სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (24.03.2019)

ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ დიდმარხვის მეორე კვირას. ამ კვირიაკეს ეწოდება გრიგოლ პალამას კვირიაკე. ,,ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა” _ ვამბობთ ლოცვაში; მაგრამ ნათელი ქრისტესი სინამდვილეში სულ სხვა არის, და არა ის, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვიაზრებთ.
პატრიარქობამდე აფხაზეთში ჩემი ყოფნის დროს რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი, რომელიც შემდეგ გავიდა აფხაზეთის უდაბნოში და იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ, რომ საოცრება ხდებაო, ჩვენ ამდენი წელიაო ვიღწვითო და არაფერი განსაკუთრებული ჩვენს თავს არ ხდებაო და ეს ახალგაზრდა ჩამოვიდა და იმდენად დიდი სარწმუნოებით და სიყვარულით კითხულობს ლოცვებს, რომ სხვა ბერები ხედავენ ნათელსა მის თავზე და მე მეუბნებოდნენ ბერები, რომ ჩვენ არ ვეუბნებით, არ ვუმხელთ, რომ ნათელი თავზე ადგას, რათა ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო.
მისი მამა იყო პროფესორი ერთ-ერთ უნივერსიტეტში და იყო საშინელი ათეისტი. ჩამოვიდა სოხუმში, იყო ჩემთან და ეძებდა თავის შვილს. იგი მიამბობდა, როგორ დაიწყო მისმა ვაჟმა სარწმუნოებაში მოსვლა. ძალიან წუხდა, ხელზე შემოხვეული აქვსო სკვნილიო, ათეისტურ ოჯახში გაზრდილიაო და სკვნილს ხმარობსო. ამიტომ წაუყვანიათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც ის გაიქცა.
მთელს საბჭოთა კავშირში გამოცხადებული იყო მისი ძიება; რკინიგზის სადგურებში გამოკრული იყო მისი სურათი, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა და დარჩა მორწმუნე ქრისტიანად. დღეს იგი რუსეთში მოღვაწეობს. მე ეს მოგახსენეთ იმიტომ, რომ გითხრათ ლოცვას რა შეუძლია. ლოცვის შედეგად ფერისცვალება ხდება ადამიანში და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ჩვენთან არის.
დღეს ჩვენ ვლოცავთ ბავშვებს. ეს დღეები მათი დღეებია. განსაკუთრებული თვისებები აქვთ ამ ბავშვებს. გარეგნულად არაჩვეულებრივნია, მაგრამ თავისებურნიც. მე მინდა დავლოცო ისინი, მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული. მრავალი შემთხევაა, როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული თვისებით დაჯილდოებული, ნიჭით დაჯილდოებული, ღმერთმა დალოცოს ისინი და მისცეს მადლი და ძალა თვისი.
დღეს ჩვენთან ჩამოსულები არიან ახალგაზრდები სვანეთიდან, მესტიის მეორე სკოლიდან, ღმერთმა დალოცოს ისინი, ღმერთმა მისცეს მადლი და ძალა.
სამღვდელოებას ვლოცავთ და ვაჯილდოებთ.
იღუმენი პავლე (ჭანტურიძე) დაჯილდოებულია არქიმანდრიტის ხარისხით. აქსიოს!
მღვდელმონოზონი პახუმი (გუბელაძე) დაჯილდოებულია იღუმენის ხარისხით. აქსიოს!
მღვდელმონოზონი ნაზარი (ბასილაია) აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!
ჩვენ მოგიმზადეთ პური ამ დღესასწაულთან დაკავშირებით და თითო ნაჭერი წაიღეთ სახლში.