საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კალისტრატე – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
qutatel-gaenateli-mitropoliti-kalistrate

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე

ერში – შოთა მარგალიტაშვილი
დაიბადა: 20. 10. 1938 წელი. თელავის რაიონი, სოფელი ვარდისუბანი
ანგელოზის დღე: 10 ოქტომბერი. მოწამე კალისტრატეს ხსენება.

ბერად აღკვეცა: 06.04. 1982წ.
დიაკვნად კურთხევა: 07. 04. 1982წ.
მღვდლად კურთხევა: 02. 08. 1982წ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 25. 12. 1983წ.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 8. 02. 1989წ.
მიტროპოლიტობა ებოძა: 25. 12. 1992წ.
სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი: 21. 09. 2000წ.

მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის II შესახვევი 2.
ტელ:[+995 231] 7 01 05.

ქუთაის-გაენათის ეპარქია (ქ. ქუთაისი, ქ. წყალტუბო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)
კათედრა ქუთაისსა და გელათში, რეზიდენცია ქუთაისში.

ვრცლად:

მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონ სოფელ ვარდისუბანში, 1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ძირითადად სამშენებლო უბნებზე. 1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი, 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

1983 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე (7 აპრილს) აკურთხეს დიაკვნად. 1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. 20 ივლისს (2 აგვისტოს) აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 12(25) სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 12(25) დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

არქიმანდრიტმა კალისტრატემ ეპისკოპოსად კურთხევისას აღნიშნა:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო… წმიდანო მღვდელმთავარნო იბერიის ეკლესიისანო… მორწმუნენო…
დღეს დიდი ღვთიური სიხარულია ჩემს გულში, რომელიც მთლიანად შეიწირა განგების ძალამ და მომიწოდა მღვდელმთავრად საქართველოს უძველესი ეკლესიის, ქუთაის-გენათის ეპარქიისა. მუხლს ვიდრეკ შემოქმედის წინაშე და ხმამაღლა აღმოვსთქვამ: „მწამხარ შენ უფალო და აღგიარებ!„ ადრეც მუდამ ვგრძნობდი, განგების თვალი არ მტოვებდა მე. ჩემი დღევანდელი ეპისკოპოსად გამორჩევაც ამას ადასტურებს. ამით იმის თქმა მსურს, რომ დროისა და სივრცის ბატონ-პატრონი არის შემოქმედი. მისი ყურადღების ცენტრშია ყოველივე, როგორც ხილული, ისე უხილავი.
წმიდა მოციქული პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (5.4) ბრძანებს: „და არავინ თავით თვისით მოიღოს პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ“. თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! დიდია ღვთის ძალა, რომელმაც თქვენი წმიდა ლოცვით სამარადისოდ გულში ჩამახუტა საქართველოს სამოციქულო დედა ეკლესიას. ვიცი, ფრიად ძნელია ეს სამსახური, ვუძღვე უძველეს, მდიდარი ტრადიციების მქონე ჩვენს სამწყსოს, მაგრამ ღვთის მადლი და ძალა, ღვთის შეწევნა და თქვენი წმიდა ლოცვა შემაძლებინებს ამ დიდსა და საპასუხისმგებლო საქმეს.
დამლოცეთ თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, რათა ღვთის შეწევნითა და მადლით კეთილად ვემსახურო წმიდა ეკლესიას, რომ ჩემმა მსახურებამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს. დღეს დიდი დღესასწაულია… შევსთხოვ დედა ღვთისას კვლავაც მოჰხედოს და გადააფაროს თავის წილხვედრ ქვეყანას მოწყალებისა და სათნოების კალთა… მოჰმადლოს ჩვენს მამამთავარს დიდი ხნის ჯანმრთელი და ნაყოფიერი შემოქმედებითი სიცოცხლე. გმადლობ შენ უფალო, შენდამი არს გალობა ჩემი მარადის, ამინ“.

მძიმე ვითარება დახვდა ეპარქიაში მეუფე კალისტრატეს, ეკლესიათა უმრავლესობა ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული წესით იყო დახურული, არ იყო მრევლი. მეუფე კალისტრატეს კარგად ესმოდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მნიშვნელობა, იმ ეპარქიისა, სადაც ისხდნენ ლიხთ-იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი, მღვდელმთავრები: გაბრიელი (ქიქოძე), ლეონიდე (ოქროპირიძე), ანტონი (გიორგაძე), ეფრემი (სიდამონიძე), გაბრიელი (ჩაჩანიძე)… მეუფე კალისტრატეს ღვაწლით გაიწმინდა, გასუფთავდა და ამოქმედდა გაუქმებული ეკლესიები, დაიწყო ახალი ეკლესიების მშენებლობები, თანდათან დაუბრუნდა დედა ეკლესიას მრევლი, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის პირობებში უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა მიწიერი სამოთხის საძიებლად.

1989 წელს ეპისკოპოსი კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1992 წელს – მიტროპოლიტის ხარისხში. მეუფე კალისტრატეს ძალისხმევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1990 წლის 21 სექტემბერს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, რომლის რექტორი მეუფე კალისტრატეა. გელათის აკადემია არა მარტო ქუთაის-გაენათის ეპარქიის, არამედ მთელი საქართველოსათვის არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის კავშირის საუკეთესო მაგალითი. 1995 წლის 8 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ბრძანებით ქუთაისში გაიხსნა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, ხოლო 2001 წლის 16 ივლისიდან – წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, 2002 წლის 3 ივნისიდან დავით აღმაშენებლის სახელობის ინსტიტუტთან გაიხსნა სამედიცინო და ჟურნალისტიკის ფაკულ¬ტეტები, 2008 წლის სექტემბერში წყალტუბოში გაიხსნა სასულიერო გიმნაზია. ყველა ეს საგანმანათლებლო კერა ისტორიული ტრადიციის აღდგენასა და განვითარებას უწყობს ხელს. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დასავლეთ საქართველოში, ახლანდელ ვანისა და ბაღდადის, ხონისა და სამტრედიის, ტყიბულისა და თერჯოლის, ლეჩხუმისა და სვანეთის ეპარქიებში, რომელნიც 1995 წლამდე ქუთაის-გაენათის ეპარქიაში შედიოდნენ, აღდგენილ იქნა 300-მდე ეკლესია-მონასტერი, დაიდგა ჯვრები: ქუთაისის სიონის, მყინვარის, მამისონის, იალბუზის, ხვამლის, კოდორის, თეთნულდის, ნიქოზის, საინგილოს, ვარძიის, სორმონის, ყოვლადწმინდა სამების, მთასაყდრისა და ტყიბულის ცხრა ჯვარზე. მეუფე კალისტრატეს პრინციპული და უკომპრომისო პოზიციით ქუთაისის„ხარების„ ეკლესია, რომელიც კათოლიკებს ჰქონდათ მისაკუთრებული, დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას. 1986 წლის აპრილში, როდესაც უკრაინაში ჩერნობილის დიდი ტრაგედია მოხდა, იმ ძნელბედობის ჟამს მთელი მსოფლიოდან პირველი მოძღვარი მეუფე კალისტრატე უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩავიდა ჩერნობილში და ორი კვირის მანძილზე ლოცვითა და ქადაგებებით ანუგეშებდა მრევლს.

1990 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიამ უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის თავდადებული ღვაწლით მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც მთავარეპისკოპოსი კალისტრატე შედიოდა, კონსტანტინოპოლიდან საქართველოში ჩამოიტანა ეს ისტორიული დოკუმენტები. 1990 წლის ნოემბერში მეუფე კალისტრატეს დიდი ძალისხმევითა და თანადგომით ტრაპიზონიდან გელათში გადმოსვენებულ იქნა იმერთა მეფის სოლომონ II-ის ნეშტი, ასევე მეუფის დიდი შრომითა და ძალისხმევით 2005 წელს მოხდა მიტროპოლიტ ექვთიმეს (შერვაშიძე) პეტერბურგიდან გელათში გადმოსვენება. 1993 წლის სექტემბერში, საქართველოსათვის მძიმე დღებში, აფხაზეთის ომის დროს ქართველ მეომართა, მებრძოლთა და მთავრობის გასამხნევებლად მეუფე კალისტრატე იმყოფებოდა სოხუმში. მიტროპოლიტ კალისტრატეს დამსახურებაა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში 70 მოქმედი ეკლესიის, 15 მონასტრის არსებობა, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 78 მღვდელი, 11 მღვდელმონაზონი, 28 დიაკვანი.

მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა დანიელის ორდენით, ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა კირილეს და მეთოდეს სახელობის ორდენებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანთიმ ივერიელის დიპლომით, საქართველოს საერო ხელისუფლების მიერ ღირსების ორდენით. 2000 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი-სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. მიტროპოლიტი კალისტრატე ამ სიტყვებით ულოცავს სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობასა და მოწამეობას: „ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო უფლისანო, ყველას გილოცავთ ამ ქრისტიანულ დღესასწაულებს, უფალმა ქართველი ერი გამოარჩია სასუფევლისათვის. ეს არა მარტო სიტყვით, არამედ მადლითაც. ეს მადლია კვართი უფლისა იესო ქრისტესი და ხალენი ილია წინასწარმეტყველისა. სვეტიცხოველი ქართველთათვის არის ძელი ცხოველი, რომელიც მოციქულებისა და წმიდა ნინოს მადლმოსილებით მცხეთის უმშვენიერეს მდელოზე, ამ წმიდა ადგილზეა აღმართული მარადიული სულიერი რწმენის გადმომცემი და დიდი სულიერი საუნჯე, რომელიც დღემდე ანათებს ჩვენს გუშინდელს, დღევანდელს და მომავალს. მადლობა ღმერთს ყოველივე ამისათვის. ადამიანის დანიშნულება არის შექმნას ჯვარი ვერტიკალური უფალთან და ჰორიზონტალური მოყვასთან, რომლის საშუალებით და მფარველობით დღევანდლამდე მოვედით, ჩვენი სამშობლოს ენით, რწმენით, მამულით, განათლებით, ოჯახითა და ტაძრის ერთიანობით. დღესაც ჩვენი ნება, ჩვენი არჩევანი არის მას ვემსახურებოდეთ, რათა არ დავიკარგოთ მსოფლიო ოკეანეში“. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)