საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2009 წელი, 30 აპრილი

30 აპრილი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის სხდომის ოქმი

30 აპრილი, 2009 წ.

ა.წ. 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
მდივნად არჩეულ იქნა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი);

სხდომას არ ესწრებოდნენ: რუსთავის და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე, (ჩახვაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი), ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე);

1. წმიდა სინოდმა მოისმინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მისალმება და შესავალი სიტყვა, სადაც იგი შეეხო საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებასაც და გამოთქვა იმედი მოვლენების მშვიდობიანი განვითარებისა.

2. წმიდა სინოდმა მოისმინა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიას (ჭანტურია) მოხსენებები მათ ეპარქიებში არსებული რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. გადაწყდა – ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას გადაეცეს ახალქალაქის ისტორიული ციხე-სიმაგრე თავისი ტერიტორიით.

3. წმიდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს (ჭუაძე) ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ, რომელიც ეხება მსჯავრდებულების მიმაგრებას ეპარქიების მონასტრებში. გადაწყდა: მღვდელმთავრებმა წარმოადგინონ სია იმ მონასტრებისა, სადაც, აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, გაიგზავნებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები.

4. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის გაფართოების შესახებ. გადაწყდა: სასწავლო კომიტეტი გარდაიქმნას სასწავლო ცენტრად და დამტკიცდეს სასწავლო ცენტრის საბჭო შემდეგი შემადგენლობით: საბჭოს თავმჯდომარე: ცურტაველი ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი), საბჭოს წევრები: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი); ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), სამთავისისა და გორის მთავრეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა), დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი მიქაელ გალდავა.

5. წმიდა სინოდმა განიხილა ქართული ხორბლის, ვაზის და სხვა ადგილობრივი კულტურების აღორძინებასთან დაკავშირებული საკითხები. წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი და მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ცენტრმა უნდა იზრუნოს სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ჯიშების გამრავლებისთვის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისათვის.

6. წმიდა სინოდმა ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტის სერგის (ჩეკურიშვილი) თანხმობით განაჩინა: ჰერეთის მხარეს მიენიჭოს სტავროპიგიალური სტატუსი და დაენიშნოს კეთილმოწესე.

7. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია) წმიდა სინოდს მოახსენა თავის ეპარქიაში არსებული სირთულეებისა და მათი დაძლევის პერსპექტივის შესახებ.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ა) დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და ეწოდოს ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა, მმართველი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების. ბ) ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ბათუმისა და ლაზეთის და მმართველი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების. გ) სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და მმართველი სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების. დ) აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ეწოდოს მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშის და მმართველი აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების. ე) ავსტრალიის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი) და ეწოდოს ეპისკოპოსი სენაკისა და ჩხოროწყუს და მმართველი ავსტრალიის ქართული სამრევლოების.

8. წმიდა სინოდმა განაჩინა, შეიქმნას, ანალიტიკური ცენტრი, ღრმა აზროვნების სასკოლო პროგრამებს შესამუშავებლად.

9. წმიდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი მელქისედეკი (ხაჩიძე). ხელდასხმა შედგება ა.წ. 3 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ეწოდება მას ეპისკოპოსი ჰერეთისა.