საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ნიკორწმინდის ეპარქია

nikorwmindis-eparqia

 ნიკორწმინდის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

      ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მსხვილი ეპარქიაა. მოიცავს დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეს – რაჭას. ისტორიული კუთხე რაჭა და ნიკორწმინდის ეპარქია ერთსა და იმავე გეოგრაფიულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაა. ასე იყო XVI საუკუნიდანვე, როცა რაჭა ერთ მსხვილ საეკლესიო იურიდიულ ერთეულად, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეპარქიად ჩამოყალიბდა.

   ეს რეგიონი სახელდების მხრივაც ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს. როგორც წესი, ახალდაარსებულ ეპარქიას სახელი ისტორიულად ჩამოყალიბებული ადგილმდებარეობის მიხედვით ეძლეოდა, ამ შემთხვევაში კი ეპარქიას ამ მხარეში არსებული დიდი მონასტრის – წმინდა ნიკოლოზის (ნიკოლაოზწმიდის – ნიკორწმიდის) სახელი ეწოდა.

    სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული აზრის თანახმად, დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის ისტორიული კუთხეები, რაჭა და მისი მოსაზღვრე ლეჩხუმი, ადრიდანვე ერთი სახელწოდებით – “თაკვერით” – მოიხსენიებოდა. მათი ტერიტორიულ-მმართველობითი დანაწილება მოგვიანებით მოხდა. ქართველი მემატიანის ჯუანშერის მიხედვით, V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს დასავლეთ საქართველოში ჰყოლია “სამნაღირ ერისთავი შიდა ეგრისისა და სვანეთისა; და ბაკურ, ერისთავი მარგვისა და თაკუერისა”. აქ და სხვაგანაც თაკვერში რაჭისა და ლეჩხუმის ერთიანი ტერიტორია იგულისხმება. ამავე და მოგვიანო ხანის ბერძნული და სომხური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ თაკვერს. VIII საუკუნის ამბების გადმოცემისას ჯუანშერი დასავლეთ საქართველოში ჩამოთვლის ეგრისის, თაკვერის, სვანეთის, არგვეთისა და გურიის ადმინისტრაციულ ერთეულებს. ე.ი. ამ დროისთვის თაკვერი უკვე ჩამოშორებული იყო არგვეთს, რომელთანაც V საუკუნეში ერთ საერისთავოს შეადგენდა.

   რაჭის საერისთავოს ჩამოყალიბების შესახებ XII საუკუნეზე ადრეული წერილობითი ცნობები არ მოგვეპოვება. მხოლოდ XII საუკუნეში, თამარ მეფის დროს, “ქართლის ცხოვრებაშია” მოხსენიებული რაჭის ერისთავი. რაჭის ერისთავის შესახებ გვაუწყებს ნიკორწმინდის ეკლესიის ჯვარცმის ხატის ჩარჩოს წარწერაც, რომელიც XI საუკუნეს განეკუთვნება და რაჭის განმგებლად ერისთავთა მესამე თაობის წამომადგენელს რატის იხსენიებს. ამის გამო რაჭის საერისთავოს არსებობა X საუკუნეშიც სავსებით დასაშვებია.

    ისტორიულად და გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების შესაბამისად, რაჭა სამ ნაწილად იყოფა: ქვემო რაჭად, ზემო რაჭად და მთა რაჭად.

   ქვემო და ზემო რაჭის საზღვრად მიჩნეულია ხიდიკარი. ვახუშტის მიხედვით, “კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ-ხიმშს ზეით მოიწროვდების რიონი სამხრიდამ და ჩრდილოდამ კლდითა. მუნ ძეს ხიდი რიონზედ… და უწოდებენ ხიდიკარს”.

    ერთხანს ზემო რაჭის მთის ეს რეგიონი – მთის რაჭა – არ შედიოდა ნიკორწმინდის ეპარქიის შემადგენლობაში, მეზობელ ნიქოზის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ისტორიულად კი მთის რაჭა რაჭის საერისთავოს კუთვნილება იყო. ამ საერისთავოს არცთუ მცირე ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. ამას მოწმობს მთელ რაჭაში მიმოფანტული ნანგრევები და დღემდე დაცული ისტორიული ძეგლები.

  დროთა მდინარებისა და ვითარების ცვლილების შესაბამისად, რაჭის საერისთავოს გეოგრაფიული საზღვრებიც იცვლებოდა. იგი ზოგჯერ არამცთუ ლეჩხუმს, საკუთრივ მთელ რაჭასაც კი ვერ მოიცავდა.

   თვითონ ნიკორწმინდის ეპარქია იმერეთის რეფორმატორი მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) მეოხებით ჩამოყალიბდა. მეფეს მისთვის დიდი შეწირულობა უბოძებია და სერიოზული დახმარება გაუწევია. თავგასულ მთავრებთან სამეფოს გაერთიანებისთვის ბრძოლაში ბაგრატი მოკავშირედ ეკლესიას მიიჩნევდა და მუდამ მის მორალურ-მატერიალურ აღორძინებაზე ზრუნავდა. მან საკუთრივ იმერეთის ტერიტორიაზე შექმნა და აღადგინა რამდენიმე საეპისკოპოსო. ამისთვის ძველი ქუთაისის საეპისკოპოსო რამდენიმე სამწყსოდ დაყო და მის ბაზაზე ჯერ გელათის, შემდეგ კი ნიკორწმინდის საეპისკოპოსოები დააარსა, ხოლო მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე თავისი მომხრე ფეოდალები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს თითქმის ხუთ კათედრაზე ერთდროულად ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლები, სახელდობრ – ჩხეტიძეები, იყვნენ უმაღლეს იერარქებად.

    ახალდაარსებული ნიკორწმინდის კათედრაზე 1534 წელს პირველ ეპისკოპოსად მანოელ ჩხეტიძე იქნა გამწესებული. მანამდე, 1529 წელს, ის ხონელ ეპისკოპოსად დაადგინეს. როცა ბაგრატ III-ს უკვე არსებული, თუმცაღა იმხანად დაკნინებული ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია, პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია.

   ამგვარად, ნიკორწმინდის ეპარქია, რომელიც დაარსების დროიდანვე მოიცავდა რაჭას, ბაგრატ III-ის დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ რაჭაში ქრისტიანობის დამკვიდრებას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოექცა მირიან მეფე, სჯული ჭეშმარიტი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და დაიწყო პირველი ქართული ეკლესიის ორგანიზება. ეს ყველაფერი IV საუკუნის 20-30-იან წლებში მოხდა. ამავე და შემდგომი პერიოდის ქართული და უცხოენოვანი წერილობითი წყაროები რაჭასა და მის მიმდებარე კუთხეებს, თვით არგვეთ-შორაპნის ჩათვლითაც კი, აღმოსავლეთ საქართველოს – იბერიის – შემადგენლობაში განიხილავს. გამოდის, ქართლში ქრისტიანობის გავრცელების კვალად ახალი სარწმუნოება რაჭაშიც გავრცელებულა, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ოფიციალური სარწმუნოება.
ნიკორწმინდის ეპარქიის დაარსებამდე რაჭა ეკლესიურად აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიას – მცხეთის საყდარს ექვემდებარებოდა. სხვადასხვა დროს რაჭის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ეკუთვნოდა ნიქოზის, ქუთაისის ეპარქიებს. ნიკორწმინდის სამღვდელმთავროს ჩამოყალიბების შემდეგ, XVI ს. 30-იანი წლებიდან, იგი იმერეთის საკათოლიკოსოს შემადგენლობაშია.
ნიკორწმინდის ეპარქიის ჩამოყალიბების შემდეგ, XVI ს. 30-იანი წლებიდან, სამღვდელმთავრო კათედრას განაგებდნენ:
1. 1534 წლიდან ახლად დაარსებული ნიკორწმინდის ეპარქიის პირველი ეპის-კოპოსი მანუელ ჩხეტიძე იყო, იგი 1529 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ხონის ეპისკოპოსად დანიშნა, 1534 წლიდან იმავე მეფემ ნიკორწმინდელად დაადგინა. XVI ს-ის II ნახევარში იგი უკვე მაწყვერელად იხსენიება;
2. XVI ს-ის II ნახევარში ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი იყო მელქისედეკ საყ-ვარელიძე, რომელმაც დარღვევის პირას მისული ჭელიშის სამონასტრო კომპლექსი საფუძვლიანად შეაკეთა;
3. 1591 წელს ნიკორწმინდელად მოხსენიებულია ამბროსი ბაქრაძე;
4. მთავარეპისკოპოსი სვიმონ ჯაფარიძე _ XVII ს. II ნახევარი;
5. დავით საყვარელიძე _ XVII ს. II ნახევარი, 1659 წ;
6. სვიმონ ჩხეტიძე _ 1660 წლამდე;
7. გედევან ლორთქიფანიძე _ 1660 წ. ნიკორწმინდელია, 4 წლის შემდეგ, 1664 წ. გაენათელ-ნიკორწმინდელი;
8. 1680-85 წლებში – სვიმონ წულუკიძე;
9. გერმანე, 1769 წელს მას ნიკორწმინდის კათედრა ეჭირა. იგი 1742-51 წლებ-ში აფხაზეთის კათოლიკოსი იყო. გერმანეს თავისი ნებით, მეფის თხოვნის შემდეგ, კათედრა დაუთმია რაჭის ერისთავის ძის ბესარიონისათვის;
10. სოფრონიოსი წულუკიძე _ 1775-1821 წწ.

     ნიკორწმინდის ეპარქიაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ჭელიშის მონასტერში XIX_XX ს.ს. მიჯნაზე მოღვაწეობდა არქიმანდრიტი, შემდგომში, 1921-1927 წ.წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდანად შერაცხილი დიდი მღვდელმთავარი ამბროსი ხელაია. მასვე მიეწერება მონასტრის სამალავში ძველი ქართული უნიკალური ხელნაწერების აღმოჩენა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნია “მოქცევაჲ ქართლისაჲს” ჭელიშური რედაქცია და XIII-XIV ს.ს. ხელნაწერი ოთხთავი.
ნიკორწმინდის ეპარქიის სიწმიდეთაგან ადრიდანვე ცნობილი იყო წმიდა მღვდელმთავრის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის წმიდა ნაწილი _ მთელი იდაყვი. გადმოცემის თანახმად, ის ბაგრატ IV-ის პირველ ცოლს, ბერძენთა მეფის მანუელის ასულს ელენეს, მოჰყოლია მზითვად. კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ, 20-იან წლებში, სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს, კომკავშირელს, სიწმინდე ტაძრიდან გამოუტანია და ეზოში ქვაზე დაუჩეჩქვია.

 მთებით შემოსაზღვრული ნიკორწმინდის ეპარქიის მომცველი ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ საქრისტიანო კულტურულ კერად იყო მიჩნეული და სამონასტრო სავანეთა სიმრავლით გამოირჩეოდა. ისტორიულად ეპარქიის ტერიტორიაზე სამ ათეულზე მეტი მამათა და დედათა დიდი და მცირე მონასტერი არსებობდა, ხოლო რაჭის მიუვალ მთა-გორებში ბოლო დრომდე მრავლადაა შემორჩენილი დაყუდებულ ბერთა საცხოვრებელი კელიები. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთ ნაწილში _ მთის რაჭაში, შოდის, გონის, ბრილის, ბუბის და სხვ. მონასტრები ხატწერის, საეკლესიო ჭედურობის, ქვაზე და ხეზე კვეთის უძველეს სამონასტრო სკოლებად ითვლებოდა. ამ მხარეში შექმნილი ხატების, ჯვრების და სხვა საეკლესიო სიწმიდეებისა და ინვენტარის შესახებ ადრიდანვე მრავლად გვაუწყებენ ქართველი და უცხოელი მკვლევარ-მოგზაურები. ამ თვალსაზრისით მრავლისმეტყველია ნიკორწმინდის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის ჩუქურთმის მრავალფეროვნება. ასევე, XVI-XVII სს. შოდის მამათა მონასტერში დამზადებული პლატინის სატრაპეზე ჯვარი, რომელსაც მეცნიერთაგან დიდი შეფასება ჰქონდა მიცემული და მსოფლიო უნიკალურ შედევრად იყო მიჩნეული. მსგავსი მნიშვნელობის მრავალი ნიმუში საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იყო გატანილი, მათი უმრავლესობა, რაც განადგურებას გადაურჩა ქუთაისის, თბილისის და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია თავმოყრილი, რაც ადრიდანვე ამ კუთხის კულტურულ დაწინაურებაზე მეტყველებს. დღეისათვის კი საკათედრო ტაძარში დაბრძანებულია მირონმდინარე წმიდა ხატები.
რაჭა საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით დაცული იყო გარეშე მტრის შემოსევებისაგან, თუმცა 1819-1820 წლების ცნობილი “ცერკოვნი ბუნტის” მთელი სიმძიმე  ნიკორწმინდის ეპარქიასაც მძიმე ტვირთად დააწვა. ამ უსამართლო ომს მრავალი სოფელი, ეკლესია, მონასტერი, სასულიერო და საერო პირი ემსხვერპლა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს, განახლდა ნიკორწმინდის ეპარქიაც. 20-იან წლებში დაწყებული რეპრესიების დროს, ნიკორწმინდის ეპარქიის ასობით ეკლესია დაანგრიეს, დაკეტეს ან ყოფითი დანიშნულების შენობა-ნაგებობებად გადააკეთეს. 1937 წლამდე რაჭის 80-მდე სასულიერო პირი იძულებით განმოსეს, გაასახლეს ან დახვრიტეს.
ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ნიკორწმინდელის კათედრა თავისუ-ფალი იყო. 50-იან წლებში იგი შეთავსებული ჰქონდა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოოს დავით ჩაჩანიძეს, სამოციანი წლების ბოლოს კი _ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაომი შავიანიძეს. 80-იანი წლებიდან რეალურად ამოქმედდა ნიკორწმინდის ეპარქიაც, სადაც სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ეპისკოპოსები შიო ავალიშვილი, ანანია ჯაფარიძე, ქრისტეფორე წამალაიძე, ამბროსი ქათამაძე, დავით მახარაძე, აბრაამ გარმელია, მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე (1996-2015 წწ.).
2015 წლის 1 ივნისიდან ნიკორწმინდის ეპარქიას მწყემსმთავრია ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ვახტანი (ლიპარტელიანი)

ნიკორწმინდის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები:
ნიკორწმინდის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი
ქ. ონის მთავარანგელოზის ეკლესია
სოფ. ჭიორის წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. უწერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია, “სიონი”
სოფ. ფარახეთის მთავარანგელოზის ეკლესია
სოფ. ფარახეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
სოფ. შქმერის წმინდა ნინოს ეკლესია
სოფ. სორგითის წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. ხეითის მაცხოვარი _ ანჩისხატის ეკლესია
სოფ. გლოლის (ადგილი გორიბოლო) წმიდა გიორგის ეკლესია
ქ. ამბროლაურის მირქმის სამლოცველო სახლი მღვდელმთავრის
რეზიდენციაში
სოფ. წესის ბარაკონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
ჭელიშის მონასტრის წმიდა მღვდელმთავარ ამბროსის ეკლესია
სოფ. ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია
სოფ. ჭრებალოს წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
სოფ. ხონჭიორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
სოფ. პატარა ონის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
სოფ. პატარა ონის წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. აგარის წმიდა გიორგის ეკლესია
სოფ. გორისუბნის წმიდა ბარბარეს ეკლესია
სოფ. ქვედა შავრის ანჩისხატის ეკლესია
სოფ. ქვიშარის მაცხოვრის ეკლესია
სოფ. ბეგუელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
სოფ. წკადისის წმიდა გიორგის ეკლესია.

ნიკორწმინდის ეპარქიაში შემონახულ საეკლესიო სიწმინდეთაგან გამორჩევით ფასეული ყოფილა წმინდა ნიკოლოზის იდაყვი. გადმოცემის თანახმად, ის ბაგრატ IV-ის პირველ ცოლს, ბერძენთა მეფის მანუელის ასულს ელენეს, მოჰყოლია მზითვად. კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ, 20-იან წლებში, სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს, კომკავშირელს, სიწმინდე ტაძრიდან გამოუტანია და ეზოში ქვაზე დაუჩეჩქვია.