საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (25.05.2016.)

25 მაისი
კატეგორია: აქტუალური,
wminda-sinodis-sxdomis-oqmi-25
  Russian (ru) English (en)


წმინდა სინოდის სხდომის ოქმი

 (25.05.2016.)

2016 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და ქართველ ერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა. 
სინოდის სხდომაზე ასევე აღინიშნა ორი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც  ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ეს არის აფხაზეთიდან დევნილი გალის რაიონის მკვიდრის, გიორგი ოთხოზორიას, საზარელი მკვლელობის ფაქტი სოფ. ხურჩაში. წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულისათვის. ასევე მწუხარება გამოითქვა სოფ. კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამო. წმინდა სინოდი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისაკენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა მომავალი წმინდა და დიდი კრების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ და მადლობა გამოუცხადა იმ სასულიერო და საერო პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული კრების მოსამზადებელ სამუშაოებში. შემდეგ მისმა უწმინდესობამ სიტყვა გადასცა წმ. სინოდის მღვდელმთავრებს, რათა აზრი გამოეთქვათ კრებაზე განსახილველი დოკუმენტებების შესახებ.

წმინდა კრების სამდივნოში საქარველოს ეკლესიის წარმომადგენელმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), კრებაზე განსახილველი დოკუმენტების მოკლე მიმოხილვა გააკეთა.

დოკუმენტების – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში” –  შესახებ ისაუბრა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).

წმ. სინოდმა დაადგინა: დოკუმენტის „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების” ტექსტის ორი ადგილი საჭიროებს ცვლილებას. კერძოდ, ქვეთავის „მართლმადიდებლური ქორწინება” მე-10 მუხლი და ქვეთავის „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები” მე-5 მუხლის “ა” პუნქტი.

„მართლმადიდებლური ქორწინების” მე-10 მუხლში ვკითხულობთ: „ეკლესია არ იღებს თევის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას, გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულსა და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ”.

იგი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელს სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე  და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას”.

„ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების” მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა” პუნქტში ვკითხულობთ: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”.

აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნეწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)”, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ “თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”, უნდა იქნეს ამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი.

დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში” უნდა შევიდეს სამი ცვლილება:

ძირითადი ქვესათაურიდან, რომელიც ასე იკითხება: „მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად”, უნდა იყოს ამოღებული ფრაზა,  “ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის”,  რადგან იგი მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა.

ამავე დოკუმენტის „ა” ქვეთავის („ადამიანური პიროვნების ღირსება”) მე-3 მუხლში წერია: „ამ სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის პიროვნების მაღალი ღირსების საყოველთაო აღიარება. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათაშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში, ამის მეშვეობით კი – ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების დაძლევაში, ხალხთა შორის მეგობრობის, თავისუფლებისა და მშვიდობის განსამტკიცებლად მთელ მსოფლიოში, ყოველი ადამიანის სასიკეთოდ, რასისა და რელიგიის მიუხედავად. იგულისხმება, რომ ეს თანამშომლობა გამორიცხავს როგორც სინკრეტიზმს, ასევე ერთი რომელიმე რელიგიის ძალადობის მცდელობას სხვა რელიგიებზე”.

სინოდის დადგენილებით აღნიშნული ტექსტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის პიროვნების მაღალი ღირსების საყოველთაო აღიარება. მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათაშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში, ამის მეშვეობით კი – ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების დაძლევაში, ხალხთა შორის მეგობრობის, თავისუფლებისა და მშვიდობის განსამტკიცებლად მთელს მსოფლიოში, ყოველი ადამიანის სასიკეთოდ მისი განწმენდის, განღმრთობისა და საუკუნო ცხოვრებაში დამკვიდრების მიზანდასახულობით, რასისა და რელიგიის მიუხედავად. იგულისხმება, რომ ეს თანამშომლობა გამორიცხავს როგორც სინკრეტიზმს, ასევე ერთი რომელიმე რელიგიის ძალადობის მცდელობას სხვა რელიგიებზე, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს წმინდა ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობის უარყოფას”.

„გ” ქვეთავის („მშვიდობისა და სამართლიანობის შესახებ”) პირველ მუხლში უნდა დარჩეს შემდეგი ტექსტი:

„მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობასა  და სამართლიანობას ხალხთა ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია. ქრისტეში ეს გამოცხადება ხასიათდება როგორც „სახარება მშვიდობისა“ (ეფ. 6:15), ვინაიდან ქრისტემ „მშვიდობა-ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისაითა“ (კოლ. 1:20), „გახარა მშვიდობა თქვენ, შორიელთა და მახლობელთა“ (ეფ. 2:17). ის გახდა „მშვიდობაი ჩვენი“ (ეფ. 2:14). ეს მშვიდობა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილ. 4:7), როგორც თავად უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს ჯვარცმის წინ, უფრო ფართო და არსებითია  იმ მშვიდობაზე, რომელსაც აღგვითქვამს სოფელი: „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ (ინ. 14:27)”.

ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც წერია: „ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი მასში ყოველთა შემოკრებისა: ადამიანის პიროვნების, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა და სიდიადის გამოვლინება ადამიანთა მოდგმისა და სამყაროსი, საყოველთაობა მშვიდობის პრინციპებისა, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობისა, და ბოლოს, ადამიანებსა და მსოფლიოს ხალხთა შორის ქრისტიანული სიყვარულის ნაყოფის მოწევნა”,  უნდა იყოს ამოღებული.

ტექსტში ასევე რჩება ამავე აბზაცის ბოლო მონაკვეთი: „ჭეშმარიტი მშვიდობა – ეს არის ნაყოფი ქვეყანაზე ყველა  ქრისტიანული პრინციპის განმტკიცებისა. ეს არის მშვიდობა ზეციდან, რისთვისაც მუდამ ლოცულობს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყოველდღიურ ლოცვებში, შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ისმენს მათს ლოცვებს, რომლებიც  რწმენით მიდიან მასთან”.

ასე რომ, აღნიშნული ქვეთავის პირველი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: „მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობასა  და სამართლიანობას ხალხთა ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია. ქრისტეში ეს გამოცხადება ხასიათდება როგორც „სახარება მშვიდობისა“ (ეფ. 6:15), ვინაიდან ქრისტემ „მშვიდობა-ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისაითა“ (კოლ. 1:20), „გახარა მშვიდობა თქვენ, შორიელთა და მახლობელთა“ (ეფ. 2:17). ის გახდა „მშვიდობაი ჩვენი“ (ეფ. 2:14). ეს მშვიდობა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილ. 4:7), როგორც თავად უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს ჯვარცმის წინ, უფრო ფართო და არსებითია  იმ მშვიდობაზე, რომელსაც აღგვითქვამს სოფელი: „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ (ინ. 14:27)”. ჭეშმარიტი მშვიდობა – ეს არის ნაყოფი ქვეყანაზე ყველა  ქრისტიანული პრინციპის განმტკიცებისა. ეს არის მშვიდობა ზეციდან, რისთვისაც მუდამ ლოცულობს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყოველდღიურ ლოცვებში, შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ისმენს მათს ლოცვებს, რომლებიც  რწმენით მიდიან მასთან”.

დოკუმენტის – „ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი” – შესახებ მოხსენება გააკეთა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). წაკითხული იყო ასევე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოგმატიკისა და პატროლოგიის კათედრის პროფესორ ედიშერ ჭელიძის შენიშვნები. ტექსტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. თავისი პოზიცია გამოთქვეს მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა (იაკობიშვილი).

აღინიშნა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებისათვის თავიდანვე მიუღებელი ოყო და მას წინასაკრებო შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ხელი მოეწერა მხოლოდ იმიტომ, რომ ტექსტში ჩაიწერა ასეთი წინადადება: „საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, პირველი მათგანი 1997 წელს, ხოლო მეორე – 1998 წელს, რადგან მათ თავისი საკუთარი აზრი აქვთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.

წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს. თუ ამ სახის ცვლილებები არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს. წმინდა სინოდმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ინიციატივით დაადგინა: შეიქმნას თეოლოგიური ჯგუფი, რომელიც რიგ საღვთისმეტყველო საკითხებთან დაკავშირებით თავის  წინადადებებს წარუდგენს წმინდა სინოდს. წმინდა სინოდმა მოისმინა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) მოხსენება საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდმა განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შემდეგი შემდგენლობით: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II;

  1. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი);
  2. საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი);
  3. მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე);
  4. ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე);
  5. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე);
  6. ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი);
  7. შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე);
  8. ახალქალაქისა და კუმურდოს, და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი);
  9. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
  10. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
  11. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
  12. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
  13. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი);
  14. სენაკისა და ჩხოროწყუს, და ავსტრალიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
  15. რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
  16. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე);
  17. საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე);
  18. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე);
  19. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე);
  20. სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია);
  21. წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია);
  22. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე);
  23. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი);
  24. ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი);
  1. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
  2. არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული;
  3. დეკანოზი დავით შარაშენიძე;
  4. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი;
  5. მღვდელმონაზონი მიქაელ ბრეგვაძე;
  6. ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი).

P.S.  ზემოთ განხილულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ახლო მომავალში გამოქვეყნდება უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია.