ა.წ. 2 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო.
მისმა უწმინდესობამ ბ-ნ ირაკლის მიულოცა მთავრობის მეთაურად დანიშვნა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა. დღესაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ.
მოგეხსენებათ, დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ, პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს. მეორეს მხრივ, მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“.