საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2010 წელი, 21 დეკემბერი

12 იანვარი
კატეგორია:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის სხდომის ოქმი

21 დეკემბერი, 2010 წ.

სხდომა გახსნა და მას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

1. კრებამ იმსჯელა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და განაჩინა:

ა) ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა გადაეცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან მისი ტიტული განისაზღვროს შემდეგნაირად: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა;

ბ) ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის გამოეცხადოს მადლობა და დაინიშნოს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.

2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი.

განაჩინა: ა) თითოეული ეპარქიიდან შეირჩეს არა უმეტეს 25 სასულიერო პირი, რომელთაც განსაკუთრებულად მძიმე პირობებში უწევთ მსახურება და მათ ყოველთვიურად დაენიშნოთ 300 ლარი:

ბ) აღინიშნა, რომ ეთხოვოს ხელისუფლებას ეკლესიისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი თანხა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად გატარდეს, როგორც კომუნისტური რეჟიმის პირობებში სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება და არა, როგორც გრანტი.

3. კრებამ იმსჯელა სხვადასხვა შიდა საეკლესიო თემებზე და განაჩინა:

აქ ის პირები, რომელნიც განათლების მისაღებად რაიონიდან სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, დამთავრების შემდეგ აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავის ეპარქიებს. სწავლის პერიოდში კი მათი კურთხევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ გამომგზავნი მღვდელმთავრის თანხმობა იქნება;

ბ) მღვდელმთავრის ან მღვდლის პენსიაზე გასვლის საკითხი, ასაკის მიუხედავად, უნდა დაისვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას ან აქვს გარკვეული დარღვევები;

გ) კიდევ ერთხელ ითქვა ისიც, რომ ეპარქიაში ამა თუ იმ სასულიერო პირის მიღება-გაშვება არ უნდა მოხდეს განტევების მოწმობის გარეშე.

4. წმიდა სინოდი შეეხო სასულიერო პირთა ცოდნის დონის ამაღლების საკითხს.

განაჩინეს:

ა) სასულიერო სასწავლებლების გამოცდილმა პედაგოგებმა ჩაატარონ სემინარები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე სხვა ეპარქიების მოძღვრებისათვის;

ბ) სასულიერო აკადემიებმა და გელათის მეცნიერებათა აკადემიამ შეადგინონ თემები, რომელთა დამუშავება სავალდებულო იქნება მოძღვრებისათვის.

5. კრებაზე განიხილეს საეკლესიო გალობის ცენტრის წერილი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ეკლესიაში გალობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემაზე.

განაჩინეს:

ა) საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს მრავალხმიანი ქართული გალობით.

ბ) ამ გადაწყვეტილების დამრღვევთა მიმართ შემდგომში გამოყენებული უნდა იქნეს კანონიკური ზომები.

6. სხდომამ მოისმინა ზოგიერთი პირის კანონიზირების საკითხი.

განაჩინეს:

ა) შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია, რომელიც მოამზადებს საკითხს წმიდა სინოდზე განსახილველად.

ბ) კომისია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

7. წმიდა სინოდმა იმსჯელა იმ დარღვევებზე, რასაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ადგილი აქვს ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რესტავრაციისას და განაჩინა:

ა) საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან და საბჭოსთან (რომლის ხელმძღვანელიც არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) შეთანხმებით და მათთან დაქვემდებარებით ყველა ეპარქიაში მღვდელმთავრის კურთხევით შეიქმნას პასუხისმგებელ კომპეტენტურ პირთა ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს აღნიშნულ პროცესებს: ხელს შეუწყობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კანონიკის გათვალისწინებით რესტავრაციის სწორად წარმართვას ან ახალი ტაძრების შენებას.

ბ) ეთხოვოს ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით შეიქმნას კომისია, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც შევლენ და რომელიც უფლებამოსილი იქნება შეიმუშაოს სათანადო ცვლილებების პაკეტი.

8. წმიდა სინოდმა მოისმინა დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსის წინადადება ისტორიული სახელწოდების აღდგენის შესახებ და განაჩინა, რომ აღნიშნულ ეპარქიას ეწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია.

9. წმიდა სინოდმა დაადგინა:

მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და დაექვემდებაროს ცურტაველ ეპისკოპოს იაკობს (იაკობიშვილი) რომლის ტიტულიც განისაზღვროს, როგორც ეპისკოპოსი გარდაბნისა და მარტყოფისა.

10. წმიდა სინოდზე კიდევ ერთხელ დაისვა მღვდელმოქმედებაშეჩერებული ეპისკოპოსი ქრისტეფორეს (წამალაიძე) აღდგენის საკითხი.

განაჩინეს: ვინაიდან იგი არ ემორჩილება სიწოდის გადაწყვეტილებებს და მოქმედებს თვითნებურად, უარი ეთქვას აღდგენაზე.