საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დიმიტრი – ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
batumisa-da-lazetis-chrdiloet-amerikisa

მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრი
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

ერისკაცობაში – ნოდარ შოთას ძე შიოლაშვილი
დაიბადა: 1961 წლის 16 თებერვალს, ქ. მცხეთაში.
ანგელოზის დღე: 8 ნოემბერი – დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 02. 06. 1985
მღვდლად კურთხევა: 12. 01. 1986
ბერად აღკვეცა: 25. 10. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 08. 11. 1996
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 09. 2003
მიტროპოლიტობა ებოძა: 03. 06. 2007
მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #91.
ტელ/ფაქსი: (+995 422) 27 67 17
ღვთისმშობლის ტაძარი მობ: (+995 599) 51 31 38

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია (ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ნომინალურად ლაზეთი)
კათედრა და რეზიდენცია ბათუმში.

ვრცლად:

მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი, დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. წარმომავლობით შიოლაშვილები ხევის ერთ-ერთ პატარა ლამაზ სოფელ სნოდან არიან. გვარი ხევში გამორჩეულ შიოლა ღუდუშაურიდან მოდის. ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს ნოდარ შიოლაშვილმა დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1989 წლის 13 მაისს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1991 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დაარსდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია და მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი დავით შიოლაშვილი მის პირველ რექტორად დაინიშნა. 1993 წელს გაიხსნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და წლების მანძილზე მისი რექტორი იყო დეკანოზი დავითი. 1994 წელს ამოქმედდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, მოხუცებულთა და ინვალიდთა თავშესაფარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დეკანოზი დავითი. 1996 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი დავითი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად გამოარჩია. 7 ნოემბერს, (ძვ. სტილით 26 ოქტომბერი) წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხლათის ეპისკოპოსად და ეწოდა სახელად დიმიტრი. არქიმანდრიტმა დიმიტრიმ შემდეგი სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებს.

“თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ღვთივგანმმნრძნობილნო მღვდელმთავარნო, კეთილგონიერნო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო.

დღევანდელი დღე ჩემთვის გამორჩეულია, გამორჩეულია თავისი განცდებით, მღელვარებით, აღტკინებული სიყვარულით, დღეს განსაკუთრებით ვგრძნობ ღვთის წყალობას, დღეს აღესრულება ნება ღვთისა, რომლის წინაშეც “ყოველი უძლურ არს” და ქედდრეკილი. მოციქული და ნეტარი პავლე იტყვის: “ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა, მით გონებისა თქვენისა, რათა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნოი და სრული” (რომ. 12,2).

ღვთის ნებით და თქვენი განჩინებით, ჩემი უღირსება მოწოდებულ იქნა საეპისკოპოსო მსახურებისათვის. საღმრთო წერილი გვმოძღვრავს: “ეკრძალენით უკუე თავთა თქვენთა და ყოველსა სამწყსოს, რომელსა ეგე თქუენ, სულმან წმინდამან დაგვადგინა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიისა, უფლისა ღვთისასა, რომელი იგი მოიგო სისხლითა თვისითა”. (საქ. 20,28).

ღირსი გრიგოლ ხანძთელი ბრძანებდა სამღვდელო ხარისხთან მიმართებაში: “დიდ არს პატივი და ამ პატივისაგან მეშინის”-ო. შიში იმის გამო, რომელსაც პავლე მოციქული საუბრობს: “ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია” (კოლ. 1,18) და ვისაც ის მიანდვეს (ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი) მანვე უნდა იზრუნოს, ამ სხეულის კეთილდღეობასა და აღმატებულ სრულქმნილებაზე, ყოველმხრივ თვალყურს უნდა ადევნებდეს, რომ რაიმე მწიკლოვანება არცა ნაოჭი ბრძვილისა, არცა სხვაი ესე ვითარი~ არ შეეხოს მის სიკეთესა და მშვენიერებას (ეფ. 5,27) განა რამდენადაც შესწევს ადამიანს იმის ძალა, ეს სხეული მისი უხრწნელი და ნეტარი თავისი ღირსებით არ უნდა შეინახოს, ვისაც ეს მიანდო უფალმა, მათ ხომ კაცობრივზე ბევრად აღმატებული სათნოება უნდა ჰქონდეთ და უნდა იცოდნენ სულისათვის სარგო ყოველგვარი მკურნალობა.

მოძღვარი და განსაკუთრებით ეპისკოპოსის მსახურება ყოველ¬თვის იყო, არის და იქნება მეტად მძიმე, პასუხსაგები, როგორც ღვთის, ასევე ერის წინაშე, რომელიც მოითხოვს მოძღვრისაგან განსაკუთრებულ მოთმინებას, წარუკვეთელ სასოებას, მტკიცე რწმენას და აღტყინებულ სიყვარულს, მოვუსმინოთ კვლავ წმ. იოანე ოქროპირს: “მღვდელმთავარი, რომელიც შეიქმნება ღირსი ასეთი დიდებული მსახურებისა, მხოლოდ სუფთა კი არა, ფრიად კეთილგონიერი და ბევრ რამეში გამოცდილი უნდა იყოს, ერისკაცზე ნაკლებად როდი უნდა იცოდეს საერო ამბები; ამასთან მთაში მცხოვრებ მონაზონზე უფრო მეტი უნდა იყოს, ყველაფრისაგან თავისუფალი და რადგან საეკლესიოსთან ერთად განაგებენ საზოგადო საქმეებს და მინიჭებული აქვს ხელისუფლებაც, ამრიგად იგი მრავალმხრივი კაციც უნდა იყოს, ვამბობ მრავალმხრივი-მეთქი და არა ცრუ, მზაკვარი და პირფერი, არამედ აღსავსე უდიდესი თავისუფლებითა და გამბედაობითა, თუმცა დათმობაც უნდა შეეძლოს, მდგომარეობის მიხედვით თავმდაბალიც უნდა იყოს და მკაცრიც, ყველა ქვეშევრდომთან ერთნაირი მოქცევა არ ივარგებს, განა ექიმმა ერთნაირი წამალი უნდა იხმაროს ყველანაირი ავადმყოფის განკურნებისას? ეკლესიის ხომალდს გამუდმებით აღელვებენ ხოლმე ქარები, ეს ქარები მხოლოდ გარედან როდი შემოიჭრებიან, არამედ შიგნითვე აღიძვრებიან, ამიტომ, როგორც მღვდელმთავარს, ასევე მღვდელს უდიდესი გამბედაობა, ყურადღება მოეთხოვება, დაიცვას დედა ეკლესია, როგორც გარეშე ასევე შინაგანი მტრებისაგან.

ისმენ წმ. მამათა სწავლებებს და კიდევ ერთხელ რწმუნდები შენ ღონემიხდილ ურწმუნეობაში, ჩემს გასამხნევებლად წმ. ისააკ ასურის სწავლებას მოვიყვან: “ნეტარ არს კაცი, რომელ უწყის თავისი უძლურება, რამეთუ ეს ცოდნა ყოველთვის კეთილის საფუძვლად და დასაბამად შეექმნება, რამეთუ, როდესაც კაცი ჭეშმარიტად სცნობს თავის უძლურებას, მაშინ მხოლოდ ღმერთს ესავს და არა თავის თავს და ამრიგად მოიგებს სიმდაბლესა” (ისააკ ასური), მანუგეშებელი მხოლოდ უფალია. “არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ, რათა თქვენ წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ (იონ. 15,16).

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეუფენო, ღვთის ნებით და თქვენი განჩინებით მე დამადგინეთ ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. საქართველოს ეს კუთხე გამოირჩევა რთული გეო-პოლიტიკური და რელიგიური მდგომარეობით და მდებარეობით, ეს კუთხე დედასაქართველოსაგან მოწყვეტილი იყო თითქმის სამასი წელი და დღესაც ამჩნევია მტრისაგან სასიკვდილოდ მიყენებული ნიარები, ამიტომ მეტი სითბო, ალერსი და მოფერება სჭირდება ვითარცა დაჭრილსა და ნაიარებ ადამიანს, ხანდახან შეკრთება და ეს კრთომა გვაშინებს, ეს ხომ ნაწამები და ტანჯვაგამოვლილი ადამიანის კრთომაა და სხვა არაფერი… ვითარმცა მოწყალე სამარიტელმა უპატრონა დაჭრილს, გაძარცულ ნაცემ იუდეველს, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს, რამეთუ აჭარა არის ჩვენი ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი.

არ შეიძლება არ გავიხსენოთ ჩემი წინამორბედი, მიტროპოლიტი კონსტანტინე, რომლის სახელთანაც აჭარაში ქრისტიანობის აღორძინება არის დაკავშირებული და ეპისკოპოსი იობი, რომელმაც მთელს აჭარაში შექმნა თავდადებული და წმიდა მოძღვრის სახე. თქვენი ღვაწლი კი, თქვენო უწმინდესობავ, ხომ ფასდაუდებელია ამ კუთხის დედაეკლესიის წიაღში დაბრუნების საქმეში.

და აწუკვე ჩემი უღირსება წარმდგარი თქვენს წინაშე გამოვითხოვ თქვენგან სულიერ შეწევნას და ლოცვა-კურთხევას ამ დიდი და წმინდა სამსახურისათვის, თქვენი ლოცვა-კურთხევა იყოს თანამავალი და თანამგზავრი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. ამინ.” (61, 1996, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე დიმიტრის ეპისკოპოსად კურთხევა: “დღეს აღსრულდა განგება ღვთისა – საქართველოს სამოციქულო ეკლესიას კიდევ ერთი ახალი ეპისკოპოსი შეემატა, – ბრძანა მან, – ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოიღო ჩვენს ერსა და ეკლესიასა ზედა. მეუფეო დიმიტრი, შენ ეპისკოპოსად არჩეული ხარ საქართველოს ისეთ უძველეს მხარეში, როგორიც არის აჭარა და ამიერიდან მწყემსმთავარი ხარ იმ ადგილისა, სადაც მოციქულებმა – ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს და სადაც მოციქული მატათა განისვენებს. დღეს შენ ერთხელ კიდევ უნდა ჰკითხო შენს თავს, რატომ მოიღო უფალმა შენზე ასეთი დიდი წყალობა. მიმაჩნია, რომ ეს არის განგება და ლოცვა-კურთხევა ღვთისა, წყალობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მადლი ჩვენი წმინდანებისა და შენი წინაპრებისა. დიდია ეპისკოპოსის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. დღეს სვეტიცხოვლის ამ წმიდა ტაძარში უხვად გადმოვიდა შენზე მადლი სულისა წმიდისა, რომელიც უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. გაუფრთხილდი ამ მადლს და ეცადე გაამრავლო იგი. შენი ლოცვითა და დაუძინებელი სულიერი მოღვაწეობით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. დღეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შენ ჩემი ახლობელი ხარ. ამის გამო უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. შენ მაგალითი უნდა იყო მორჩილებისა და თავმდაბლობისა არა მარტო მღვდელმთავრებისათვის, არამედ საერთოდ სამღვდელოებისა და მორწმუნეთათვისაც. იმედი მაქვს, რომ ღმერთი შეგეწევა, ეცადე გაამართლო ჩვენი და წმიდა სინოდის ნდობა. წყალობა, სიმშვიდე, სიყვარული, ლმობიერება და მიმტევებლობა გამოიჩინე ყოველთვის. გახსოვდეს, რომ ეპისკოპოსის ხარისხი არა შენი დამსახურებით, არამედ ღვთის წყალობითა და მადლით მიიღე. და ამ დიდი წყალობისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე გქონდეს მადლიერება წინაშე უფლისა.

შენ საქართველოს იმ მხარეში მიდიხარ, სადაც საუკუნეთა მანძილზე იყო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ამ კუთხის მოსახლეობა სამასი წლის მანძილზე ძალით იყო მოწყვეტილი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შენ მიდიხარ აჭარაში, რომლის თითოეული გოჯი მიწა ქართველთა სისხლითაა მორწყული, ამიტომაც ამ მიწაზე მოღვაწეობა უფრო დიდი მოკრძალებით, მოწიწებითა და თავმდაბლობით გმართებს. ქრისტიანობის ნათელი ჩვენს ქვეყანაში აჭარიდან შემოვიდა და ახლაც აჭარამ უნდა გაანათლოს მთელი საქართველო. ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება იქ ისე უნდა ამაღლდეს, რომ სრულიად საქართველოსათვის მაგალითი იყოს. მე კარგად ვიცნობ აჭარის მცხოვრებთ, გამორჩეულთ სიყვარულითა და თავდადებით. რადგან ბათუმში ჯერ მოძღვრად და შემდეგ ეპისკოპოსად შვიდი წლის მანძილზე ვმოღვაწეობდი. ღმერთმა ინება, რომ შენ გააგრძელო ის, რაც შენმა წინამორბედებმა გააკეთეს. დიდი კვალი დაამჩნია ამ მხარეს მეუფე იობის მოღვაწეობამ, ამიტომ შენ უკვე იქ მიდიხარ, სადაც მრევლი სიყვარულითა და სასოებით შეგხვდება.

ახლა მიიღე კვერთხი ესე, როგორც სიმბოლო ძალაუფლებისა და საყრდენი შენი მოღვაწეობისა და დალოცე შენი ეპარქია და სრულიად საქართველო.” (61, 1996, 11).

მეუფე დიმიტრი შეუდგა ეპარქიის წინამძღოლობას და გახდა მრავალი ახალი საქმის წამომწყები და სულისჩამდგმელი. 2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი დიმიტრი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2007 წლის 3 ივნისს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 24 დეკემბერს მეუფე დიმიტრი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2007 წლის 21 დეკემბერს გაიყო ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას დაემატა ლაზეთი. მიტროპოლიტი დიმიტრი დადგინდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად. მეუფე დიმიტრი არის “წმიდა მიწის” შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მისი ღვაწლით აჭარაში აშენდა მრავალი ეკლესია-მონასტერი, სასწავლო დაწესებულებები. ეპარქიაში გამოდის ჟურნალები: “ფარი სარწმუნოებისა”, “სექტანტების საფრთხე”, “მართლმადიდებლური საკითხავი”. ეპარქიის წინამძღოლობის პარალელურად მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს.

 პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)