სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა (21.07.2022)

ა.წ. 21 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშაზადე მიიღო თანმხლებ პირებთან ერთად.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრები, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,  ბ-ნი  ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წევრები.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ისაუბრა განვლილ წლებში სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე  და ხაზი გაუსვა მეგობრობის შენარჩუნებისა და გაღრმავების აუცილებლობას.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და გადასცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბ-ნ ილჰამ ალიევის გულთბილი მოკითხვა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა  კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის განსაკუთრებული ავტორიტეტისა და პატივისცემის შესახებ კავკასიასა და მსოფლიოში და დასძინა, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, რათა ხელზე მთხვეოდა პატრიარქს და მიეღო მისგან დალოცვა.