საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დანიელი -ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
sachxerisa-da-tchiaturis-mitropoliti-danieli

მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი
საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე

ერისკაცობაში – დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი
დაიბადა: 1955 წლის 29 მაისს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 30 დეკემბერი – წინასწარმეტყველი დანიელის ხსენება
დიაკვნად კურთხევა: 04. 06. 1983წ.
მღვდლად კურთხევა: 28. 08. 1985წ.
ბერად აღკვეცა: 31. 10. 1991წ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 22. 05. 1992წ.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 10. 1993წ.
მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.
სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი: 19. 08. 2010წ.
მისამართი: საქართველო, ივანწმინდა, ლესელიძის ქ. #75
ტელ.: (+995 32) 298 27 10
მობ.: (+995 599) 53 20 00

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ქ. ჭიათურა, ქ. საჩხერე, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები).
კათედრა და რეზიდენცია საჩხერეში.

ვრცლად:

მიტროპოლიტი დანიელი, ერისკაცობაში დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი, დაიბადა 1955 წლის 29 მაისს ქ. თბილისში. 1963-1972 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, 1972-1977 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 11978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოკომიტეტის საგამომცემლო განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 1981 წლამდე. იგი იმ მცირერიცხოვან ახალგაზრდობის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელთაც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ თავიანთი მომავალი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაუკავშირეს.

1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. II კურსიდან მან სწავლა გააგრძელა ქ. ზაგორსკის სემინარიაში დაუსწრებლად.

1983 წლის 4 ივნისს, წმიდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დავით დათუაშვილი მამადავითის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა. 1985 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, დიაკვანი დავითი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდლად. როგორც მეუფე დანიელის მდივანი მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე) იხსენებს: „მამა დავითი იმხანად სიონის საპატრიარქო ტაძრის მოძღვარი იყო, პარალელურად შაბათობით წირავდა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. ეკლესიები გაიხსნა დმანისში, წყნეთში. მამა დავითი თავისი მრევლით ამ ეკლესიებშიც წირავდა ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. მისი კურთხევით მრავალრიცხოვანი მრევლი ვიკრიბებოდით სიონის ტაძარში და ვაწყობდით მომავლის გეგმებს, დავალაგეთ და მოვაწესრიგეთ მეტეხი, ანჩისხატი, ხაშმის, შავნაბადას, თელეთის წმიდა გიორგის ეკლესიები, რომელნიც თითქმის 70 წელი უპატრონოდ იყო მიტოვებული. ვაგროვებდით თანხებს გაჭირვებულთათვის, შევდიოდით საპატიმროებში… 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების დროს ჩვენს მრევლს ერთი წუთითაც არ დაუტოვებია ჩვენი თანამემამულენი, ვამხნევებდით მათ“.

ისტორიულმა ძნელბედობამ განსაკუთრებით დააზარალა სამხრეთ საქართველო, მესხეთი – ტაო-კლარჯეთი. XIX საუკუნიდან გამაჰმადიანებული ქართველების ოსმალეთში გასახლების ხარჯზე რუსეთის ხელისუფლებამ აქ გადმოასახლა სომხები და დემოგრაფიული ვითარება ქართველების საზიანოდ შეიცვალა… ბოლშევიკური მმართველობის ხანაში ახალციხის, ახალქალაქის, ბოგდანოვსკის, ადიგენის რაიონები სახელმწიფო საზღვრის განსაკუთრებულ, დახურულ ზონებად გამოცხადდა და სპეციალური საშვის გარეშე ამ რაიონებში შესვლა შეუძლებელი იყო. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1988 წლის 19 ივლისს სიონში ქადაგებისას აღნიშნა: „ამ რამდენიმე დღის წინათ ჩვენ სამცხე-ჯავახეთი მოვინახულეთ – ეს საოცარი მხარე საქართველოსი. წმიდათაწმინდა ადგილია, საიდანაც დაედო სათავე ჩვენს გაქრისტიანებასა და სულიერ კულტურას… მოვიარეთ სოფლები, უმეტესად დაცარიელებულნი, ვიყავით სოფელში, სადაც ადრე სამასი ქართული ოჯახი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ სამია. მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მდგომარეობა ახალქალაქის და ბოგდანოვკის რაიონებშია შექმნილი. ახალქალაქის რაიონში მოსახლეობის სამი თუ ოთხი პროცენტია ქართული. დაცარიელებული და დაობლებული ქართული ტაძრები მძიმე განცდას იწვევს, ვიყავით კუმურდოს ტაძარში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად დანგრეულია, დიდებულება მაინც შენარჩუნებული აქვს, მაგრამ მინდა ისევ ფარავნის ტბას მივუბრუნდე, რომლის გარშემოც დღეს მხოლოდ სომხური სოფლებია, ერთ-ერთ მათგანში, რომელსაც ფოკა ჰქვია, ქართული ტაძარი დგას, წმინდა ნინოს სახელობისა. იქ ყოფნისას განსაკუთრებით შევიგრძენით წმიდა ნინოს მადლი, ჩვენ შევსთხოვეთ უფალს, რომ ამ მშვენიერ მიწა-წყალს თავისი ძველი პატრონი ქართველობა დაუბრუნოს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფარავნის ტბის ნაპირას, იქ, სადაც წმიდა ნინოს უფალი გამოეცხადა, ქართული ეკლესიის ცენტრი ავაშენოთ… მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება დასაწყისი თავის ძველ სამკვიდრებელში ქართველების დაბრუნებისა“.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1989 წლის 1 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვა ჩაატარა ფოკაში, ფარავნის ტბასთან და დალოცა წმიდა ნინოს ნაკვალევზე წამომსვლელი 33 მლოცველი. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მამა დავით დათუაშვილი… მომლოცველნი ჩერდებოდნენ სოფლებში, ხვდებოდნენ მოსახლეობას, სრულდებოდა მდინარეში შთაფვლით ნათლობა. დაიწყო ხალხის გამოღვიძება, სარწმუნოებისაკენ მობრუნება. აქედან მოყოლებული, ფეხით მსვლელობა წმ. ნინოს ნაკვალევზე ყოველწლიურად აღესრულება. მასშივე სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ჩვენი ეკლესიის მსახურნი, მათ შორის დღევანდელი მიტროპოლიტები: იობი, დავითი, ნიკოლოზი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ მამა დავითს ჩააბარა საპატრიარქოსთან ახლადშექმნილი მომლოცველთა სამსახურის ხელმძღვანელობა. 1990 წელს მამა დავით დათუაშვილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. ამავე პერიოდში იგი დაინიშნა სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრად, ხოლო შემდეგ – სხალთის მამათა მონასტრის წინამძღვრად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. პარალელურად იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სასულიერო აკადემიასა სემინარიაში. 1991 წლის 31 ოქტომბერს დეკანოზი დავით დათუაშვილი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დანიელი. იმავე წელს მიენიჭა არქიმანდრიტობა. 1991 წლის ივლისიდან იგი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარეა.

1992 წლის 22 მაისს არქიმანდრიტი დანიელი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. 21 მაისს სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა დანიელმა თავისი სამღვდელმთავრო სიტყვა ასე დაიწყო: „თქვენო უწმიდესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო! ეფესელთა მიმართ დაწერილ ეპისტოლეში მოციქული პავლე ბრძანებს: „და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი დასამტკიცებლად წმიდათა საქმედ მსახურებისა, აღსაშენებლად გუამისა ქრისტესისა“ (ეფეს. 4. 11,12). ამ სიტყვებში უდიდესი საიდუმლოებაა განცხადებული, გუამი ქრისტესი ეს არის ეკლესია, ხოლო ღვთისმსახურნი დადგენილნი არიან მის აღსაშენებლად. ადამიანი მონაწილეობს ღვთაებრივი სხეულის სრულყოფაში, ჩვენს წინაშე სწორედ რომ საშინელი და შესაძრწუნებელი საიდუმლო სამყაროს შემქმნელმა ადამიანი ღვთაებრივი შესაქმის თანამონაწილე გახადა. უსაზღვროა მოწყალება ღვთისა, იგი არა მარტო გვანიჭებს სიცოცხლეს, არამედ მისი უმაღლესი მდგომარეობისაკენ მოგვიწოდებს: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს“ (მათე 5, 48) ბრძანებს უფალი. დღევანდელი დღე სწორედ ამ უსაზღვრო მოწყალების ერთ-ერთი გამოვლინებაა. უფალი უწმიდესი მსახურების უფლებას გვაძლევს. დიდია და განუზომელია პატივი ესე, ენით გამოუთქმელი და დაუტევნელია ჩვენი სიხარული. „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა„. დღევანდელი წყალობა მთელი ეკლესიის კუთვნილებაა, მაგრამ განსაკუთრებულია იგი ჩემთვის უპირველს ყოვლისა, ვმადლობ ღმერთს ესოდენი სულგრძელობისა და შეწყნარებისათვის. ღვთის შემდეგ მადლობას გწირავთ თქვენ, უწმიდესო და უნეტარესო, იმ დიდი შუამდგომლობისათვის, რომელიც თქვენ გამიწიეთ წინაშე ღვთისა, ასევე მადლობა მინდა მოვახსენო წმიდა სინოდის მღვდელ¬მთავრებს, ჩვენს სამღვდელოებას, მორწმუნე მრევლს და აქ დამსწრეთ დღევანდელ ზეიმში მონაწილეობისათვის. მაგრამ მიუხედავად ესოდენ დიდი სიხარულისა, მე კარგად მესმის მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობისა, ამისათვის ვევედრები მაღალ ღმერთს, შემაძლებინოს ამ რთულსა და სახიფათო გზაზე მშვიდობიანი მსვლელობა, დიდია ჩემი სასოება, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი ლოცვისა და თანადგომისა. ვესავ უფალს, ლოცვითა თქვენითა მომანიჭოს მღვიძარება და ზომიერება, რათა სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა – „არა მივდრკე არცა მარჯულ, არცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდე“ (2 სჯ. 4, 29, 17, 11). შევსთხოვ ჩვენს წმიდა სინოდს, ჩვენს სამღვდელოებასა და მრევლს მომავალშიც ნუ დამივიწყებენ ჟამსა ლოცვისასა, სულგრძელნი და მიმტევებელნი იყვნენ ჩემდა მომართ. დღეს რთული დროა, მეტად ძნელია შეინარჩუნო სიწმიდე და ჭეშმარიტ გზაზე შეუფერხებლად იარო, მაგრამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ დღეს მტერი ღვთისა ცდილობს თვით მართლმადიდებლობის წიაღში აუბნიოს გზა მორწმუნეებს. ბოროტი ძალის მანქანებით ხშირად ვცილდებით იმ სულს, რომელიც წმიდა მამებმა გვიანდერძეს, როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტი სული ამა სოფლის სულისაგან? წმიდა იოანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეში ბრძანებს: საყვარელნო! იყუარებდეთ ურთიერთს, რამეთუ სიყვარული ღმერთისაგან არს და ყოველსა, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს, და იცის ღმერთი“ (1 იოანე 4,7). აი, ჭეშმარიტების შეცნობის უტყუარი ნიშანი, ვისაც უყვარს, მან იცის ღმერთი. ამიტომ მინდა ამ ბედნიერ დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორო მაცხოვრის უმთავრესი მცნება და მოწოდება: „იყვარებდეთ ურთიერთარს უკეთუ ერთმანეთი გვეყვარება, წმიდა მამების სწავლება ანთებული სანთელი იქნება ჩვენთვის. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ეკლესიისათვის, დღეს ჩვენი ეკლესიის მეოხისა და მფარველის წმიდა ნიკოლოზის ხსენებას ვდღესასწაულობთ. წმიდაო ნიკოლოზ, დალოცე ეკლესია ჩვენი, დაიცავი მისი ერთობა და მთლიანობა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულით, აღამაღლე და განაბრწყინე იგი, რათა მისი დიდებით გამხნევებული მოიქცეს და გადარჩეს ქართველი ერი ამინ“.

22 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ქართველი მღვდელმთავრების თანამწირველობით არქიმანდრიტი დანიელი აკურთხა ეპისკოპოსად. პატრიარქმა თავისი ქადაგება ამ სიტყვებით დაიწყო: „დღეს უდიდესი დღესასწაულია ქართული ეკლესიისა, მოსახსენებელი დღე მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა წმიდა ნიკოლოზისა, რომელიც მფარველია საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისა. დღესვე არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ღმერთმა ინება ბოდბის ეპისკოპოსად ხელდასხმა მეუფე დანიელისა. თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ქრისტეს მიერ ძმაო, ჩვენო სულიერო შვილო, დიდია განგება ღვთისა და წყალობა მისი, რომელიც დღეს უხვად გარდმოვიდა შენზე: წყალობამან ღვთისამან შენ დღეს ეპისკოპოსის ტახტზე აგიყვანა, რათა მთელი სულით, გულითა და გონებით ემსახურო საქართველოს ეკლესიას და ქართველ ერს. არაფერი არ არის შემთხვევითი, ყველაფერი ღვთის განგებით წყდება არც ის არის შემთხვევითი, რომ დღეს მეუფე დანიელი ბოდბის ეპისკოპოსად ეკურთხა. ეს შედეგია წმიდა ნინოს განსაკუთრებული მფარველობისა მისი ერთგული მსახურის მიმართ, მეუფე დანიელმა, როცა ის ჯერ კიდევ მღვდელი იყო, მორწმუნეებთან ერთად სამგზის გამოიარა წმიდა ნინოს გზა ფარავნიდან მცხეთამდე. როგორც ცნობილია, მორწმუნეთა მოგზაურობამ მეუფე დანიელის წინამძღოლობით მრავალი კეთილი შედეგი გამოიღო. ამიტომ მეუფე დანიელს პირველს ეწოდა მორჩილი წმიდა ნინოსი და აი, მოციქულთა სწორმა დედა ნინომ დააფასა მისი ღვაწლი და მიიწვია იგი თავის საფლავთან, რათა იქ გაძლიერდეს წირვა-ლოცვა ჩვენი ერისა და ეკლესიის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მეუფეო დანიელ, თქვენ იცით, თუ როგორ მძიმე და რთულ დროს გვიხდება ჩვენ ცხოვრება. რამდენი წინააღმდეგობის დაძლევა გვიწევს ყოველდღიურად, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი სულები და ძალები უძლურნი არიან ღვთის ძალისა და დიდების წინაშე. რა თქმა უნდა, წინ მრავალი განსაცდელი გელის, მძიმე დღეებიც გექნება, მაგრამ ნუ შეგეშინდება ამ განსაცდელისა, რადგან წმიდა ნიკოლოზი და წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, ღირსი მამა შიო მღვიმელი და სხვანი წმინდანნი მარად იქნებიან შენი შემწე. თქვენ საქართველოს საპატრიარქოში ხელმძღვანელობთ ურთულეს განყოფილებას, რომელსაც ეწოდება მისია და ევანგელიზაცია. ეს არის განყოფილება, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის მოქცევისათვის, განყოფილება, რომელმაც უნდა გაზარდოს მისიონერები, მქადაგებლები. ჩვენ დღეს ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართველი ერი, რომელიც ღვთის განგებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აირჩია, ისევ მისი კალთის ქვეშ მოვაქციოთ. თქვენმა განყოფილებამ უნდა იზრუნოს არა მხოლოდ საქართველოს მკვიდრთათვის, არამედ მათთვისაც, რომელნიც დღეს სამშობლოს გარეთ ცხოვრობენ. ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ იმ ქართველებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო დატოვეს ქრისტიანობა და დღეს მუსლიმანები არიან. ჩვენი ვალია, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველში ეროვნული გრძნობა გავაღვიძოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული გრძნობის გაღვიძებასთან ერთად ყოველ მათგანში ქრისტიანობაც გაიღვიძებს. აი, რამდენი საქმეა, რამდენი სამკალია დღეს საქართველოში. ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენი ერი გაერთიანდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ყოფს. აქედან გამომდინარე, ყოველი, ვინც გათიშულთა გაერთიანებისათვის იღწვის, ღვთის ნებას ასრულებს, ხოლო, ვინც ჩვენი ერის გაყოფას ცდილობს, იგი მსახურია ბოროტი ძალებისა, აი, აქედან შეგვიძლია გაგება იმისა, თუ ვინ რომელ გზას ადგას. სადაც არის სიყვარული, შენდობა და ცოდვათა მიტევება, იქ ღმერთია, ხოლო სადაც სიძულვილი და გაყოფაა, იქ ეშმაკია. ღმერთმა მოგცეს სიბრძნე და ძალა ეკლესიისა და ერის სამსახურისა. მადლი, რომელიც შენ დღეს აქ, ამ წმიდა სვეტიცხოველში უხვად მიიღე ღვთისაგან, შენს სამწყსოს და საერთოდ საქართველოს უნდა გადასცე. მიიღე კვერთხი ესე, რათა დამწყსო რწმუნებული შენდა სამწყსო ქრისტესი, რომელსა რწმენეს შენი, იყავ მას ზედა კვერთხ და სიმტკიცე და რომელსა არა რწმენეს შენი და უდებ იქმნეს, მიაქციე მას ზედა საგვემელად კვერთხი ესე შენი სატანჯველად მისა“. მიიღე ეს კვერთხი და დალოცე სამწყსო სრულიად საქართველოსი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა შენთვის.

1992 წლის 17 ოქტომბრიდან მეუფე დანიელი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო იმავე წლის 22 დეკემბრიდან ოფიციალურად დადგინდა ცხუმ-აფხაზეთის მმართველ მღვდელ¬მთავრად. ამ დროს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ურთულესი ვითარება იყო. ინსპირირებულმა კონფლიქტმა, დაპირისპირებამ ქართველებსა და აფხაზებს შორის (სინამდვილეში რუსეთსა და საქართველოს შორის) პიკს მიაღწია. მიმდინარეობდა საომარი ოპერაცია. ასობით დაჭრილი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი იყო ეპარქიაში. დედა ელენე (ნაფეტვარიძე) იხსენებს: „ქალაქში სროლა ხშირია, თავზე წითელი ტყვიების წვიმაც არაა იშვიათი… ჩატარდა პირველი წირვა, სამი მღვდელმთავარი სწირავს ერთად – მეუფე იობი (აქიაშვილი), მეუფე დანიელი, მეუფე დავითი (მახარაძე). სასწაული იყო ეს წირვა და მთელმა მრევლმა იგრძნო მისი ძალა… შემუშავდა სამოქმედო გეგმა: 1. ქალაქის დალოცვა (ჯვრით, ხატებით, ნაკურთხი წყლის სხურებით ქუჩების მოვლა, დაწესებულებების კურთხევა და დალოცვა), ლოცვის გაძლიერება. 2. ჯარის ნაწილების, შტაბების დალოცვა, სამხედროების ზიარება, ნათლობა. 3. მრევლისა და სამწყსოს გაცნობა, მთავრობასთან კონტაქტის დამყარება და საეკლესიო ცხოვრების აღორძინება… მეუფე დანიელმა მალე მოიხვეჭა მრევლის პატივისცემა, ყველას უკვირს, რომ ასეთი ახალგაზრდა და ამდენ გამოცდილებასა და სიდინჯეს ამჟღავნებს“.

საომარი ვითარების მიუხედავად, მეუფე დანიელი, სამღვდელოება გადიოდნენ სოფლებში, ლოცავდნენ და ამხნევებდნენ ხალხს. 27 სექტემბერს აგუძერაში მეუფე დანიელს მოახსენეს – სოხუმი დაიპყრეს რუსებმა და ჩრდილოკავკასიელმა კონფედერანტებმა და აუცილებელია თქვენი სამღვდელოებით გაერიდოთ აქაურობასო. დედა ელენე: „გადაწყდა, ღამით უნდა დაგვეტოვებინა აგუძერა და მერხეულის გზით სვანეთში უნდა გადავსულიყავით… გზაზე ყველაფერი იწვოდა, აყრილი ხალხი ბარგი-ბარხანით გზას შედგომოდა, დედებს გულში ჩაეკრათ ძუძუთა შვილები, მოდიოდნენ ჯარისკაცები, მოხუცები. ეს გზა დაუვიწყარია, თუკი ვინმეს უნახავს, გულს მოგიკლავდა ფუძიდან აყრილი გაუბედურებული ხალხის დანახვა, ღრმად მოხუცები, ფეხმძიმე ქალები, ჩვილბავშვიანები, პატარა ბავშვები მოლასლასებდნენ, მშიერნი, მწურვალნი ფუთააკიდებულნი. ძნელია ამ დროს ნუგეშის ცემა“.
ეს გზა გამოიარა მეუფე დანიელმა თავის მრევლთან ერთად. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოებას დროებით რეზიდენციად გამოეყო მარტყოფის მონასტერი, სადაც სოხუმის მამათა მონასტრის წევრები ცხოვრობენ. ბოდბისა და მარტყოფის დედათა მონასტერში კი იმყოფებიან აფხაზეთის ეპარქიიდან დევნილი მონაზვნები. 1993 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დანიელი მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტის პატივში იქნა აღყვანილი. 1995 წელს შეთავსებით დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსად. 2002 წლიდან მეუფე დანიელი შეთავსებით იყო ჯერ მარგველი, ხოლო ამჟამად ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველია. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი დანიელი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დანიელი ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას სხვადასხვა ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ შეკრებებზე. მისი ხელმძღვანელობით სამჯერ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ქრისტიანული ეკლესიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემებზე. მეუფე დანიელი ხშირად ხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ანუგეშებს მათ და განუმტკიცებს იმის რწმენას, რომ ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ისტორიულ კერას, მტრისაგან იავარქმნილ აფხაზეთს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის აღდგება ისტორიული, ტრადიციული ურთიერთობა და ჩვენი ქვეყანა კვლავ გამთლიანდება. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)