საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ანტონი – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
vanisa-da-baghdatis-mtavarepiskoposi-antoni

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანტონი
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

ერისკაცობაში – რუსლან სულიკოს ძე ბულუხია
დაიბადა: 1956 წლის 7 მაისს, ქობულეთის რაიონი, სოფ. ოჩხამურში.
ანგელოზის დღე: 30 იანვარი – ღირსი ანტონი დიდის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 16. 03. 1989
მღვდლად კურთხევა: 26. 04. 1989
ბერად აღკვეცა: 25. 10. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 10. 11. 1996
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 04. 01. 2004
მიტროპოლიტობა ებოძა: 02. 06. 2010
მისამართი: ქ. ვანი. საკათედრო ტაძარი
მობ.: (+995 599) 94 71 00

ვანისა და ბაღდადის ეპარქია (ქ. ვანი, ქ. ბაღდადი, ვანისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტები)
კათედრა და რეზიდენცია ვანსა და ბაღდადში

ვრცლად:

მთავარეპისკოპოსი ანტონი, ერისკაცობაში მარკოზ სომონის ძე ბულუხია, დაიბადა 1956 წლის 7 მაისს ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამუ¬რში. 1973 წელს მარკოზ ბულუხიამ დაამთავრა ქუთაისის მუსი¬კალური საშუალო სკოლა-ინტერნატი. 1974-1976 წლებში იგი იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1976-1982 წლებში მარკოზ ბულუხია ცხოვრობდა მოსკოვში, სწავლობდა მიწათმოქმედების ინსტიტუტში, 1980-1982 წლებში – საკავშირო იურიდიულ ინსტიტუტში, ხოლო 1987-1990 წლებში – მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1989 წლის 16 მარტს ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ (შალამბერიძე) მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში მარკოზ ბულუხიას ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 26 აპრილს – მღვდლად და დაადგინა სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

როგორც მეუფე ანტონი იხსენებს, “იმ წლებში სემინარიის III კურსზე ვსწავლობდი, ჩვენს სასწავლებელს ეწვია ყოფილი რექტორი, იმხანად ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი გიორგი. მას მოუკითხავს სემინარისტები და სიტყვა ჩამოუგდია, სამეგრელოში, აბაშაში ხალხი ითხოვს მოძღვარს, ერთი მიტოვებული, მაგრამ დიდებული ტაძარი არის და პატრონი სჭირდება, რომელი ისურვებდით იქ მოძღვრად წასვლასო. სემინარისტებს რატომღაც ჩემი გვარი დაუსახელებიათ, დამიძა¬ხეს, მეუფე გიორგი გამესაუბრა, მე ვუთხარი მოუფიქრებელ პასუხს ვერ მოგცემთ-მეთქი. პირველად თვით ტაძრის მონახულება გადავწყვიტე. ჩავედი სუჯუნაში, კარგად დავათვალიერე ტაძარი და მისი მიდამო, იქიდან მობრუნებულს წამითაც არ მიფიქრია სხვა რამეზე… სუჯუნის ტაძარი სულ ახალი გადახურული იყო, მაგრამ ის, რაც ტაძარს სჭირდება ღვთისმსახურებისათვის, მსგავსი არაფერი მოიპოვებოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების, ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი თანადგომით ნელ-ნელა შევიძინეთ საღვთისმსახურო წიგნები, ხატები, ჯვრები, შანდლები. მოვაწყეთ საკურთხეველი, აღვმართეთ კანკელი, ვაკურთხეთ ტრაპე¬ზი… პირველი პარაკლისი სუჯუნაში 20 წლის წინ, გიორგობა დღეს, 6 მაისს, სუჯუნის ტაძრის დღესასწაულზე გადავიხადეთ. მახსენდება ის დღე, ხალხი მოაწყდა ტაძარს, მიუხედავად იმისა რომ აღარც ლოცვა ახსოვდათ, არც წესიერად პირჯვრის გამოსახვა იცოდნენ, ხალხმა მაინც ილოცა თავისებურად… ვხედავდი, რომ მრევლი საჭიროებდა მოძღვართან გაცილებით ახლო ურთიერთობას, ამიტომ წირვის შემდეგ ტაძრის ეზოში ვსხდებოდით და ვსაუბრობდით სარწმუნოებაზე, ისტორიაზე, ლიტერატურაზე, პოლიტიკაზე… ვხედავდი, რომ აქაური მრევლი სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვდა მოძღვრისაგან, ამან ჩემს სასულიერო პირად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. რადგან მრევლი მთხოვდა, ვალდებული ვიყავი მიმეცა მათთვის სულიერი საზრდო. ამან საკუთარ თავთან მუშაობა, შემეცნების გაღრმავება მოითხოვა. მინდა გავიხსენო 1989 წლის აგვისტო, როცა პატრიარქი გვეწვია. ვერ წარმოიდგენთ რამოდენა გამხნევება და სტიმული იყო მისი ჩამობრძანება. იგი მოეფერა ხალხს “ეს რა დიდებული ტაძარი გქონიათო, რა ხალხს უცხოვრია ადრე აქ, რომ ასეთი სალოცავი დაუტოვებიათო, აბა თქვენ იცით, როგორ ეპატრონებითო, ძველ კოლხთა შთამომავალნო, ნუ შეგეშინდებათ, უფალი არასოდეს გვტოვებდა და არც არასოდეს მიგვატოვებს, თუ კი ჩვენ არ დავივიწყებთ მას.” (66, 122-123).

1996 წლის მაისში მამა მარკოზი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, ხოლო იმავე წლის 13 ივლისს დაჯილდოებული იქნა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1996 წლის 25 ოქტომბერს მამა მარკოზ ბულუხია რუისისა და ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად ანტონი. 1996 წლის 26 ოქტომბერს იგი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1998 წლის 10 ნოემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად აკურთხა, მას ჩაბარდა ვანისა და ბაღდადის ეპარქია. 9 ნოემბერს არქიმანდრიტმა ანტონმა შემდეგი სიტყვით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს:

“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, მამანო, ძმანო და დანო, მიმძიმს რაიმე ვთქვა ამ წუთებში, არა იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, არამედ, პირიქით, იმიტომ რომ სათქმელი ძალიან ბევრია. ამ წუთებში ჩემი გონება და გული მოცულია სიხარულითა და მღელვარებით. სიხარული გამოწვეულია იმ პატივით, რომლის ღირსიც წმიდა სინოდის დადგენილებით გავხდი, მღელვარება კი – იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ამ პატივს თან ახლავს.

ამ დღეებში კიდევ ერთხელ გადავხედე და გავიაზრე ჩემს მიერ განვლილი ცხოვრების გზა, როგორც ერში, ასევე ეკლესიაში სამსახურისას. ეს გზა სავსე იყო სირთულეებით, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი როგორ მწყალობდა, როგორ მიფარავდა და როგორ განმამტკიცებდა უფალი ღმერთი ჩვენი. ვარდებით მოფენილ გზას არც ახლა ველოდები, მაგრამ მჯერა, რომ შეწევნა, წყალობა და მფარველობა კვლავაც არ მომაკლდება მისგან, ვინც აქამდე მწყალობდა და მიფარავდა.

როგორც წმიდა ბასილი დიდი ბრძანებდა, ორივე მხარეს ჯაჭვით მიბმული ნავი ზღვაზე ატეხილ ქარიშხალსა და აღელვებულ ტალღებს უშიშრად ხვდება ღვთის შეწევნითა და თქვენი თანადგომით, შეიძლება მეც გავუძლო იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომელიც წინ მელოდება.

დღეს აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებთანაც ერთად მე, როგორც მოძღვარმა, ჩემი სულიერი ცხოვრების გზა დავიწყე და რომელთა წინაშეც პასუხისმგებლობას ახლაც ვგრძნობ.

რვა წელი ვიმსახურე აბაშის რაიონში და საერთოდ ჭყონდიდის ეპარქიაში. ცნობილი მოვლენების ჟამს ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად. სამოცდაათწლიანი სულიერი მიძინების შემდეგ ერთად დავიწყეთ მამაპაპური მართლმადიდებლური სარწმუნოების ანისა და ბანის შესწავლა. ვიცით, რომ მათ ახარებთ დღევანდელი დღე და ისიც ვიცით, რომ დამწუხრებულნიც არიან განშორების გამო.

ჩვენი სასოება ყოველთვის იყო და იქნება უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ვრჩებით რა მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში, ჩვენი სულიერი ურთიერთობაც განუყოფელია ზეციური საკურთხევლის წინაშე. ნუ განეშორებით დედა ეკლესიას, რომელსაც თქვენთან სუჯუნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია წარმოადგენს. გვახსოვდეს, ეკლესიამ შეიძლება რიცხობრივად დაკარგოს მორწმუნეთა რაოდენობა, მაგრამ იგი იძენს ხარისხს. მჯერა რომ, თქვენ დედა ეკლესიის ღირსეული შვილები ხართ. თანამედროვე ქრისტიანები სიამაყით ვიხსენებთ ეკლესიის ისტორიას და იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს, აწმყოს კი უმეტესად ოცნებებს ვუთმობთ. დღევანდელი ეკლესიის ისტორია ჩვენი ცხოვრების ისტორიაა, და თუ როგორი იქნება იგი, ეს დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მრწამსზე, ჩვენს ერთგულებასა და სიმტკიცეზე, იმ ღვაწლზე, რომლის აღსრულებაც დედა ეკლესიის მორჩილებით გვმართებს.

უფალი ბრძანებს: – არარაი არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს” (ლუკა, 12,2).

ეს დღე დადგება ჩვენთვისაც. იმ დაფარულთა შორის, რაც უცილობლად განცხადდება, მინდა განცხადებულ იქნას ჩემი, როგორც მართლმადიდებელი იერარქიის, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარული, სიყვარული ჩემი მშობელი ხალხისა, გამართლება იმ ნდობისა, რომელიც თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ და წმიდა სინოდმა გამომიცხადეთ.

მე კარგად მესმის ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი; მესმის, რომ დღეიდან ჩემთვის განუყოფელია საქვეყნო და პირადული, საკუთარი და ეროვნული სატკივარი.

და მომეც მე უფალო, ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.” (61, 1998, 11).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა ეპისკოპოს ანტონს:

“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსო ანტონ, ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: მოვედით ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ. ჩვენ დღეს აქ მოვედით რათა მივიღოთ მადლი და დიდი ისტორიული მოვლენა – ვანისა და ბაღდათის უძველესი ეპარქიის აღდგენა ვიზეიმოთ. მადლი სულისა წმიდისა გადმოვიდა შენზედა მეუფეო ანტონ, მადლი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ეპისკოპოსის ხარისხი დიდი პატივი და ლოცვა-კურთხევაა უფლისაგან, რომელიც ადამიანს ღვთისა და ერის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ამიერიდან შენ პასუხს აგებ არა მხოლოდ შენი თავის, არამედ მთელი მრევლის გამო, რომელიც შენ უფალმა გიბოძა.

რწმენითა და სიყვარულით უნდა შეუდგე ამ დიდ ღვაწლს, რადგან ეპისკოპოსის მოღვაწეობა მოწამეობას წარმოადგენს. დღეს მრევლი სულიერად ისე დაუძლურებულია, რომ ძალა აღარა აქვს ეკლესიაში მოსვლისა. ჩვენ უნდა ვუშველოთ მას; როგორც სამარიტელი და როგორც სნეული, ისე უნდა მივიღოთ და უფალს მივუყვანოთ. ეპისკოპოსს არც ერთი წუთით არ უნდა ჰქონდეს მოსვენება, იგი თავისი ეპარქიისათვის ყოველდღე უნდა ეწამებოდეს, როგორც ამის მაგალითს წმიდა ბასილი დიდი გვაძლევს. დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მზრუნველობა გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანთა მიმართ გვმართებს, ბევრი უნდა ვიფიქროთ მათზე, რადგან დღეს ბევრს უჭირს.

ყოვლადუსამღვდელოესო ანტონ, ღმერთმა შენთვის იმ ისტორიული ეპარქიის ჩაბარება ინება, საიდანაც წარმოშობით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) იყო, რომელიც თავისი დიდი ღვაწლითაა ცნობილი. უწმიდესი კალისტრატე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იმ ოცი წლის მანძილზე ბრძანდებოდა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისათვის. ასეთ ისტორიულ კათედრაზე ინება უფალმა შენი დადგენა. ღმერთმა მოგცეს თავმდაბლობა და მორჩილება, რადგან უფალი ამპარტავნებს შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მადლს მიანიჭებს.

ნიშნად ეპისკოპოსის ხელისუფლებისა მიიღე კვერთხი ესე, როგორც საყრდენი მძიმე მოღვაწეობისა და დალოცე შენი მრევლი.” (61, 1998, 11).

2004 წლის 4 იანვარს ეპისკოპოსი ანტონი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)