სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება 12 მოციქულის დღესასწაულზე (13.07.2020)

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, - სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. 

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”.

დიდება უფალს და მადლობა უფალს! 

ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე,  ვრწმუნდებით, რომ საქართველო განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ, ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. 

აი წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა. უნდა მადლობა შესწიროს უფალს.

მოციქულები იყვნენ მეთევზეები; მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს, უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა.

წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოეფინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა, ვერ სცნო მადლი, უარყო მადლი და ამიტომაც დაისაჯა, უფრო სწორედ თვითონ დასაჯა თავისი თავი. 

აი დღეს ჩვენ მოხარულნი და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენს მორმწუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მემგონი 32-ე შემთხვევაა და 32 თუ 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის და მინდა დავლოცო ისინი.

(ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს. გადმოსცემენ, რომ კორონა ეხლა მოედო შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი). 

 

ესაც საკვირველია, როგორ შეძლო ამ მცირეწლოვანმა ქალწულმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეცა. 

წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს. ჩვენთან არს ღმერთი!

წმინდა ნინოს გზის მომლოცველთ სიგელები დაურიგდებათ. 

სიგელის ტექსტი ასეთია:

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ქართველთა განმანათლებელო, წმინდაო დედაო ნინო, სვეტო ნათლისაო, ცვარო ღრუბლისაო, მზრდელო სულისაო, მომნიჭებელო სიხარულისაო, გევედრებით დალოცე, განაძლიერე და დაიფარე ღვთივკურთხეული ერი შენი, სრულიად საქართველო და ეკლესია ჩვენი და მონანი და მხევალნი ღვთისანი, რომელთაც ლოცვით განვლეს გზა შენი ფარავნიდან ვიდრე მცხეთამდე. გვიხსენ ჩვენ დედაო ხილულ და უხილვა მტერთაგან. განამტკიცენ ჩვენში მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება, სასოება და სიყვარული რათა ვიყოთ ცხოვარნი ღვთისა და უფალი იყოს ჩვენი მწყემსი. 

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.” 

სიგელი გადაეცამა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილს). აქსიოს!

იღუმენია ნინო (ფაჩუაშვილს). აქსიოს!

იღუმენია ნინო (ჩიტაძეს). აქსიოს!

თამარ ქასრაშვილს. აქსიოს!

ნიკოლოზ ქასრაშვილს. აქსიოს!

ილია ქასრაშვილს. აქსიოს!

მარიამ ქასრაშვილს. აქსიოს!

გელა მაზნიშვილს. აქსიოს!

მარიამ ხმალაძეს. აქსიოს!

სალომე ფაჩუაშვილს. აქსიოს!

ნინო ოძელაშვილს. აქსიოს!

ნატალია სიმონიშვილს. აქსიოს!

მიქაელ ხმალაძეს. აქსიოს!

ელისაბედ ბერიძეს. აქსიოს!

ნინო აფაქიძეს. აქსიოს!

მარიამ წინწკლაძეს. აქსიოს!

ნინო თავაძეს. აქსიოს!

სოფიო ნიშნიანიძეს. აქსიოს!

ანასტასია ფარქოსაძეს. აქსიოს!

ელენე დადუნაშვილს. აქსიოს!

ოთარ ფოცხვერიას. აქსიოს!

ელენე ავაზაშვილს. აქსიოს!

ანა პაპუნაშვილს. აქსიოს!

ლია გოგოლაძეს. აქსიოს!

ნინო ფეიქრიშვილს. აქსიოს!

გიორგი რუსიშვილს. აქსიოს!

ნინო კვირიკაშვილს. აქსიოს!

ფოტინე ლუკოშკინას. აქსიოს!

12 მოციქული შეგეწიოთ. დალოცვილი იყავით,  გაიხარეთ და თქვენი ლოცვით გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ. 

ჩვენთან არს ღმერთი!