საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა გიორგი – სიყვარულის მეომარი

5 მაისი
კატეგორია: პუბლიკაციები,
wminda-giorgi-siyvarulis-meomari

  [დიდმოწამე გიორგის ხსოვნა, სწავლება ათონის წმიდა მთიდან] 

ყოველდღე ჩვენი ეკლესია მოწამეთა დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის დღესასწაულია. წმინდა გიორგი – მოწამეთა დიდებაა, წმიდანთა სიამაყეა, ზეცისა და ეკლესიის პატივია. არ მეგულება ისეთი ქრისტიანის ბაგე, დაწყებული მცირეწლოვანი ასაკიდან და დამთავრებული სიკვდილის პირას მყოფის გულის უკანასკნელ პულსამდე, რომ მას არ მოეხმო ამ წმიდანის უტკბილესი სახელი. არ არსებობს ისეთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც წმიდა გიორგის სახელზე აგებული ტაძრის თუნდაც ნანგრევები არ იყოს შემორჩენილი.

ეს მნათობი ერთ დიდ საიდუმლოს ფარავს, რაც ჯერ კიდევ არ არის შესაბამისად შესწავლილი. რატომ აქვს ხალხს წმიდა გიორგის მიმართ ესოდენ დიდი სიყვარული?წმიდანის სიყვარული ხალხის მიმართ ისეთი დიდია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია არათუ ის უგულებელვყოთ, არამედ გამუდმებით არ ავღნიშნოთ ეს ფაქტი. ყოველ სამ ან ოთხ ქრისტიანულ ოჯახში აუცილებლად გვხვდება სახელი გიორგი. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი ოჯახი, სადაც არ არსებობს სიყვარული ამ წმიდანის მიმართ, სადაც მას არ უხმობენ დახმარებისთვის.

წმიდა გიორგიმ მიაღწია იმას, რომ თავისი პიროვნება სრულეყო, და ეს არა მხოლოდ საკუთარი რწმენის აღიარებით მოახერხა, არამედ – თავისი მოწამეობრივი ცხოვრებითაც. მან თავისი მკლავები შემოაჭდო ეკლესიას, სამყაროს ოთხივე კუთხის და ყველა დროის მორწმუნეებს; და იქაც კი, სადაც არ არსებობს მართლმადიდებლობა, სადაც ჯერ კიდევ დგას წარმართობის ბურუსი, იქაც კი შეაღწია დაუპატიჟებლად და ყველას თავის სიყვარულზე ამცნო. ჩვენი ეკლესიის მიერ სამართლიანად ეწოდა წმინდა გიორგის – „დაჯილდობული“, „უძლეველი“ „ღვაწლითშემოსილი“ და დიდმოწამე. თავის მხრივ, ყველა წამებული დიდია, რადგან მათ ყველამ  საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ყველამ აჩვენა თავისი უნაკლო სიყვარული ჩვენი იესო ქრისტეს მიმართ. თუმცა, წმიდა გიორგისთვის სახელი „ღვაწლითშემოსილი“ და „დიდმოწამე“ არ დაურქმევიათ  იმ სიმამაცის გამო, რომელიც მან წამების დროს გამოიჩინა, არამედ, ჩემი აზრით, – მას სიყვარულის სისავსის გამო დაარქვეს, იმ სიყვარულისა, რომელიც არა მხოლოდ იმ პერიოდში არსებობდა, როდესაც წმიდანი ამქვეყნად ცხოვრობდა, არამედ – შემდეგაც და საუკუნეების დასასრულამდეც კი გასტანს, იმისათვის რომ შეეწიოს და ტკივილის ყოველი იმპულსი შეუწყდეს  ყველა იმ ადამიანს, ვინც კი  მის სახელს წარმოთქვამს.

ჩვენთვის – მონაზვნებისთვის წმინდა გიორგი არის „მკვებავი“ და მფარველი. წმინდანის კანონის მე-9 საგალობელში შემდეგი სიტყვები წერია: „ჰბრწყინავ ნათლითა წამებისჲთა, მჴნეო გიორგი, და გჳრგჳნთა მარტჳლთა შემკული წინაშე ღმრთისა, ელვარედ მდგომარე ხარ წმიდათა თანა, მვედრებელთა შენთათჳს ნუ დააცადებ მეოხებასა“. წმიდა გიორგი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შემდეგ, ათონის წმიდა მთისა და მონაზონთა მფარველადაა მიჩნეული. ოთხი მონასტერი და საკმაოდ დიდი რაოდენობის კელია და კალივი არის მიძღვნილი მის წმიდა სახელს.

წმიდა გიორგის ცხოვრებიდან ვიცით, რომ მისი მამა – გერონდიოსი ქრისტიანი იყო და რომ მას თავისი სიცოცხლე, როგორც მოწამეს, ისე დაუსრულებია. თავად გიორგიც პატარაობიდანვე ქრისტიანი ყოფილა. 22 წლის ასაკში წმიდანს  დიდგვაროვნის წოდება უყიდია.  როდესაც იგი ამ წოდების მისაღებად წასულა, გაუგონია, რომ მისი უფროსები ქრისტიანთა დევნის ბრძანებას იძლეოდნენ. წმიდა გიორგის გაკვირვებია, თუ რატომ გასცემდნენ ასე ურცხვად ქრისტიანთა დევნის ბრძანებას, მათ ხომ არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. მაშინ წმიდანს მოუხსნია თავისი ქამარი, მიუგდია მეთაურებისათვის და დაუყვირია: „მე ქრისტიანი ვარ. მე არ დავემორჩილები თქვენს ბრძანებას“. სწორედ ამ წუთიდან დაიწყო მისი წამება. და სწორედ ამ დიდმოწამემ, მიუხედავად თავისი მცირე ასაკისა, ვაჟკაცურად აიტანა ყველა ლანძღვა და შეურაცხყოფა, ისე რომ მდგომარეობიდანაც კი არ გამოსულა. გიორგიმ მამობრივი უწყინარობითა და სიყვარულით დაითმინა  საშინელი წამება. მან სასწაულიც კი მოახდინა, რათა მწვალებელნი დაერწმუნებინა – მიუხედავად იმისა, რომ უკვე წინასწარ იცოდა რომ მაინც არ იწამებდნენ მისას – თუმცაღა, უფლის ძალის შემწეობით დათმობაზე არ წასულა. როდესაც სასწაულს ახდენდა, თურმე წმინდანი შემდეგ სიტყვებს ამბობდა: „მე კი მოვახდენ სასწაულს, მაგრამ თქვენ მაინც არ დაიჯერებთ“.წმიდანმა მკვდრეთით აღადგინა მიცვალებული, რომელიც სამასი წლის წინათ გარდაცვლილ იყო.

და რაც ჩვენ ასე ძლიერ გვაღელვებს არის სწორედ ის უწყინარობა, რომელიც წმიდანს  თავისი მწვალებლების მიმართ გააჩნდა, მაშინ როდესაც მას შეეძლო მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. შეეძლო ასევე მათთვის მკაცრი ტონით მიემართა, თუმცაღა, წმიდა გიორგი მათ დიდი თანაგრძნობით ესაუბრებოდა.

ჩვენთვის – მონაზვნებისათვის წმინდა გიორგის სიმამაცე და თვითუარყოფა მაგალითს გვაძლევს, რადგან ეს ჩვენ გვაძლიერებს, განსაკუთრებით კი – ჩვენი საკუთარი სინდისის უსისხლო წამების ჟამს.  მოწამეებს ასე ეუბნებოდნენ: „ან უარყობთ ან აღიარებთ“. მათ არ უარყვეს და გარდაიცვალნენ. ჩვენ დროში, ამჟამად აღარ არსებობს ეს ფრაზა. თუმცაღა, არსებობს საიდუმლო ბრძოლა წარმოსახვით ტირანთან, რომელიც გამუდმებით გვაწამებს. ის თითქოსდა ამ სიტყვებს ამბობს: „ან თაყვანსა სცემ ცოდვის მრავალსახოვან კერპს, ან არადა ცდუნებას მოგივლენ, ან ავადმყოფობასა და ღელვას“. თუმცაღა, ჩვენ კი ამ კითხვაზე ხმამაღლა ვპასუხობთ: „მხოლოდ ჩვენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და მხოლოდ მას ვადიდებთ. არც შენს ღმერთებს ვადიდებთ და არც შენს ხატს ვცემთ თაყვანს“.სინამდვილეში ამ გიგანტისგან დიდ გამბედაობას ვიძენთ. ჩვენ ყველა თანამოაზრეები ვართ. იესო ქრისტეს სიყვარულისთვის არ ვზოგავთ არა მხოლოდ ქონებას, ჯილდოებს, ტიტულებს, ფუფუნებას, არამედ – თავად ცხოვრებასაც, რომლისთვისაც მან თავი გასწირა.

ხანდახან გამოუცდელობის, არცოდნის, სისუსტის გამო წარმატებას ვერ ვაღწევთ, თუმცა არასდროს არ ვთმობთ ჩვენს განზრახვას. გამუდმებით ვაღიარებთ, რომ „უფალსა ღმერთსა ჩვენსა ვცემთ თაყვანს და მხოლოდ მას ვადიდებთ“, მისი სიყვარულის გამო, „უარვყავთ თავი ჩუენი“; გამბედაობას მოწამეთა ღრუბლიდანაც ვიწოვთ, რომელთაც გაიარეს ეს გზა და ჩვენ, როგორც მემკვიდრეობა, ისე დაგვიტოვეს. ძლიერ გვწამს იმისა, რომ ღვთიური მადლი აუცილებლად  დარჩება ჩვენთან და ჩვენც მივაღწევთ ჩვენს მიზანს. სწორედ ამ გზით შედეგად ორ დიდ სიკეთეს ვიღებთ. პირველი, ეს არის ჩვენი ცხონება, ხოლო მეორე კი ის, რომ ჩვენ ვამხნევებთ და ერთგვარად მხარში ვუდგავართ ჩვენს ქრისტეს მიერ ძმებს, რომლებიც საზოგადოების წიაღში ცხოვრობენ და თავისი მხრებით ატარებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ამ მძიმე ტვირთს, ებრძვიან უამრავ საწინააღმდეგოსა და უარყოფითს, მრავალ ტანჯვას დაითმენენ იმისათვის, რომ მათაც შეძლონ და მუდმივად აღიარონ უფალი თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენთვის სინათლეს წარმოადგენენ ანგელოზები, ხოლო ერში მცხოვრები ქრისტიანებისათვის კი სინათლეს წარმოადგენენ მონაზვნები. ეს ასე იმიტომ ხდება, რომ დღეს მათ არ შეუძლიათ იპოვნონ ანტონი დიდი ან მამა პაისი, ან პახუმი, რადგან ისინი უკვე წასულები არიან. დღეს მათ ადგილზე ვიმყოფებით ჩვენ – მონაზვნები, რომელთაც იგივე დევიზი, იგივე კონტურები, იგივე ტრადიცია გაგვაჩნია და იმავე გზას უნდა ვაგრძელებდეთ.და ჩვენც, როდესაც რთული დღეები გვიდგას, გვწამს რომ თვით უფალი, რომელიც იყო მაშინ და არის ახლაც, იმავე მამობრივი სითბოთი და თანაგრძნობით გაგვაძლიერებს და ამიტომაც იმავე საბაბით, ყველა სხვა დანარჩენზე მეტად, უპირატესობას ვანიჭებთ ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს სიყვარულს, რწმენასა და მის მიმართ მორჩილებას. სწორედ მისი მადლის შემწეობით და ჩვენი მწირი ძალებით გადავაბიჯებთ ამქვეყნიური უთავბოლობის და ამაოების ძალადობრივი მდინარეს.

ყველა ჩვენგანმა, დაე, იმავე განზრახვით მუხლი მოვიდრიკოთ წმიდა გიორგის სიყვარულის წინაშე, რათა მეოხ-გვეყოს ღმერთის წინაშე და გაგვაძლიეროს ჩვენს ბრძოლაში. „ნეტარ არის ის, ვისაც ჰყავს ნაცნობები სიონში და შინაური იერუსალიმში“. ასევე ჩვენც – გვყავს ნაცნობი და შინაური წმიდა გიორგი, რომელსაც რამდენიმე სიტყვით ვუძღვნით ქებას, იმისათვის რომ მას მივცეთ საბაბი და მიზეზი, რომ კვლავ  გაიღოს თავისი უფლისმიერი სიყვარული და ჩვენ გვაჩუქოს ზეცა. ამინ.

ბერი იოსებ ვატოპედელი
წყარო: pemptousia.ge