მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები გელათში (04.05.2022)

გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გასაწევად და შესრულებული სამუშაოების გასაცნობად, საპატრიარქოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი მეცნიერები ლორი ვონგი,ოსტინ ნევინი და სარა სტენიფორსი.

ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ, მეცნიერებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ უმასპინძლა. საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ესწრებოდნენ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ უცხოელ სპეციალისტებს გაწეული შრომისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა და ქართულენოვანი სამეცნიერო ილუსტრირებული გამოცემები უსახსოვრა. თავის მხრივ, საერთაშორისო ექსპერტებმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ ლორი ვონგი კედლის მხატვრობის კონსერვატორი და გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის ნაგებობებისა და ძეგლების დეპარტამენტის პროექტების სპეციალისტია. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და კონსერვაციის მიდგომების დახვეწასა თუ მათ სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობს. ლორი ვონგი იკომოსის ამერიკის ეროვნული კომიტეტის წევრია და აქტიურად არის ჩართული იკომოსის მონუმენტური მხატვრობის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

რაც შეეხება პროფესორ ოსტინს, ის კედლის მხატვრობის კონსერვატორი და ქიმიკოსი გახლავთ. მეცნიერი ლონდონის უნივერსიტეტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის კონსერვაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ოსტინ ნევინი არის ისტორიული და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის IIC-ის ვიცე-პრეზიდენტი.

სარა სტენიფორსი კი მხატვრობის კონსერვატორი და ქიმიკოსია. ის ისტორიული და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის IIC-ის ყოფილი პრეზიდენტია. ამ პოზიციაზე მან 2013-2019 წლებში საპატიოდ იმოღვაწევა. ის არის ინგლისის მემკვიდრეობის საკუთრებაში არსებული ძეგლების, მეცნიერების მუზეუმის ჯგუფის, ქირურგთა სამეფო კოლეჯში არსებული ჰანტერის მუზეუმის, ღირშესანიშნაობების ფონდისა და ჰოლსტის ფონდის გამგებელია.

მკვლევარები გელათის სამონასტრო კომპლექსს ამა წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ და ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს, როგორც განაცხადეს, უახლოეს მომავალში წარმოადგენენ.