სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14.10.2022)

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

მე მაგონდება ის დღეები, როცა ნაკლებად იყო ხალხი ეკლესიაში, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II მე მაგზავნიდა ხოლმე საღამოს, წინა დღესასწაულზე და ვასრულებდი ლოცვას. ახლა სხვა მდგომარეობაა.

,,მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული“.  

მრავალი სასწაული გვინახავს, მაგრამ გამორჩეულია აი, ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვის წინ, უფალი არ დაგვტოვებს, უფალი აღგვავსებს სიყვარულით.

არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგიტყდეთ გული; ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვეხმარება და გვაძლევს ძალას მის გადასალახად.

მე გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც ესწრებიან წირვას.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროთ და გააძლიეროს საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, პატივცემულო საზოგადოებავ, დიდი პატივია ჩემთვის რომ დღეს მოგმართოთ, მოგილოცოთ ყველას ყველა ქართველისთვის ძალიან დიდებული დღესასწაული, - სვეტიცხოვლობა.

სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის სიმბოლოა, რომელიც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები. აი, ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე - სვეტიცხოვლობა. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე.

გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო  გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს.

მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა.

დღეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. მსოფლიო, სამყარო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მადლობა უფალს, ჩვენი ეკლესიის ლოცვით, ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!