სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2021)

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ გიორგობას! წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან. ადამიანი არის მისი მფარველობის ქვეშ.

თქვენ გახსოვთ უფლის სიტყვები ჯვარცმისას: ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის მიმატოვე მე?“

 წმინდა გიორგისაც დიდი განსაცდელი შეემთხვა, იგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორ დიოკლეტიანესი. იმპერატორი პატივისცემით ეპყრობოდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, - ქრისტიანობამ, შეაცვლევინა მას დამოკიდებულება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც განწმენდს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან.

არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ.

მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. „ჰე, უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.

ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას: ჩვენ თვითონ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები?

ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარული ანიჭებს მას სიცოცხლეს.

სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ და ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა.

ყველას გილოცავთ გიორგობას. გიორგობა ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული.

ვთქვათ ტროპარი წმინდა გიორგისა: ,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.“

წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები, სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!