საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2007 წელი, 26 აპრილი

26 აპრილი
კატეგორია: Uncategorized,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

26 აპრილი, 2007 წელი, თბილისი

წმიდა სინოდის სხდომა გახსნა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

წმიდა სინოდმა მოისმინა ბატონი ირაკლი ანდრიაძის მოხსენება საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის შენობის აღდგენით სამუშაოებსა და წმიდა სამების ლავრაში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით.

წმიდა სინოდმა მოისმინა წმიდა სამების ლავრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტი ილიას (ნასიძე) მოხსენება, საეკლესიო სიწმიდეებისთვის გათვალისწინებული კოშკის მშენებლობის შესახებ, რომლის კეთილმოწყობაც აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.

მომხსენებელი შეეხო სასულიერო აკადემიის მშენებლობის საკითხსაც და განაცხადა, რომ სასწავლო კორპუსი (რომელიც პირველ რიგში უნდა აიგოს), ერთ წელიწადში დასრულდება.

წმიდა სინოდზე ითქვა, რომ წელს აღინიშნება მცხეთის ჯვრის მონასტრის 1400 წლისთავი, წმიდა ილია მართლის დაბადებიდან და გარდაცვალებიდან 170 და 100 წლისთავი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მამამთავრობის 30 წელი.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

ა) აღნიშნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მოწვეულნი იქნებიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ბ) მცხეთის ჯვრის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურველია ჩატარდეს სამეცნიერო კონფერენცია თბილისში, მცხეთასა და ჭყონდიდში.

წმიდა სინოდმა მოისმინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოხსენება ქუვეითში მოგზაურობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ეს იყო ორი რელიგიის ლიდერის – საქართველოს ეკლესიის მეთაურის და აზერბაიჯანის და ამიერკავკასიის სულიერი ლიდერის – შეიხ ულ ისლამ ალახ შუქურ ფაშა ზადეს პირველი ერთობლივი გასვლა არაბულ მუსლიმურ ქვეყანაში, რომელიც კულტურათა შორის დიალოგისა და სამშვიდობო მისიის ფარგლებში განხორციელდა. ითქვა ისიც, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური ქრისტიანული რელიგიის ლიდერთა შორის პირველია, რომელიც მიიწვია ქუვეითის მხარემ და ამას მსოფლიოში შექმნილი დაძაბულობის ფონზე მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს.

წმიდა სინოდმა დაადგინა: მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით და სხვა ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, შეიქმნას მსოფლიო რელიგიების შემსწავლელი ტოლერანტობის ცენტრი.

წმიდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს დიდი წმიდა მამის – ღირის დავით გარეჯელის სამონასტრო კომპლექსის შესახებ, რომელიც შედგება ოცამდე დიდი და მცირე მონასტრისაგან. ამათგან უმთავრესია დავით გარეჯელის ლავრა, სადაც მისი წმიდა ნაწილები განისვენებს. ლავრის მიმდებარე უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებიც იმთავითვე იყო და არის ქართული კულტურისა და სულიერების კერები.

წმიდა სინოდმა განაჩინა: საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, გარეჯის მონასტრები საქართველოს ეკლესიის მფლობელობაშია და შესაბამისად, გარეჯთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ ეკლესიასთან შეთანხმებით უნდა განიხილებოდეს. საქართველოს საპატრიარქო იმედოვნებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს გარეჯთან დაკავშირებული სასაზღვრო პრობლემის დადებითად გადასაწყვეტად.

წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ შედგება ოფიციალური ვიზიტები:

2-8 მაისს საქართველოში ჩამოდის სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე;

24-28 მაისს ათონის მთიდან საქართველოს ეწვევიან წმიდა კინოტის წარმომადგენლები, რომლებიც საჩუქრად ჩამოაბრძანებენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის ასლს.

წმიდა სინოდმა იმსჯელა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ერის წინაშე დამსახურების შესახებ.

წმიდა სინოდმა დაადგინა: დიმიტრი ყიფიანი შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს: წმიდა დიმიტრი (ყიფიანი) სამშობლოსათვის წამებული.

მისი ხსენების დღედ დადგინდეს 26 აპრილი (ახ. სტ.) / 13 აპირილი (ძვ. სტ.).