სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (22.05.2020)

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი მოწყალე მშობელია ჩვენი, მოწყალე მამაა. თითქმის ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის შეწევნა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულებინა მას თხოვნა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება.

მახსენდება მონაყოლი უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II-ისა, რომელსაც  წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით სწყალობდა.  თურმე გაუგებრობა იყო პატრიარქ მელქისედეკ III-სა და მიტროპოლიტ ეფრემ II-ს შორის. ეფრემ II მაშინ ბათუმის მიტროპოლიტი იყო. ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და ხატია იქ წმინდა ნიკოლოზისა მარჯვენა მხარეს.  მივიდა მასთან მიტროპოლიტი ეფრემი და ეუბნება ხატს: შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე, - მიტროპოლიტი. გეხვეწები, სთხოვე პატრიატრქ მელქისედეკს, რომ მოწყალება მოიღოს ჩემზეო.

მართლაც, სულ შეიცვალა კათოლიკოსის დამოკიდებულება მისდამი და მელქისედეკ III-ის შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ეფრემ II. 

 მე მინდა გავიხსენო ჩემი შემთხვევა: აკადემიაში ყოფნის პერიოდში ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი დუდოვში, რომელიც დასავლეთ უკრაინიდან იყო. მე რომ ვიყავი ბათუმში, ჩამოვიდა იგი ჩემთან ოთხშაბათ დღეს და მითხრა, რომ ძალიან უჭირდა და დახმარება მთხოვა.  მე ვუთხარი: ჩვენ ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისას, სთხოვე მას, მეც ვთხოვ და დაგეხმარება.

და იმ დღეებში ვხედავ სიზმარს: წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი და ხელი აქვს გადმოწვდილი და მეფერება, თავზე მისმევს ხელს და მე მიხაროდა ბავშვივით და თან ვეუბნები, ხარიტონი მეთქი? იმას არ ვეტყვი, მე რას მეტყვითქო . და კიდევ ვეუბნები, - ხარიტონი? მამა ხარიტონი?

და მე მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი: ხარიტონი ხომ ამოვიყვანე ორმოდან, მეტი რაღა გინდაო.

მართლაც  უწმინდესმა ეფრემ II-მ მოიღო მოწყალება და მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, მღვდელმონოზონი იყო და დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი და ასე გარდაიცვალა. მთელი წლების მანძილზე წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს!

მერე ვუთხარი მამა ხარიტონს მე კი არ მიგიღე ან ეფრემ II-მ,  წმინდა ნიკოლოზმა მიგიღო და ამოგიყვანა ორმოდან. იმის შემდეგ იგი სულ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს და გარდაიცვალა. დაასაფლავეს ამ ეკლესიის ეზოში.

ასე რომ, როცა გაგიჭირდებათ, მთელი გულით სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით და ახლაც, ამ რთულ დროს, მე მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ მოიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ახლა ტროპარი ვთქვათ ერთად:

,,კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ!”

შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზი!

ჩვენთან არს ღმერთი.

ანგელოზის დღეა მეუფე ნიკოლოზის. დღეს შიო მღვიმელის დღეცაა და ვულოცავთ მეუფე შიოს.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ!

ჩვენ ვაჯილდოებთ მოძღვარს. მღვდელი იოანე სამხარაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!