სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათს(18.03.2021)

ჩვენთან არს ღმერთი!

 ეხლა წავიკითხეთ სინანულის კანონი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე, უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში; ჩვენ გვახასიათებს განკითხვა, ცილისწამება ...  უნდა იცოდეთ ისიც, რომ როდესაც აღსარებას  ამბობთ, არ უნდა თქვათ ცოდვა ვისთან ჩაიდინეთ,  რომ ის ადამიანი მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენოთ.

 ისეთი პერიოდი მოდის, როცა ვერ წარმოგიდგენია რა იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სახლიც, ნაკვეთიც, ჩვენი მოსავალიც. უნდა ვიცოდეთ შრომა, დავამუშაოთ მიწა. მიწა მკურნალია, მიწიდან ვართ ჩვენ და სიყვარული უნდა გვქონდეს მიწისა.

 მაქვს ერთი წინადადება – ჩვენ გვაქვს ბევრი  სასწავლებელი, მაგრამ ადამიანის უნივერსიტეტი არა გვაქვს. ადამიანი ურთულესი პიროვნებაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. 

 ჩვენთან მოდიან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც; ხშირი შემთხვევაა, როცა დედ-მამას ჰყავს ერთი შვილი და დაოჯახების შემდეგ იგი ტოვებს თავის მშობლებს და მიდის ცალკე. შეიძლება მშივრები არ არიან მშობლები, მაგრამ სიყვარული აკლიათ თავიანთი შვილისაგან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მცნება: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. 

 სიონის საპატრიარქო ტაძარს, პროტოპრესვიტერს  მამა გიორგის – ვავალებ მისი თაოსნობით დაიწეროს წიგნი „ოჯახის ცხოვრება“, სადაც წარმოჩენილი იქნება როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ. 

 მამა გიორგის ეყოლება კიდევ სხვა დამხმარე ადამიანები. თქვენ თითქმის ყველა უმაღლესი ცოდნით ბრძანდებით, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ წიგნის დაწერა. 

 ეს უნდა იყოს გასაგები ენით, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული. 

უნდა შედგეს გეგმა, სადაც საუბრები იქნება მედიცინაზე, თავის მოვლაზე, ჰიგიენაზე, სისუფთავეზე, წესრიგზე ოჯახში. 

 თქვენ იცით რომ ხშირი შემთხვევაა ცოლ-ქმრის დაშორებისა, ამბობენ, რომ ხასიათებით ვერ ვთავსდებითო. ადამიანმა უნდა მოითმინოს, უნდა დაუთმოს, ადამიანმა უნდა იცოდეს, ოჯახის ფასი. 

 ასე რომ, აი, დღევანდელი დღე ისტორიულია. თქვენ ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, მონაწილეობა მიიღოთ ამ წიგნის შედგენაში მეც – მათ შორის. მე ვიქნები თქვენი მრჩეველი.

 ამის შესახებ დაწერილია ბევრი წიგნი და მათაც გამოვიყენებთ. ჩვენს წიგნს კი დავდებთ ინტერნეტში, ძალიან საინტერესო იქნება. ერთ კვირაში მე ველოდები გეგმას, სარჩევს.

 ეს იქნება უნიკალური წიგნი, ეკლესიაში დაწერილი, მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი.

 გიყვარდეთ ერთმანეთი. უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. იოანე ღვთისმეტყველი ხშირად ამბობს ამის  შესახებ. 

 სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ. 

 ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგლოცოთ!

 ჩვენთან არს ღმერთი!

 


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია