საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ზენონი – დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

10 ნოემბერი
კატეგორია:
dmanisisa-da-agarak-tashiris-didi

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონი
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

ერისკაცობაში – იმედა შოთას ძე იარაჯული
დაიბადა: 1972 წლიs 17 მარტს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 20 მაისი და 29 ოქტომბერი – ღირსი ზენონ იყალთოელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 14. 08. 1993
დიაკვნად კურთხევა: 19. 08. 1993
მღვდლად კურთხევა: 24. 10. 1993
ეპისკოპოსად კურთხევა: 31. 08. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 06. 02. 2011
მისამართი:  დმანისი. საკათედრო ტაძარი.
მობ.: (+995 595) 18 02 06

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია (ქ. დმანისი, დმანისის მუნიციპალიტეტი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია).
კათედრა ქ. დმანისში, სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში და ლონდონში, რეზიდენცია დმანისში. 

ვრცლად:

მთავარეპისკოპოსი ზენონი, ერისკაცობაში იმედა შოთას ძე იარაჯული, დაიბადა 1972 წლის 17 მარტს ქ. თბილისში. 1979-1989 წლებში სწავლობდა თბილისის საშუალო სკოლაში, 1989-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1993 წლის 14 აგვისტოს იმედა იარაჯული ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა აღკვეცა ბერად და სახელად უწოდა ზენონი. 1993 წლის 19 აგვისტოს ბერი ზენონი სამ¬თავროს დედათა მონასტრის ფერის¬ცვალების ეკლესიაში აკურთხეს იეროდიაკვნად, ხოლო 25 ოქტომბერს მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში – მოძღვრად. 1994 წლის 25 თებერვლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონი ზენონი ხელმძღვანელობდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელს. 1994 წლის 10 ნოემბერს მას მიენიჭა იღუმენის წოდება, ხოლო 1995 წლის 2 აგვისტოს დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1995 წლის 1 ნოემბრიდან იღუმენი ზენონი მსახურობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის მოადგილედ (სასწავლებლის პანსიონის ზედამხედველად და სულიერ მოძღვრად) და ზნეობრივი ღვთისმეტყველების პედაგოგად.

1996-1997 წლებში იღუმენი ზენონი სწავლობდა რომის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1998 წლის 14 მარტს იღუმენი ზენონი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივნად, ხოლო მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ. ამავდროულად, იგი მსახურობდა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ ლურჯი მონასტრის, ხოლო 2000 წლის 14 მარტიდან _ მთაწმინდის მამა-დავითის ეკლესიის წინამძღვრად. 2001 წლის 16 ივნისს, იღუმენ ზენონს ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა დმანისის ძველი ეპარქიის აღდგენა. ეპარქიის მღვდელმთავრად სინოდმა არქიმანდრიტი ზენონი გამოარჩია. 2003 წლის 30 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით არქიმანდრიტი ზენონი ეპისკოპოსად აკურთხა. არქიმანდრიტმა ზენონმა თავისი სამღვდელმთავრო სიტყვა ასე დაიწყო:

“დიდი წინასწარმეტყველი მეფე დავითი ბრძანებს: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.”

ღმერთის უდიდესმა სიყვარულმა და მოწყალებამ ინება, დღეს მეც წარმომეთქვა ჩემი გულის სიღრმიდან ეს ღაღადისი და მეკითხა მისი სიდიადით შეძრწუნებულს `რაი მივაგო უფალსა?~ პასუხი ერთადერთია: არაფერი მაქვს მისაგებელი გარდა მადლიერებისა, უდიდესი პასუხისმგებლობით აღჭურვილი.

პასუხისმგებლობას დიდად მიმძაფრებს გააზრება იმისა, რომ მენდეთ. ის, რომ მენდეთ უფალში, მის სიყვარულში, თქვენს ერთგულებაში, წმიდა მართლმადიდებელი დედა-ეკლესიის სამღვდელმთავრო მსახურებაში.

დიდად ვსასოებ შემოქმედ ღმერთს, რომელიც ბოძებულ საზიდ ჯვართან ერთად იძლევა ძალას, მისი ღირსებით ტარებისა აღსრულებამდე.

მადლიერებითაა აღელვებული ჩემი სული, რომ ჩემს სიმდაბლეს არწმუნეთ სამწყსო ქრისტესმიერ დაბადებული, კურთხეული უძველესი დმანისის კათედრისა.

ქართველი ერის მოწამეობრივი ცხოვრების ეს მოკრძალებული მთხრობელი და შეუვალი კარიბჭე, რომელიც მოგეხსენებათ საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა საქართველოს მსხვილ სტრატეგიულ, ეკონომიკურ და სულიერ ცენტრს, არაერთხელ შექმნილა დამპყრობთა სამიზნე. მის მიწასა და მკვიდრთ მრავალჯერ განუცდია კაცთმოძულეობით აღსავსე მომხდურთა მძიმე კვალი. ქართლის ცხოვრების მატიანეში იგი ხომ მომასწავებელ ნიშანს წარმოადგენს, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგომარეობისა და ან პირიქით.

დმანისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ქვეშ, საუკუნოდ დაცულმა დმანელთა, არათუ გაუძლეს არაბთა, თურქ-სელჩუკთა, მონღოლთა, ოსმალო-სპასთა ხანგრძლივ შემოსევებს, ღირსეული მაგალითი უბოძეს შეუვალი სიმტკიცისა  მთლიანად ქართველ ერს. ყოველივე ეს მავალდებულებს თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეუფენო, ძმანო და დანო, სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის თაღებქვეშ, სადაც 17 წლისამ შემოვდგი ფეხი და ღმერთის მოწყალებამ მიბოძა დღევანდელი დღე, განვაცხადო: ძლიერ მოისწრაფის მოშურნეობით ჩემი სული, ქრისტეში თქვენდა მსახურებად, დმანელნო.

ღრმად მწამს, ამ საპასუხისმგებლო მაღალ მსახურებაში, მხოლოდ ჩემი პირადი ძალები ვერ გახდებიან დასაბჯენი სვეტები. ამიტომ მოკრძალებით გთხოვთ: საქართველოს მაკურთხეველო უწმიდესო მეუფევ, შემეწიოთ და მარადის მომიხსენოთ თქვენს წმიდა ლოცვებში, რადგან ბრძანებს უფალი: “მართლისას ისმენს ყოვლისმპყრობელი.”

მოგმართავთ თხოვნით მეუფენო თანადგომისათვის.

გთხოვთ ნება დამრთოთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, შევთხოვო უფალს, – მრავალჟამიერ გაისმოდეს სამრეკლოს ზარივით მოგუგუნე თქვენი დიადი ხმა საუფლო კვართის, მირონმდინარე სვეტიცხოვლის წმიდათა-წმიდა საკურთხევლიდან, ქართველი ერის გასაერთიანებლად, მის საცხოვნებლად.

გთხოვთ ევედროთ უფალს, რათა მომმადლოს ნიჭი სულისა წმიდისა, რათა მარადის უთმობდეს ჩემი სული ნებასა ღმრთისასა, რადგან ბრძანებს სოლომონ ბრძენი: “მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება.” (68, 2003, 9).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დმანისის ეპისკოპოსს მეუფე ზენონს მიმართა:

“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, დმანისის ეპისკოპოსო ზენონ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქრისტესმიერო ძმანო და დანო!

“დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან გზანი შენნი!” დღეს ხარობს დმანისის ეპარქია და ხარობს სრულიად საქართველო! მიუწვდომელია განგება ღვთისა და მიუწვდომელია საქმენი უფლისანი.

VI-VIII საუკუნეებში დმანისში უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. დმანისი არის ერთ-ერთი უძველესი, დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე კუთხე საქართველოსი. და რატომღაც ისე მოხდა, რომ იგი მიტოვებულია, მას აკლია ყურადღება. ისტორიულად ამ კუთხეს ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა, იგი ხელიდან ხელში გადადიოდა და ამიტომ ქართველი კაცი ვეღარ იცლიდა  ამ დიდებული, საოცარი ეპარქიისათვის.

ბოლო 25-26 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ დმანისსა და ბოლნისში ჩავდიოდით, უპირველესი ოცნება იყო, რომ ამ უძველეს ქალაქებს თავისი ეპისკოპოსი ჰყოლოდა, რომ აღდგენილიყო ის უძველესი კათედრა, რომელიც ასე ბრწყინავდა წარსულში თავისი სულიერებითა და გამოჩენილი მოღვაწეობით, თავისი მეცნიერებითა და ძალიან მაღალი კულტურით. და აი, დადგა დრო, მოვიდა ჟამი უფლის განჩინებისა და ჩვენ კი მისი უზენაესი ნება აღვასრულეთ.

საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ადამიანს ჰგონია, თითქოს რაღაცას აკეთებს, სინამდვილეში კი ყველაფერს უფალი აკეთებს. ყოველი გადაწყვეტილება ზეცაში მიიღება. ჩვენ კი მას მხოლოდ აღვასრულებთ.

მეუფე ზენონ, თქვენ დღეს უკვე არჩეული და ნაკურთხი ბრძანდებით დმანისის ეპისკოპოსად. არ უნდა შეგაშინოთ იმან, რომ დმანისში დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებობაა ქართველებისა და არ არის სათანადო პირობები, რომელიც მღვდელმთავარს ან სამღვდელო პირებს უნდა ჰქონდეს. ეს არაა პრობლემა, ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში აღდგება. მთავარია, არ უნდა დაიშუროთ თქვენი გონება და ენერგია ამისთვის და ყველაფერი მოწესრიგდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე, დმანისისა და ბოლნისის ეპარქიები იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეპარქიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.

მეუფე ზენონ, თქვენ დღეს მიიღეთ დიდი მადლი სულისა წმიდისა. გახსოვდეთ, რომ იგი უნდა გააძლიეროთ თქვენში ლოცვით, სულიერი მოღვაწეობით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ, 25 აგვისტოს შესრულდა 40 წელი ჩემი ეპისკოპოსობისა. ახლა მახსენდება ჩემი ეპისკოპოსად კურთხევის დღე. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ დამარიგა: “ბოროტმა სულმა ძალიან დიდი ბრძოლა იცის ხოლმე ამ დროს და ამიტომ ლოცვა და სულიერი მოღვაწეობა უნდა გააძლიერო.” ამ 40 წლის განმავლობაში რაც რამ საქმე მიკეთებია და იგი კეთილად დაგვირგვინებულა, – ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით იყო. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ იგი თავად უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს, უკეთ გააკეთებს ყოველივეს, ან სულაც რადაა საჭირო ლოცვა-კურთხევა, როცა საქმე შეიძლება ისედაც გაკეთდეს – ეს არ არის სწორი. ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, მორწმუნეებსა და ჩვენ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებას, რომ ყველაფერი კეთილად გვირგვინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ საქმეზე გამოითხოვეთ ლოცვა-კურთხევა და ყოველივე თავმდაბლობითა და მორჩილებით აღასრულეთ. ხომ გახსოვთ ბიბლიიდან: “ამპარტავანსა ღმერთი შემუსრავს, ხოლო თავმდაბალსა მიანიჭებს მადლს.”

მახსენდება ასევე ჩემი სტუდენტობის წლები. უკვე სასულიერო პირი ვიყავი და ეტყობა ამპარტავნება შენიშნა ჩემში უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ და რატომღაც რუსულად მითხრა, ეტყობა იმიტომ, რომ რუსეთში ვსწავლობდი: “Бог гордым противится, а смиренным даёт благодать.” პატრიარქის ეს სიტყვები ყოველდღე მახსენდება. მართლაც, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ამპარტავანთა ღმერთი შემუსრავს და მხოლოდ თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს.

ვისურვებდი, რომ მეუფე ზენონი, რომელიც ყველაზე უმცროსია მღვდელმთავართა შორის, იყოს მაგალითი თავმდაბლობისა და მორჩილებისა და უფალი მას მიანიჭებს დიდ წყალობასა და წარმატებებს. შემთხვევითი არაა, რომ დღეს არის ხსენება ქრისტოდულოსისა. ეს დიდი მეცნიერი, ფილოსოფოსი იყო. განსაკუთრებით კარგი მცოდნე იყო ისლამისა. მის ცხოვრებაში წერია, რომ ამ დიდმა მოღვაწემ მთელი ყურანი იცოდა ზეპირად არაბულ ენაზე. იგი თურმე მუსლიმებს ეკამათებოდა, უმტკიცებდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობაში, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაშია ჭეშმარიტება. ესეც ღვთის განგებით მოხდა, რომ დღეს მისი ხსენების დღეა და თქვენ იმ ეპარქიაში მიდიხართ, სადაც მრავლადაა მუსლიმები და გექნებათ მათთან შეხვედრა და საუბარი. გეწეოდეთ წმიდა ქრისტოდულოსი თქვენს მოღვაწეობაში. ახლა კი შევთხოვთ უფალს, რომ მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენ ზედა, მადლი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა იყოს თქვენი წინამძღვარი და მფარველი. მიიღეთ კვერთხი _ სიმბოლო მღვდელმთავრის მოღვაწეობისა და დალოცეთ დმანისის ეპარქია და სრულიად საქართველო.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!” (68, 2003, 9).

დმანისის ეპარქია XIX საუკუნეში შედიოდა თბილისის, XX საუკუნეში მცხეთა-თბილისის, აგარაკ-წალკის და შემდგომ ბოლნისის ეპარქიაში, ხოლო 2003 წლის 18 აგვისტოს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა ურბნისის საკათედრო ტაძარში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების იუბილესთან დაკავშირებით (900 წლისთავი) და ამ კრებამ სხვა კათედრებთან ერთად აღადგინა ისტორიული კათედრა დმანისის ეპარქიისა, რომელიც XVIII საუკუნის 50-იან წლებში იქნა გაუქმებული ქვემო ქართლის რეგიონში გამუდმებული შემოსევების შედეგად, მისი გაუკაცრიელების გამო.

1988 წელს აღდგენილ იქნა დმანისის სიონის საკათედრო ტაძარი და ეს იყო ერთადერთი ტაძარი, სადაც აღევლინებოდა მღვდელმსახურება.

2003 წლის 31 აგვისტოს, აღდგენილი კათედრის მღვდელმთავრად წმიდა სინოდმა დადგინა სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი ზენონი. იმავე წელს დაიწყო საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობა, რომელიც 2005 წლისთვის დასრულდა.

პირველ რიგში, დაიწყო დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის მოწყობა: გაკეთდა კანკელი, ტრაპეზი, იატაკი, ამჟამად გაკეთებულია კელიები, აღდგენილი იქნა XVII საუკუნეში არსებული მამათა მონასტერი _ დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის, რომლის წინამძღვარია იღუმენი დოროთე ბარბაქაძე.

2003-2008 წ.წ. აღდგენილი იქნა ეკლესიები:

ქ. დმანისში – წმ. გიორგის სახელობის, ნაქალაქარ დმანისში – წმ. მარინეს სახელობის, სოფ. მაშავერაში – წმ. გიორგის სახელობის, სოფ. ჯავახში – წმ. გიორგის სახელობის, სოფ. საკირეში – წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის, სოფ. გომარეთში – წმ. გიორგის სახელობის, სოფ. სარკინეთში – წმ. ბასილი დიდის სახელობის, სოფ. განახლებაში – წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ასევე ამ სამრევლო ტაძრებთან ერთად, აღსდგა სამონასტრო ცხოვრება, კერძოდ ქცია – ხრამის ხეობაში აღდგენილი იქნა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი და ამჟამად იქ მამათა მონასტერია (VIII-IXII) – წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე.

ამჟამად მიმდინარეობს ქციის უბაში “რევაზაშენის” ბაზილიკის აღდგენა, რომელიც VIII-IX სს-შია აგებული და იქ დაგეგმილია დედათა მონასტრის დაარსება.

ასევე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები 1189-1209 წლებში აშენებული სამონასტრო კომპლექსისა “ლამაზი მონასტერი”, სადაც შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკა და არქიტრავის ქვა, ასომთავრული წარწერით.

დმანისის ეპარქიის კურთხეული და წარმატებული მომავლის მომასწავებელ ნიშანს წარმოადგენს დმანისის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის აღმოჩენა 1586 წლის სიგელზე, მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა აღგვედგინა ხატი, რომელიც დაიწერა 2005 წლის დიდმარხვაში და 17 აპრილს თბილისის წმ. სამების ტაძარში აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, ამის შემდგომ ხატი დაბრუნებულია დმანისის საკათედრო ტაძარში (ხს. დღე 15/28 აგვისტო).

2005 წლის 23 დეკემბერს წმ. სინოდის სხდომამ განიხილა მეფე ვახტანგ III-ის (1302-1308) – წმ. დემეტრე თავდადებულის ძისა და გიორგი ბრწყინვალის ძმის კანონიზირების საკითხი, (რომელიც დმანისის სიონში განისვენებს) და ვახტანგ III, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული, შერაცხილ იქნა წმიდა მოწამედ. შეიქმნა ხატი და დაიწერა ლოცვები, მისი ხსენების დღედ დადგინდა 10 დეკემბერი ძვ. სტ. (23 დეკემბერი ახ. სტილით).

ამჟამად საეპისკოპოსო რეზიდენციის ტერიტორიაზე დაწყებულია აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა.

მეუფე ზენონმა დმანისისა და ლორე-ტაშირის ისტორიულ ეპარქიას მიუძღვნა ფუნდამენტური გამოკვლევა “სამხრეთის კარიბჭე” (თბილისი, 2005 წ.), რომელშიცმრავალრიცხოვანი საისტორიო წყაროების, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო პუბლიკა¬ციების ანალიზის საფუძველზე შესწავლილია ეპარქიის ტერიტორიაზე არსებული სიძველენი, ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, ეპიგრაფიკული წარწერები, ისტორიული სოფლები და ნასოფლარები. ამ ნაშრომით მეუფე ზენონმა ქართველი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქვემო ქართლის უძველესი და გამორჩეული ისტორიის მქონე ეპარქიის წარსული, აწმყო და მომავალი.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი ზენონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)