საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2005 წელი, 27 ივნისი

27 ივნისი
კატეგორია:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი


27 ივნისი, 2005 წელი, თბილისი

ა.წ. 27 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. სხდომა გახსნა და მას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ესწრებოდნენ სინოდის წევრები ახალქალაქისა და კუმორდოს მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) გარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიტყვით მიმართა მღვდელმთავრებს და განსახილველად შესთავაზა რამდენიმე საკითხი. კერძოდ:

  • წმინდანთ კანონიზაცია;
  • იერუსალიმის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მოვლენების შეფასება;
  • სასულიერო სასწავლებლებსა და გიმნაზიებში არსებული ვითარების გაცნობა;
  • ნარკომანიის პრობლემა;
  • სოფლის მეურნეობის და მომლოცველობითი სამსახურის განვითარებისთვის ზრუნვა;
  • განცხადება რელიგიურ ორგანიზაციათა კოალიციის შექმნის შესახებ;
  • სამი მღვდელმთავრის წერილი კათლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდისადმი;
  • ეპარქიების გაცვლასთნ დაკავშირებული საკითხი;
  • ყოფილი ნიკორწმინდელი მღვდელმთავრის, ამბროსი ქათამაძის წერილი.

წმიდა სინოდმა განაჩინა:

წმიდათა დასში შეირაცხონ:

  • წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მოძღვარი, გიორგი ჭყონდიდელი;
    მისი ხსენების დღედ დადგინდეს 12 სექტემბერი (ძვ. სტ.) – 25 სექტემბერი (ახ. სტ.).
  • ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი (წერეთელი);
    მისი ხსენების დღედ დადგეინდეს 6 მარტი (ძვ. სტ.) – 19 მარტი (ახ. სტ.).
  • გაენათელილ მიტროპოლიტი ექვთიმე (შერვაშიძე);
    მისი ხსენების დღედ დადგინდეს 21 აპრილი (ძვ. სტ.) – 4 მაისი (ახ. სტ.).
  • იმერეთის მეფე სოლომონ II და ეწოდოს წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული;
    მისი ხსენების დღედ დადგინდეს 7 თებერვალი (ძვ. სტ.) – 20 თებერვალი (ახ. სტ.).

წმიდა სინოდმა დაადასტურა კონსტანტინეპოლის შეკრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მიერ გაცხადებული პოზიციის მართებულობა. ამასთან, აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არის იერუსალიმის ეკლესიის შიდა საქმე.

შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა სასულიერო სასწავლებლისა და გიმნაზიის მდგომარეობას და შედეგებს წარუდგენს წმინდა სინოდს. დადგინდა ისიც, რომ შემდგომში სასულიერო სასწავლებლები უნდა გაიხსნას წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით.

განაჩინეს: ნარკომანიასთან ბრძოლა პირველ რიგში უნდა მოიცავდეს სკოლის მოწაფეებზე ზრუნვას და მათ დაცვას ამ სენისგან. ამასთან, ყველა ეპარქიაში უნდა გამოიყოს სასულიერო პირები ნარკოტიკების გავლენისგან გათავისუფლების მსურველთა დასახმარებლად, რომელთაც კრებამ მოუწოდა ეკლესიური ცხოვრების დაწყებისაკენ.

წმიდა სინოდმა კაცის კვლის ტოლფას ცოდვად და ღვთისა და ერის ღალატად შეაფასა ნარკოტიკების გამავრცელებელთა საქმიანობა.

მოსახლეობის დასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით წმიდა სინოდმა მიზანშეწონილად მიიჩნია საჩვენებელი მეურნეობებისა და ფერმების შექმნა და ამ მიზნით სოფლის მეურნეობის მუშაკთა და ბიზნესმენების მონაწილეობით საქმიენი შეხვედრების მოწყობა, ხოლო მომლოცველობითი საქმიანობის განვითარებისთვის მონასტრებთან პილიგრიმებისათვის სასტუმროების აშენება.

მოწონებულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციათა კოალიციის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში და განამტკიცებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას საქართველოს მოსახლეობაში.

სამი მღვდელმთავრის: მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია), მთავარეპისკოპოს გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) და ეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) მიერ  კათოლიკოს-პატრიარქისადმი გაგზავნილი წერილის გამო შეიქმნა კომისია მთავარეპისკოპოს თეოდორეს (ჭუაძე), მთავარეპისკოპოს საბას (გიგიბერია) და ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) შემადგენლობით.

წმიდა სინოდის თანხმობით ორი ეპარქიის მღვდელმთვრებს შორის მოხდა ადგილის გაცვლა: მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი) გათავისუფლდა ბოლნისის ეპარქიიდან და დადგენილ იქნა ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველად, ხოლო ეპისკოპოსის იეგუდიელი (ტაბატაძე) გათავისუფლდა ფშავ-ხევსურეთის ეპარქიიდან და დაინიშნა ბოლნისის ეპარქიის მმართველად.

წმიდა სინოდმა მოისმინა ყოფილი ნიკორწმინდელი მღვდელმთავრის ამბროსი ქათამაძის თხოვნა შეწყალების შესახებ და განუჩინა სინანული საბერო მოწესის მდგომარეობაში და დაენიშნა სათანადო პენსია.