სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისრაელის ელჩი მიიღო (09.11.2023)

ა.წ. 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ქ-ნ ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.  

შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა.  საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ქ-ნმა ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა  გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის.

ისრაელის ელჩმა ქ-ნმა ჰადას მეიცადმა  მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა  და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი.