25 მარტი (7 აპრილი), 2018
დიდი შაბათი. ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და
მარადისქალწულისა მარიამისა
წირვაზე – დიდი შაბათისა: რომ. 6:3-11; მთ. 28:1-20.
– ხარებისა: ებრ. 2:11-18; ლკ. 1:2-38.
წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 2:11-18
11
ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ,
11
რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს:
12
და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“.
12
მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ.
13
ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“.
13
და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.
14
და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი,
14
რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი,
15
და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა.
15
და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა.
16
რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ – აბრაამის მოდგმას.
16
რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო.
17
ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელთმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.
17
ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა.
18
ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
18
რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.
11-14. აი, მოციქული კვლავ აერთებს მათ ქრისტესთან – მიაგებს პატივს, ანუგეშებს და უფლის ძმებს უწოდებს, რადგან ერთისგან არიან ყოველნი; ამასთან, აზუსტებს საკუთარი სიტყვების აზრს და აჩვენებს, რომ ლაპარაკობს ხორცშესხმულ ქრისტეზე, რასაც შემდეგნაირად გამოთქვამს: განმწმენდიც და განწმენდილნიც. ხედავ, როგორი განსხვავებაა მასსა და ჩვენ შორის? იგი წმენდს, ხოლო ჩვენ ვიწმინდებით. ზემოთაც უწოდა მაცხოვარს „მათი ხსნის წინამძღვარი“ (ებრ. 2:10). „ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი“ (1 კორ. 8:6). ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ. ხედავ, კვლავ როგორ წარმოაჩენს მის უპირატესობას? გამოთქმით: „არ რცხვენია“, მოციქული აჩვენებს, რომ ყველაფერი ეს დამოკიდებულია არა საგნის არსზე, არამედ იმის წყალობასა და თავმდაბლობაზე, ვისაც არ რცხვენია. თუმცა ერთისგან ვართ, მაგრამ ის განწმედს, ჩვენ – ვიწმინდებით. დიდი განსხვავებაა! იგი მამისგანაა, როგორც ჭეშმარიტი ძე, ანუ მისი არსისგანაა, ჩვენ კი, როგორც ქმნილებები, არარასგან ვართ შექმნილნი; შესაბამისად, მასსა და ჩვენ შორის დიდი განსხვავებაა. ამის გამო ამბობს მოციქული: ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს…“. როდესაც მან მიიღო (შეისხა) ხორცი, მიიღო საძმოც; ხორცთან ერთად აამაღლა ისიც. ეს სწორადაა ნათქვამი, მაგრამ რას ნიშნავს შემდეგი სიტყვები: მე ვიქნები მისი მოსავი? ანდა მისი შემდგომი სიტყვებიც, რომლებიც ამაოდ არაა ნათქვამი: აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ? ამ სიტყვებში იგი საკუთარ თავს „მამას“ უწოდებს, როგორც წინა მუხლში უწოდებდა „ძმას“: ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს. აქ კვლავ გამოხატულია ქრისტეს უპირატესობა და დიდი განსხვავება მასსა და ჩვენ შორის, ასევეა შემდეგ სიტყვებშიც: რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან. ხომ ხედავ, რითია მსგავსება? ხორცით. თავადაც ეზიარა მათ (სისხლსა და ხორცს). დაე, შერცხვეთ მწვალებლებს და შეიგინონ, რადგან ამტკიცებენ, რომ თითქოს იგი მოჩვენებითად და არა ჭეშმარიტად მოვიდა. მოციქული ამბობს: თავადაც ეზიარა მათ, აქ სიტყვა „თავადაც“ პირდაპირ ნიშნავს, რომ არა მოჩვენებითად, არა აჩრდილივით მოევლინა იგი ქვეყანას, არამედ ჭეშმარიტად; სხვაგვარი მნიშვნელობის არ იქნებოდა გამოთქმა: თავადაც.
მას შემდეგ, რაც მისი ჩვენთან ძმობა აჩვენა, მოციქულმა ახლა ამ განგებულების მიზეზიც მოიყვანა: რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი. აქ იგი გამოთქვამს გასაოცარ აზრს, კერძოდ, იმას, რომ რითაც ეშმაკი იმარჯვებდა, იმითვე დამარცხდა, და რომელი იარაღითაც ძლიერი იყო სამყაროს წინააღმდეგ, იმავე იარაღით დაამარცხა ის ქრისტემ, რაც ასევე გამარჯვებულის უდიდეს ძალას ამჟღავნებს. ხომ ხედავ, როგორი სარგებელი მოიტანა მისმა სიკვდილმა?
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი
და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. ანუ დაეხსნა ის ადამიანები, რომლებიც სიკვდილის მონები იყვნენ, მისი ეშინოდათ და მას ემორჩილებოდნენ, ვინაიდან სიკვდილი ჯერ კიდევ არ იყო განქარვებული. ეს ასევე ნიშნავს, რომ ძველი დროის ადამიანები მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ, რამეთუ გარდაუვალ სიკვდილს ელოდნენ და ამიტომ ცხოვრებისგან ვერანაირ სიამოვნებას ვერ განიცდიდნენ. სწორედ ამაზე მიანიშნებს მოციქული, როცა ამბობს: მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამდენად, მონობის უღელი ედგა ნიშნავს, რომ ისინი ძრწოდნენ სიკვდილის წინაშე, როგორც სასტიკი ბატონის მონები და არაფერი ახარებდათ. აქედან გააცნობიერე, რომ ვისაც სიკვდილის ეშინია, ის თავისუფალი არ არის და ყველაფრის მონაა. ეს დიდი ნუგეშია ტანჯული მორწმუნისათვის, რადგან ამჟამად დევნულნი და საკვრელებში მყოფნი უფრო სასიამოვნოდ და თავისუფლად ცხოვრობენ, ვიდრე ძველები, რომლებსაც, თითქოსდა, ფუფუნება არ აკლდათ, მაგრამ მათზე სიკვდილი ძალაუფლობდა. ისინი, სიკვდილის შიშით შეძრწუნებულნი, მონები იყვნენ, თქვენ კი ამ შიშისგან თავისუფლები ხართ.
ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ. ანგელოზების ბუნება არ შეუერთებია უფალს და მათი ბუნება არ უტარებია. ეს კაცთა მოდგმისადმი მისი დიდი სიყვარულის მაჩვენებელია: პავლე მოციქული ამბობს, რომ რაც ანგელოზებისთვის არ უბოძებია, ის ადამიანებს მისცა, რათა მათგან ხორცი მიეღო.
არამედ – აბრაამის მოდგმას. არ უთქვამს: „მიიღო“, არამედ თქვა „მწედ“. ამით აჩვენებს, რომ მიეწია (დაეწია) ჩვენს ბუნებას, რომელიც გარბოდა და შორდებოდა მას; და როდესაც დაეწია – იშვა, შეიმოსა იგი, გააჩერა და შეიერთა, როცა ის მისგან გარბოდა. არ უთქვამს: „კაცთა მოდგმა“, არამედ: „აბრაამის მოდგმა“, – ერთი მხრივ, იმიტომ, რომ სურდა, აემაღლებინა იუდეველები და ეჩვენებინა, რომ მათი ნათესავი პატივგებულია, რომ ისინი უპირატესნი არიან წარმართთა წინაშე, რადგან მათ შორის უფალი იშვა; პავლე ყოველთვის ცდილობს, ასიამოვნოს აბრაამის სისხლისმიერ შთამომავლებს, როცა ეს არავის აზიანებს; მეორე მხრივ, აღთქმას ახსენებს მათ: „მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ“ (დაბ. 13:15).
ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს. რაკი მან ნებაყოფლობით, თავისი კეთილი ნებით ჩვენი ბუნება მიიღო, ამიტომ სავსებით თანმიმდევრული იყო მისთვის, ყოველმხრივ დაგვმსგავსებოდა ჩვენ – დაბადებულიყო, აღზრდილიყო, გაზრდილიყო, ყველაფერი დაეთმინა, დაბოლოს, შესაბამისად, მომკვდარიყო; სწორედ ეს ნიშნავს: ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა.
რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელთმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, სხვა არაფრისთვის ამბობს, ჩვენი ხორცის მოზიარე გახდაო, თუ არა იმისთვის, რომ ამის მეშვეობით შევეწყალებინეთ და აღედგინა ღრმად დაცემულნი. რანაირად? გამხდარიყო ჩვენი მღვდელთმთავარი და ეტარებინა ის ხორცი, რომელიც ჩვენგან მიიღო, სხვა რომელიმე მსხვერპლის ნაცვლად, რათა გავეწმინდეთ ცოდვებისგან და ყოფილიყო ჩვენი შუამდგომელი ღვთის წინაშე, რომელთანაც დაპირისპირებულნი ვიყავით. სარწმუნო – ნაცვლად: ჭეშმარიტი, რომელსაც შეეძლო, მღვდელთმთავრის საქმე შეესრულებინა, რადგან სწორედ ეს არის ჭეშმარიტი მღვდელთმთავრის მოვალეობა – გაათავისუფლოს ცოდვებისგან ისინი, ვისი მღვდელთმთავარიცაა; ან – იგი სათნოა ღმერთისთვის მის წინაშე თავისი შუამდგომლობით.
ხალხის ცოდვათა სალხინებლად. აჩვენა, თუ რას ნიშნავს – „სარწმუნო ღვთის წინაშე“, ანუ უნდა აღეხოცა ხალხის ცოდვები, რაც არის მისი უდიდესი სიყვარულის გამოვლინება. რატომ არ თქვა მოციქულმა „სამყაროს ცოდვები“, არამედ: „ხალხის“? იმიტომ, რომ უფლის უპირველესი საზრუნავი იუდეველები იყვნენ, რომელთა გამოც ის უპირატესად მოვიდა, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გადაარჩენდა, მათი მეშვეობით სხვებიც გადარჩენილიყვნენ, თუმცა პირიქით მოხდა. ანგელოზიც ეუბნება იოსებს: „რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მთ. 1:21). ამგვარად, მოციქული აქ აჩვენებს იუდეველთა კეთილშობილებას და მათზე უფლის განსაკუთრებულ მზრუნველობას.
ეს, თითქოსდა, დამცირება და დამდაბლება შეუფერებელია ღმერთისთვის. როდესაც პავლე ხორცის შესახებ საუბრობს, ეხება ყოველივე დამამცირებელს, თუმცა არა ხორცისთვის შეუფერებელს; და არაფერია გასაკვირი, როდესაც მამაზეც, რომელიც არ განხორციელებულა, წმინდა წერილი ბევრ ისეთ რამეს ლაპარაკობს, რაც დამამცირებელია და კაცისთვის არის დამახასიათებელი: „უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად“ (ფს. 13:2); „ჩავალ და ვნახავ“ (დაბ. 18:21) და მრავალი მისთანანი. ამიტომ გაცილებით მეტია ნათქვამი ქრისტეზე, რომელიც განკაცდა და ხორციელად ევნო, განსაკუთრებით კი მსმენელთა სრული დამშვიდებისათვის და მათი უძლურების მიზეზით; რადგან ადამიანებსაც მიაჩნიათ განსაცდელები ყველაზე სარწმუნოდ სხვა საშუალებათა შორის. მოყვანილი სიტყვების აზრი შემდეგია: მან იცოდა არა მხოლოდ როგორც ღმერთმა, არამედ, ასევე, როგორც კაცმა, ყველაფერში გამოცდილმა; თავად ქრისტეს სხეულმაც მრავალი ტანჯვა დაითმინა. მან იცოდა, თუ რა იყო განსაცდელი, ამიტომ ძალუძს დახმარება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველთვის მზად არის თანაგრძნობისათვის.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებელისაგან საკითხავი – 1:24-38
24
იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა:
24
და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა,
25
ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.
25
ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის.
26
ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი,
26
და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,
27
ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი – იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა – მარიამი.
27
ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.
28
შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.
28
და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.
29
ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო?
29
ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?
30
ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე.
30
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
31
აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს.
31
და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ.
32
დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს.
32
ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ.
33
საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.
33
და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.
34
ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი?
34
ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?
35
მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმინდა შობილი.
35
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.
36
აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი,
36
და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.
37
რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.
37
რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ.
38
ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.
38
ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა. ჯერ ერთი, იმალებოდა იმ სამწუხარო ამბის გამო, რაც ზაქარიას შეემთხვა; მეორეც – რცხვენოდა, რადგან მუცლად იღო უკვე საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში. ზოგი ამბობს, რომ მისი ასაკი არ ყოფილა მისი დამალვის მიზეზი, რადგან არსად წერია სარაზე, რომ იგი მუცლადღების გამო იმალებოდა, თუმცა ოთხმოცდათი წლის ასაკში ჩაესახა ისააკი, ასევე, არც რებეკა, როცა ტყუპებზე იყო ორსულად. ელისაბედზე კი წერია, რომ ხუთი თვის განმავლობაში იმალებოდა, – სწორედ იქამდე, ვიდრე მისი ძის სხეულის წევრები მომაგრდებოდა, რათა სიხარულით შეთამაშებულიყო თავისი უფლის წინაშე, რამეთუ ახლოვდებოდა დღე, როცა ანგელოზს მარიამისთვის კეთილი უწყება უნდა ეხარებინა.
ღირსი ეფრემ ასური
ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში. ეს, მართლაც, საშინელი სირცხვილი იყო – როგორც მრავალშვილიანობა ღვთის კეთილგანწყობის ნიშნად აღიქმებოდა, ასევე მიიჩნეოდა უშვილობა ღვთის რისხვად. და აი, ახალ აღთქმაში ანგელოზი პირველად გამოჩნდება წინამორბედის ჩასახვის კეთილუწყებით! ჩვენს დროში ურწმუნო ადამიანებს სასწაულები სწყურიათ, მაგრამ ასეთი ხილვა ყოველთვის კეთილად არ მთავრდება. ამიტომ ისრაელიანები ცუდად არ მოქცეულან, როცა უარი თქვეს, უშუალოდ ესაუბრათ ღმერთთან და შუამდგომლობა მოსეს სთხოვეს.
ამას მოჰყვა გაბრიელის მეორე გამოცხადება, სადაც იგი უკვე თავის სახელსაც ამბობს. თუკი ზაქარიას ანგელოზი ოქტომბერში გამოეცხადა, მაშინ ყოვლაწმიდა ქალწულის ხარება მარტში უნდა მომხდარიყო. ამ კალენდრულ მონაცემებს თავისი მნიშვნელობა აქვს. გამოცხადებაში ვხედავთ, რომ ზეცაში, სადაც მთელი ქვეყნის მსჯავრი წარმოითქმის, არსებობს რაღაც საყოველთაო დღეები, ჟამნები, წლები, რომელთა მიხედვითაც ყველაფერი განისაზღვრება. მაგალითად, ნათქვამია, რომ ერთხელ ზეცა მთელი ნახევარი საათით დადუმდა (გამოცხ. 8:1). საგულისხმოა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ნეტარი ავგუსტინეს შენიშვნა, რომელიც ამბობს, რომ იოანე წინამორბედი ჩაისახა შემოდგომის ბუნიანობის შემდეგ, როცა დღეები იკლებს; შობაც კვლავ შემოდგომის ბუნიანობის შემდეგ იყო, როცა დღეები ისევ სწრაფად იკლებს. მაცხოვარი კი გაზაფხულის ბუნიანობის შემდეგ ჩაისახა, როცა დღეები იზრდება, ხოლო იშვა ზამთრის ბოლოს, როცა დღეების ხანგრძლივობა ისევ იზრდება. აქედან ჩანს, რომ იესო ქრისტეს უნდა მომატებოდა, იოანეს კი მოკლებოდა (შდრ. ინ. 3:30). იგივე გაბრიელი ეცხადება მარიამს, რომელიც მანამდე ზაქარიასა და დანიელს გამოეცხადა და მესიასთან დაკავშირებული დრო აუწყა. ანგელოზები მომსახურე სულები არიან (ებრ. 1:14), მაგრამ ისინი სხვადასხვაგვარად გვემსახურებიან და ყველა მათგანის უფლებამოსილება ერთნაირი არ არის. თუკი ადამიანთა კეთილმოწყობილ საზოგადოებაში თანამდებობები განაწილებულია თითოეული ადამიანის თვისებისა და ნიჭის შესაბამისად, მით უფრო ასე უნდა იყოს მოწყობილი ზეცაში. გაბრიელი ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანი პირია. იგი მხოლოდ საგანგებო მსახურებებს ასრულებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში. მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ უშუალოდ და არა ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება, როდესაც ადამიანი ღვთის ნებას საკუთარ გონებაში კითხულობს, უშუალო ურთიერთობა კი მასთან არ გააჩნია. სახელი „ნაზარეთი“ უმიზეზოდ არ არის აქ ნახსენები. ის ნაწინასწარმეტყველებია წინასწარმეტყველთა მიერ.
ლუკა მახარებელი განსაკუთრებით წარმოგვიდგენს ღვთისმშობელს, იოსების შესახებ კი გაკვრით საუბრობს. მათესთან ასე არ არის; იქ უფრო მეტია ნათქვამი იოსებ დამწინდველის შესახებ. სახარებისეული ისტორია დუმს ყოვალდწმიდა ქალწული მარიამის ცხოვრების დეტალებზე, წმინდა გადმოცემა კი გვეუბნება, რომ მან აღთქმა დადო ღვთის წინაშე ქალწულობის დაცვასთან დაკავშირებით. რადგანაც ასეთი შემთხვევა პირველი და უმაგალითო იყო, ამიტომ მღვდლებმა გადაწყვიტეს, ვინმესთან დაეწინდათ, ვინც მის უბიწოებასაც დაიცავდა და სარჩო-საბადებელსაც არ მოაკლებდა. ძველი აღთქმის პერიოდში კაცებს უფლება ჰქონდათ, არ გაეყოთ ცოლებთან სარეცელი და ამ მხრივ ანგელოზებრივი წესით ეცხოვრათ. თუ ვინმეს მარიამის ცხოვრებაში მღვდლების ჩარევა უცნაურად მოეჩვენება, მან დაე, გაიხსენოს, რომ ეს შემთხვევა უმაგალითო და ერთადერთი იყო, და რომ აქედან დიდი საქმეები იწყებოდა. გადმოცემა აქ სახარებისეულ ისტორიას ავითარებსა და აგრძელებს. წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ იესო ქრისტე უნდა შობილიყო დაწინდული ქალწულისგან, რათა არ გამოეწვია გარეშეთა რისხვა და შესაძლო სიკვდილიც კი, რადგან მრუშობაზე ეჭვით შეიძლება ქვებითაც ჩაექოლათ. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ ეს განგებულებითად მოხდა, რათა ეშმაკისგან დაფარული ყოფილიყო ქალწულისგან შობის საიდუმლო. ქალწული კითხულობს: „როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი?“ (ლკ. 1:34). ეს ნიშნავს, რომ მან არ იცოდა და არც უნდოდა, რომ მამაკაცი სცოდნოდა. გადმოცემის თანახმად, იოსები იმ დროისათვის უკვე მოხუცი იყო. ამას სახარება მოწმობს, რომელიც მას არსად მოიხსენიებს. იგი არც ჯვართან ჩანს, და იესო ქრისტე თავის დედას იოანეს აბარებს, რაც არ მოხდებოდა, იოსები იმ დროს ცოცხალი რომ ყოფილიყო. დავითის მოდგმისა, რადგანაც მესია დავითის სახლიდან იყო აღთქმული. სად იმყოფებოდა ამ დროს მარიამი? ჩვეულებრივ, ვარაუდობენ, რომ – იოსების სახლში. იუდეველთა წესის თანახმად, დაწინდვის შემდეგ სასძლო სასიძოს სახლში ცხოვრობს ქორწინებით შეერთებამდე. მათე მახარებელთან ნათქვამია: „მათ შეერთებამდე აღმოჩნდა“ (მთ. 1:18), რაკი „შეერთებამდე“, ე. ი. ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებლად იგი იოსების სახლში მიდის. ანგელოზი ასევე ეუბნება იოსებს: „ნუ შიშობ, მოიყვანო მარიამი“ (მთ. 1:20). თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ნათქვამია, რომ იოსებმა „განიზრახა, ფარულად გაეშვა იგი“ (მთ. 1:19), ანუ მიეცა მისთვის განტევების წიგნი. ებრაული წესის თანახმად, თუკი სასიძო დაწინდვის შემდეგ აღარ მოინდომებდა საცოლეზე დაქორწინებას, მისთვის განქორწინების ხელწერილი (განტევების წიგნი) უნდა მიეცა. ამ საგნის შესახებ სახარებიდან მოყვანილი ადგილებიდან ჩანს, რომ როცა ღვთისმშობელს ანგელოზმა ახარა, ის მაშინ ჯერ კიდევ თავის სახლში ცხოვრობდა. სწორედან აქედან წავიდა ის მთიანეთში ელისაბედთან. ამის შემდეგ ის იოსებმა საკუთარ სახლში მიიყვანა და იქ ცხოვრობდა იგი ძის შობამდე. ეს იქიდან იხილვება, რომ ისინი ერთად წავიდნენ ბეთლემში ჩასაწერად, რაც საყოველთაო აღწერის შესახებ კეისრის ბრძანებას უკავშირდებოდა (ლკ. 2:4-5).
ანგელოზი ზაქარიას უცებ მოევლინა, მარიამთან კი იგი შევიდა და შემდეგ წარვიდა. ამ გამოთქმას: „შევიდა“, მშვენივრად განმარტავს ღირსი ანდრია კრეტელი ხარების შესახებ თავის სიტყვაში: შესვლა და გამოსვლა უფრო აახლოებს ანგელოზს ადამიანთან, ამიტომ ასეთი გამოცხადება ისე ძლიერად არ განაცვიფრებდა ქალწულს, როგორც ეს ზაქარიას შემთხვევაში მოხდა. ეკლესიის ერთ-ერთი მამა ამბობს, რომ ღვთისმშობელი დაცული უნდა ყოფილიყო ყოველგვარი შფოთისგან, იგი ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. გიხაროდენ, მიმადლებულო! სასიხარულო მისალმებაა: უფალი შენ თანა. აი, სიხარულის წყარო! ასეთმა მისალმებამ მისი სული კეთილუწყების მისაღებად განაწყო.
ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე. აქაც შფოთვაა, მაგრამ არა ისეთი თავზარდამცემი, როგორიც ზაქარიას შემთხვევაში. შეძრწუნების მიზეზი წმინდა და ჭეშმარიტი იყო; იგი შეაძრწუნა სიტყვებმა და არა ხილვამ. გადმოცემის თანახმად, ანგელოზების ხილვა მას ხარებამდეც ჰქონდა, ასე ვთქვათ, მათთან საუბარს მიჩვეული იყო. მაგრამ იმ სიტყვამ, რაც ახლა მოისმინა, იგი შეაძრწუნა. ეკლესია ჩასწვდა მარიამის სულს, როდესაც ანგელოზის ბაგეებში ჩადო ასეთი სიტყვები მარიამთან მისი საუბრისას: „გუელმან აცთუნა ევა ოდესმე, ხოლო აწ გახარებ შენ დიდ სიხარულსა“ (ხარების დღესასწაულის სტიქარონიდან). ჭეშმარიტად მდაბალი და კეთილი ადამიანისთვის (სიმდაბლის გარეშე კი შეუძლებელია ჭეშმარიტი სიკეთე) სიტყვა ამაღლებულის შესახებ აუცილებლად შეძრწუნების მიზეზი უნდა იქცეს. და ჩაფიქრდა. ანდრია კრეტელი შენიშნავს, რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო წმინდა მარიამის სული: ზაქარიამ, როდესაც ანგელოზი იხილა, კინაღამ გონება დაკარგა და ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა, ყოვლადწმიდა ქალწული კი ჩაფიქრდა. თუმცა ჩვენ არ გვმართებს, ვუსაყვედუროთ წმინდა მოხუცს, რადგან არ ვიცით, რა მდგომარეობაში იყო იგი და არც მსგავსი ხილვა გვქონია. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? – რა ხასიათის? რა შინაარსის? მის სიტყვებსა და საქციელებში არ შეიმჩნევა ამპარტავნული სიმდაბლე, თუმცა ის არ უარყოფს, რომ „მადლმოსილია“, რადგან სწორედ ამას შესთხოვდა ღმერთს; არ უარყოფს, რომ „კურთხეულია“, რადგან ამის უზომო სურვილი ჰქონდა. საერთოდ, ყოვლადწმიდა ქალწულის სიტყვებში ჩანს რაღაც ბედნიერი და წმინდა შუალედური მდგომარეობა.
ნუ გეშინია. სად არის შიში? სად დაინახა ეს ანგელოზმა? მას შეეძლო სახეზე შეემჩნია, მაგრამ ეს არ იყო ზაქარიასეული შიში. ჩვენ რომ არჩევანი მოგვცემოდა, ვინ აგვერჩია ზეციურ მფარველად, განა იმაზე ძლიერს, წმინდასა და მოსიყვარულეს ვნახავდით ვინმეს, ვიდრე მარიამ ღვთისმშობელია? ვინ არის მასზე შორს არასრულყოფილებისგან? ვინ ხედავს უფრო ნათლად ჩვენს საჭიროებებს? მასზე მეტად ვინ ზრუნავს ჩვენდა სასიკეთოდ? ვინ არის მასზე ახლოს მადლის საყდართან – მისი ძისა და ღმერთის გულთან? თუკი მოსემ, რომელიც მიუხედავად მთელი თავისი ღირსებისა, ღვთის სახლში მხოლოდ ერთგული მსახური იყო (ებრ. 3:5), შეძლო, საკუთარი შუამდგომლობით მთელი ებრაელი ერი ეხსნა დაღუპვისგან (გამოს. 32:11-14), მაშინ რა უნდა შეგვემთხვეს ჩვენ ისეთი, რომ ღვთისმშობელმა ვერ გადაგვარჩინოს? რომელი სიკეთის მოცემა გაუჭირდება მის წინამძღვრობას, თუ იგი სიტყვა-ღმერთის განსულიერებულ საცხოვრისად იქცა, და რომელმაც ყველაზე მეტი მადლი ჰპოვა ღმრთის წინაშე?
ანგელოზი ეუბნება: მუცლად იღებ. ეს ნიშნავს: ამაში მამაკაცს რომ მიეღო მონაწილეობა, მე გაგაფრთხილებდი, მაგრამ ასე არ არის. და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. იესო ნიშნავს ყველასათვის სამარადისო მხსნელს.
წმინდა მღვდელთმთავარი ინოკენტი ხერსონელი
დიდი იქნება იგი სიტყვითა და საქმით და უზენაესის ძედ იწოდება. უზენაესის ძე იგი ისედაც იყო, მაგრამ მოგვიანებით ასე იწოდა იმათგანაც, ვინც ის ირწმუნა.
და მისცემს ღმერთი მისი მამამისის, დავითის, ტახტს ანუ სასუფეველს, ხელმწიფებას ებრაელებზე.
ღვთის ერს ზოგჯერ ისრაელს უწოდებენ, ზოგჯერ – იაკობს, რადგან ერთი და იგივე ადამიანი იყო ისრაელიც და იაკობიც; და თუ ძველი ერი ბუნებითად იყო იაკობი, როგორც იაკობის სისხლისმიერი ნათესავი, უკვე ახალი ერი – იაკობი სათნოებების ნათესაობის ძალით შვილად იწოდა, რამეთუ ახალმა ერმა ძველის ადგილი დაიკავა. ამრიგად, უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე, ანუ მარადის ამ ერზე, რომელმაც შეიცნო იგი თავისი სიტყვითა და საქმით, და ნებაყოფლობით დაემორჩილა მას. მართალია, ქრისტე მეფეც იყო და ღმერთიც, რადგან ის ამბობს: „ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური“ (ინ. 18:36), მაგრამ იგი მეფე იყო, ასევე, კაცობრივადაც, რადგან მას სამეფო საქმეებიც ჰქონდა შესასრულებელი: მას უნდა აღეზარდა თავისი ქვეშევრდომები და მიეცა მათთვის კანონები, ეზრუნა მათზე და მომკვდარიყო მათთვის, რაც ყველაზე უფრო გამოარჩევს ჭეშმარიტ მეფეს. ამაზე საუბარია მათეს სახარების მეორე თავშიც: „რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს“ (მთ. 2:6).
როგორ იქნება ეგ? – ანუ ჩასახვა და ძის შობა. შესაბამისად, მანაც, ისე, როგორც ზაქარიამ, არ დაიჯერა, მაგრამ სასჯელის ქვეშ არ მოქცეულა, იმიტომ, რომ ზაქარიას მრავალი მაგალითი ჰქონდა შვილების სიბერეში გაჩენისა, – სარა, რებეკა, რაქილი, ანა, – ქალწულს კი არცერთი მაგალითი არ ჰქონია: არც ერთ ქალწულს მანამდე არ ჩაუსახავს და არ უშვია მამაკაცის გარეშე.
მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სულიწმიდა გადმოვა შენზე. და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. სულიწმიდა კიდევ უფრო წმენდს მას, ხოლო უზენაესის ძალა იმის უნარს ანიჭებს, რომ მიიღოს სიტყვა და ღმერთი, და აძლევს ზებუნებრივი შობის უნარს.
ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმინდა შობილი. შენგან შობილ წმინდა ჩვილს მორწმუნენი ძე ღვთისას უწოდებენ, რადგან ღვთივმშვენიერ საქმეებთან ერთად მისი ღმრთეებაც გამოვლინდება.
36-37. მის დასარწმუნებლად ანგელოზს მაგალითად მოჰყავს ელისაბედი, და ასწავლის, რომ ის, ვინც უნაყოფო საშოს ნაყოფი მისცა, მის მიმართაც გააკეთებს იმას, რასაც მისი პირით ეუბნება.
არაფერია შეუძლებელი. ეს ნიშნავს, რომ აღსრულდება ყველა ის სიტყვა, რასაც ანგელოზი ამბობს, რაც უკვე ნაუწყებია და რაც მომავალში იქნება ღმერთისგან გადმოცემული.
როგორი ნათესაური კავშირი არსებობდა ელისაბედსა და მარიამს შორის? ელისაბედი ლევის ანუ სამღვდელო ტომიდან იყო, მარიამი კი – იუდას ანუ სამეფო ტომიდან. ეს ორი ტომი ქორწინებების მეშვეობით ერთმანეთს დაუნათესავდა. ჯერ აარონს, ხოლო მოგვიანებით იუდას, რომლებიც მღვდელთმთავრები იყვნენ, ცოლები სამეფო ტომებიდან ჰყავდათ. მათ შემდეგ სხვა სამღვდელონიც ქორწინდებოდნენ სამეფო ტომის წარმომადგენლებზე. სწორედ ასეთი კავშირით იყვნენ ისინი დანათესავებულნი. რადგანაც საღმრთო საქმეებში უპირატესობს სამღვდელო ტომი, ხოლო კაცობრივში – სამეფო, ამიტომ მათი ერთმანეთზე გადაჯაჭვის სრული საფუძველი არსებობდა, რათა მღვდელს სამეფო ღირსებაც ჰქონოდა, ხოლო მეფეს – სამღვდელოც.
სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი
რა უპასუხა ანგელოზს მარიამმა, სხეულითა და სულით ქალწულმა, კეთილმსახურმა, კეთილკრძალულმა და კეთილმორჩილმა, კაცობრივი ბუნების სილამაზემ, ჩვენი ცხოვრების კარიბჭემ, ჩვენი ცხონების მიზეზმა? მან მოწიწებით მიიღო ანგელოზის სიტყვები და მიუგო: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ. როგორც მხევალი, მე ვემორჩილები მეუფის ბრძანებას; როგორც თიხა, მე ვეძლევი მექოთნის ხელებს; როგორც შემოქმედს სურს, ისე აღასრულოს ჩემზე თავისი ნება; როგორც მის კაცთმოყვარეობას ნებავს, ისე აღსრულდეს ჩემში არაჩვეულებრივი ჩასახვის სასწაული. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ: დაე, აღსრულდეს ჩემზე შენი ნათქვამი; დაე, შენს სიტყვებს მოჰყვეს ჭეშმარიტი და უეჭველი საქმენი.
და განეშორა მას ანგელოზი: მან აუწყა, მოამზადა ქალწული, ასწავლა, რამდენიც შეეძლო; მისგანაც მოისმინ??