გიორგობის დღესასწაული ისტორიულ ჰერეთში (06.05.2024)

ა.წ. 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს ეწვია. 

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვართან, - დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. 

საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები.

მეუფე თეოდორემ ადგილობრივ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა, მისი უწმინდესობის სახელით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გიორგობა მიულოცა და შეკრებილთ გულთბილი დახვედრისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 ამავე დღეს მიტროპოლიტმა თეოდორემ დელეგაციის წევრებთან ერთად ისტორიული ჰერეთის გამორჩეული სიწმინდე, - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცა, სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ჩვენი ხალხი და ქვეყანა დიდმოწამე გიორგის შეავედრა. 

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის სალოცავია. აქ აღსრულებულ დიდ სასწაულთა გამო დღესასწაულზე სალოცავად ამოდიან როგორც ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები, ისე მუსლიმები. უამინდობის მიუხედავად ასე იყო წელსაც.

მეუფე თეოდორემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აზერბაიჯანის მხარის სხვა ხელმძღვანელებს, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომელთაც უზრუნველყვეს გიორგობის დღესასწაულის მაღალ დონეზე აღნიშვნა, რაც ხელსუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.