საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

იუგუდიელი – სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი

10 ნოემბერი
კატეგორია:
stefanwmindisa-da-xevis-mtavarepiskoposi-iugudieli

მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი
სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი

ერისკაცობაში – გოჩა ბენიამენის ძე ტაბატაძე
დაიბადა: 1964 წლის 30 იანვარს, საჩხერის რაიონ, სოფ. ბერეთისაში.
ანგელოზის დღე: 21 ნოემბერი – მთავარანგელოზ იეგუდიელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 05. 01. 1995
დიაკვნად კურთხევა: 29. 01. 1995
მღვდლად კურთხევა: 15. 04. 1995
ეპისკოპოსად კურთხევა: 02. 09. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 24. 11. 2009
მისამართი: სტეფანწმინდის რაიონი, სოფ. სნო, შიოლა ღუდუშაურის სახ. სულიერებისა და კულტურის ცენტრი
მობ.: (+995 599) 39 53 96

სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი)
კათედრა და რეზიდენცია სტეფანწმინდაში. 

ვრცლად:

მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი, ერისკაცობაში გოჩა ბენიამინის ძე ტაბატაძე, დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს საჩხერის რაიონ სოფელ ზემო ბერეთისაში. 1971-1976 წლებში სწავლობდა იმავე სოფლის სკოლაში. 1976 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში. გოჩა ტა-ბატაძემ სწავლა განაგრძო საგურამოს საშუალო სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სპორტულ შეჯიბრებში, ჰქონდა წარმატებები. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებულ N79-ე ერთწლიან ტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, 1982-1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საგურამოს სასათბურე მეურნეობის მშენებელ მუშად, დაბა ზაჰეში ელექტროზეინკლად. 1987 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1992 წელს. მონაწილეობდა სამაჩაბლოს სამშვიდობო ოპერაციაში. შემდეგ, როგორც თვითონ აღნიშნავს, “განსაცდელებმა მიმიყვანეს ღვთის აღიარებამდე”. მისი პირველი მოძღვარი იყო ზედაზნის მონასტრის ბერ-მონაზონი მამა ბასილი (მაჩიტაძე).

30 წლის ასაკში, 1994 წლის 30 იანვარს, პირველად ეზიარა წმიდა საიდუმლოს და გადაწყვიტა ზედაზნის მონასტერში დარჩენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზედაზნის მონასტრის მოძღვარი და საძმო გადაყვანილ იქნა მცხეთის ჯვრის მონასტერში. ეს იყო 1994 წლის დიდი მარხვის პერიოდი. იმავე წლის შობის მარხვაში მორჩილი გოჩა ტაბატაძე აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად იეგუდიელი. 1995 წლის 29 იანვარ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა ბერ-დიაკვნად, იმავე წელს, ლაზარეს, შაბათს მისმა უწმიდესობამ ხელი დაასხა მღვდელ-მონაზვნად. პირველი სამღვდელო მსახურება შეასრულა ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში. შვიდი თვის შემდეგ უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ყაზბეგის რაიონის სოფელ აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში. 2000 წლის 16 ივლისს გერგეტის წმ. სამების სახელობის ტაძარში სიყვარულის დღესასწაულზე მისმა უწმიდესობამ ილია II-მ აიყვანა იღუმენის ხარისხში, ხოლო ორი წლის შემდეგ, 2002 წლის 16 ივლისს, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2003 წლის 18 აგვისტოს წმიდა სინოდის სხდომაზე, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში შედგა, გამოარჩია საეპისკოპოსო კანდიდატად. იმავე წლის 2 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრებთან ერთად ხელი დაასხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა: “განგება ღვთისა მუდამ იყო, არის და იქნება ყოველ ადამიანსა ზედა. ამ განგებამ მოგვიყვანა ჩვენ დღეს აქ, ამ წმიდა ტაძარში, რათა შესრულებულიყო ეს ისტორიული კურთხევა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსისა. მე ამ კურთხევას ისტორიულს იმიტომ ვუწოდებ, რომ ამ 2000 წლის მანძილზე ჯერ არ ყოფილა, რომ თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთს ცალკე ეპისკოპოსი ჰყოლოდა. უფალმა ალბათ ჩვენი წინაპრების ლოცვით მოიღო წყალობა და გვიკურთხა დღეს ახალი ეპისკოპოსი. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ბიბლიაში წერია: “უფალი მეფობს” – უფალი განაგებს, უფალი აკურთხებს, უფალი აღამაღლებს და უფალი დაამდაბლებს”. როცა მამა იეგუდიელი მოღვაწეობდა ყაზბეგის რაიონში, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ დადგებოდა დრო, როცა იგი ეპისკოპოსად იკურთხებოდა სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში. მაგრამ უფალი აღამაღლებს თავის რჩეულს, და მე ვიტყოდი, რომ ეს მადლი, წმიდაო მეუფეო, თქვენზე თქვენი თავმდაბალი მოღვაწეობითა და ლოცვით გადმოვიდა. უფალმა დაინახა თქვენი სულიერება, არ არის შემთხვევითი, რომ თქვენ ბერობაში იეგუდიელი, ერთ-ერთი მთავარანგელოზის სახელი გეწოდათ, ესეც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თქვენ მაღალი მისია უნდა გეტვირთათ და ასეც მოხდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ დღეს არის ხსენება წმიდისა წინასწარმეტყველისა სამუელისა: იმ წინასწარმეტყველისა, რომელსაც არაერთხელ ესმა ხმა მამაზეციერისა და რომელიც იყო მაკურთხეველი ორი მეფისა – საულისა და დავით წინასწარ-მეტყველისა. და აი, ამ წმიდა დიდი წინასწარმეტყველის ხსენების დღეს მოხდა თქვენი კურთხევა. არც ისაა შემთხვევითი, რომ დღეს არის დიდგორობა – ხსენება წმიდისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა და მხედართმთავართა და მხედართა დიდგორის ბრძოლაში მონაწილეთა. დიდებულია დიდგორის გამარჯვება. მტერი ზოგიერთი ცნობით 450 ათასს, ზოგიერთი ცნობით კი _ 600 ათასს შეადგენდა, ხოლო დავით აღმაშენებლის ჯარში კი სულ 60 ათასი მეომარი იყო, ე.ი. თითოეულ ქართველზე 10 მოწინააღმდეგე მოდიოდა. მაგრამ წმიდა დავით აღმაშენებლის დიდმა რწმენამ, გონიერებამ და სულიერებამ სასწაული მოახდინა და მისმა ლაშქარმა მოიპოვა საოცარი გამარჯვება.

დღესაც ამისაკენ მოუწოდებს უფალი საქართველოს არ უნდა შედრკეს წინააღმდეგობების წინაშე ჩვენი ქვეყანა. თქვენ იცით როგორ ურთულეს დროში გვიწევს ცხოვრება. მრავალი შინაური თუ გარეშე მტერი ემუქრება ჩვენ მამულს, მაგრამ საქართველო ღვთის ძალით უძლეველია, ვერავინ შეძლებს დაიმონოს იგი, მაგრამ ამისათვის საჭიროა ქართველ ერს ჰქონდეს რწმენა, სასოება, სიყვარული, თავმდაბლობა და მორჩილება. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, უპირველეს ყოვლისა კი, ვულოცავ მეუფე იეგუდიელს. მინდა გითხრათ მეუფეო, რომ თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთში მოსიყვარულე და მორწმუნე ხალხი დაგხვდებათ და როგორც შეაყვარეთ თავი ყაზბეგის რაიონის მცხოვრებთ, ასევე უნდა შეაყვაროთ ამათ თავი თქვენი დიდი სულიერებითა და მოღვაწეობით. გფარავდეთ უფალი და მთავარანგელოზი იეგუდიელი. ახლა კი მიიღეთ ეს კვერთხი-სიმბოლო მღვდელმთავრისა და დალოცეთ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია.” (68, 2003, 9).

არქიმანდრიტმა იეგუდიელმა ეპისკოპოსად წარდგინებისას ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს:

“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო და ძმანო, დედანო და დანო, ყოველნო მსმენელნო და აქა მდგომარენო!

დიდება ყოვლადწმიდა სამებას!

მადლობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ ამ წმიდა ტაძარში, სადაც საუკუნეების განმავლობაში უდიდეს სიწმიდეებს მივეახლებით და ვეზიარებით, სადაც ლოცვა-ვედრებას აღავლენდნენ საქართველოს ეკლესიის იერარქები და ერის ღირსეული შვილები, მეძლევა საშუალება, წარმოვთქვა სიტყვა ჩვენი მამამთავრის, მღვდელმთავართა და ხალხის წინაშე.

ბუნებრივია, მიპყრობს მღელვარება და შევთხოვ მაღალ ღმერთს, მომცეს ძალი და სიბრძნე იმისა, რომ სათქმელი სწორად წარმოვთქვა.

მინდა დავიწყო იმით, რომ საღმრთო წერილი, რომელიც ავალებს მღვდელმთავარს, იყოს ვითარცა ღვთის მონა, უბიწო, არა თავხედ, არა გულმწყრალ, არამედ სხვადასხვა სათნოებით სავსე. ამავე დროს, მაგალითის მიმცემი თავისი სამწყსოსი, მართალი გითხრათ, ბევრ რამეზე მაფიქრებს და მაშინებს. პეტრე მოციქულიც მასვე მახსენებს: “იღუწიდ ნუ იძულებით, არამედ ნებსით. ნუცა საძაგლი¬სა შეძინებით, არამედ გულსმოდგინეთ, ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ¬ მნეთა მათ, არამედ სახე ექმენით სამწყსოსა მას” (1 პეტრე 5, 2-3).

ღვთისმსახურის უპირველესი მოვალეობაა, იყოს ზნეობრივი ხელმძღვანელი და აღმზრდელი თავისი სამწყსოსი, აგრეთვე მის პირდაპირ მოციქულები და მამები გვამცნობენ დაუცხრომელად ეზრუნათ სამწყსოსათვის, განემტკიცებინათ მისი ზნეობრივი სრულყოფა და მოემზადებინათ იგი ღვთის სასუფევლისათვის.

დამეთანხმებით იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც თვითონ იმყოფება სულიერ შეჭირვებაში, დაეხმაროს და ხელი გაუწოდოს და ჭეშმარიტების გზაზე მიიყვანოს ის მცირედთაგანნიც კი და აზიაროს ჭეშმარიტებას და არა კერპთმსახურებას ან სხვადასხვა მისტიკური სიამოვნებისაკენ მიმავალი გზიდან მოაბრუნოს (რომელზეც ყველგან ეშმაკის ხელნაწერია დატოვებული), პირველ რიგში, ღვთის დიდ წყალობასა და შრომას საჭიროებს.

მივუბრუნდები ისევ სახარებას და წავიკითხავ: “რომელსა უნებს შემოდგომად ჩემსა მოსვლაი, უარ-ყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე”. საკუთარი თავის უარყოფა პირველი პირობაა უფალთან მიახლოებისა და ამავე დროს, მოკვდინება საკუთარ თავში ამპარტავნებისა.

ვზიდო ჯვარი – ეს ის ეკლიანი გზაა, რომელიც სავსეა სხვადასხვა განსაცდელებით და შეჭირვებებით. ქრისტესთან შედგომა კი განუწყვეტელი მსვლელობაა ჭეშმარიტების გზაზე, რომელიც ტვირთის ბოლომდე მიტანით მთავრდება და გვირგვინდება. ამიტომ თვითრჯულობაში რომ არ ჩავარდე და თვითნაკეთი ჯვრის ზიდვა არ დავიწყო, მივენდობი თქვენს განჩინებას, თქვენო უწმიდესობავ, ყოვლადუსამღვდელონო მეუფენო, შევეცდები, თქვენი ლოცვითა და კურთხევით ვზიდო ის ჯვარი, რომელიც მე მომანდეთ.

წმიდა მამები გვასწავლიან, უმადურება ყველაზე შავბნელი მანკიერება არისო, და მეც არ შეიძლება, მადლიერება არ გამოვხატო შემოქმედის მიმართ, რომელმაც იმ ბნელი ცხოვრებიდან გამომიყვანა, რომელიც სასოწარკვეთილებისაკენ მიმაქანებდა და უაზრობაში თავს მაკარგვინებდა. არ შეიძლება მადლობით არ მივიღო მისგან ტალანტი და სარგებლით არ დავაბრუნო. მადლიერება არ გამოვთქვა თქვენს მიმართ, თქვენს მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებით ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენს ცოდვებს ტვირთულობთ, უფალთან მიგაქვთ და გვშუამდგომლობთ. მადლიერება არ გამოვთქვა, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მოძღვარნო და მამანო, იმ სულიერი თანადგომისათვის, იმ თბილი დამოკიდებულებისა და რჩევებისათვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენდით.

ნება მომეცით, შევევედრო უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმიდა მოციქულებს, წმიდა იოანე ნათლისმცემელს, წმიდა მღვდელმთავრებს, წინასწარმეტყველ სამოელს, ახლადშერაცხილ წმიდანებს და ყველა წმიდანს, რომ მეოხნი და წარმმართველნი იყვნენ ჩემი ცხოვრების გზაზე. განსაკუთრებულად მინდა შემწეობა შევთხოვო წმიდა კეთილმსახურ მეფე დავითს, რომელიც გამამთლიანებელია მთელი ერისა და ბერისა და რომლის ბრწყინვალე გამარჯვებას დიდგორის ველზე ვდღესასწაულობთ დღეს. აგრეთვე მინდა მეოხება შევთხოვო მას განსჯის დღეზე, როგორც `გალობანი სინანულისან~-ში წერია და მით დავასრულო:

“გან-რა ეღოს წიგნი დღესა
შინა სასჯელისასა,
და მე ქედ-დადრეკილი
წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართლ სჯიდე.
მსახურთა რისხვაი ქროდის,
მართალნი ნეტარებდნენ,
ცოდვილთა ჰგუმიდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!” (68, 2003, 9).

2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეგუდიელმა ჩაატაარა პირველი სამღვდელმთავრო წირვა ახლად შექმნილ ეპარქიაში. 2004 წლის 27 ივნისს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაყვანილ იქნა ბოლნისის ეპარქიის მმართველად.
2006 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიას.

 პროფესორი სერგო ვარდოსანიძე