თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში პავლე ინგოროყვას დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა (17.11.2023)

ა.წ. 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დიდი ქართველი მეცნიერის - პავლე ინგოროყვას - დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და პავლე ინგოროყვას განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მოხსენებებით წარდგნენ - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე („პავლე ინგოროყვას „გიორგი მერჩულე“ და ხელისუფლების დაკვეთით მისი არაობიექტური განხილვა“),  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი („პავლე ინგოროყვა აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის შესახებ „გიორგი მერჩულეს“ მიხედვით“).

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. სხდომის დასასრულს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მაღალ აკადემიურ დონეზე ჩატარებული ღონისძიებისათვის და დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ღვაწლის ღირსეული დაფასებისთვის.