სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ნოდარ  მამისაშვილის გარდაცვალების გამო (13.01.2022)

გვინდა გამოვხატოთ ჩვენი წუხილი მუსიკალური მისტიური აზროვნების განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, ღრმად ეროვნული დიდი ხელოვანის, თავმდაბალი, სიკეთით სავსე ბ-ნ ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალების გამო.

მისმა დიდმა შესაძლებლობებმა თავისი გამოვლენა ეკლესიის წიაღშიც ჰპოვა: 

დაარსების დღიდან იგი იყო საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის  პედაგოგი.

ბ-ნი ნოდარის ღვაწლით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის შეიქმნა და განხორციელდა ცხრა საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა; სწორედ მისი ზარები უხმობენ დედა ეკლესიაში მრევლს წირვა-ლოცვაზე და შეახსენებენ 7-გზის ლოცვის დროს.

ვწუხვართ, რომ ვერ შესრულდა მისი ოცნება, - სამრეკლოზე ამავალი კიბის საფეხურები ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულიყო, რათა ზართა ჟღერადობას მეტი ხმოვანება შეეძინა და უფრო დიდი რადიუსით გავრცელებულიყო.

ბატონი ნოდარის ზედამხედველობით ჩამოისხა ზარები მახათას მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისთვისაც,  რომლის სიახლოვესაც თვითონ დღეს იკრძალება.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა.