საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა მაკარი ეგვიპტელის ცხოვრება

1 თებერვალი
wminda-makari-egviptelis-cxovreba

წმინდა მაკარი ეგვიპტელის ცხოვრება

წმინდა მაკარი ეგვიპტელი დაიბადა მე-4 საუკუნის დამდეგს, დაახლოებით 301წელს, ეგვიპტის სოფელ პტინაპორში, აბრაამისა და სარას ღვთივ-სათნო ოჯახში.

მაკარის მშობლები თავდაპირველად უშვილოები იყვნენ, რის გამოც მათ სიწმინდით ცხოვრება გადაწყვიტეს. ისინი მართლაც სანიმუშო სულიერი კავშირით გამოირჩეოდნენ და საკუთარ ყოფას მარხვით, ლოცვით, მოყვასზე დაუცხრომელი ზრუნვით, მოწყალების უხვად გაცემით, სტუმართმოყვარეობით და სხვა სათნოებებით ილამაზებდნენ.

იმ დროს ეგვიპტეში ბარბაროსები შემოიჭრნენ. მათ გაძარცვეს მოსახლეობა და სხვებთან  ერთად მაკარის მშობლებმაც მთელი ავლადიდება დაკარგეს. გაღატაკებულებმა სხვა ქვეყანაში გახიზვნა გადაწყვიტეს, მაგრამ აბრაამს სიზმარში ეჩვენა წმინდა პატრიარქი აბრაამი, რომელიც ამშვიდებდა სვეგამწარებულს და არწმუნებდა, არასოდეს დაჰკარგვოდა ღვთის იმედი და ეგვიპტე არ მიეტოვებინა. ის ურჩევდ, რომ საცხოვრებლად გადასულიყო სოფელ პტინაპორში. დიდმა მამამთავარმა უწინასწარმეტყველა მაკარის მშობლებს, რომ მალე, ღვთის ნებით, ვაჟიშვილი მიეცემოდათ. გამოღვიძებულმა აბრაამმა თავისი ხილვის შესახებ ცოლს მოუთხრო და ისინი დაუყოვნებლივ გადავიდნენ სოფელ პტინაპორში, რომელიც ნიტრიის უდაბნოს მახლობლად მდებარეობდა.

პტინაპორში ცხოვრებისას ნეტარის მამა ძლიერ ავად გახდა. ერთხელ ღამით, მან, ავადმყოფის სარეცელზე მყოფმა, ნახა ზმანება, თითქოს ანგელოზი გამოვიდა ტაძრის საკურთხევლიდან, სადაც აბრაამი ხშირად დადიოდა, მიუახლოვდა მას და უთხრა:

აბრაამ, აბრაამ, ადექი შენი სარეცელიდან!
აბრაამმა უპასუხა:
ავად ვარ მეუფეო, ვერ ავდგები.
მაშინ ანგელოზმა ხელი მოჰკიდა სნეულს და ახარა:

ღმერთმა შეგიწყალა, ის განგკურნავს და შენი ცოლი, სარა შობს ვაჟიშვილს, რომელიც ანგელოზის სახით იცხოვრებს დედამიწაზე და მრავალს მიიყვანს ღმერთთან.

ამ ხილვიდან გამოღვიძებულმა აბრაამმა თავი სრულიად ჯანმრთელად იგრძნო და შიშით აღვსილმა უამბო ყველაფერი ცოლს. მათ იმედით და კრძალვით მადლობა შესწირეს ღმერთს და მიენდნენ მის ნებას. მალე სარა დაორსულდა და შეეძინა ვაჟი, რომელსაც მაკარი დაარქვეს, რაც ,,ნეტარს” ნიშნავს.

როცა ყმაწვილი მაკარი სრულწლოვანი გახდა და წმინდა წერილი შეისწავლა, მის მშობლებს თითქმის გადაავიწყდათ ანგელოზის წინასწარმეტყველება და მოინდომეს ვაჟის დაქორწინება. ყმაწვილს დაოჯახების სურვილი არ ჰქონდა და მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა მშობლების განზრახვას. თუმცა, ბოლოს მაინც დაემორჩილა მათ ნებას და დაქორწინდა იმ იმედით, რომ ღმერთი უნუგეშოდ არ დატოვებდა. ჯვრისწერის შემდეგ ნეტარმა თავი მოიავადმყოფა, ცოლს არ გაეკარა და გულმხურვალედ ლოცულობდა უფლის მიმართ, რათა მას მალე განეშორებინა იგი ამქვეყნიურ ცხოვრებას და თავი ღვთისათვის მიეძღვნა.

რამდენიმე დღის შემდეგ მაკარის ნათესავი გაემართა ნიტრიის მთისკენ გვარჯილის ჩამოსატანად. მშობლების თხოვნით წმინდანიც გაემგზავრა იმ კაცთან ერთად გვარჯილისათვის. გზაზე მაკარი მოშორდა თანამგზავრებს დასვენების მიზნით და ერთ ადგილზე ჩაეძინა. ძილში მას გამოეცხადა ნათლით მოსილი მამაკაცი, რომელმაც უთხრა:

მაკარი, შეხედე ამ უდაბნოს და კარგად დაათვალიერე იგი, რადგან აქ იქნება შენი საცხოვრებელი.
გამოღვიძებულმა ყმაწვილმა დაიწყო ფიქრი ამ გამოცხადებაზე.

იმ დროს ამ უდაბნოში ჯერ არავინ ცხოვრობდა ანტონი დიდისა და პავლე თებაიდელის გარდა.

სამი დღის მგზავრობის შემდეგ მაკარი სახლში დაბრუნდა და ნახა, რომ მეუღლე საშინელი ციებ-ცხელებით იყო შეპყრობილი, იგი მალე გარდაიცვალა და უმანკო ქალწულად წარდგა უფლის წინაშე.

მალე წმინდანის მშობლებიც აღესრულნენ. მაკარმა მთელი ქონება გაყიდა და გლახაკებს დაურიგა მათ სულთა საოხად, თვითონ კი ერთი სოფლის მახლობლად, უდაბნოში, განმარტოვდა, სადაც მარხვით, ლოცვითა და შრომით შეუდგა ბერული ცხოვრების მძიმე და განსაცდელებით სავსე გზას.

ეშმაკმა იხილა რა, თუ როგორ იმარჯვებდა მასზე ახალგაზრდა ბერი, დაიწყო მის წინაარმდეგ ბრძოლა:

ერთ კაცს, რომელიც მაკარის სოფელში ცხოვრობდა ჰყავდა ქალიშვილი. ამავე სოფელში ცხოვრობდა ვაჟი, რომელსაც მისი ცოლად შერთვა უნდოდა, მაგრამ რადგან იგი ღარიბი და უბრალო გვარიშვილი იყო, საცოლის მშობლები არ თანხმდებოდნენ ახალგაზრდების გადაწყვეტილებას. მაშინ ქალი უკანონოდ დაორსულდა საქმროსაგან და ეშმაკის ჩაგონებით, ვაჟმა ურჩია, რომ ეს ყოველივე მეზობლად  მცხოვრები ბერი მაკარისათვის დაებრალებინა.

გარკვეული დროის შემდეგ, როცა ქალის მშობლებმა შენიშნეს, რომ მათი ქალიშვილი დედა უნდა გამხდარიყო, დაუწყეს ცემა, უნდოდათ ეთქმევინებინათ, თუ ვინ იყო დამნაშავე მის დაცემაში. ქალმა ბრალი მაკარის დასდო, თითქოს მან ძალის გამოყენებით შეურაცხყო ქალიშვილი.

ქალის გამწარებული მშობლები და ნათესავები მივარდნენ ბერთან, გამოათრიეს სენაკიდან და სასტიკად ცემეს. შემდეგ სოფელში შეაგროვეს დიდი რაოდენობით ჭურჭლის  ნამტვრევები, შეკრეს თოკებით, ჩამოჰკიდეს მაკარის და ლანძღვა-გინებითა და ცემით შემოატარეს მთელი დასახლება.

ნაცემი და ღონემიხდილი ბერი ქუჩაში დააგდეს. ქალის მშობლები მაინც არ ეშვებოდნენ და აიძულებდნენ რომ ერჩინა შეცდენილი გოგო. მაკარი დათანხმდა მათ მოთხოვნას და ცოტა რომ გამოკეთდა უთხრა საკუთარ თავს:

ახლა შენ, მაკარ, გყავს ცოლ-შვილი და ამიტომ გმართებს
მუშაობა დღე და ღამე, რომ საზრდო არ მოაკლო  მათ.

 ნეტარი წნავდა კალათებს და ჰყიდდა, ხოლო აღებულ ფულს სრულად უგზავნიდა გოგოს მშობლებს შვილის გამოსაკვებად. როცა მოვიდა მშობიარობის დრო, მაშინ გამოჩნდა ღვთის სამართალი, რადგან ვერაფრით ვერ თავისუფლდებოდა მშობიარე ნაყოფისაგან. იგი დღე და ღამე წვალობდა და გმინავდა ტკივილებისაგან. ამის შემყურე მშობლებიც შეწუხდნენ.მაშინ ქალმა აღიარა დანაშაული, ცხარე ცრემლებით ტიროდა და ამბობდა:

უბედურება დამატყდა თავს მე შეჩვენებულს, იმის გამო, რომ ცილი დავწამე წმინდანს, ვიტანჯები. ის მართალია, დამნაშავე კი ის ყმაწვილია, ვისაც ჩემი ცოლად შერთვა უნდოდა.
ეს ამბავი ყველამ შეიტყო. თავისი დანაშაულით შეძრწუნებულებმა, მაკარისთან მისვლა და ბოდიშის მოხდა გადაწყვიტეს. ეს რომ მან გაიგო, კაცთაგან პატივს განერიდა და ღამე  ნიტრიის მთაზე გაიპარა, სადაც ადრე გამოცხადება ჰქონდა. აქ ის ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდა სამი წლის განმავლობაში, შემდეგ კი, ფარანის უდაბნოში ანტონი დიდთან  გადავიდა, რომელმაც მაკარი დიდი სიყვარულით მიიღო და დაიმოწაფა. ნეტარი დიდი მორჩილებით იღებდა მასწავლებლისგან რჩევა-დარიგებას და ცდილობდა მისთვის მიებაძა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ წმ.ბერი ანტონი დიდის ლოცვა- კურთხევით სკიტის უდაბნოში გაშეურა დაყუდებული ცხოვრებისათვის. აქ ეშმაკები დღედაღამ თავს ესხმოდნენ და ებრძოდნენ, მაგრამ იგი ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.

40 წლის ასაკში მაკარის ღმერთმა წინასწარმეტყველებისა და უწმინდური სულების განდევნის ნიჭი უბოძა. ამავე დროს, იგი მღვდლად აკურთხეს და მონასტრის წინმძღვრად დაადგინეს. სამაგალითო იყო წმინდანისა და მისი საძმოს მარხვა, თავშეკავება. ძმები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ასკეტურ ცხოვრებაში.

მაკარი ხშირად სტუმრობდა ანტონი დიდს და მისგან სულიერ რჩევა-დარიგებებს იღებდა.

იგი ღირსი გახდა, დასწრებოდა დიდი ანტონის გარდაცვალებას; გარდაცვალების წინ მოძღვარმა მას საჩუქრად თავისი კვერთხი გადასცა. ამ კვერთხთან ერთად მაკარის წმ.ანტონის სულიერი ძალა და მადლი გადაეცა ისევე, როგორც ელისე წინასწარმეტყველს ელია თეზბიდელისაგან. წმინდა მაკარიმ შემდეგში უამრავი სასწაული აღასრულა.

აბბა სისო აღწერს ასეთ ფაქტს:

     _ნეტარ მაკარისთან ერთად, სავანეში ვიმყოფებოდი. ამ დროს პურს მკიდნენ. შვიდი ძმა ქირით სამუშაოზე დადგა. მათ ერთი ქვრივი ქალი უკან მიჰყვებოდა და ტირილით აგროვებდა თავთავს. ნეტარმა მაკარიმ იხმო სახლის პატრონი და ჰკითხა, თუ რა დაემართა ამ ქალს. მან მიუგო, რომ ქალის ქმარს ვიღაცის ოქრო ჰქონდა მიბარებული; იგი კი ისე აღსრულებულა, რომ განძის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა და ვერ უბრუნებდნენ ოქროს. პატრონი კი ამის გამო ქვრივს თავისი შვილებით მონად წაყვანას უპირებდა.

ეს რომ მოისმინა, წმინდა მამა წავიდა გარდაცვლილის საფლავზე, ილოცა და ღმერთს შეევედრა განსვენებულს ოქროს ადგილი გაემხილა და მართლაც, საფლავიდან მიცვალებულმა ხმა-ჰყო და ძვირფასეულის მდებარეობა დაასახელა.

ასე გადაარჩინა ღირსმა მამამ ქვრივი და მისი ვაჟები მონობას.

პალადი ჰელენოპოლელი ,,ლავსაიკონში” მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა წმ.მაკარიმ ყმაწვილი, რომელიც ნაყროვანების ვნებით იტანჯებოდა. ასევე ცნობილია, თუ როგორ იხსნა ამ დიდმა მამამ მაკარიმ ქალწული ჯადოქრის მზაკვრობისაგან, რომელმაც იგი მელიად გადააქცია და სხვა.

ნეტართან  უამრავი ადამიანი მოდიოდა, ზოგი რჩევას   ითხოვდა მისგან, ზოგი ავადმყოფობისაგან განკურნებას, ზოგი განსაცდელთაგან განთავისუფლებას.

ღვთივგანბრძნობილმა მამამ სასტუმრო ააშენა, სადაც მოგზაურები და ავადმყოფები ისვენებდნენ. წმინდა ბერი სნეულებს ზეთს სცხებდა და კურნავდა, უნუგეშოებს ნუგეშს სცემდა და გახარებულებს სახლებში გზავნიდა.

ერთხელ ნეტარი მაკარი ერთ სავანეში მივიდა, სადაც მამებმა სთხოვეს, რომ რაიმე დარიგება მიეცა მათთვის.

ბერმა დაიწყო:

მაპატიეთ ძმებო, რადგან მე არა ვარ კარგი მონოზონი, თუმცა მინახავს კარგი მოღვაწეები. ერთხელ, ჩემს სავანეში, სენაკში ჯდომისას მომივიდა აზრი, რომ შუა უდაბნოში წავსულიყავი და მენახა, თუ რა ხდებოდა იქ. ამ აზრს ხუთი წელი ვებრძოდი, რადგან მეგონა, რომ ბოროტისგან იყო. ხუთი წლის ბრძოლის მერე შევედი უდაბნოს სიღრმეში. იქ დავინახე ჭაობი, რომლის შუაშიც კუნძული იყო. მალე გამოჩნდნენ ცხოველები წყლის დასალევად და მათთან ერთად  ორი შიშველი ადამიანი, რომლებიც აგრეთვე, წყალზე იყვნენ მოსულები. ისინი რომ დავინახე ძალიან შევშინდი, მეგონა უსხეულო ძალებს ვხედავდი. მათ შენიშნეს ჩემი შიში და მითხრეს:

ნუ გეშინია, ჩვენც შენნაირი ადამიანები ვართ. ადრე მონასტერში ვმოღვაწეობდით. სავანეში ყოფნისას გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და უკვე 30 წელია მას შემდეგ, რაც ასე ვცხოვრობთ. ერთი ჩვენგანი ეგვიპტელია, მეორე კი – ლიბიელი.
შემდეგ მკითხეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაზე, ივსებოდა თუ არა მდინარეები წყლით და ისევ ნაყოფიერებდა თუ არა დედამიწა. მე ამ ყველაფერზე ვუპასუხე და ვკითხე:

როგორ გავხდე ნამდვილი მონოზონი?
მათ მითხრეს, ყველაფერ ამქვეყნიურზე უარს თუ არ იტყვი, მონოზონი ვერ გახდები.

მე ვთქვი, რომ უძლური ვარ და არ შემიძლია ყველაფერზე უარის თქმა.

მაშინ მათ მომიგეს:

თუ არ შეგიძლია ამქვეყნიურის სრულად უარყოფა, მაშინ დაჯექი შენს სენაკში და გამუდმებით იგლოვე შენი ცოდვების გამო.
მე ისევ ვკითხე:

ზამთარში არ გაწუხებთ სიცივე, ან ზაფხულში სიცხე?
მათ მომიგეს:

ღმერთმა ისეთი სხეული მოგვცა, რომ არც სიცივე გვაწუხებს და არც სიცხე.
აი, როგორია ნამდვილი მონოზვნობა-უთხრა ძმებს მაკარიმ-და ამიტომ გითხარით, რომ მე ჯერ არ ვარ ნამდვილი მონოზონი, თუმცა კი მინახავს ისინი.

ერთხელ წმინდა ბერს კითხეს სავანის ძმებმა, თუ როგორ ახერხებდა იგი, რომ მარხვაშიც და ხსნილშიც ასეთი თავშეკავებული იყო. ნეტარმა უპასუხა:

ადამიანი, რომელიც გამუდმებით ღმერთითაა მოცული და ფიქრობს ჯოჯოხეთის ცეცხლზე, საშინელ ტანჯვას განიცდის. ამ შიშით არა მარტო მისი ხორცი ილევა, არამედ მისი ძვლებიც იშრიტება.
ასეთი განცდით ცხოვრობდა წმინდანი.

ღირსი მამა მაკარის ამ ქვეყნიდან გასვლის შესახებ სერაპიონ თმუისელი მოგვითხრობს:

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე წმინდანს წმ.ანტონი დიდი და წმ.პახუმი დიდი გამოეცხადნენ, რომელთაც აუწყეს მას, რომ თვით იესო ქრისტეს გამოგზავნილები იყვნენ, რათა ემცნოთ მისთვის ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამის მოახლოება.
ღირსი მამების გამოცხადებიდან მე-9 დღეს ნეტარს ახლა ქერუბიმი გამოეცხადა ანგელოზებთან ერთად და უთხრა:
,,ადექი, ღვთის კაცო, მოავლე თვალი ირგვლივ და ნახე უფალმა რამდენი წმინდანი გამოაგზავნა შენს შესაგებებლად: მოციქულები, მოწამეები, ღირსნი და ნეტარნი მამანი. შენს სულს, ხორციელი ბორკილებისაგან გათავისუფლებულს, როგორც უძვირფასეს განძს, მივიღებ და წარვადგენ მეუფის ტახტის წინაშე, რათა საუკუნოდ იხაროს მან ყველა წმინდანთან ერთად.”
ქერუბიმის ამ სიტყვების შემდეგ წმინდანი გამოემშვიდობა მოწაფეებს, ილოცა მათთვის, თვალები მიაპყრო მთას და თქვა:

ღმერთო, გაბარებ ჩემს სულს!
ამ სიტყვებით მიიძინა.

მაკარი ეგვიპტელის ცხოვრების ავტორი სერაპიონ თმუისელი გვიყვება აგრეთვე წმინდა მაკარის  მოწაფის, პაფნუტის, მონათხრობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ ბოლო წუთამდე სდევნიდნენ მას ბოროტი ძალები და ცდილობდნენ არასწორი ზრახვები გაეღვივებინათ მასში, იგი კი მათ მახეებს ადვილად უვლიდა გვერდს და თავმდაბლობით განაქარწყლებდა;

პაფნუტი წერს, რომ როცა ნეტარის სული წმინდანთა დასთან ერთად ზეცად ამაღლდა, ზოგიერთმა მონოზონმა იხილა, თუ როგორ უყვიროდნენ შეშინებული ეშმაკები ღმერთშემოსილ ბერს:

ო, რა დიდება დაიმკვიდრე შენ, მაკარი!
რაზეც წმინდანი პასუხობდა:

მეშინია, რადგან არ ვიცი, შევძელი თუ არა რაიმე სიკეთის ქმნა.
შემდეგ უფრო მაღლა მყოფი ეშმაკნი აყვირდნენ:

ნამდვილად გადაგვირჩი, მაკარი!

ბერი კი პასუხობდა:

ჯერ არა, მაგრამ უნდა გადაგირჩეთ!
შემდეგ, როცა უკვე წმინდანი სამოთხის კართან იყო, კვლავ აყვირდნენ ავი სულები მთელი ძალით:

გადაგვირჩი, ნამდვილად გადაგვირჩი!
მაშინ კი მაკარიმ ხმამაღლა თქვა:

დიახ, ქრისტეს ძალით დაცული, მე გადავურჩი თქვენს მზაკვრობას!
ასეთი იყო ღირსი და ღმერთშემოსილი მამის, მაკარი ეგვიპტელის ცხოვრება და მოღვაწეობა სადიდებელად ღვთისა, ამინ!

ზემოთ ჩვენ წარმოვადგინეთ წმინდა მაკარი ეგვიპტელის ცხოვრება და მოღვაწეობა.
არანაკლებ საინტერესოა მისი წერილობითი მემკვიდრეობა, რომელიც მისმა მოწაფეებმა ჩაიწერეს და ორმოცდაათი სიტყვის სახით დაგვიტოვეს, როგორც უძვირფასესი მონაპოვარი საეკლესიო ლიტერატურისა.
წმინდა მაკარი ეგვიპტელის ორმოცდაათი ჰომილიიდან ქართულ ენაზე შემორჩენილია წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი ორი ეპისტოლე და ოცდაექვსი სწავლა, რომელსაც თხზულებათა კრებულის სახე აქვს.