სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა (27.09.2023)

 

დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას, - ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს.

ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის ჯვარცმით.

ამ განცდას ჩვენთვის ემატება მწუხარებაც სოხუმის დაცემის გამო, რაც 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოხდა და, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს მოუშუშებელი ჭრილობაა.

მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ინებოს ღმერთმა ყოველი ჩვენგანის სულიერი აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, და მკვიდრნი მათ შინა;

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ!

 

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი