საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

იოსები – შემოქმედელი მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
shemoqmedeli-mitropoliti-iosebi

მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოსები
შემოქმედელი მიტროპოლიტი

ერისკაცობაში – გიორგი ვახტანგის ძე კიკვაძე
დაიბადა: 1959 წლის 17 სექტემბერს, ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ზედა ფარცხმაში.
ანგელოზის დღე: 28 სექტემბერი – ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 16. 05. 1991
დიაკვნად კურთხევა: 23. 05. 1991
მღვდლად კურთხევა: 03. 11. 1991
ეპისკოპოსად კურთხევა:0 7. 04. 1995
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 28. 11. 2000
მიტროპოლიტობა ებოძა: 03. 06. 2007
მისამართი: საქართველო 3500. ქ. ოზურგეთი, ცხრა აპრილის ქ. #18. საკათედრო ტაძარი
ტელ.: (+995 599) 15 77 67
მობ.: (+995 591) 00 17 17

შემოქმედის ეპარქია (ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები)
კათედრა შემოქმედში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

ვრცლად:

მიტროპოლიტი იოსები, ერისკაცობაში გიორგი მილენის ძე კიკვაძე, დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს ჩოხატაურის რაიონ სოფელ ზედა ფარცხმაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1978 წელს. 1978-1979 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბნის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებლად. 1979-1981 იყო წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ 1981-1985 წლებში ასწავლიდა ქანდაკებას, გრაფიკას და ფერწერას ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში.

1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1986 წლიდან გიორგი კიკვაძე თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლია, პარალელურად მსახურობდა სტიქაროსნად მცხეთაში, წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. 1990 წელს წავიდა საფარის მამათა მონასტერში, სადაც აკურთხეს მორჩილად, იმავე წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1991 წლის 16 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღკვეცა ბერად სვეტიცხოველში და უწოდა სახელად იოსები. 1991 წლის 23 მაისს პატრიარქმა მამა იოსები დავით-გარეჯის მონასტერში აკურთხა დიაკვნად. 1991 წლის 3 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი იოსები სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და განაწესა სვეტიცხოვლისა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად.

1992-1993 წლებში იგი მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.

1995 წლის 7 აპრილს წმიდა სინოდის განჩინებით წმიდა ხარების დღესასწაულზე ეკურთხა შემოქმედელ ეპისკოპოსად. შემოქმედის ეპარქია მოიცავს გურიის რეგიონს. მრავალი განსაცდელი გადაიტანა ეპარქიამ XVI საუკუნის II ნახევრიდან – გურიის დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიპყრეს. ისინი სდევნიდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, სასულიერო პირებს. 1885 წლიდან არსებობდა გურია-სამეგრელოს ეპარქია, 1917 წლიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, არსებობდა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია. ბოლშევიკური მმართველობის ხანაში (1921-1989 წ.წ.) ყველაზე მეტად გურიის რეგიონი დაზარალდა. ადგილობრივი პროვინციული ლიდერების მოწადინებით დანგრეულ და გაძარცვულ იქნა ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა, ათეიზმმა გადაფარა ყველაფერი. ასეთი რთული, ნივთიერად და სულიერად შეჭირვებული ეპარქია ჩაიბარა მეუფე იოსებმა, რომელიც შეუდგა რა თავის საქმიანობას, დაიწყო ხალხის სარწმუნოებისაკენ შემობრუნება. მისი ღვაწლით ეპარქიაში ამოქმედდა 42 ეკლესია, 5 მამათა და 2 დედათა მონასტერი, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 21 სასულიერო პირი. მოქმედი ეკლესიებია: შემოქმედის მაცხოვრის სახელობის, ჯუმათის მთავარანგელოზის, მაკვანეთის ხარების, ასკანას ამაღლების, აჭის წმიდა გიორგის, ბახმაროს ფერისცვალების, ჭაჭიეთის შალვა ახალციხელის, ცხემლის ხიდის წმიდა ნიკოლოზის, ერკეთის მთავარანგელოზის, გორბეჟოულის სამების, ჯიხეთის ტაძრად მიყვანების, ჯიხეთის იოანე ნათლისმცემლის, ჯიხეთის წმიდა გიორგის სახელობის, ჯუმათის ხარების, ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის, ლანჩხუთის პანტელეიმონ მკურნალის სახელობის, მზიანას წმიდა გიორგის, ნაგომარის წმიდა მარინეს, ნატანების წმიდა პანტელეიმონის, ხევის წმიდა ნიკოლოზის, უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის, სუფსის ყოველთა წმიდათა, შუა ამაღლების, მამულარის ფერისცვალების, ბუკნარის ღვთისმშობლის, კვირიკეთის, შუხუთის წმიდა გიორგის, მერიის ღვთისმშობლის, ჩოხატაურის გრიგოლ ხანძთელის, ფარცხმის ხარების, აცნის, ოზურგეთის, ვაკიჯვრის, ჩიბათის, წყალწმიდის, გრიგოლეთის, დვაბზუს, მამათის, ამაღლების, აკეთის, მახვის, საჭაშისერის ეკლესიები. ეპარქიის სამღვდელოებაა: არქიმანდრიტები: ანდრია კბილაშვილი, მიქაელ მიგინეიშვილი, პეტრე ანდღულაძე, მარკოზ გურგენიძე, დეკანოზები: მათე გორდელაძე, სვიმონ სვანიძე, ბასილ კვირჩრილაძე, იღუმენი აბულონ ხუბუკელაშვილი, იოსებ ღლონტი, დეკანოზი საბა ჟღენტი, მღვდელი გიორგი ჟღენტი, ბართლომე რუხაძე, მიქაელ ტუღუში, მოსე ჩხარტიშვილი, ვახტანგ თოხაძე, ბესარიონ ლომინეიშვილი, დავით ჯანჯღავა, შალვა ჯინჭარაძე, შალვა გოგაძე, კახაბერ წიტაიშვილი, კონსტანტინე ჯინჭარაძე, იოანე ორმოცაძე, ბიქტორ გიორგაძე, გაბრიელ ლომაძე, მირიან ფირცხალაიშვილი, დიმიტრი დარჩია, ბერი ბენიამინ კეკელიძე.
2000 წლის 28 ნოემბერს მეუფე იოსებს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი მიებოძა.
2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი იოსები დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)