საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

თეოდორე – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
axalcixisa-da-tao-klarjetisa-mitropoliti

მაღალყოვლადუსამღვდელოესი თეოდორე
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი

ერისკაცობაში – დიმიტრი ამირანის ძე ჭუაძე
დაიბადა: 1967 წლის 11 აპრილს, ქ. სიღნაღში.
ანგელოზის დღე: დიდი მარხვის I შაბათი – დიდ მოწ. თეოდორე ტირონის ხსენების დღე
ბერად აღკვეცა: 22. 02. 1991
დიაკვნად კურთხევა: 02. 04. 1991
მღვდლად კურთხევა: 08. 09. 1991
ეპისკოპოსად კურთხევა: 27. 10. 1996
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 09. 2003
მიტროპოლიტობა ებოძა: 30. 04. 2006
მისამართი: საქართველო, 0800, ახალციხე, ყაზბეგის ქ. #106.
ტელ.: (0 365) 22 14 44
ფაქსი: (+995 790) 40 00 52
მობ.: (+995 593) 21 00 73, (+995 599) 55 73 73
ქორეპისკოპოსის სამდივნო (+995 32) 298 27 08

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის (ქ. ახალციხე, ქ. ვალე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები, ნომინალურად ტაო-კლარჯეთი).
კათედრა ახალციხესა და საფარაში, რეზიდენცია ახალციხეში.

 ვრცლად:

მიტროპოლიტი თეოდორე, ერისკაცობაში დიმიტრი ალექსანდრეს ძე ჭუაძე, დაიბადა 1967 წლის 11 აპრილს ქ. სიღნაღში. 1974 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. თელავში. 1984 წელს მან დაამთავრა თელავის N4-ს საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1986-1988 წლებში იგი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1990 წელს ჩაირიცხა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1991 წლის 22 თებერვალს საფარის წმიდა საბა განწმენდილის მონასტრის წინამძღვარმა სერგიმ (ამჟამად მიტროპოლიტი) მორჩილი დიმიტრი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თეოდორე. 1991 წლის 2 ივნისს, სიონის საკათედრო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი თეოდორე აკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 1991 წლის 8 სექტემბერს – მღვდელ-მონაზვნად. 1992 წელს დაინიშნა საფარის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1993 წლის 12 ივლისს მღვდელ-მონაზონ თეოდორეს მიენიჭა იღუმენის, ხოლო 1996 წლის 26 ოქტომბერს – არქიმანდრიტის წოდება.

1996 წლის 27 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრების თანამწირველობით არქიმანდრიტი თეოდორე ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა. არქიმანდრიტმა თეოდორემ ამ სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას: “ამ მღელვარე წუთებში ძალიან მიჭირს იმის გამოხატვა, რაც ჩემს სულში ხდება, სული წმიდის მადლმა, რომელმაც მომანიჭა მე ცოდვილსა და უღირს მონას მღვდელმთავრის უბრწყინვალესი ღირსება, უდიდესი პასუხისმგებლობა დამაკისრა: ამ ღვთიური ჯილდოს მიღება სიხარულითა და მადლიერების გრძნობით აღმავსებს იმ უდიდესი ნდობის გამო, რომელიც ღვთის ნებითა და ლოცვა-კურთხევით გამომიცხადა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა. ჩემს სიხარულს ისიც აძლიერებს, რომ ღმერთმა საეპისკოპოსო კათედრად ქართველი ერის განმანათლებლის საფლავის წმიდა მიწა მიმიჩინა. მინდა გითხრათ, რომ ბოდბესთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს. პირველ რიგში ის, რომ ამ მონასტრის კედლებში დავიბადე. იგი ხომ საავადმყოფოდ იყო მაშინ გამოყენებული. ჩემი სულიერი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, ღვთის განგებით, წმიდა ნინოს საფლავის მოსალოცად მიწევდა ბოდბეში ჩასვლა. ასე იყო მორჩილად კურთხევის, ბერად აღკვეცის, დიაკვნად და მღვდლად ხელდასმის წინ. წმიდა ნინოს ლოცვა-კურთხევა მუდამ თან მსდევდა ჩემი ცხოვრების გზაზე. სწორედ ამის გამო ჩემს სიხარულს დიდი მღელვარებაც ახლავს თან. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოგიტყდებით ძალიან მიმძიმდა საფარის მონასტრის დატოვება, ერთხანს უარის თქმაც დავაპირე, მაგრამ ღვთის ნებას ვერ გავუწიე წინააღმდეგობა.

ჭეშმარიტების ძიებამ ღვთის გაუწვდომელი განგებით 1989 წელს საფარის მონასტერში მიმიყვანა. მაშინ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი. ძალიან მინდოდა ხელი შემეწყო ერის აღორძინებისათვის. ვიცოდი, რომ ამისათვის ეკლესიის აღორძინება იყო საჭირო. ამიტომ როდესაც საფარას გაემგზავრა სტუდენტთა ჯგუფი აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, მეც მათ გვერდით აღმოვჩნდი. მონასტერში ხანმოკლე ცხოვრებამ დამანახა, რომ ეკლესიის აღორძინება ჩვენივე სულების აღორძინებით უნდა დაიწყოს. მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩემი ცხოვრების ფერისცვალებას. გადავწყვიტე მთლიანად შემეწირა ცხოვრება ღმრთისა და ერისათვის. მივხვდი, რომ ჭეშმარიტება მიწიერი მცნება არ არის და სულიერი ღირებულებისაკენ დავიწყე სწრაფვა. ამ სწრაფვამ მრავალი განსაცდელით აღსავსე გზა გამატარა და ახლა ამ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დამაყენა. ღვთის შეწევნით შევეცდები ხელი შევუწყო წირვა-ლოცვის გახშირებას ტაძრებში, ახალგაზრდობის სულიერ აღორძინებას, მოსახლეობაში ღვთის სიტყვის გავრცელებასა და ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებას. განსაკუთრებით კი სამონასტრო ცხოვრების გაცხოველებას, რათა წმიდა ნინოს მადლით გამრავლდნენ ბერ-მონაზვნები და თავიანთი წმიდა და მხურვალე ლოცვებით კახეთსა და სრულიად საქართველოს შეეწიონ. ამ მღელვარე წუთებში ვთხოვ შენდობას, შეწევნასა და მფარველობას ყოვლადწმინდა ღვთისმშბელსა და წმიდა ნინოს. გთხოვთ შენდობას და შეწევნას თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, იმედი მაქვს, რომ არ მომაკლებთ თქვენს რჩევა-დარიგებებს და შეწევნას ჩემს მძიმე მსახურებაში, რათა თქვენი წმიდა ლოცვებით უფალმა მორჩილება, სიბრძნე, მოთმინება და ყველა ის თვისება მომმადლოს, რომელიც შემაძლებინებს პირნათლად აღვასრულო მღვდელმთავრის მოვალეობა. გთხოვთ შენდობასა და შემწეობას თქვენ, წმინდანო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო! გთხოვთ შენდობასა და წმიდა ლოცვებს ჩემო საყვარელო მრევლო! თქვენი წმიდა ლოცვებით გაძლიერებული ვეცდები, პირნათლად აღვასრულო ღვთისგან დაკისრებული ეს უდიდესი მოვალეობა. მადლობას გიხდით ყველას თქვენი თანადგომისა და სიყვარულისათვის.” (61, 1996, 10).

ახლადნაკურთხ ეპისკოპოს თეოდორეს მაღალი სასულიერო იერარქიის გზა დაულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. “თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ბოდბელო ეპისკოპოსო თეოდორე, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო. დღეს აღსრულდა განგება ღვთისა და მადლი სულისა წმიდისა გადმოვიდა ახალსა ეპისკოპოსსა ზედა, რომელიც მწყემსმთავრად დადგენილა ბოდბის ეპარქიაში, იქ, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი დედა ნინო. ეს არის განგება და განჩინება ღვთისა. წმიდა სინოდმა განგება ღვთისა მხოლოდ აღასრულა. მეუფე თეოდორე, წმიდა ნინო გიხმობს შენ ბოდბეში, იმ წმიდა სავანეში, სადაც შენ თვითონ დაიბადე, იმ მხარეში, საიდანაც შენი გვარი წარმოდგება და საიდანაც შენი წინაპრები არიან. ფრიად დიდია ეპისკოპოსის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეპისკოპოსს ირჩევს, ის ამავე დროს მას ძალასა და მადლსაც აძლევს იმისათვის, რომ ეს მძიმე მოვალეობა აღასრულოს. ამიერიდან შენ ღვთისა და ერის წინაშე პასუხს აგებ არა მხოლოდ შენს თავზე, არამედ იმ სასულიერო და საერო პირებისათვისაც, რომელნიც შენი სამწყსოს წევრები იქნებიან. წინააღმდეგობა და განსაცდელი ბევრი შეგხვდება, მაგრამ არ უნდა შეშინდე, რადგან განსაცდელს შვება, წყალობა და შემწეობა უფლისა მოსდევს. ევედრე უფალს, რომ მან მოგცეს მადლი სულისა წმიდისა, რომელიც უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობა და მორჩილება გმართებს. წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ამპარტავანთა ღმერთი შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ წყალობას მიანიჭებს. თუ თავმდაბლობა გექნება, მადლს უფლისას უხვად მოიხვეჭ: ამ გზით შენ სულსაც გადაარჩენ და მრავალთაც აცხოვნებ. შენი მრევლისათვის, სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვნებისათვის შენ არა მარტო მამა, არამედ მოწყალე დედაც უნდა იყო და როგორც დედა სწყალობს შვილებს, ისე უნდა წყალობდე მათ. კურთხევა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს შენსა და შენს ეპარქიასა ზედა. ამინ.” (61, 1996, 10).

1998 წლის ნოემბრიდან მეუფე თეოდორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველია. 2003 წლის მარტიდან 2004 წლის 4 ივნისამდე ეპისკოპოსი თეოდორე საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, 2004 წლის 4 ივნისიდან 2005 წლის თებერვლამდე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია. 2005 წლის თებერვლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. 2003 წლის დეკემბერში ეპისკოპოს თეოდორეს ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2007 წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი თეოდორე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. მეუფე თეოდორეს მოღვაწეობა უხდება ერთ-ერთ რთულ რეგიონში, სადაც ისტორიული ძნელბედობის გამო მართლმადიდებელი ქართველების გარდა ცხოვრობენ კათოლიკე ქართველები, მონოფიზიტი სომხები, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია გამაჰმადიანებული ჩვენი თანამოძმენ მიტროპოლიტ თეოდორეს ძალისხმევით ეპარქი¬აში სიმშვიდეა და ადგილი არ აქვს რელიგიურ ნიადაგზე რაიმე დაპირისპირებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე თეოდორე მონაწილეობს საერთაშორისო ქრისტი¬ანულ ფორუმებში.

2009 წლის თებერვალში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ახალი პატრიარქის უწმიდესი კირილის კურთხევასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. 2007 წლის 13 დეკემბერს მიტროპოლიტმა თეოდორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სახელით სამების საკათედრო ტაძარში ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს.

“პატიოსანო მამანო, ქალბატონებო და ბატონებო!

მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს, რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს მაქვს პატივი, მოგმართოთ წმიდა სინოდის სახელით. საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია და კეთილმორწმუნე ქართველი ერი უდიდესი სიხარულით აღნიშნავს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის აღსაყდრების 30 წლისთავს. 30 წელი გვაშორებს იმ ღირშესანიშნავ ისტორიულ თარიღს, როდესაც სვეტიცხოვლის ტაძარში, ღვთის ნებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე ავიდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ღუდუშაურ-შიოლაშვილი, რომელსაც აღსაყდრების შემდგომ ილია II ეწოდა.

ნისლიანი დილა გათენდა 1977 წლის 25 დეკემბერს. საკმაოდ ციოდა, მაგრამ ვერც ზამთრის სუსხმა და ვერც კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელმა რეპრესიებმა ვერ შეაშინა ათასობით გულანთებული მორწმუნე ქართველი, რომელიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში შეკრიბა. ხელისუფლების მცდელობა, წესრიგის დაცვის საბაბით ტაძარში არ შეეშვა ხალხი სპეციალური საშვების გარეშე, უშედეგო აღმოჩნდა. ხალხმა გაარღვია მილიციელთა კორდონები და ტაძარში შევიდა. ასეთი ხალხმრავლობა სვეტიცხოველს 1917 წლის 12 (25) მარტის შემდეგ არ ახსოვდა, მოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, ყველას სურდა თანამონაწილე ყოფილიყო იმ ისტორიული მოვლენისა, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ხდებოდა. პატრიარქი, რომელიც, ღვთის ნებით, უაღრესად საპასუხისმგებლო მსახურებას იწყებდა, სავსებით ახალგაზრდა იყო. 30 წლის წინ მისმა უწმიდესობამ ჩაიბარა შეჭირვებული, დამცრობილი საქართველოს ეკლესია, რომლის წინამძღვობა ქვეყანაში გაბატონებული ათეიზმის პირობებში უაღრესად რთული და მძიმე იყო. ყველა მიმართულებით იყო სერიოზული პრობლემები, მოქმედი ეკლესიების რაოდენობა 50-ს არ აღემატებოდა, სასულიერო პირთა რიცხვი კი – ოთხმოცს; სულ ხუთი მოქმედი ეპარქია იყო საქართველოში, ეკლესიას არ ჰყავდა მრევლი, მსოფლიოს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას. დაკნინებული იყო ჩვენი ეკლესიის საერთაშორისო ავტორიტეტი, საქართველოში არ არსებობდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლები, სასულიერო აკადემიები, რაც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნიდა ქართული საღვთისმეტყველო სკოლის განვითარებას, არ მოქმედებდა მონასტრები, საზოგადოება უკიდურესად გაუცხოებული იყო ეკლესიისაგან, ქვეყანაში სულიერი ზამთარი იდგა, რომელიც პატრიარქს უნდა გაელღო თავდაუზოგავი მოღვაწეობით.

თავისი ოცდაათწლიანი ღვაწლით უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უმძიმე-სი მდგომარეობიდან გამოიყვანა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, ააღორძინა იგი და კვლავ მოუპოვა მას ის საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა საქართველოს ეკლესიას სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესი¬ათა შორის და იგი ყოველთვის იცავდა მართლმადიდებლურ მოძღვრებას. ის უდიდესი ღვაწლი, რაც პატრიარქმა იტვირთა, აღემატება ერთი ადამიანის შესაძლებლობას, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ბრძანებს: “სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ ეს ნიჭი ეფინება მთელ ერს და აღამაღლებს მას; ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. არსებო¬ბენ ღვთის ნიშნით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც სიყვარულსა და სათნოებას სთესავენ. ისინი ქმნიან, აშენებენ, თვითონ იწვიან, სხვას კი გზას უნათებენ.
თქვენო უწმიდესობავ, თქვენ სწორედ ასეთი პიროვნება ბრძანდებით, რომელიც გზას უნათებს და ჭეშმარიტებისაკენ მიუძღვის ღვთის მიერ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს, სრულიად საქართველოს.

თქვენი უდიდესი მოღვაწეობის კეთილი ნაყოფი დღეს სავსებით ცხადია. აღორძინებული რწმენა, გამრავლებული ეკლესია-მონასტრები და მათში მლოცველი მრევლის სიმრავლე, რომელთაგან დიდი ნაწილი ახალგაზრდობაა, ეპარქიათა და მღვდელმთავართა გაზრდილი რიცხვი, სასულიერო პირთა სიმრავლე, უცხოეთში ამოქმედებული ქართული ეკლესიები, თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფუძნებული სასულიერო სემინარიები, გელათის მეცნიერებათა აკადემია, უამრავი სამრევლო სკოლა, საპატრიარქოს რადიო “ივერია”, ქართული ტელემაუწყებლობა “ივერია”, საგამომცემლო საქმიანობა, საპატრიარქოში არსებული განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურების წარმატებული საქმიანობა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც სულ მალე ამოქმედდება, სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის დაფუძნება, საქართველოში დღის განმავლობაში შვიდგზის ლოცვების აღვლენის ტრადიციის აღდგენა, რაც ერის გამთლიანების უმნიშვნელოვანესი საფუძველია, სამების გასაოცარი სილამაზის საკათედრო ტაძრის აგება, რომელიც გვირგვინად ადგას თქვენს უდიდეს მოღვაწეობას; სახელმწიფოსთან გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება, რამაც განსაზღვრა და დაარეგულირა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.

თქვენო უწმინდესობავ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში თქვენი აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანდნენ მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და მღვდელმთავრები. რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს ის უდიდესი დამსახურება, რომელიც თქვენ მიგიძღვით არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. შემთხვევითი არ იყო მსოფლიო პატრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები თქვენს მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობის მასშტაბები გასცდა ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებს და მან მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ პატრიარქი ილია II მხოლოდ საქართველოს ეკლესიას არ ეკუთვნის, იგი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებააო.

თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია სიტყვამ დაიტიოს ის საყოველთაო საქმიანობა, რაც თქვენს სახელს უკავშირდება. დრო კიდევ უფრო დიდი ღირსებით წარმოაჩენს თქვენს სახელს, თქვენი მოღვაწეობის 30-წლიან ეპოქას თქვენ `მზიანი ღამე~ უწოდეთ, რომელსაც დღეს უდიდესი ნათელი ადგას, მთელი საქართველო უდიდესი მადლიერებითა და სიყვარულით აღვნიშნავთ თქვენი აღსაყდრების 30 წლისთავს და მადლობას ვსწირავთ ყოვლადწმინდა სამებას, რომ ჩვენი სამშობლოსათვის მეტად მძიმე პერიოდში თქვენ გამოგარჩიათ ღმერთმა. აღგამაღლათ საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ტახტზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის საყდარზე და საკვირველი საქმენი შეგაძლებინათ ქართველი ერის სულიერი აღორძინებისათვის.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ დღესაც საოცარი სულიერი მხნეობით ეზიდებით ამ უმძიმეს ჯვარს, რომელიც ღმერთმა გარგუნათ, როგორც ქართველი ერის მამამთავარს.

შევთხოვთ ყოვლადწმიდა სამებას, რომ მოგანიჭოთ დღეგრძელობა, რათა დაუბრკოლებელი იყოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინსვლა და წარმატება, ღმერთმა არ მოაკლოს სრულიად საქართველოს თქვენი ლოცვა-კურთხევის მადლი და ძალა. ამინ!” (68, 2008, 11).

მეუფე თეოდორემ მრავალი სირთულისა და წინააღმდეგობის მიუხედავად არაერთხელ იმოგზაურა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, მოილოცა ხანძთა, შატბერდი, პარხალი, წყაროსთავი, იშხანი, ხახული… შეხვდა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს. XX საუკუნის 80-იან წლებამდე ეპარქიაში არ იყო მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია. მეუფე თეოდორემ სახელოვნად განაგრძო და განვრცო ის ღვაწლი, რომელიც დაიწყეს მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), მეუფე სერგიმ (ჩეკურიშვილი), მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). ამჟამად ეპარქიაში მოქმედია შემდეგი სამრევლო ეკლესიები: ახალციხის წმიდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარი, (წინამძღვრის მოადგილე – იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი)). ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), ვალეს ესტატე მცხეთელის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), ვალეს იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, (წინამძღვარი – დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, (წინამძღვარი – დეკანოზი იოანე გელაშვილი), საყუნეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – დეკანოზი იოანე გელაშვილი). ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – დეკანოზი იოანე გელაშვილი), მესხის სამების სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), წნისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – ლუკა კონჩაკოვი), წობარეთის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), ანდრია წმინდის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – არქიმანდრიტი ზოსიმე კაცაძე), ხერთვისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონ მაჭარაშვილი), ასპინძის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – დეკანოზი ზოსიმე კაცაძე), საროს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – ზოსიმე კაცაძე). ადგიგენის წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, (წინამძღვაწი იღუმენი დიმიტრი კაპანაძე), აბასთუმნის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი – (წინამძღვარი – მღვდელმონაზონი მაქსიმე გაბელაშვილი), უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – დეკანოზი ტიმოთე ჩილაშვილი), ბოლაჯურის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), წახანის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი – მღვდელმონაზონი მაქსიმე გაბელაშვილი).

მონასტრები: საფარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი – არქიმანდრიტი არსენი (ასანიძე)), ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი – არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)), ჭულევის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი – იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე)), ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი – მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (გეწაძე)), აბასთუმნის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი – მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი)), ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი – არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)), აბასთუმნის წმიდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი (მონაზონი ბარბარე (გრიგალაშვილი)), ახალციხის წმიდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი – მონაზონი პარასკევა (ელბაქიძე)), ახალციხის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი – მონაზონი ნატალია (ქაფიანიძე)). ეპარქიაში შენდება: ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი, წნისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ენთელის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი, ვარხნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი. ეპარქიაში ფუნქციონირებს სასულიერო სემინარია. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)