სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (28.06.2020)

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ იმის შესახებ, თუ რა არის მთავარი. ადამიანმა უნდა იფიქროს, ცხოვვრებაში მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. 

სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, მარადიული, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მკვიდრნი გავხდეთ სასუფევლისა. 

ჩემი სტუდენტობისას ერთი შემთხვევა იყო: მოიტანეს სასულიერო აკადემიაში ფილმი და დარბაზში აჩვენებდნენ მას. მრავალი სტუდენტი დაავადებული იყო გრიპით, მაგრამ მაინც წავიდნენ კინოდარბაზში ფილმის სანახავად. მეც სიცხე მქონდა და არ წავედი. ჩვენი საძინებელი დიდი დარბაზი იყო და დავრჩით აქ 2 სტუდენტი. საოცარი რამე მოხდა: მე კარგად ვიცნობდი იმ სტუდენტს, თუმცა ამიტანა შიშმა; ვეკითხებოდი ჩემს თავს, რის შიში გაქვს, რატომ გეშინია? მეშინოდა იმ სტუდენტისაგან. მან მკითხა: თერმომეტრი სად არისო? მე ვუჩვენე და სულ ვნატრობდი, რომ მალე დაბრუნებულიყვნენ ჯგუფელები.  მოვიდნენ და დავმშვიდდი. 

დილით რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი არ იყო ადგილზე. გავიდა სტუდენტი კორიდორში, სადაც იყო ჩამოკიდებული პალტოები და საშინელება ნახა, - ის სტუდენტი, რომლისაგან მე მეშინოდა, პალტოების დასაკიდებელზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ე.ი მას ჰყავდა დაპატრონებული ეშმაკი და ეშმაკი მაშინებდა მე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. 

აი დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ გეკითხა, რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყოდა, ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო; იმ ძალამ იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მანაც მოიკლა თავი. 

ღმერთმა ყველა დაიფაროს!

როგორც კი მოვა ესეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან და აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება ბოროტი.

გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ, ტერენტი გრანელი რას ამბობს, გალაქტიონშია დემონიო და ჩემში ანგელოზიო. 

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდ ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავის ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. 

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ღმერთმა დაგვიფაროს.

ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს, რთულ დროს. უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი, ნახშირი, საკმეველი და აუცილებლად ყოველდღე უნდა ასხუროთ თქვენი საწოლი, თქვენი ოთახი, ეზო, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით და დააკმიოთ საკმეველი. 

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი. 

ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ სამღვდელოებას.

მღვდელმოზონი სიმონი(ჯიბლაძე) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელმონოზი დავითი (თორდინავა) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელო დიმიტრი აბაიშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი აბელ გაბიძაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი სერაპიონ სამსონიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ანდრია ჟუჟიაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი შალვა ჯაჯანიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი გიორგი ნერგაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი გაბრიელ ჭკადუა დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი იოსებ მუსხელაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

დაჯილდოებულებს ვულოცავ ამ მაღალ ჯილდოს. დიდება უფალს და მადლობა უფალს! უფალი გაჯილდოებთ თქვენ, ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ. 

დღეს ჩვენთან ბრძანდებიან აბიტურიენტები, ისინი იწყებენ გამოცდებს და სწავლას. გლოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და თავდადებული მამულიშვილები გამოგიყვანოთ! 

ჩვენთან არს ღმერთი!