სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება შენდობის დღეს (14.03.2021)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

წინაპრები გამოირჩეოდნენ სიბრძნით, ბრძენი ხალხი იყო, ბრძნული გამოთქმებიც ჰქონდა. ძველი რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. არის კიდევ ასეთი ლათინური გამოთქმა: შეიცან თავი თვისი. თანამედროვე ადამიანი კი იწყებს შეცნობას არა თავისი თავიდან,  არამედ სხვისგან და ამასთან, შეიცნობს სხვის უარყოფით მხარეებს, უარყოფით თვისებებს.

პავლე მოციქული ამბობს: არ არის კაცი, რომელიც სცხონდება და არა სცოდავს. ამბობს იმასაც, რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ. წარმოიდგინეთ, პავლე მოციქული ამბობს, რომ ცოდვილთა შორის მე ვარ პირველიო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენ წმინდანები ვართ, უცოდველები ვართ და სხვები ცოდვილები არიან.

ღირსი მამა ამბობს: ,,ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“ ვასრულებთ ჩვენ ამას? ჩვენ განვიკითხავთ სხვას. უფალი ბრძანებს: რომლითა საწყაულითაც თქვენ ზომავთ, იმ საზომით მოგიზღავთო.

რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ჩავიხედოთ ჩვენი გულის სიღრმეში, უნდა დავინახოთ ჩვენი თავი და დავადგეთ გამოსწორების გზას.

,,და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ - ბრძანებს უფალი ლოცვაში.

დღეს არის დღე, როდესაც ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერად, უნდა დატოვოს განკითხვა და შეუდგეს სულიერ აღმასვლას. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება: ლოცვა, მარხვა, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება. . . ამას ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ არა საკმარისად. ,,მოგვანიჭე უფალო, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა.“

აი, ამდენი წელია ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, ამდენი წელია მე გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს. როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და კიდევ უფრო იმძიმებს თავის ცოდვებს.

წმინდანებს ეკითხებიან, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვცხონდეთ და პასუხობენ, - ილოცეთ და იშრომეთო. ჩვენც ეს უნდა შევასრულოთ, უნდა დავინახოთ გაჭირვებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ. უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიხარული სუფევდეს ჩვენს გარშემო, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამსახურში, ჩვენს ხალხში.

არა ერთხელ მითქვამს, რომ არ არსებობს ადამიანი უცოდველი, მათ შორის სასულიერო პირებიც, მეც მათ შორის. მე მითქვამს თქვენთვის, რომ ცოდვები რაც ხალხს ახასიათებს, ის მახასიათებს მეც. ზოგიერთს მიაჩნია, რომ პატრიარქი უნდა იყოს წმინდა, მაგრამ ადამიანი უცოდველი ვერ იქნება. ადამიანს გონებაში ან საქმეში, ცოდვა ახლავს, თუმცა დროცა აქვს განწმენდისთვის და მონანულს ღმერთიც პატიობს ცოდვებს.

ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ჩვენი მორწმუნე ხალხისა; ვმადლობ უფალს, რომ იგი გვაძლევს სულიერებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით. თავის თავს თვლიან წმინდანებად, სხვებს ცოდვილად. ჩვენ შევთხოვთ უფალს, უფალმა გაგვიხსნას გონება, დავინახოთ ჩვენი თავი, ჩვენი ცოდვები და ავიდეთ სრულყოფის კიბეზე.

რა უნდა ვაკეთოთ ამ დიდ მარხვაში? გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ 7 გზის ლოცვა. იქ ფსალმუნებში და ლოცვებში, ტროპრებში დიდი მადლია. სასულიერო პირებს ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, რომ თუ აქვთ საშუალება, ყოველდღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ მადლს მოგვცემს და მოხდება სულიერი განწმენდა ჩვენი ხალხისაც.

შევთხოვ უფალს,  ,,უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით!“

წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენს ოჯახებში, საქართველოში და მთელს მსოფლიოში.

წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა იყოს განწმენდელი ცოდვებისაგან ჩვენი ხალხისა.

შევთხოვ უფალს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, სთხოვოს მამა ზეციერს, რათა შენდობა მოგვანიჭოს და ჩასწეროს ჩვენი სახელები წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა.

მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა, მშვიდობა და სიხარული, სიყვარული სუფევდეს თქვენ ზედა.

ღმერთმა შეგინდოთ ყოველი შეცოდებანი თქვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმინდისა სულისათა!

გთხოვთ, ჩვენო სულიერო შვილებო, მოიღოთ მოწყალება და მეც შემინდეთ ცოდვები.

ჩვენთან არს ღმერთი!