სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბ-ნ შალვა მოსიძეს (29.09.2023)

ჭეშმარიტ ხელოვნებას არა აქვს საზღვარი, იგი ღვთივმომადლებული ენაა, რომელიც ყველას ესმის და ყველა პატივს სცემს. ამ ენასაც აქვს თავისი მიმართულებები, რომელთა შორის მუსიკა გამორჩეულად სიღრმისეული და მეტყველია, მრავალფეროვანი და მშვენიერია.

ამ სფეროს დიდი წარმომადგენელია ჩვენი თანამედროვე მუსიკოსი, დირიჟორი და ქორმაისტერი ბ-ნი შალვა მოსიძე, რომლის წვლილი ქართული საგუნდო მუსიკის, ქართული საეკლესიო გალობისა და ქართული სამუსიკო განათლების განვითარებაში, ბ-ნ იოსებ კეჭაყმაძესთან ერთად, განუზომელია.

ბ-ნ შალვა მოსიძის მიერ ჩამოყალიბებული გორის ქალთა გუნდი არის ნათელი მაგალითი მისი მოღვაწეობისა და მსოფლიო დონეზე ქართული სულიერებისა და კულტურის წარმოჩენისა.

15 წელია ბატონი შალვა ზედამხედველობას უწევს საქართველოს საპატრიარქოს გუნდსაც, რომელმაც, ასევე, უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

დიდად მნიშვნელოვანია, რომ მას მრავალი მოსწავლე და გზის გამგრძელებელი ჰყავს. მათთან ერთად ჩვენც ვულოცავთ ბატონ შალვას ვარსკვლავის გახსნას და, ასევე, წინმსწრებად დაბადებიდან 87 წელს; ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს შემოქმედებით ცხოვრებაში.

ღმერთმა დალოცოს ბატონი შალვა, მისი ოჯახი, მისი აღზრდილები და აღსაზრდელები. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ხელოვანი და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი