საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა ილია მართლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია საპატრიარქოში

7 ნოემბერი
კატეგორია:
wminda-ilia-martlis-iubilesadmi-midzghvnili

      ,,ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა ერისა…”

ა.წ. 7 ნოემბერს საქართველოს  საპატრიარქოში შედგა წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრები, სემეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.

კონფერენციას უძღვებოდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

მოხსენებებით წარდგნენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბენაშვილი (თემა, _ ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”).

წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს.

სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე,.

დამსწრეთ ბოლოს მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მადლობა გადაუხადა შეკრებილთ და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა. ,,ილიას ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული…იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი ჩვენი სამშობლოსია და ხვალინდელი დღე კეთილია… ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ერის ცოდვათა…” _ ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა ილია მართლის პიროვნებაზე.

წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს ასევე საინგილოში.

კონფერენციაზე საგალობლები შეასრულეს კვარტეტმა ,,მუხამბაზმა” და არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ-ხარიბი) თავის გუნდთან ერთად.

P.S. მნიშვნელოვანია, რომ წმ. ილია მართლის სახელობის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს საინგილოშიც.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა

ქალბატონებო და ბატონებო,

გულითადად მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ მობრძანდით ჩვენთან!

წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული.

ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია.

თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი.

ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა.

მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ.

დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის.

შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ!

დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!

ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, 13 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთაწმინდაზე წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე გადაიხდის პარაკლისს.