საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთი გადმოეცა (29.05.2022)

წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ ,,მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდულა II-ისა და  მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ“. მისივე თქმით, ,,ყველა ქართველისთვის სასიხარულო მოვლენა შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი.“

ა.წ. 28-29 მაისს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საერო და სასულიერო პირთა დელეგაცია იმყოფებოდა იორდანიის სამეფოში და მათ მთავრობის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადეს იორდანიის მეფე აბდულა II-ს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს, იორდანიის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში.

მადლიერების ნიშნად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდულა II-ს ოქროს საწმისის ორდენი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა გადასცა.

მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელისუფლების მიერ 4000კვმ.-ზე მოეწყობა  ქართველთა კულტურული ცენტრი.  იგი იქნება ქართველებისთვის ჩვენს დროში პირველი ოფიციალურად გადმოცემული ადგილი წმინდა მიწაზე. აქ გამოიფინება ასლები არქივებსა და ისტორიულ წყაროებში დაცული და წმინდა მიწასთან  დაკავშირებული მასალებისა და შეიქმნება სათანადო გარემო როგორც ჩვენი მომლოცველებისთვის, ისე ისრაელსა და იორდანიაში მყოფი ქართველებისთვის.