პატრიარქის ქადაგება (13.12.2016)

ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენი“
ჩვენ ღვთის წყალობას ვხედავთ საქართველოში.
უფალმა იცის ამოფრქვევა წმინდანების, – დღევანდელ დღეს ღმერთმა ინება ხსენება წმინდისა მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა, მეფისა ვახტანგ გორგასლისა, პირველი კათოლიკოსისა პეტრესი და მეორე კათოლიკოსისა სამუელისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, მისი დიდი წყალობისათვის, სიყვარულისა და მოწყალებისთვის.
ანდრია მოციქული, თქვენ იცით, პირველწოდებულია, პირველად მას მოუწოდა უფალმა მოციქულებრივი მოღვაწეობისათვის, ხოლომ მან მოუწოდა თავის ძმას, – პეტრეს.
ანდრია პირველწოდებული პირველი იყო, რომელმაც სახარება იქადაგა საქართველოში და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
მეხუთე საუკუნეში აღმობრწყინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელსაც აქვს საოცარი ანდერძი: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა”.
მეფეს კი არა, უბრალო ადამიანსაც არ უთქვამს მსგავსი რამ. ის კი არ არის ნათქვამი, რომ მტკიცედ შეხვდით ქრისტესთვის სიკვდილსო, თქვენ თვითონ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო. მან იცოდა, რომ ქრისტესთვის სიკვდილი ეს იყო სასუფევლის დამკვიდრება, ეს იყო უმაღლესი მადლი, რომელსაც ადამიანი ღებულობს.
ვახტანგ გორგასლის თანამეროვენი იყვნენ პეტრე და სამოელი. ანტიოქიის პატრიარქმა პეტრემ მოგვანიჭა ავტოკეფალია. ცნობილი დიდი მეცნიერი და კანონისტი, ანტიოქიის პატრიარქი ამბობს, რომ ანტიოქიის კრებამ მიანიჭა საქართველოს ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. ეს ორი სიტყვა არის ნახსენები – ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. მეხუთე საუკუნიდან ავტოკეფალურია ჩვენი ეკლესია, პირველი კათალიკოსი იყო პეტრე.
ვახტანგ გორგასალი უდიდესი მეფეა საქართველოსი. მას რეზიდენცია უჯარმაში ჰქონდა. სამწუხაროდ, დღეს უჯარმა მიტოვებულია და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა მოვიღოთ წყალობა, გავიღოთ ჩვენი შესაწირი და უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა.
ღმერთმა ინებოს რომ მათი ლოცვები შეგვეწიოს.
წყალობა ღვთისა და ლოცვები მეფისა ვახტან გორგასალისა, მოციქულისა ანდრიასი და კათალიკოსთა პეტრესი და სამოელისა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ამინ!