საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2004 წელი, 14 დეკემბერი

14 დეკემბერი
კატეგორია: Uncategorized,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი


14 დეკემბერი, 2004 წელი, თბილისი

წმიდა სინოდის სხდომას ესწრებოდა 33 მღვდელმთავარი. სხდომას ვერ დაესწრო ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე).

წმიდა სინოდის სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

მდივანი – ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე).

წმიდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II.

სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ისტორია არის საუკეთესო მაგალითი ერისა და ეკლესიის ჰარმონიული თანამშრომლობისა. ეკლესია მუდამ აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, თავის მხრივ, საზოგადოებაც იჩენდა განსაკუთრებულ მზრუნველობას დედაეკლესიისადმი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ საზოგადოების მხრიდან ადგილი აქვს ეკლესიის საქმეებში ჩარევას. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ თანამედროვე საზოგადოებაში ახალი სამოქალაქო ურთიერთობების ჩამოყალიბება. თავისთავად მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისაკენ სწრაფვა სრულიად ეთანხმება ქრისტიანულ სწავლებას, მაგრამ ზოგიერთი პიროვნება თუ ორგანიზაცია აჭარბებს თავის უფლებამოსილებას და იწყებს მსჯელობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც სცილდება სამოქალაქო სამართლის სფეროს. გაუგებრობა იწყება მაშინ, როდესაც სამოქალაქო კანონების საფუძველზე ხდება შიდა საეკლესიო მოვლენების შეფასება. რაც შეეხება ეკლესიის მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იგი შეიძლება გახდეს საჯარო განხილვის საგანი; მაგრამ ეკლესიის ბუნებიდან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელია ეკლესიის საკრალური ღირებულებების ხელყოფა.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მასმედიის მეშვეობით თითქმის მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ასეთმა უარყოფითმა ქმედებებმა ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათი მიიღო, რაც შესაძლოა საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით იზრდება ეკლესიის წევრთა და მით უფრო სასულიერო პირთა პასუხისმგებლობა. მათმა გაუფრთხილებელმა მოქმედებამ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს საზოგადოებაში არსებული ცდომილება. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ საპატრიარქო თავს იკავებდა ბოლო თვეების მანძილზე ეკლესიის მიმართ გამოვლენილ არაკორექტულ ქმედებებზე მკვეთრი რეაგირებისაგან. იგი ერიდებოდა, რომ პოლემიკა არ გადაზრდილიყო საზოგადოებრივ მღელვარებაში. ეკლესია აცნობიერებს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე გარდაქმნებისა და მოზღვავებული ინფორმაციის პირობებში საზოგადოება უფრო მეტად საჭიროებს ქრისტიანული მცნებებისა და ღირებულებების ღრმა შემეცნებას და განმარტებას. ამ საქმეში ეკლესიას, რომელმაც გამოიარა ათეისტური დევნის უმძიმესი წლები, საზოგადოების მხრიდან თანადგომა და თანამშრომლობა სჭირდება. მხოლოდ ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის პირობებში იქნება შესაძლებელი ეკლესიისა და საზოგადოების ერთობლივი მოღვაწეობა ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ეკლესია მოუწოდებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ შიდა საეკლესიო საქმეებში ჩარევისაგან და სთავაზობს მათ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რათა ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობანი. მრევლს ეკლესია შეახსენებს, გამოიჩინონ ქრისტიანული შემწყნარებლობა მათ მიმართ ვინც ნებსით თუ უნებლიედ არაკორექტულად შეეხო დედაეკლესიას და ილოცონ მათთვის.

ამის შემდეგ სხდომაზე მოსმენილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) და ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოს ისაიას (ჭანტურია) ინფორმაცია მათდამი რწმუნებულ ეპარქიებში არსებული მდგომარეობის თაობაზე.

წმიდა სინოდმა შეიმუშავა მიმართვა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსების და სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი მონანიებისა და ურთიერთშერიგებისათვის და გადაწყვიტა, რომ ამ მიზნით 25 დეკემბერს, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღევლინოს საგანგებო წირვა-ლოცვა.

წმიდა სინოდმა მოისმინა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის (გარმელია) ინფორმაცია ეპარქიაში არსებული ვითარების შესახებ.

აღინიშნა, რომ 2 წლის წინ შექმნილი დასავლეთ ევროპის ეპარქია განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებს, რადგან დღეს მრავალი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთაც სჭირდებათ დედაეკლესიის მზრუნველობა და თანადგომა.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ვინაიდან აღნიშნული საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ეთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას, მონაწილეობა მიიღოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის დაფინანსებაში.

წმიდა სინოდმა იმსჯელა რადიკალიზმის სხვადასხვა გამოვლინებათა შესახებ საზოგადოებაში, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს ეკლესიის ცხოვრებაზეც.

აღინიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის რადიკალიზმი. ერთი მხრივ, დასავლეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის პროცესის გამოცხადება მართლმადიდებლობისათვის მიუღებელ მოვლენად, არამართლმადიდებლურ კონფესიებთან და სხვა რელიგიის მიმდევრებთან ყოველგვარი დიალოგისადმი უნდობლობა და კრიტიკული დამოკიდებულება, ე.წ. ბიზანტიური გალობის დამკვიდრების მცდელობა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის მოტივით საეკლესიო კანონებისა და ტრადიციების უგულვებელყოფა და მათი გადასინჯვის მოთხოვნა, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების საბაბით საეკლესიო იერარქიისადმი დაუმორჩილებლობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის დახმარებით, კერძო აზრებისა და შეხედულებების ეკლესიის პოზიციად გამოცხადება.

წმიდა სინოდმა განაჩინა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება რადიკალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას, როგორც ფსევდოკონსერვატიზმს, ისე ფსევდოლიბერალიზმს და მოუწოდებს მრევლს სამეუფო გზაზე სვლას. „არა მიდრკე არცა მარჯულ, არცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდე“ (წმ. აბბა დოროთე).

წმიდა სინოდმა მოისმინა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს თეოდორეს ინფორმაცია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შესახებ.

წმიდა სინოდმა განაჩინა: საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტთან შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის სასულიერო სასწავლებლების მდგომარეობას საქართველოში.

წმიდა სინოდმა მოისმინა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოს გრიგოლისა და დმანისის ეპისკოპოს ზენონის მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ვინაიდან აღნიშნულ მიმართვას არ იცნობდა მღვდელმთავართა უმრავლესობა, მისი განხილვა გადაწყდა შემდგომ სინოდზე.

წმინდა სინოდმა განიხილა დეკანოზ ბასილ კობახიძის საკითხი.

აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ ბასილ კობახიძეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2003 წლის 18 აგვისტოს წმიდა სინოდის განჩინებით მიცემული ჰქონდა უკანასკნელი გაფრთხილება, იგი კვლავაც აგრძელებს ანტიეკლესიურ საქმიანობას და ავრცელებს ანტიმართლმადიდებლურ სწავლებას.

წმიდა სინოდმა განაჩინა: დეკანოზ ბასილ კობახიძეს საეკლესიო კანონების უხეში დარღვევებისა და თვითნებობის გამო აეკრძალოს მღვდელმოქმედება.

  1. წმიდა მოციქულთა 39-ე კანონი – „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე…“
  2. ლაოდიკიის კრების 57-ე კანონი – „…ასევე მღვდელმა არაფერი გააკეთოს თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს“.
  3. წმიდა მოციქულთა 55-ე კანონი – „თუ რომელიმე სასულიერო პირი ეპისკოპოსს აგინებს (შეურაცხყოფს) განიკვეთოს, რადგან ნათქვამია: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳირი“.

წმინდა სინოდმა განიხილა დეკანოზ მიქაელ ასათიანისა და მღვდელ ზაზა თევზაძის საკითხი.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ანტიეკლესიური ქმედებებისა და იერარქიისადმი დაუმორჩილებლობის გამო, დეკანოზ მიქაელ ასათიანს და მღვდელ ზაზა თევზაძეს მოციქულთა კანონის 39-ე მუხლისა და ლაოდიკიის კრების 57-ე მუხლის გათვალისწინებით მიეცეთ გაფრთხილება.