასიათებდა თავდაპირველ ეკლესიას. ეს
იყო ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ეს ტრადიციები და რწმენის
სიწმინდე შეუცვლელად შეინარჩუნა მართლმადიდებლობამ და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ
მართლმადიდებლები ვართ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ასევე მინდა გითხრათ, რომ ხუთშაბათს იგეგმება ჩვენი ვიზიტი მოსკოვში. ეს ძალიან
მნიშვნელოვანი ვიზიტია. მოსკოვში გამოიცა მართლმადიდებლური ენციკლოპედიის მე-13
ტომი, რომელიც ნაწილობრივ მიეძღვნა ქართველი ერისა და ეკლესიისა ისტორიას.
სამწუხაროდ, ამ გამოცემაში შეცდომებიც გაიპარა. მაგრამ ზოგადად ეს მაინც დიდი
მნიშვნელობის მქონე ფაქტია. ენციკლოპედიისთვის მასალების მომზადებაში
მონაწილეობდნენ ქართველი მეცნიერებიც. ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მიწვევა მოსკოვისა
და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ისაგან მართლმადიდებლური ენციკლოპედიის
მე-13 ტომის პრეზენტაციაზე მონაწილეობის მისაღებად. პრეზენტაცია მაღალ დონეზე
ჩატარდება.
მომავალ კვირას კი შესრულდება ერთობლივი წირვა მაცხოვრის ტაძარში.
ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი ლოცვების იმედი მაქვს.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
დღეს, როგორც აღვნიშნეთ, მართლმადიდებლობის ზეიმია და ამ დღეს გვსურს, იღუმენ
ლაზარეს, რომელიც წლების განმავლობაში თავდადებულად მოღვაწეობს საქართველოს
ეკლესიაში, მივანიჭოთ არქიმანდრიტობის ხარისხი.
თქვენი და ჩემი სახელით ვულოცავთ არიქმანდრიტ ლაზარეს ამ დიდ ჯილდოს და იმედი
მაქვს, რომ იგი მომავალში უფრო მეტს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის
საკეთილდღეოდ.
ღმერთმა დაგვაჯილდოვოს თავისი სიყვარულით ჩვენ ყველანი და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №7,
2007 წ.