სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“ (17.02.2023)

ა.წ. 15-17 თებერვალს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და  მასში მონაწილეობა ათზე მეტი ქვეყნის  სამეცნიერო და სასულიერო წრის წარმომადგენელმა მიიღო.

კაცობრიობისათვის მუდამ საჭირო იყო და იქნება როგორც მარადიული ღირებულებები, ასევე მარად ცვალებადი სამყაროს მოთხოვნების გათვალისწინება. შეცდომა ამ ღირებულებათა დაპირისპირებაა, რასაც ადგილი აქვს ჩვენს დროშიც.

სიმპოზიუმის ამოცანაა განათლების, კულტურისა და სამართლის სფეროში გამოინახოს გზები ამ დაპირისპირებული პოზიციების დაახლოებისა და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ასევე ხელი შეეწყოს განსხვავებულ მსოფლმხედველობათა და კულტურათა შორის დიალოგს, სამოქალაქო მშვიდობის განმტკიცებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებას.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა სიმპოზიუმის მონაწილეთადმი:

ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო, ყველას გულითადად მოგესალმებით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ სიმპოზიუმში მონაწილეობისთვის.

თემა, - ,,მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“ ყველა დროის საუკეთესო მოაზროვნეებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხი იყო, ასეა ჩვენს რეალობაშიც, თანამედროვე ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ წარმავალი და წარუვალი, უცვალებელი სამყაროს ურთიერთმიმართების პრობლემის გადაჭრა სარწმუნოებრივი საკითხია. მორწმუნე ადამიანი მარადიულობისთვის უნდა ცხოვრობდეს და ყოველდღიურ ყოფაში მიწიერთან ერთად, რა თქმა უნდა, სულიერსაც უნდა ითვალისწინებდეს და მის ქმედებას ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი სწავლება უნდა ედოს საფუძვლად.

ამ ფონზე ნათლად იკვეთება  მეცნიერების როლიც, რადგან რწმენაც და ცოდნაც ჭეშმარიტების ორი ფრთაა, რომელიც სულიერი განვითარებისათვის ყოველთვის აუცილებელი იყო და არის, - როგორც ამას კლიმენტი ალექსანდრიელი ბრძანებს.

როდესაც ვსწავლობთ გარემოს, მიკრო და მაკრო კოსმოსს, ვსწავლობთ ადამიანს... არ შეიძლება არ გაგაოცოს და მადლიერებითა და მოწიწებით არ აღგავსოს აქ გაცხადებულმა ღვთის დიდებულებამ, - საოცარმა წესრიგმა, სიბრძნემ, მიზეზშედეგობრიობამ, ინდივიდუალიზმმა... და, რა თქმა უნდა, ყოველივე ამის შემქმნელმა შემოქმედმა.

თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მკვლევარები არიან ამ რეალობასთან ყველაზე ახლოს.

ამიტომაც წერდა აინშტაინი: ,,მეცნიერება, რომელიც არ ეფუძნება რელიგიას, ნდობას არ იმსახურებს“ და კიდევ: ,,მე მწამს ღმერთის, როგორც პიროვნების და ჩემი სინდისი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არცერთი წუთი ჩემი ცხოვრებისა არ ვყოფილვარ ათეისტი“. რა თქმა უნდა, მსგავსი პოზიცია მანამდეც და შემდგომაც ძალიან ბევრ ცნობილ ფიზიკოსს, მათემატიკოსს, ფილოსოფოსს, ბიოლოგს, მიკრობიოლოგს, ექიმს, ასტრონომს, მწერალს, კულტურის სფეროს წარმომადგენელს... აქვს გამოთქმული და ვიმედოვნებ, თქვენც თქვენს წვლილს შეიტანთ ამ უმნიშვნელოვანესი თემის ახლებურად წარმოჩენაში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და თქვენი ცხოვრების ბოლომდე გამსახუროთ ჭეშმარიტებას, გამსახუროთ ღმერთს და ადამიანს.

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი