გიორგობის დღესასწაული ჰერეთში (23.11.2023)

ა.წ. 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს 120 კაციანი დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს ეწვია.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვართან, - დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.  

საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს კონსული აზერბაიჯანში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები. 

მეუფე თეოდორემ ადგილობრივ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა, მიულოცა გიორგობის დღესასწაული და შეკრებილთ გულითადი მადლობა გადაუხადა.

ამავე დღეს მან, დელეგაციის წევრებთან ერთად, მოინახულა მოწამეობრივად აღსრულებელი მღვდლის, წმინდა მიქაელ ყულოშვილის საფლავი და მოილოცა ისტორიული ჰერეთის გამორჩეული სიწმინდე, - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი.  მღვდელმთავარმა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ჩვენი ხალხი და ქვეყანა წმინდა გიორგის შეავედრა.

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის სალოცავია. ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე.წ.მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. აქ აღწერილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმეს სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოს კირილეს (დონაური) ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერა დაავალა.

რაც შეეხება დღევანდელ ტაძარს, იგი XIX საუკუნის 90-იან წლებში ძველი ეკლესიის საფუძველზე განახლდა არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე), შემგომში კათოლიკოს-პატრიარქის, ხელმძღვანელობით.

აქ აღსრულებულ დიდ სასწაულთა გამო დღესასწაულზე სალოცავად ამოდიან როგორც ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები, ისე მუსლიმები. ასე იყო წელსაც.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრები კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, მუსა შექილიევს და კახში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ.

რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებლებს საჩუქრად ბიბლია დაურიგეს.

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ, მუბარიზ გურბანლის, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს, საქართველოს საელჩოს  აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში.

 აღინიშნა, რომ გიორგობის დღესასწაულზე ისტორიულ ჰერეთში უკვე არაერთი ვიზიტი განხორციელდა, რაც ხელს უწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც მოეწყობა მსგავსი ღონისძიებები.