სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (22.03.2020)

ჩვენთან არს ღმერთი!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას. უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში.

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. დიდ ხარ შენ უფალო, დიდება და მადლობა უფალს!

დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყავართ სასუფეველში. 

უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ.

ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო. ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. 

მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს სვლაში ამ რთულ გზაზე; გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. 

ჩვენს სამღვდელოებას ვუთხარი, რომ ეს გზა მიგვიყვანს უფალთან და უფალი დაგგვაყენებს მარჯვენა მხარეს. თქვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისასა და ეს სახელები სასუფეველშია. 

არ უნდა შეგვეშინდეს. ეს ჯვრის გზა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გაგვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთიმშობლისა. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. 

ეს რაც ხდება, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ გავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. 

ჩვენ რომ ვამბობთ, - ,,ჩვენთან არს ღმერთი”, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფევლისა. 

დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით! წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალ გვეყოს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა! არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს!

დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი!

მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი. ყოველ დღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენ თვითონ, ასხურეთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახს, თქვენს სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ.

თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ!


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია