სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბ-ნ გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით (30.05.2022)

ბატონ გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით

 

ბატონ გიორგი კვესიტაძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს,-დაბადებიდან 80 წელს.

უკვე ცხრა წელია, რაც იგი ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და, წინამორბედთა მსგავსად, ღირსეულად აგრძელებს იმ გზას, რომელიც უდიდეს მეცნიერთა: ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ევგენი ხარაძის, ალბერტ თავხელიძისა და თამაზ გამყრელიძის სახელებს უკავშირდება.

რა თქმა უნდა, დღეს სხვა ვითარებაა და ქვეყანაც და მსოფლიოც, განვლილ პერიოდებთან შედარებით, სხვა გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ რწმენისა და ცოდნის ურთიერთობის საკითხი კვლავაც ისევე აქტუალურია, როგორც ეს ძველ დროში იყო.

მართალია, ლიბერალური და შემდგომ უკვე ათეისტური აზროვნება შუა საუკუნეებიდან მძლავრობს და დღესაც ცდილობს, მეცნიერება რწმენისაგან განაშოროს, მაგრამ ეკლესია ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი რწმენა და ცოდნა ერთმანეთს კი არ უპირისპირდება, არამედ ავსებს.

სამწუხაროდ, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს ადამიანი მოუმზადებელი შეხვდა და სულიერად დიდად ჩამორჩა იმ წარმატებებს, რაც ტექნიკის სფეროში განხორციელდა. ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.

მეცნიერებას, და, განსაკუთრებით, მის საბუნებისმეტყველო მიმართულებებს შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება და კაცობრიობის სულიერ განვითარებაში სერიოზული გარდატეხის შეტანა, თუ რეალობას ობიექტურად  წარმოაჩენს.

მცენარეები, ცხოველები, ზღვისა და ცის ბინადარნი, საერთოდ, დედამიწა, კოსმოსი... შემოქმედის სიდიადის ნათელი დადასტურებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ შესაქმის გვირგვინზე, ადამიანზე.

ჩვენს წინაშე გადაშლილია სამყაროს საოცარი წიგნი, რომელიც ნათლად მეტყველებს ღმერთზე. ამ წიგნის სწორად წაკითხვა  მეცნიერების მოვალეობაცაა.

ბატონ გიორგის ძალიან ღრმა და საინტერესო გამოკვლევები აქვს აღნიშნული მიმართულებით. იგი დიდი ცოდნის მფლობელია და ვისურვებდი, რომ ამ ცოდნას ფართო საზოგადოებისათვის გზა გაეკვალოს ღვთის ჭეშმარიტ შემეცნებამდე.

აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს და დღეგრძელ - ჰყოს ბატონი გიორგი კვესიტაძე და შეაძლებინოს უფლის გზით დაუბრკოლებელი სვლა.