საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა აბბა დოროთე – სულთა სასარგებლო სწავლანი

9 დეკემბერი
კატეგორია: წიგნები,
wminda-abba-dorotes-sulta-sasargeblo

 გამომცემლობა „ახალი ივირონი“, თბილისი, 2010 წ.
„საეკლესიო ბიბლიოთეკა“
ტომი XIII

წმინდა აბბა დოროთე

„სულთა სასარგებლო სწავლანი“ 

თანამედროვე ქართულ ენაზე ტექსტი გამართა ტატიანა ცომაიამ
რედაქტორები: ბერ-დიაკონი მიქაელ ბრეგვაძე, ნათელა ხურცილავა

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

მსოფლიო ეკლესიის უდიდესი მნათობი და მოღვაწე წმინდა დოროთე, ვისი სწავლანიც წინამდებარე წიგნშია წარმოდგენილი, უძველეს ქართულ წყაროებში იხსენიება სახელებით: აბბა დოროთე ან დოროთე მონაზონი. სამწუხაროდ, მისი მოღვა-წეობის ხანასთან დაკავშირებით ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. ამ მხრივ უდიდეს სამსახურს გვიწევს დაახლოებით 590 წელს ევაგრე სქოლასტიკოსის მიერ დაწერილი ეკლესიის ისტორია, სადაც დასახელებულია ღირსი დოროთეს თანამედროვე და მოძ-ღვარი, დიდი ბერი ბარსანოფი. ავტორი ამბობს: „ბერი ჯერ კიდევ ცოცხალია და სენაკშია განმარტოებული“. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმინდა დოროთე VI საუკუნის დამლევსა და VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოშობით ასკალონიდან იყო. როგორც მისივე სიტყვებიდან ირკვევა, ახალგაზრდობისას საკმაოდ საფუძვლიანი განათლება მიუღია: „ფილოსოფიას როცა ვსწავლობდი, დასაწყისში ძლიერ მიჭირდა: წიგნის ასაღებად რომ გავემართებოდი, ისეთი სურვილით მივდიოდი, როგორც მონადირე – ნადირის მოსაპოვებლად. რაკი მეტად მოწადინებული ვიყავი, ღმერთი შემეწია. მეცადინეობა იმდენად მექცა ჩვევად, რომ, სწავლის მხურვალებით შეპყრობილი, ვეღარც კი ვამჩნევდი, რას ვჭამდი ან ვსვამდი, ან როგორ ვიძინებდი“.

ღირსი დოროთეს თხზულებებიდან ცხადი ხდება, რომ მონაზვნურ ღვაწლს იგი ღირსი სერიდოს მონასტერში შესდგომია, იყო დიდი ბარსანოფის მოსწავლის, წინასწარმეტყველად წოდებული წმინდა იოანეს მორჩილებაში და, მამასახლისი სერიდოს განკარგულებით, მონასტრის მესტუმრედ მსახურობდა. მოგვიანებით თავისი ძმის შემწეობით აგებულ მონასტრის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა. თავგანწირული მოღვაწეობის შედეგად მიღწეული დიდი სულიერების გამო წმინდა იოანე წინასწარ-მეტყველმა მას დაავალა მოძღვრობა ღირსი დოსითესი, ვისი ცხოვრების აღწერას წიგნში რამდენიმე გვერდი ეთმობა. აბბა სერიდოსა და წმინდა იოანე წინასწარმეტყველის გარდაცვალებისა და ღირსი ბარსანოფის სრული დაყუდების შემდგომ, წმინდა დოროთე ღირსი სერიდოს მონასტრიდან წასულა და ცალკე მონასტერი დაუარსებია. ამ პერიოდში უნდა იყოს შექმნილი ის სწავლებები, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოაღწიეს და რომლებიც იმთავითვე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ მთელ საქრისტიანოში.

გთავაზობთ თანამედროვე ქართულ ენაზე გამართულ წმინდანის ცხოვრებასა და სწავლანს. იგი ბერძნულიდან ქართულ ენაზე უთარგმნია წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს († 1028 წ.) ათონის მთაზე, ივირონის ქართულ სავანეში. ეს ტექსტი არაერთხელ გადაუწერიათ სხვადასხვა ქართულ მონასტერში. ღირსი დოროთეს სწავლანი გვხვდება წმინდა მამათა მრავალ ეგზეგეტიკურ კრებულში გამოკრებილი, ანუ ფრაგმენტული ან შედარებით სრული სახით. წმინდა მამის სწავლანი ყველაზე სრულყოფილად მოღწეულია ხელნაწერებში: AთH-40 (X-XI სს.), AთH-41 (XI ს.) და A-1386 (XIX ს.). წინამდებარე წიგნისთვის დედნად უმთავრესად გამოვიყენეთ AთH-41. ვინაიდან ამ უკანასკნელში სწავლება „სიმდაბლისთვის“ დაუსრულებელია, ხოლო „სვინიდისისათვის“ – გამოტოვებული, ამიტომ აღნიშნული თავების ტექსტი AთH-40-ის მიხედვით იქნა შეჯერებული. ამრიგად, წინამდებარე წიგნის 43-ე გვერდის 24-ე სტრიქონამდე მეორე სწავლების ტექსტი დაზუსტებულია AთH-41 ხელნაწერის მიხედვით და შემდეგ AთH-40-ის მიხედვით გრძელდება, ხოლო მესამე სწავლება მთლიანად შესრულებულია AთH-40–ის მიხედვით. გარდა ამისა, ვერცერთ ძველ ხელნაწერში: AთH-40 (X-XI სს.), AთH-41 (XI ს.), A-126 (1586 წ.), A-146 (XIV ს.), A-57 (XVII ს.), A-116 (XVII ს.) ვერ მივაკვლიეთ მეათე სწავლებას „რათა შრომითა ფრთხილითა ვიდოდეთ გზათა ღვთისათა“. იგი მხოლოდ XIX საუკუნის ხელნაწერში A-1386-ში ვნახეთ, ისიც ნაწილობრივ. აღნიშნული წიგნი ვინმე მორჩილ მარკოზ ჯამბურიას ეკუთვნოდა, აკაკი შანიძეს ზედაზნის მონასტერში უნახავს და ხელნაწერთა ინსტიტუტისთვის გადაუცია. ერთ-ერთ თავფურცელზე მიწერილია: „ნაპოვნია იოანე ზედაძნელის მონასტერში. ა. შანიძე. 3/VI.1922“. როგორც აღვნიშნეთ, ხსენებულ ხელნაწერში მეათე სწავლება არ არის დასრულებული. გადამწერს იქვე დაურთავს შენიშვნა, რომ დედანიც ნაკლული ყოფილა. ამრიგად, მეათე სწავლების „რათა შრომითა ფრთხილითა ვიდოდეთ გზათა ღვთისათა“ დედნად 96-ე გვერდის 31-ე სტრიქონამდე გამოყენებულია A-1386 ხელნაწერი, ხოლო შემდეგ ტექსტი გრძელდება 1902 წელს გამოცემული წიგნის მიხედვით: „ღირსისა მამისა ჩუენისა აბბა დოროთესი სულთა სასარგებლონი სწავლანი“, ფოთი, სტამბა ლ. მ. ტუღუშისა, 1902. ამავე გამოცემის მიხედვით არის შეჯერებული წიგნის ბოლოს თანდართული წერილების ტექსტიც. მთელი მეათე სწავლება და წერილები XIX საუკუნის ქართული ენითაა დაწერილი. ეს გარემოება და ასევე ის, რომ აღნიშნულ თავებს უძველეს ქართულ ხელნაწერებში ვერ მივაკვლიეთ, გვაფიქრებინებს, რომ ისინი მხოლოდ მოგვიანებით, XIX საუკუნეში, ითარგმნა. 1902 წელს გამოცემული წიგნისთვის „ღირსისა მამისა ჩუენისა აბბა დოროთესი სულთა სასარგებლონი სწავლანი“ დედნად გამოუყენებიათ 1900 წელს ათონის მთაზე გადაწერილი ხელნაწერი (A-1139), რომელიც ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ხელნაწერს ახლავს მაკარი სქემოსნის მინაწერი: „წმიდა დოროთეს წიგნი ესე დაიწერა მ. მონაზონის ათანასესგან. და გავიდა რაოდენიმე დრო და მე, სქემმონაზონმა მაკარიმ ჩვენ ძველს ივერიის მონასტრის წიგნთსაცავში ვპოვე ერთი ძველი ხელთნაწერი ღ(ირსის) ექვთიმეს თარგმნილი და იქიდამ გადმოი-წერა მ. ათანასემ მონაზონმა, რომელიც დაბეჭდილ იქმნა 1902 წ. რაოდენიმე ასი ცალი“. სამწუხაროდ, აღნიშნულმა ხელნაწერმა ჩვენამდე ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია, მას მრავალი თავი აკლია.

წინამდებარე წიგნში თავები იმგვარად დავალაგეთ, როგორც 1902 წლის გამოცემაშია. რამდენადმე განსხვავებულია მათი თანამიმდევრობა ძველ ხელნაწერებში, მაგალითად, AთH-40-ში თავები შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:

1. ეპისტოლე ძმისა მიმართ, რომელსა ეთხოვნეს პოვნილნი იგი სიტყვანი წმიდისა მამისა ჩუენისა დოროთესნი;
2. ცხორება ნეტარისა მამისა ჩუენისა დოსითესი, რომელ იყო პირველ მოწაფე წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა დოროთესი, ოდეს ჯერეთ იყო იგი მონატერსა შინა მამისა სერიდოსა;
3. სწავლანი წმიდისა მამის დოროთესნი სიმდაბლისათვის;
4. სვინიდისისათვის;
5. შიშისათვის ღვთისა;
6. რათა არა მივენდვნეთ განზრახვათა და გულისხმისყოფასა ჩუენსა;
7. არა განკითხვისათვის მოყუსისა;
8. თავისა თვისისა განმართლებისათვის;
9. ძვირის ხსენებისათვის;
10. ტყუვილისათვის;
11. სწავლანი წმიდისა მამისა დოროთესნი, თითო სახენი მოწაფეთა თვისთა მიმართ, რაჟამს წარვიდა იგი მონასტრისაგან მამისა სერიდოსა, და აღაშენა მონასტერი თვისი ნებითა ღმრთისათა, შემდგომად აღსრულებისა მამისა იოვანე წინასწარმეტყველისა და სრულიად დადუმებისა წმიდისა მამისა ჩუენისა ბარსანოფისა; გამოსვლისათვის სოფლით;
12. რათა ვისწრაფდეთ მოწყუედად ვნებათა, ვიდრეღა იყვნენ მცირე და ვიდრე არღა დაჩუეულ იყვნენ სულნი ჩუენნი საქმესა მათსა;
13. შიშისათვის საუკუნოსა სარჩელისა;
14. რათა უშფოთველად და მადლობით მოვითმენდეთ განსაცდელთა;
15. აღშენებისათვის სულისა სათნოებათა და ვითარ ურთიერთას შეიწყობიან იგინი;
16. რომელსა აქუნდეს მსახურება ოსტიგნობისა;
17. მოსენაკეთა მიმართ, რაჟამს ჰკითხეს მას ურთიერთას მისლვისთვის;
18. უხუცესთა მიმართ მონასტრისათა, და თუ ვითარ ჯერ არს ბრძანება ძმისა და კუალად მათ ვითარ უხმს მორჩილება;
19. წმიდათა მარხვათათვის;
20. კითხვა მიგება ნეტარისა მამისა ჩუენისა დოროთესი მამისა იოვანეს მიმართ, რომელსა ეწოდა წინასწარმეტყუელ;
21. თქმული მისივე წმიდისა მამისა ჩუენისა დოროთესი სიტყუანი.

ვფიქრობთ, წინამდებარე წიგნი წმინდა აბბა დოროთეს ცხოვრებითა და სწავლებით დაინტერესებულ პირებს მოკრძალებულ სამსახურს გაუწევს. გვსურს, მკითხველს იმავე ულამაზესი სიტყვებით მივმართოთ, რომლებიც მორჩილ მარკოზ ჯამბურიას საკუთარი ხელით მიუწერია აბბა დოროთეს წიგნზე: „მიიღე ძირი მორჩილებისა და ფურცელი მოთმინებისა და ყვავილი სიწმინდისა, და შთაყარე ჭურჭელსა სიმდაბლისასა და დაასხ წყალი ცრემლთაგან მლოცველობისა, და დანაყე ფილასა შინა მდუმარებისასა, და განსცერე საცერით გულისხმის ყოფისათა სიყვარულისათა, და განაგრილე მარხვითა, და დამარილე ძმათ მოყვარებითა, და იხმიე კოვზით სულსა ზედა მდაბალთა და მშვიდთასა განისუენოს ყოველმან, ხოლო სული მეშ(ფ)ოთისა საყდარი არს ეშმაკისა“.


წერილი ძმისადმი,
ვინც ჩვენი წმინდა მამა დოროთეს
ნაპოვნი სიტყვები ითხოვა

ვაქებ შენს გულმოდგინებას და შევნატრი კეთილი საქმის მიმართ შენს სიბეჯითესა და მაგ შენს კურთხეულ, არა დიდებისმოყვარე, არამედ თავმდაბლობისმოყვარე სულს, ძმაო, სასურველო. რაკი ასეთი გულისტკივილით ეძებ და მთელი გულით აქებ ჩვენი ჭეშმარიტად სანატრელი წმინდა მამის საქმეთა და სიტყვათა, ღმერთს საჩუქრად რომ მოუცია ჩვენთვის, ცხადია, ღმერთი გიყვარს და სამარადისო ცხოვრებაზე ზრუნავ. როგორც დიდი გრიგოლი ამბობს: „სათნოების ქება მოშურნეობის წინამძღვარია, მოშურნეობას მოაქვს სათნოება, ხოლო სათნოება ნეტარჰყოფს კაცს“.

იმისთვის მიხარია და მახალისებს შენი ასეთი წარმატება, რომ დაემსგავსე მას, გულით მშვიდსა და მდაბალს, ვინც ცნობილ პეტრეს და მის მსგავსთა სოფლისგან განშორებაში მიჰბაძა. მანაც მსგავსადვე განიშიშვლა თავი სოფლის სიყვარულისაგან და თავი საღმრთო მამებს გადასცა, რათა მასაც შეძლებოდა, მაცხოვრისთვის კადნიერად ეთქვა: „აჰა, ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ“ (მათ. 19.27). ამიტომ ღვთის მიერ „აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი“ (სიბრძნ. 4.13).

იგი ხილულ უდაბნოში არ იმყოფებოდა, არცა ხორცისმჭამელ მხეცებზე ბატონობა მიაჩნდა დიდ რამედ, არამედ სულიერ მეუდაბნოეობას ეძებდა და სურდა, მთათა საუკუნოთა მიახლებოდა, რათა მათ მიერ საკვირველად განათლებულიყო და სულთა-მკვლელი გველ-მორიელის თავნი დაეთრგუნა, რასაც სწრაფად მიაღწია კიდეც ქრისტეს შეწევნით და მოწამეთა დარად საკუთარი ნების უარყოფით, რამაც უწინამძღვრა მას და მამათა უცდომელ გზასთან მიიყვანა. ნების უარყოფის შედეგად მას ტკბილად მიაჩნდა ის სანატრელი მსუბუქი ტვირთი და ტკბილი უღელი, რითაც ჩინებული და სიმართლესთან მიმყვანი თავმდაბლობის გზა დაისწავლა; მან სიტყვითაც და საქმითაც ისწავლა მამათა სიტყვა: „იყავი მოწყალე და მშვიდი!“ მათ მიერ ყოველგვარი სათნოებით შეიმკო, ამიტომ ნეტარს ნიადაგ ბაგეზე ეფინა ბერთა სიტყვები: „ვინც მიაღწია თავისი ნების უარყოფას, მან განსასვენებელ ადგილს მიაღწია“. ვინაიდან მან მიაგნო, რასაც ღირსად ეძებდა, კერძოდ, რომ ყოველგვარი ვნების ძირი ხორცთა სიყვა-რულია და რომ იგი ჩვენი ტკბილ-მწარე ნებითაა გაზავებული, ამიტომაც ნახა მან ეს მძაფრი წამალი და ამით ფესვებიანად დააჭკნო მისი საძაგელი რტოები, გახდა უკვდავების მამაცი მუშაკი, მოიპოვა ჭეშმარიტი ცხოვრება და მიწაში დამალული საუნჯე (შდრ. მათ 13), გულმოდგინედ ეძება, იპოვა და დაუშრეტელი სიმდიდრით გამდიდრდა მის მიერ.

მინდა, ჩემი ენა შესწვდეს და ჩემმა გონებამ დაიტიოს, რათა მრავალთა სარგებლობის მიზნით და სათნოების მაგალითის წარმოსაჩენად დაწვრილებით აღვწერო წმინდანის ცხოვრება, თუ როგორ განვლო ნეტარმა ეს დიდებული, ვიწრო და ფართო გზა. ვიწრო იმიტომ, რომ შეუმცდარი და განუბნეველი გონებით მიდიოდა ვიწრო ბილიკზე და გადაჩეხვისაგან ორივე მხრიდან დაიცვა თავი. ასე გვასწავლის ცხონების ამ ვიწრო გზაზე ღვთის დიდი მოყვარე ბასილი. ხოლო ფართო იმიტომ, რომ არ იყო შებოჭილი ამა ქვეყნის სიყვარულით, ღვთის მიერ თავისუფალი იყო მოღვაწეობაში და, რაც ყველაზე მთავარია, ჰქონდა ის მაღალი თავმდაბლობა, რითაც, დიდი ანტონის სიტყვისამებრ, ეშმაკის ყოველგვარ მახეს განერიდა. ჭეშმარიტად მასზე აღსრულდა დაწერილი: „ფართო არს მცნება შენი ფრიად“ (ფსალმ. 118.96).

მაგრამ ამ საქმეს, როგორც შეუძლებელს, თავი ვანებე, რადგან ვიცი, ნეტარის ყველა სიკეთის მოთხრობა არ შემიძლია. იგი ბრძენი ფუტკრის დარად აგროვებდა ყვავილს და, სადაც რამე საჭიროს ნახავდა, დაუზარელად ჰკრებდა და ყოველივე სიკეთეს ასწავლიდა დრო-ჟამის შესაფერისად. ამიტომ, ჰოი, ბრძენო, თუმცა კი გონებით გულმოდგინე ვარ, ჩემი უძლურება არ მანებებს, ხელი მივყო საქმეს, შენმა გამრჯე და სიკეთისმოყვარე სულმა რომ მიბრძანა. მინდობით აღვასრულე იგი, რადგან ურჩობის სიმძიმემ და სიზარმაცის სასტიკმა სასჯელმა შემაშინა, ამიტომ მოგართვით თქვენ, ბრძენ ვაჭრებს, ჩემთან დადებული ეს ტალანტი – ნეტარის სწავლანი, რაც გვიპოვნია და რაც მან თავისი მამებისგან ისწავლა, შემდგომ კი თავის მოწაფეებს დაუტოვა ისევე, როგორც ჩვენმა მაცხოვარმა და ღმერთმა დატოვა, რაც გააკეთა და ასწავლა. თუმცა მის ყველა ნათქვამს ვერ მივაკვლიეთ, მაგრამ ეს მცირეოდენიც, რასაც მივაგენით, თანაც სხვადასხვა ადგილას გაბნეულსა და ღვთის ნებით ბეჯითთა მიერ შეკრებილს, ეს მცირეც საკმარისია შენი სიწმინდისთვის, როგორც დაწერილია: „ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძენეს იყოს“ (იგავ. 9.8). და როგორი გულმოდგინე იყო წმინდა, რაჟამს ღვთის შეწევნით ერიდან გამოვიდა და თავისი გონებისამებრ შეუდგა ცხოვრებას! მამებთან ურთიერთობაში, უპირველეს ყოვლისა, ამჟღავნებდა ყოველგვარ ამქვეყნიურ ნივთთაგან სრულ სიშორეს, ჰქონდა მარტივი აღსარება, წმინდა სინდისი, განსაკუთრებით კი, გონივრული მორჩილება, რომელიც სარწმუნოებით იყო განმტკიცებული და სიყვარულით აღსრულებული. ძმების მიმართ იჩენდა სიმდაბლეს, არაკადნიერებას, სიწრფელეს, არ კამათობდა, მასში აღმოცენებული იყო განუკითხველობის ძირი და ჰქონდა თაფლზე უფრო ტკბილი სიყვარული. მსახურებაში იყო ბეჯითი და გონებაფხიზელი, ფრთხილი და უშფოთველი, მონასტრის ნივთების მიმართ – მზრუნველი, წესრიგიანი, კრძალული, არათავმომწონე.

ყველა ძმას რჩევით ეხმარებოდა. განსაკუთრებით ახასიათებდა თავმდაბლობა, ხალისიანობა, სულგრძელობა, წესიერება, ფრთხილი და სწავლისმოყვარე გონება. მაგრამ რაღა სათითაოდ ვასახელებ მის სათნოებებს, რადგან იმ კაცს ვგავარ, წვიმის წვეთებს ან ზღვის ტალღებს რომ ითვლის. ამიტომ ბეჭედს დავუსვამ ჩემს სიტყვას, ხოლო თქვენ გეტყვით ტკბილ სიტყვებს, რათა გაიხაროთ და გაიგოთ, თუ როგორი ცხოვრებიდან და ნეტარი მოღვაწეობიდან შეუდგა ღვთის განგებით სულების სწავლებასა და მათზე ზრუნვას მოწყალე და შვილთმოყვარე მამა, ვინც ჭეშმარიტად ღირსი იყო სულთა დამწყემსვისა, ვინც დიდი იყო გონიერებით და უზომოდ მიმტევებელი, ვინც დიდი იყო სიბრძნით და უაღრესად კრძალვამოსილი, ვინც მაღალი იყო ხედვით და უმაღლესი – სიმდაბლით, ვინც ღვთისგან მდიდარი იყო და გლახაკი – სულით, ვინც ტკბილი იყო სიტყვით და უტკბილესი – შეხვედრისას, ნებისმიერი სნეულების უებრო მკურნალი, ვინც მდიდრებსა და გლახაკებს, ბრძენთ და უსწავლელთ, მამაკაცებსა და დედაკაცებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს, მწუხარეთ დაAმხიარულთ, უცხოებსა და თავისიანებს, ერის კაცებსა და მონაზვნებს, მთავრებსა და ხელმწიფეებს, მონებსა და თავისუფლებს ღვთის მიერ მოცემული წმინდა სწავლება გადასცა, ტალანტი გაამრავლა, ყველასთვის ყველაფერი გააკეთა და მრავალი შეიძინა.

ახლა კი, საყვარელო, დადგა ჟამი, გითხრა ტკბილი სიტყვები. თუმცა წმინდანი მაღალი იყო სიბრძნით და სიტყვით – ძლიერი, ღვთის მცნების გამო თავმდაბლობა გამოიჩინა და ყველა მისი სიტყვა ადვილად გასაგებად და მსუბუქად გამოთქვა.

შენ კი ჰპოვე, რისთვისაც გაისარჯე და რაც გინდოდა. სიბრძნით განაშვენე შენი სიტყვები, შენთვის სასურველის ცხოვრებას მიჰბაძე და ჩემი მცონარებისთვის ილოცე. თავდაპირველად საჭიროა, ნეტარ დოსითეზე ვთქვა, ვინც მამა დოროთეს პირველი მოწაფე იყო სერიდოს მონასტერში ყოფნისას და ქრისტესნაირი მორჩილების ღვაწლს ეწეოდა.


 ცხოვრება ნეტარი მამა დოსითესი,  რომელიც ჩვენი წმინდა და ნეტარი მამა  დოროთეს პირველი მოწაფე იყო  მამა სერიდოს მონასტერში ყოფნისას

რაჟამს ჭეშმარიტად დიდი და ნეტარი ჩვენი მამა, წმინდა დოროთე, ერიდან გამოვიდა და მონაზვნად შედგა, მამა სერიდოს მონასტერში მივიდა. იქ დაყუდებული ნახა მრავალი დიდი მოღვაწე, რომელთა შორის იყო ორი დიდი მნათობი: წმინდა მამა ბარსანოფი და მისი მოწაფე და თანამოღვაწე, მამა იოანე, რომელსაც წინასწარმეტყველი ეწოდა ღვთისგან ბოძებული წინასწარმცნობელობის მადლის გამო.

მან ამ ორ ბერს შეავედრა თავი მთელი გულმოდგინებითა და მამა სერიდოს განზრახვით. იგი მამა იოანეს მომსახურების ღირსიც გახდა. იმხანად წმინდა ბერებმა გადაწყვიტეს, აეშენებინათ საავადმყოფო, რათა დასნეულებული ან სიბერისგან დაუძ-ლურებული ძმები არ დატანჯულიყვნენ.

ააგეს კიდეც უძლურთა და სნეულთა მოსასვენებელი სახლი ღვთის ნებითა და მამა დოროთეს ძმის დახმარებით (მას ჰყავდა ძმა, ღვთის მოშიში ერისკაცი და მონაზონთა დიდი შემწე). სხვა სულიერი ძმებიც მისცეს მამა დოროთეს თანაშემწედ, და გაამწესეს იგი უძლურებაში მყოფი ძმების მზრუნველად.

ერთ დღეს ღვთის განგებით მამა სერიდოს მეგობრები მოვიდნენ. თან მოიყვანეს მეტად მშვენიერი და ძვირფასად შემოსილი ვინმე ჭაბუკი. მამა სერიდოს უთხრეს: „ამ ჭაბუკს მონაზვნობა სურს შენთან“. მამა სერიდომ ცალკე გაიყვანა მამა დოროთე და უთხრა: „ამ კაცებმა ეს ჭაბუკი მოიყვანეს და ამბო-ბენ, აქ მონაზვნად შედგომა სურსო. მე კი ვშიშობ, იქნებ, რომელიმე ხელმწიფის ახლობელია, რამე აუგისთვისაა გამოქცეული, და თუ შეიტყვეს, განსაცდელში აღმოვჩნდებით; არც შესახედაობითა და არც ჩაცმულობით ჰგავს მონაზვნობის მსურველ კაცს“. ეს უკანასკნელი რომელიღაც ხელმწიფის მეტად საყვარელი პირი იყო, დიდ შვება-განცხრომაში აღზრდილი, არასდროს სმენოდა ღვთის სიტყვა თუ სულიერი საუბარი. ერთ დღეს ვიღაც კაცებმა იერუსალიმისა და სხვა წმინდა ადგილების შესახებ უამბეს. მასაც ქრისტეს აღდგომისა და წმინდა საფლავის თაყვანსაცემად და წასასვლელად გაუწია გულმა. ხელმწიფეს გაშვება სთხოვა. ამ უკანასკნელს არ უნდოდა მისი წყენინება, იერუსალიმში მიმავალი მეგობარი ნახა და უთხრა: „გამოიჩინე სიყვარული და რაკი სურს, ეს ჭაბუკი თან წაიყვანე წმინდა ადგილების მოსალოცად“. ისიც სიხარულით დაეთანხმა, თან წაიყვანა და დიდ პატივსა და განცხრომაში ჰყავდა. როცა იერუსალიმში მივიდნენ, უფლის წმინდა საფლავსა და ყველა წმინდა ადგილს თაყვანი სცეს. მივიდნენ გეთსიმანიაში, სადაც დახატული ჯოჯოხეთი იხილა.

ჭაბუკი იდგა და გაოცებული შეჰყურებდა. როცა მიბრუნდა, ნახა მის მარჯვნივ მდგარი იისფერი სამოსლით მოსილი ვინმე ქალბატონი, რომელიც გამოსახულებებს სათითაოდ უჩვენებდა, უხსნიდა მათ მნიშვნელობას და სულის საცხონებელ სიტყვასა და ღვთის შიშს ასწავლიდა.

ჭაბუკი უსმენდა და ძლიერ უკვირდა, რადგან, როგორც აღვნიშნე, ღვთის სიტყვა არ სმენოდა და არც ის, სატანჯველი თუ არსებობდა, და ჰკითხა: „დედოფალო, თუ ასეა, ვერავინ გადაურჩება ამ სატანჯველთ?“ მან უპასუხა: „იმარხულე, ნუ შეჭამ ხორცს და ევედრე ღმერთს, ცხონებისკენ წაგიძღვეს!“ როგორც კი მცნებები მისცა, გაუჩინარდა. მას შემდეგ ნეტარი დოსითე მარხვასა და ლოცვას შეუდგა.

არ ჭამდა ხორცს, არც ვინმესთან დადიოდა, როგორც სჩვეოდა, არამედ ყოველთვის დამწუხრებული, მგლოვიარე, მტირალი და მდუმარე იყო. მასთან მყოფები ხედავდნენ ამას, უკვირდათ და ევედრებოდნენ გულის წადილის გამხელას. როცა საქმეში გაერკვნენ, უთხრეს: „ბატონო, როგორც შენ იქცევი, არ შეჰფერის კაცს, ვისაც ერში, მით უმეტეს, ხელმწიფესთან ყოფნა სურს. თუ ასეთი ცხოვრება გწადია, მონასტერში წადი, რათა სული სრულად იცხოვნო“. მანაც უთხრა: „მაშ, გამოიჩინეთ ღვთის სიყვარული და წამიყვანეთ, სადაც იცით“.

როგორც ადრე ვახსენე, ზოგიერთი მათგანი მამა სერიდოს იცნობდა. მოვიდნენ მონასტერში, თან ის ჭაბუკიც მოიყვანეს. დავუბრუნდეთ უწინდელ თხრობას: მამა სერიდომ მამა დოროთეს უთხრა: „გამოიჩინე სიყვარული, წადი და გაიგე ამ ჭაბუკის ჩანაფიქრი“. წავიდა მამა დოროთე, დაელაპარაკა და დაწვრილებით გამოჰკითხა. რაკი სამონაზვნო საუბრისა არაფერი გაეგებოდა, მხოლოდ ამას ამბობდა: „მინდა, ვცხონდე და ჩემი სული სატანჯველს გადაურჩეს“. მაშინ მამა დოროთე მივიდა მამა სერიდოსთან და მოახსენა: „თუ ამ ჭაბუკის მიღება გსურს, ნურას ერიდები, მასში ზაკვა არ არის, არამედ ღმერთს სურს მისი ცხონება“. მაშინ მამა სერიდომ უთხრა: „თუ ასეა, გამოიჩინე საყვარული, შენთან იყოს, რათა ცხონდეს. მისი ძმებთან ყოფნა არ მინდა“. მამა დოროთემ თავმდაბლობის გამო მიუგო: „სხვისი სიმძიმის ტვირთვა არ შემიძლია, საკუთარიც ვერ მიტვირთავს“. მამა სერიდო თავის სიტყვაზე დადგა და აიძულებდა მას.

მაშინ მამა დოროთემ უთხრა: „მაშ, თუ გსურს, მიბრძანე, რომ მამა ბარსანოფის ვკითხო“. მამა სერიდომ უთხრა: „კეთილი, მაშ, მე ვეტყვი“. წავიდა და საქმის ვითარება მოახსენა დიდ მამა ბარსანოფის. მამა ბარსანოფიმ უთხრა მამა დოროთეს: „მიიღე ეს ჭაბუკი, რადგან ღმერთს შენით სურს მისი ცხონება“. მამა დოროთემაც დიდი გულმოდგინებით მიიღო იგი.

უძლურთა მსახურება უბრძანა. ისიც გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველას. სახელად დოსითე ერქვა, რაც ღვთისგან მოცემულს ნიშნავს. ერთ დღეს მამა დოროთემ უბრძანა: „საღამომდე იმარხულე, შემდეგ მაძღრივ ჭამე პური და რამდენსაც შეჭამ, მითხარი“. ასეც მოიქცა. მივიდა და მამა დოროთეს მოახსენა: „ერთნახევარი პური ვჭამე“.

ერთნახევარი პური ექვსასს იწონიდა. მამა დოროთემ უთხრა: „ჭამე ერთი პური და მეორის მეოთხედი. მეორე მეოთხედი ორად გაყავი და დღითი დღე ჭამე“. ისიც ასე მოიქცა. გამოხდა გარკვეული ხანი. მამა დოროთემ ჰკითხა: „გშია, შვილო?“ დოსითემ მიუგო: „ჰო, მამაო, ცოტათი მშია“. რამდენიმე დღის შემდეგ ჰკითხა: „ისევ გშია?“ მიუგო: „შენი ლოცვით, არა, მამაო“. მაშინ კვლავ უთხრა: „მეოთხედს ნახევარი მოაკელი“. ასეც მოიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა: „ის მეოთხედიც მოაკელი და მხოლოდ ერთი პური ჭამე“. თანდათან ისიც შეამცირებინა, და ასე, ღვთის შეწევნით, ექვსასიდან ოთხმოც საწონამდე დაიყვანა, რადგან ჭამაც ჩვეულებაზეა დამოკიდებული.

ნეტარი დოსითე ყველანაირ მსახურებაში ფრთხილი იყო და ყველაფერს წრფელად, გულმოდგინედ ასრულებდა. უძლურებს კარგად, რწმენით ემსახურებოდა, და ყველა მოსვენებით იყო.

თუ განრისხდებოდა და ძმას უხეშად მიმართავდა, მყისვე თავს ანებებდა ყველაფერს, შედიოდა საკუჭნაოში, ჯდებოდა და ტიროდა. მოდიოდნენ სხვა ძმები, ამშვიდებდნენ, მაგრამ ამაოდ. მაშინ მიდიოდნენ და მამა დოროთეს ეუბნებოდნენ: „გამოიჩინე სიყვარული, მამაო, ნახე, რა სჭირს იმ ძმას, ასე მწარედ რომ ტირის“.

როცა მამა დოროთე შედიოდა, მას მიწაზე მჯდომსა და მტი-რალს პოულობდა. ეუბნებოდა: „რა მოხდა, დოსითე? ასე რატომ ტირი?“ ის კი მიუგებდა: „შემინდე, მამაო, რადგან განვრისხდი და ძმას რისხვით მივმართე“. მაშინ მამა დოროთე ეუბნებოდა: „არ გრცხვენია, ასე რომ მრისხანებ და შენს ძმას რისხვით მიმართავ?! არ იცი, რომ იგი ქრისტეა და ქრისტეს შეაწუხებ?“ ის კი მხოლოდ ტიროდა და სხვას არაფერს ამბობდა. როცა მამა დოროთე ნახავდა, რომ ბევრი იტირა, ეტყოდა ხოლმე: „ადექი, ღმერთმა შეგინდოს! ამიერიდან ფრთხილად იყავი და ღმერთი შეგეწევა“. ამ სიტყვებს იგი ისეთი რწმენით იღებდა, თითქოს ღვთისგან ისმენდა, სასწრაფოდ წამოდგებოდა და თავის მსახურებას უბრუნდებოდა. ძმებმა შეიტყვეს მისი წესი და როცა კი მტირალს ნახავ-დნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაცაში შეცდა და ნეტარ დოროთეს ეუბნებოდნენ.

ისიც, როცა ნახავდა, ხვდებოდა, ვიღაცას უხეშად რომ დაელაპარაკა და ეუბნებოდა: „რა არის, დოსითე? ისევ შეაწუხე ქრისტე? ისევ განურისხდი ძმას? არ გრცხვენია?“ დოსითე ვერაფერს პასუხობდა, რადგან მწარედ და გულამოსკვნით ტიროდა. ნეტარი დოროთე ამგვარ ყოფაში რომ ნახავდა, კვლავ ეუბნებოდა: „ადექი, შვილო, ღმერთმა შეგინდოს, თავიდან დაიწყე და ფრთხილად იყავი!“ ისიც კვლავ წამოდგებოდა ხოლმე და სიხარულით უბრუნდებოდა მორჩილებას.

მას აღსარების ასეთი ჩვეულება ჰქონდა: თუ სნეულებს ლოგინს დაუგებდა და წმინდა დოროთე გამოივლიდა, ეუბნებოდა: „შემინდე, მამაო, რადგან გული მეუბნება, ლამაზად ვაგებ“.

ისიც ეტყოდა ხოლმე: „ეს აზრი ამპარტავნებისგან არის, შვილო, და შენს შრომასა და მსახურებას ამაოდ ეწევი“. არასდროს აძლევდა უფლებას, თავისი ნება აესრულებინა ან რამე ნივთი ჰქონოდა, რომელიც მოსწონდა. ისიც ყველაფერს სიხარულით ღებულობდა. ერთხელ მამა დოროთემ ნახა, რომ შიშველი იყო. მისცა სამოსელი და უბრძანა: „აიღე ეს, შვილო, შეკერე, სათანადოდ მორთე და ჩაიცვი“. მანაც გამოართვა და შეკერა.

მამა დოროთემ ჰკითხა: „რა უყავი ტანსაცმელი?“ დოსითემ მიუგო: „მამაო, როგორც მიბრძანე, კარგად შევკერე“. „ამა და ამ ძმას მიეცი!“ – უთხრა. მანაც სიხარულით მისცა. კვლავ მისცა სხვა, და როცა შეკერა, უბრძანა: „მიეცი ამა და ამ სნეულს!“ მან ისიც სიხარულით მისცა. ნეტარს არასდროს დაუჩივლია, მე თავად მჭირდება, შემიკერავს, იგი კი სხვებს აძლევს და მე შიშველს მტოვებსო ჩემი შრომის შემდეგ. გულშიც კი არ გაივლებდა ამგვარ აზრს, არამედ რასაც წმინდა დოროთე უბრძანებდა, ისე ღებულობდა, თითქოს თვით ღვთისგან ესმოდა და არა კაცისგან.

ერთმა კაცმა ნეტარ დოსითეს დანა მისცა. მან წმინდა დოროთეს წაუღო და უთხრა: „ამა და ამ ძმამ ეს დანა მომცა. თუ მიბრძანებ, დავიტოვებ, რადგან ძალიან კარგი რამ არის და კარგად ჭრის“. ნახა ბერმაც და მოეწონა, მაგრამ წმინდანი არასდროს იჩერებდა ნივთს, რომელიც გულით მოსწონდა. უთხრა ნეტარ დოსითეს: „დოსითე, დანის მონობა გსურს, და არა ქრისტესი? არ შეგრცხვება, ამის გამო ანგარების ეშმაკი რომ დაგეუფლოს, რაც იგივე კერპთმსახურებაა?“

ნეტარი მიწას დასჩერებოდა თავდადრეკილი და ბერის შეხედვასაც ვერ ბედავდა. ამ სიტყვების შემდგომ მისცა დანა და უთხრა: „წაიღე და საავადმყოფოში დადე, ძმებმა რომ გამოიყენონ. შენ კი ნუ იხმარ, არც კი აიღო!“ ნეტარი დოსითე იმდენად იცავ-და ბერის ბრძანებას, რომ, თუ სთხოვდნენ, მისაწოდებლადაც კი არ გაწევდა ხელს, მხოლოდ უჩვენებდა და ეუბნებოდა: „გამოიჩინე სიყვარული და თვითონ აიღე, ძმაო“. ყველა ძმა ხმარობდა დანას, ის კი საერთოდ არც ეხებოდა. გულშიც კი არ დაიჩივლებდა, ყველა იყენებს და მარტო მე გავცვითავო? რასაც გაიგებდა, ყველაფერს სიხარულით ასრულებდა. ასე კეთილად გაატარა მან მცირეოდენი ჟამი მონასტერში. მხოლოდ ხუთი წელი იყო მონასტერში და აღესრულა. სიხარულით მივიდა უფალთან, რად-გან თავის ნებას არ იჩენდა არც დიდში, არც მცირეში, არამედ ყველაფერს სიხარულით და წრფელად აკეთებდა ბერის ნებით.

დასნეულდა იგი მძიმე და სასტიკი სენით, რითაც გარდაიცვალა კიდეც, რადგან სისხლს ანთხევდა. ეს დაავადება იყო დურბელა. ვიღაცამ უთხრა, ამ სნეულებას კვერცხი უხდებაო. უთხრა მამა დოროთეს: „მამაო, მავანისგან შევიტყვე, თუ რა უხდება ჩემს დაავადებას, მაგრამ არ მინდა, მომცე, რადგან მასზე ფიქრი მტანჯავს“. მამა დოროთემ უთხრა: „მითხარი მხოლოდ, რომ ვიცოდე, რა არის იგი?“ დოსითემ უპასუხა: „შემპირდი, რომ არ მომცემ, რადგან ის ძალიან მსურს და გულით მწადია“. მამა დოროთემ მიუგო: „კეთილი, შვილო, როგორც გსურს, ისე მოვიქცევი“. მაშინ უთხრა: „მამაო, გავიგე, რომ ამ დაავადებას კვერცხი უხდება, მაგრამ შენს სიწმინდეს ვევედრები, თუ შეიძლება, არ მომცე ჩემი სურვილის გამო“. უთხრა მამა დოროთემ: „ნუ წუხხარ, რადგან არ გსურს, არ მოგცემ. ღმერთმა შეიწიროს შენი ღვაწლი!“ მამა დოროთე კი ცდილობდა, კვერცხის ნაცვლად სხვა რამ უფრო სასარგებლო წამალი მიეცა.

ნახეთ, ძმებო, რა საშინელ, მძიმე მდგომარეობაშიც კი იბრძოდა, რათა წინაღდგომოდა თავის ნებას. ნიადაგ ღმერთს იხსენებდა, რადგან წმინდა დოროთეს მისთვის ნაბრძანები ჰქონდა, ყოველთვის ეთქვა: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე! ძეო ღვთისაო, შემეწიე მე!“ როცა დამძიმდა, წმინდა დოროთემ უთხრა: „ყურადღებით იყავ, დოსითე, არ შეწყვიტო ლოცვა!“ „შენი წმინდა მადლით ვლოცულობ, მამაო“, – უპასუხა მან. როცა უფრო მეტად დამძიმდა, კვლავ ჰკითხა წმინდა დოროთემ: „რა არის, დოსითე, შეგიძლია ლოცვა?“ ნეტარმა დოსითემ მიუგო: „ჰო, მამაო, შენი ლოცვით ჯერ კიდევ ვლოცულობ“.

როცა იმდენად დამძიმდა, რომ საწოლშიც ვეღარ ინძრეოდა, მამა დოროთემ ჰკითხა: „როგორ მიდის ლოცვა, დოსითე?“ მიუგო: „შემინდე, მამაო, აღარ შემიძლია ლოცვა“. წმინდა დოროთემ უთხრა: „შვილო, დაანებე ლოცვას თავი, მხოლოდ ღმერთი გახსოვდეს და თვალწინ გყავდეს“.

როცა ძლიერ გაუჭირდა, მამა დოროთეს უთხრა: „თუ საჭიროდ მიგაჩნია, მამაო, უთხარი მამა ბარსანოფის, ღმერთს სთხოვოს, ამ ცხოვრებიდან გამიყვანოს, რადგან აღარ შემიძლია“. დოროთემ დიდ მამა ბარსანოფის უთხრა. მამა ბარსანოფიმ შეუთვალა: „მოითმინე, შვილო, ახლოსაა ღვთის წყალობა!“

რამდენიმე დღის შემდგომ კვლავ უთხრა მამა დოროთეს: „თუ გნებავს, მამაო, უთხარი წმინდა ბარსანოფის, რომ აღარ შემიძლია. ევედროს ღმერთს, წამიყვანოს!“ მაშინ წმინდა ბარსანოფიმ შეუთვალა: „ახლა კი, შვილო, წადი მშვიდობით, წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიე!“

მაშინ მიაბარა თავისი წმინდა სული უფალს. მონასტრის ძმებმა გაიგეს დიდი ბერის სიტყვები, რომ უთხრა: წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიეო. ძლიერ გაუკვირდათ. ზოგიერთმა თქვა: „რა ღვაწლს ეწეოდა ეს ძმა, ბერისგან ასეთი სიტყვების ღირსი რომ გახდა? ვხედავდით, არას მოღვაწეობდა, სხვა ძმების დარად არც ორ-ორი დღე მარხულობდა, არც ზარის დარეკვამდე იღვიძებდა, არცა სხვა რამ ღვაწლი გვიხილავს. ზარების დარეკვის შემდეგ დგებოდა და ხშირად ორი კანონის შემდგომაც მოდიოდა ეკლესიაში. პურს ყოველდღე ჭამდა. თუ ავადმყოფებს ცოტა თევზი დარჩებოდათ, იმასაც ჭამდა. როგორღა გახდა ამ წმინდა და დიდი ბერის ასეთი სიტყვების ღირსი?“ მათ არ იცოდნენ მისი დიდი და უსიტყვო მორჩილების შესახებ.

მამა დოროთეს ხუმრობითაც რომ ეთქვა რამე, იგი სიმართლედ და მისი სულისთვის დიდად სასარგებლოდ მიიჩნევდა. ერთ დღეს წმინდა დოროთემ ხუმრობით უთხრა: „დოსითე, საწებელი გჭირდება“. მან სიმართლედ მიიღო, არაფერი უპასუხა, არ მინდა ან რატომ მეუბნები, საწებელი გჭირდებაო.

წმინდას იმდენად დაემორჩილებინა თავისი გონება, რომ წმინდა დოროთეს ნათქვამს საერთოდაც არ ჩაეძიებოდა ხოლმე, ყველაფერს ისე უყოყმანოდ და გამოუძიებლად ღებულობდა, თითქოს ღვთის პირიდან ესმოდა. როგორც კი წმინდა დოროთემ უთხრა, საწებელი მიიღეო, მყისვე გაემართა, გააკეთა საწებელი, მოიტანა და ბერს საკურთხებლად გაუწოდა. წმინდა დოროთეს ძლიერ გაუკვირდა მისი უსიტყვო მორჩილება, სარწმუნოება და სიწრფელე. „გიჟი ხარ და არ იცი, რას აკეთებ“, – უთხრა მას დოროთემ. ნეტარი დოსითე მაშინღა მიხვდა, ხუმრობით მითხრაო. მუხლი მოიდრიკა, წავიდა და ქვევით დადგა. ერთხელ ნეტარმა დოსითემ წმინდა დოროთეს წმინდა წერილის რომელიღაც სიტყვის განმარტება სთხოვა. ბერს არ უნდოდა, მას გაეგო იგი და უთხრა: „არ ვიცი, მამა სერიდოს ჰკითხე.“ მამა დოროთემ მამა სერიდოს ცალკე უთხრა: „თუ დოსითე რამე სიტყვის საკითხავად შენთან მოვა, ძალიან გაუბრაზდი“.

როცა დოსითე მამა სერიდოსთან მივიდა და იმ სიტყვის განმარტება სთხოვა, იგი მაშინვე განურისხდა და უთხრა: „როგორ ბედავ ამის კითხვას და არ ზრუნავ შენი უწმინდურობისთვის?“ – ორჯერ გაარტყა სახეში და გამოუშვა.

ის კი მამა დოროთესთან მოვიდა და ცემისგან გაწითლებული ლოყა უჩვენა. არ უთქვამს, შენ რატომ არა მამხილე, ვიდრე მასთან გამგზავნიდიო, არც დრტვინავდა, არამედ ყველაფერს სიხარულითა და მადლობით ასრულებდა.

დიდი ნდობა ჰქონდა წმინდა დოროთესი. როცა თავის განზრახვაზე ჰკითხავდა, რასაც უბრძანებდა, ისე იღებდა, თითქოს ღვთის პირიდან ესმოდა, არ ივიწყებდა და იმდენად იცავდა, რომ თავის ცხოვრებაში ერთსა და იმავე ზრახვაზე კითხვა ორჯერ არასდროს დაუსვამს ბერისთვის. როგორც ადრე ვახსენე, ბევრს ძალიან გაუკვირდა წმინდა ბარსანოფის სიტყვები: წადი, წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიეო. ამბობდნენ: „რა ღვაწლი ჰქონდა? არ გვინახავს, დიდად რომ ემარხულა, ან ელოცა, ან მღვიძარებაში ყოფილიყო, არც ისეთი სიმამაცე ჰქონდა“.

ამიტომაც ინება ღმერთმა და განაცხადა მისი დიდება, მორჩილების გამო რომ მოუმზადა, და ის მადლიც, წმინდა დოროთეს რომ ჰქონდა სულთა საცხონებლად, ვინც ასე სწრაფად აცხოვნა იგი და უცდომლად წარგზავნა ღვთის წინაშე.

მისი აღსრულებიდან გარკვეული ხნის შემდგომ ერთმა დიდმა ბერმა მოისურვა, მონასტრის გარდაცვლილი ძმები ეხილა. ღმერთს შეევედრა, ყველანი ეჩვენებინა. ერთად იხილა ყველა დიდ დიდებაში. მათ შორის ნახა ვინმე მშვენიერი ყმაწვილი დიდი პატივით, რომელსაც თავზე ბრწყინვალე და მეტად ძვირფასი გვირგვინი ედგა. ბერმა ვერ იცნო იგი. ანგელოზს, რომელმაც იქ მიიყვანა, ჰკითხა: „უფალო, ჩვენი მონასტრის ყველა ამ მამას ვიცნობ, მაგრამ მიბრძანე, ვინ არის ეს გვირგვინოსანი ყმაწვილი, მათ შორის რომ დგას?“

ანგელოზმა უპასუხა: „ეს დოსითეა, ვინც მორჩილებისთვის იღ-ვაწა და ქრისტესა და მოძღვრის სიყვარულისთვის მთელი თავისი ნება უარყო“. როცა ბერი ჩვენებისგან გამოერკვა, ეკლესიაში მივიდა და ყველაფერი მამებს მოახსენა. დიდად გაკვირვებულმა მამებმა მადლი შესწირეს ღმერთს. ნახეთ, ძმებო, როგორი ცხოვრებიდან რა სიმაღლეს მიაღწია მან, და ხანმოკლე ღვაწლით უჭკნობი გვირგვინი და წარუვალი დიდება მიიღო ქრისტესგან, რადგან მორჩილება გამოიჩინა და სრულიად უარყო თავისი ნება ღვთისთვის, ვისიც არის სუფევა, ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


 წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისთვის,  რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა  და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს  გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის,  ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა პირველი

ერიდან გამოსვლის შესახებ

თავდაპირველად, როცა ღმერთმა კაცი შექმნა, სამოთხეში დაამკვიდრა, ყოველგვარი სათნოებით შეამკო და მცნებად მისცა, არ ეჭამა იმ ხის ნაყოფი, შუა სამოთხეში რომ იყო. იმყოფებოდა იგი შვებასა და ლოცვაში, ყოველგვარ სიკეთეს განიცდიდა, წმინდა გრძნობები ჰქონდა, იყო ბუნებრივ მდგომარეობაში, როგორც ღმერთმა დაბადა, რადგან ღმერთმა თავის ხატად, ანუ უკვდავი, თავისი თავის ბატონი და ყოველგვარი სათნოებით შემკული შექმნა კაცი.

მაგრამ, როცა მცნება დაარღვია და იმ ხის ნაყოფი იგემა, ღმერთმა რომ უბრძანა, არ ეჭამა, სამოთხიდან გამოაძევეს, რადგან ბუნებრივი მდგომარეობიდან დაეცა, ცოდვაში, დიდებისმოყვარეობასა და ამსოფლიურ გემოთმოყვარეობაში ჩავარდა. სხვა ვნებებმაც სძლია, რადგან მცნების დარღვევით საკუთარი ნებით დაემონა მათ.

მაშინ აღორძინდა უკეთურება, სუფევდა სიკვდილი, აღარსად იყო ცოდნა ღვთისა და ყველგან უგულისხმოება იყო ღვთისა. ცოტა ვინმემ, ვინც ბუნებრივ რჯულს იცავდა, თუ იცოდა ღმერთი, როგორებიც იყვნენ აბრაამი და სხვა მამამთავრები: ნოე, იაკობი. ასეთები მეტად იშვიათად იყვნენ.

მაშინ განავრცო ეშმაკმა მთელი თავისი უკეთურება და გამეფდა ცოდვა. დაიწყო კერპთმსახურების, მრავალღმერთიანობის, კაცისკვლის, გრძნეულებისა და ყველგვარი უკეთურების ბატონობა. მაშინ სახიერმა ღმერთმა შეიწყალა თავისი ქმნილება და მისცა მოსეს მიერ დაწერილი რჯული, რომელშიც ზოგიერთი საქმე აძაგა და ზოგი – შეაქო.

ეს კი ნიშნავს: ეს გააკეთეთ, ის არ გააკეთოთ, რადგან მეყვსეულად ამბობს: „უფალი ღმერთი შენი მხოლო უფალი არს“ (2სჯულ. 6.4). ეს იმიტომ თქვა, რომ ადამიანთა გონება მრავალღმერთიანობისგან განეშორებინა. კიდევ ამბობს: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა… და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათ. 22.37). ყველგან ამბობს, რომ ღმერთი ერთია და სხვა არ არსებობს. თქვა რა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი“, ამ სიტყვებით აჩვენა, რომ ღმერთი ერთია და ერთია უფალი. ასევე, ათ მცნებაშიც ამბობს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანისცე, და მას მხოლოსა შეეყო და სახელსა მისსა ჰმონებდე (შდრ. 2სჯულ. 6.13). კიდევ ამბობს: „არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა, არცა ყოველი მსგავსება, რაოდენი ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე“ (გამოსვლ. 20.3-4). ეს იმიტომ თქვა, რომ იმ დროს ადამიანები ქმნილებებს ემსახურებოდნენ, და არა შემოქმედს.

და სახიერმა ღმერთმა დახმარების, მოქცევისა და გამოსწორების მიზნით მისცა რჯული, მაგრამ არ გამოსწორდნენ. მოუვლინა წინასწარმეტყველები. ვერც ამათ განკურნეს დიდი წყლული, რადგან ბოროტება გამრავლებულიყო, როგორც ესაია ამბობს: „არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძვილი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი“ (ეს. 1.6). თქმული ნიშნავს: ბოროტება არ არის მცირე, არც ერთ ადგილასაა, რომ განვკურნოთ, არამედ მთელ სხეულს, ანუ სულს მოსდებია. ყველაფერი ცოდვას დაუმონებია და დაუპყრია. იერემია ამბობს: „ვჰკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა“ (იერ. 51.9), შენი სახელი გამოვუცხადეთ და მოვუთხრეთ შენი მცნებების, ქველმოქმედებების, აღთქმების შესახებ, წინასწარ ვაუწყეთ მტრის მოსვლა. ყოველივე ეს ვუყავით ბაბილონს და არ განიკურნა, ანუ არ შეინანა, არ შეშინდა, უკეთურებისგან არ მოიქცა. სხვა ადგილას ამბობს: წურთა არ შეიწყნარეს (შდრ. იერ. 2.30), არც სწავლება, არც მხილება. ფსალმუნში ნათქვამია: „ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა“ (ფსალმ. 106.18).

მაშინ სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა, რადგან ამგვარი სენის განკურნება მხოლოდ ღმერთს შეეძლო. წინასწარმეტყველებმა იცოდნენ ეს, ამიტომ ამბობდა დავითი: რომელი ჰზი ქერობინთა ზედა… განცხადე და აღადგინე ძლიერება შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა (შდრ. ფსალმ. 79.2,9). კიდევ ამბობს: „უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოÃედ“ (ფსალმ.143.5). ბევრი სხვა მსგავსი სიტყვა თქვეს ამან და სხვა წინასწარმეტყველებმა. ზოგი მოსვლას ევედრებოდა, ზოგი დარწმუნებული იყო და ამბობდა, რომ მოვიდოდა.

მოვიდა ჩვენი უფალი და ჩვენ გამო ადამიანი გახდა, რათა, როგორც წმინდა გრიგოლი ამბობს, მსგავსით მსგავსი განკურნოს, სულით – სული, ხორცით – ხორცი. ცოდვის გარდა, ყველაფრით კაცი გახდა, მიიღო ჩვენი არსება – ჩვენი ცდუნების დასაბამი, გახდა ახალი ადამი, მისივე შექმნილის ხატი, განაახლა ჩვენი ბუნება, განწმინდა გრძნობები, როგორიც თავდაპირველად იყო. რაჟამს განკაცდა, დაცემული კაცი განაახლა, ცოდვისგან გაათავისუფლა დამონებულნი და მისგან ჩაგრულნი, რადგან მტერს დაეჩაგრა კაცი და დაჰპატრონებოდა მას. ვისაც ცოდვა არ ეწადა, ისინიც უნებლიეთ სცოდავდნენ.

როგორც მოციქული ამბობს: „რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7.19). როცა ღმერთი ჩვენ გამო კაცი გახდა, ადამიანი მტრის მონობისგან გაათავისუფლა, რადგან მთელი მისი (მტრის – რედ.) ძალა შემუსრა, მისი მხნეობა მოაუძლურა, მისი მონობისგან გვიხსნა, მისი ხელიდან გამოგვიტაცა, და თუ ჩვენ თავად არ მოვიწადინებთ ცოდვას, ვეღარავინ გვაიძულებს, რადგან ყოველგვარი ცოდვისგან განგვწმინდა. მაგრამ სახიერმა ღმერთმა იცოდა, რომ ნათლისღების შემდგომ კვლავ ჩავიდენდით ცოდვას, როგორც დაწერილია: კაცი სიჩჩოითგან მისით არს მალე ცოდვისა მიმართ (შდრ. დაბ. 8.21), ამიტომ თავისი სახიერებისამებრ მოგვცა წმინდა მცნებები, რათა, რომც შევცოდოთ, თუ მოვიწადინებთ, მისი მცნებების დაცვით არა მარტო ცოდვებისგან, არამედ ვნებებისგანაც კი შევძლოთ განწმენდა. ცოდვა სხვაა და სხვაა ვნება. ვნებებია: გულისწყრომა, პატივმოყვარეობა, გემოთმოყვარეობა, სიძულვილი, ბოროტი გულისთქმა, და ამის მსგავსნი. ხოლო ცოდვა ისაა, როცა კაცი საქმით ასრულებს ვნებას და ხორციელად ჩადის მას. ბევრს აქვს ვნებები, მაგრამ საქმით არ ასრულებს.

მოგვცა მცნებები, რომლებიც ჩვენში არსებული ვნებებისგანაც გვწმენდენ, გვიჩვენა ბოროტებისა და სიკეთის გზა, და გვითხრა, თუ რას მივყავართ ცოდვამდე. რჯული ამბობს: არ იმრუშო. უფალი კი ამბობს: გულისთქმაც კი არ მიიღო, რადგან თუ გულისთქმა გექნა, თუნდაც დღეს არ მოიმოქმედო, რაკი შენშია, ბოლოს მაინც დაგცემს. თუ ძმის მიმართ გულისწყრომა გაქვს, ოდესღაც ძაგებასაც დაიწყებ და, ამგვარად, თანდათან კაცისკვლამდეც მიხვალ. რჯული ასევე ამბობს: „თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ“ (ლევ. 24.20). უფალი კი გვამცნებს, როცა ლოყაში გვარტყამენ, არა მარტო მოვითმინოთ, არამედ მეორეც მივუშვიროთ სიმდაბლით.

მაშინ რჯული ამბობდა, რათა ამის შიშით არავის ჩაედინა ბოროტება, ამჯერად კი ცდილობს, ჩვენგან გავაძევოთ სიძულვილი, გემოთმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა. ჩვენს მეუფეს, ქრისტეს ნებავდა, ეჩვენებინა, თუ როგორ ჩავცვივდით ყველა ამ ცოდვაში და როგორ მივედით ამ საშინელ დღემდე. პირველად, როგორც ვთქვი, წმინდა ნათლისღებით გაგვათავისუფლა ჩვენი ცოდვებისგან, მოგვცა ძალაუფლება, არ ვსცოდოთ, თუ მოვისურვებთ, რადგან ეშმაკი უწინდელივით უნებლიეთ ვეღარ ჩაგვადენინებს ცოდვას.

მაშინ ჩვენი ცოდვების საბლით ვიყავით შეკრულნი, უფალმა კი მოგვცა მცნებები, რომლებიც ვნებებისგან გვწმენდენ, რათა კვლავ ძველ ცოდვებში არ ჩავვარდეთ. ჯერ გვიჩვენა მიზეზი, რომელსაც ღვთის მცნებების ურჩობასა და უგულებელყოფამდე მივყავართ, შემდეგ კი წამალიც მიგვითითა, რითიც მათი განკურნებაა შესაძლებელი. და რა მკურნალობაა ეს ან რა მიზეზით მივდივართ ღვთის მცნებების უგულებელყოფამდე? ნახეთ, რას ამბობს უფალი: ჩემგან ისწავლეთ, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენება სულთა თქუენთა“ (მათ. 11.29). აჰა, ძმებო, ერთი სიტყვით გვიჩვენა ყოველი ბოროტების ძირი, და გვიჩვენა წამალიც – ყოველი სიკეთის ძირი; რადგან სიამაყემ დაგვცა და შეუძლებელია წყალობის სხვაგვარად მოპოვება, თუ არა მისი საწინააღმდეგოთი, ანუ თავმდაბლობით.

სიამაყე ღვთის მცნებების უგულებელყოფასა და უკეთურ ურჩობას ბადებს, ხოლო თავმდაბლობა – მორჩილებასა და სულის ცხონებას. სიტყვიერ ან გარეგნულ თავმდაბლობაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ ჭეშმარიტ თავმდაბლობაზე, კაცის გონებაში რომ მკვიდრდება.

ვისაც სურს, ცხონდეს, თავმდაბლობა ისწავლოს, და მაშინ ნახავს, რომ თავმდაბლობაშია ყოველგვარი განსვენება, სიხარული და დიდება. ამპარტავნებისგან კი ყოველგვარი ბოროტება იშვება. როგორ ჩავცვივდით ამოდენა ბოროტებაში? – განა ამპარტავნებით არ დავეცით? განა ურჩობისა და ჩვენი უკეთური ნების აღსრულების გამო არ დაგვემართა ყველაფერი? განა კაცი ყოველი სიკეთით არ დაიბადა, განა სამოთხეში არ იყო სიხარულით, განსვენებითა და დიდებით?

ღმერთმა უთხრა, ამას ნუ გააკეთებო, მაგრამ მან გააკეთა. ხედავთ მის ამპარტავნებას? ხედავთ მის ურჩობას? მაშინ ღმერთმა იხილა მისი უგუნურება და თქვა: შეშლილია, თუ შავი დღე არ ნახა, სრულიად წარწყმდება; თუ ვერ შეიტყობს, რა არის გაჭირვება, განსვენების გემოს ვერ გაიგებს. მაშინ მიაგო, რისი ღირსიც იყო.

გამოაძევა სამოთხიდან, და მაშინ მიეცა იგი ხორცთმოყვარეობასა და თავის ნებას, რათა ამრიგად ძვალნი შემუსროდა და ესწავლა, საკუთარ თავს კი არ მინდობოდა, არამედ ღვთის მცნებას; რათა ურჩობის სიმწარეს მოედრიკა თანახმად წინასწარმეტყვე-ლის სიტყვებისა: „გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან“ (იერ. 2.19).

მაგრამ უფალმა ღმერთმა, როგორც ვთქვი, არ უგულებელყო თავისი შექმნილი, და კვლავ ამბობს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11.28), რაც ნიშნავს: აი, იშრომეთ და თქვენი ურჩობის ნაყოფით გამოიცადეთ. ახლა კი მოიქეცით, შეიცანით თქვენი უძლურება, რათა უწინდელ პატივსა და დიდებას დაუბრუნდეთ, მოდით და თავმდაბლობით ცხონდით, რადგან ამპარტავნებით მოკვდით. ჩემგან ისწავლეთ, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენება სულთა თქუენთა“ (მათ. 11.29).

ეჰ, ძმებო, რას შვრება ამპარტავნება და რა შეუძლია თავმდაბლობას! თავიდანვე რომ დამდაბლებულიყო კაცი, არც ყოველივე ეს შეემთხვეოდა. დაცემის შემდეგ კიდევ მისცა (უფალმა) მიზეზი სინანულისთვის, მაგრამ მოუდრეკელი იყო მისი ქედი და არ შეინანა. უთხრა მას: ადამ, სად ხარ?
ნათქვამი ნიშნავს: რაგვარი დიდებიდან რაგვარ სირცხვილამდე მიხვედი? შემდეგ ჰკითხა: რატომ შესცოდე? ყოველივე ამას კი იმიტომ ეუბნებოდა, რომ მას ეთქვა: შემინდე! მან კი არ შეინანა, არამედ შეედავა და უთხრა: „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა (მაცთუნა მე)“ (დაბ. 3.12). კი არ თქვა, ჩემმა ცოლმა მაცდუნაო, არამედ „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა“, თითქოს ეუბნებოდა, „განსაცდელი, შენ გამო რომ მეწიაო“, და ღმერთს დააბრალა. ასეა, ძმებო, როცა კაცი თავის თავს არ აბრალებს, ღმერთსაც დააბრალებს. მაშინ ღმერთმა დედაკაცს ჰკითხა: რატომ დაარღვიე ჩემი მცნება?

ელოდა, იქნებ, ამან თქვასო, შემინდე, რათა შეეწყალებინა. მაგრამ არც ერთისგან არ მიუღია პასუხად: შემინდე, არამედ ამანაც უთხრა: „გუელმან მაცთუნა მე“ (დაბ. 3.13), თითქოს გველს ეუბნებოდა, და არა მას. რას სჩადით, უბადრუკნო? მოიდრიკეთ მუხლი, შეიცანით თქვენი შეცდომა, შეიცანით თქვენი სიშიშვლე! არც ერთმა მათგანმა არ დააბრალა თავს, არც ერთმა მათგანმა არ გამოიჩინა თავმდაბლობა! ახლა კი ნახეთ, სადამდე, ანუ რაგვარ ბოროტებამდე მიგვიყვანა თავის მართლებამ, საკუთარი თავის მინდობამ და საკუთარ ნებაზე დგომამ, რომლებიც ღვთის მტრის – ამპარტავნების – შვილები არიან.

ხოლო თავმდაბლობის შვილები არიან: თავის დადანაშაულება, საკუთარი განზრახვის უნდობლობა, საკუთარ ნებაზე არდგომა. ამ საქმეებით კაცს შეუძლია უწინდელ საზომს მიაღწიოს, დაიცავს რა ქრისტეს მცნებებს, რადგან თავმდაბლობის გარეშე შეუძლებელია მცნებების დაცვა, კეთილი საქმის აღსრულება, როგორც წმინდა მამა მარკოზი ამბობს: „შემუსრული გულის გარეშე შეუძლებელია ბოროტებისგან განდგომა და სათნოების შეძენა“.
ამიტომ ვიტყვი, კაცი გულის შემუსვრით იწყნარებს ნებას, ბოროტებას განუდგება, სათნოებებს იძენს და შემდეგ თავდაპირველ განსვენებას აღწევს. წმინდანებმა იცოდნენ ეს და ამიტომ ცდილობდნენ, ღმერთს თავმდაბლობით მიახლებოდნენ. იყვნენ ისეთი ღვთის მოყვარენი, რომელთაც ნათლისღების შემდგომ არამარტო ვნებების საქმით აღსრულება შეწყვიტეს, არამედ თავად ვნებების ძლევაც კი მოიწადინეს.

და გახდნენ ვნებებისგან თავისუფალნი, როგორნიც იყვნენ წმინდა ანტონი და სხვა ღმერთშემოსილი მამები, რადგან მხურვალე აზრით იყვნენ შეპყრობილნი, თავი განეწმინდათ, როგორც მოციქული ამბობს: „ყოვლისაგან შეგინებისა Ãორცთასა და სულისა“ (2კორ. 7.1). მათ იცოდნენ, რომ მცნებების დაცვით იწმინდება სული. როგორც აღვნიშნეთ, ამრიგად ნათდება გონებაც და თავის უწინდელ საზომს უბრუნდება, რადგან „მცნება უფლისა ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (ფსალმ. 18.9).

ისინი მიხვდნენ, თუ ერში იქნებოდნენ, სათნოებებში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, თავიანთთვის ცხოვრების უცხო რამ წესი შემოიღეს – ეს არის მონაზვნობა. დაიწყეს ერისგან გაქცევა და უდაბნოში ცხოვრება მარხვით, ლოცვით, ხმელზე წოლითა და სხვა სახის მოღვაწეობით, სრულიად მიატოვეს სამშობლო, ნათესავები და ქონება.

რაღა ბევრი ვთქვა, ჯვარს აცვეს თავი წუთისოფლისთვის და არა მარტო მცნებები დაიცვეს, არამედ ძღვენიც შესწირეს ღმერთს. გეტყვით, როგორ: ღვთის მცნებები სავალდებულოა და ყველა ქრისტიანს მართებს მათი დაცვა, რადგან ისინი მეფისთვის მისაცემი ხარკივითაა, ყველასთვის რომ არის სავალდებულო.

არსებობს ვინმე, ხარკის გადახდაზე უარი რომ უთქვამს და ტანჯვას გადარჩენია? ამქვეყნად კი არსებობენ ისეთი დიდი და ბრწყინვალე ადამიანებიც, რომლებიც არათუ ხარკს უხდიან, ძღვენსაც კი სწირავენ მეფეს, და მეფისგან დიდი პატივისა და ჯილდოს ღირსნი ხდებიან. მსგავსადვე, წმინდა მამებმა არა მარტო მცნებები დაიცვეს, არამედ ღმერთს ძღვენიც შესწირეს. ძღვენი კი არის ქალწულება და მოწყალება. არსად არის დაწერილი, არ იქორწინოთო, არც ქრისტეს მოუცია მცნებად: „განყიდე მონაგები შენი“ (მათ. 19.21). ისინი (მამები – რედ.) მიხვდნენ. როცა უფალთან რჯულის მცოდნე მივიდა და ჰკითხა: „მოძღუარო სახიერო, რა კეთილი ვქმნე, რათა მაქუნდეს ცხოვრება საუკუნო“, მან მიუგო: იცი მცნებები, „არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო“, და ა.შ. მან კი უთხრა: „ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან“. მაშინ უფალმა უპასუხა: „უკეთუ გნებავს, რათა სრულ იყო,.. განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“, და ა.შ. (მათ. 19.16-21). აჰა, მცნებად კი არ მისცა, განყიდე მონაგები შენიო, არამედ თითქოს ურჩია.

სიტყვები – „უკეთუ გნებავს“, გააკეთე – ბრძანება კი არ არის, არამედ რჩევა. ხოლო მამებმა, როგორც ვთქვი, სხვა სათნოებებთან ერთად ღმერთს ძღვენიც შესწირეს – ქალწულება და უპოვარება; როგორც ადრე აღვნიშნე, ჯვარს აცვეს თავი წუთისოფლისთვის და შემდეგ ისწრაფეს, რათა წუთისოფელთან ერთად საკუთარი თავიც ჯვარს ეცვათ, როგორც მოციქული ამბობს: „სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე სოფლისა“ (გალ. 6.14). რას ნიშნავს ეს ნათქვამი – სოფელი ჯვარს ეცმის კაცისთვის? – როცა კაცი მასაც და მის ყოველ საქმეს, სამშობლოსა და ნათესავებს, განეშორება, მაშინ კაცისთვის წუთისოფელი ჯვარცმულია, რადგან მას განშორდა. ამას გულისხმობს მოციქული, როცა ამბობს: „სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს“.

შემდეგ კვლავ ამბობს: „და მე სოფლისა“. წუთისოფლისთვის კაცი როგორ ეცმევა ჯვარს? – როცა გარეგან საქმეთაგან განშორების შემდგომ კაცი ცდილობს, ალაგმოს ამგვარ საქმეთა მიმართ სურვილიც კი, სრულიად უარყოს საკუთარი ნება, მოაკვდინოს ვნებები, მაშინ თავად იგი ჯვარს ეცმის წუთისოფლისთვის და, მოციქულის მსგავსად, მასაც შეუძლია თქვას: „სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე სოფლისა“ (გალ. 6.14). ხოლო წმინდა მამებმა თავისთვის ჯვარს აცვეს წუთისოფელი და ისწრაფეს, რათა თავიც ჯვარს ეცვათ წუთისოფლისთვის. ჩვენ კი დავტოვეთ ერი, მონასტერში მოვედით და, გვგონია, ჩვენი წუთისოფელი ჯვარს ვაცვით, ხოლო წუთისოფლისთვის ჩვენი თავის ჯვარცმას არ ვლამობთ, რადგან მისი სურვილი მაინც გვაქვს, გვიყვარს დიდება, საჭმელი, ტანისამოსი. თუ რამე მშვენიერ ჭურჭელს ვნახავთ, გვინდა, გვქონდეს და, როგორც მამა ზოსიმემ თქვა, პატარა ჭურჭელს ნებას ვაძლევთ, ჩვენში ასი ლიტრის ადგილი დაიკავოს და, გვგონია, წუთისოფელი და მისი საქმეები მივატოვეთ.

მოვდივართ მონასტერში და არანაირი საქმით არ ვიჩენთ მის სიყვარულს. ეს ჩვენი უგუნურებით მოგვდის, რადგან, ყველაფერი დავტოვეთ, რაც გაგვაჩნდა, დიდი იყო თუ მცირე, და ახლა ამ უმნიშვნელო რაღაცით ჩვენს სურვილს ვიკმაყოფილებთ. ასე კი არ უნდა ვიქცეოდეთ, არამედ როგორც წუთისოფელსა და მის საქმეებს განვუდექით, ისევე უნდა განვუდგეთ გულისთქმებსა და მათ სიყვარულს. უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ერიდან გამოსვლა და რა არის მონასტერი, რას ნიშნავს, რაც გვაცვია. ჩვენი სამოსია: უმკლავო ტანსაცმელი, ტყავის სარტყელი, საბეჭური და ბარტყული (საბერო თავსაბურველი, რომელსაც ბერძნულად ეწოდება კოუკოულიუ). ყველაფერი ეს ჩვენი გარეგნობაა. უნდა ვიცოდეთ, რას განასახიერებენ ისინი, რატომ გვაცვია უსახელო სამოსი. სახელო ხომ ყველას აქვს? – ეს იმიტომ, რომ სახელო ხელის სიმბოლოა.

და როცა აზრად მოგვივა, ხელით აღვასრულოთ ძველი კაცის საქმე, მოვიპაროთ, ვცემოთ ან სხვა რამ გავაკეთოთ, რაც ხელით სრულდება, შევხედოთ ჩვენს გარეგნობას – სახელო, რაც ხელის სიმბოლური გამოხატულებაა, არ გვაქვს, ძველი კაცის საქმეები რომ ვაკეთოთ.

ჩვენი სამოსელი მეწამულია. რას ნიშნავს მეწამული? ყველას, ვინც მეფის მეომარია, მეწამული სამოსი აქვს, რადგან მეფეს მეწამული სამოსი, ანუ პორფირი, აცვია. მსგავსად, მისი მეომრების სამოსიც მეწამულია, რათა ამით ცხადი გახდეს, მეფისანი რომ არიან. ჩვენი სამოსელიც იმიტომ არის მეწამული, რომ ცხადი იყოს, ქრისტეს მეომრები ვართ და ყველა იმ ვნების მოთმინება გვმართებს, ჩვენთვის რომ მოითმინა მან. როცა უფალი ევნო, პორფირით შემოსეს, როგორც მეუფე, რადგან იგია მეუფეთა მეუფე და უფალი უფლებათა.

და კიდევ, რაკი ურჯულოები დასცინოდნენ, მსგავსადვე ჩვენც, ვისაც მეწამული გვაცვია, უნდა მოვითმინოთ მთელი მისი ვნებები. როგორც მეომარი თავს არ დაანებებს მეომრობას, არ წავა და მუშა ან ვაჭარი არ გახდება, რათა პატივს არ მოაკლდეს, როგორც მოციქული ამბობს: „არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რათა ერისთავსა მისსა სათნო-ეყოს“ (2ტიმ. 2.4), ასევე ჩვენც გვმართებს, ვიღვაწოთ და ყველანაირი საზრუნავისგან გავთავისუფლდეთ, რათა ღმერთს მოვეწონოთ, როგორც დაწერილია, იყოს ქალწული უზრუნველი და გამზადებული (შდრ. 2კორ. 11.2).

რატომ გვარტყია ტყავის სარტყელი? პირველი, იმიტომ, რომ საქმისთვის ვიყოთ მზად. ყოველი კაცი, რომელიც რამე საქმის გაკეთებას ლამობს, თავდაპირველად წელზე მოირტყამს და ასე შეუდგება საქმეს, როგორც დაწერილია: „იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ“ (ლუკ. 12.35); მეორე, იმიტომ, რომ, როგორც ჩვენი სარტყელია მკვდარი გვამისგან, ისე ჩვენც მოვაკვდინოთ ჩვენი გულისთქმები. სარტყელი კი წელზე გვაქვს, სადაც თირკმელებია. ხოლო სულის გულისთქმები არის თირკმელებში. ამიტომაც ამბობს მოციქული: „მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვა, არაწმიდება,“ და ა.შ (კოლ. 3.5).

გვაქვს საბეჭურიც, რასაც ჯვრის სახით ვიკეთებთ მხრებზე. ეს კი განასახიერებს უფალის ნათქვამს: „აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34). რა არის ჯვრის აღება და უფლის შედგომა? – თავის სრული მოკვდინება. თავის მოკვდინება კი ქრისტეს რწმენით ხდება, როგორც მამები წერენ: რწმენა გვიფართოებს სულიერ გზას, რომელსაც თავის მოკვდინებამდე მივყავართ – თავი უნდა მოვაკვდინოთ წუთისოფლის საქმეებისთვის; რაკი ნათესავები მივატოვეთ, მათ სიყვარულსაც ვანებოთ თავი; რაკი ქონება და შენაძენი დავტოვეთ, მათი სიყვარულიც დავტოვოთ. აი, ეს არის სრული გამოსვლა ერიდან. ვიხურავთ ბარტყულსაც, რომელიც სიჩვილის ნიშანია, რადგან უმანკო ჩვილებს ბარტყული ახურავთ, ხოლო სრულწლოვან კაცებს – არა. ჩვენ კი იმიტომ გვახურავს, რომ ბოროტი საქმეებისთვის ვიყოთ ჩვილები, როგორც მოციქული ამბობს: „ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათვის ყრმა იყვენით“ (1კორ. 14.20). რას ნიშნავს ეს სიტყვები?

ჩვილი უმანკოა: თუ აგინებენ – არ განრისხდება, თუ შეაქებენ – არ ამაყობს, არც თავს იმართლებს, არც დიდებას ეძიებს. ასევე, ბარტყული ღვთის მადლს განასახიერებს: როგორც ბარტყული იფარავს ყრმის თავს, ისე ღვთის მადლი – ჩვენს გონებას.

როგორც მამებს უწერიათ: ბარტყული სახეა ღვთის მადლისა, რომელიც ჩვენს გონებას იფარავს და ჩვენს საღმრთო სიჩვილეს იცავს მათგან, ჩვენ რომ გვებრძვიან.

აი, წელზე გვაქვს სარტყელი, რომელიც არის გულისთქმების მოკვდინება. ჩვენს მხრებზე საბეჭური სახეა ჯვრისა, ხოლო ბარტყული – საღმრთო სიჩვილისა. ახლა კი, ძმებო, ჩვენი გარეგნობის შესაბამისად ვიაროთ, რათა, როგორც მამებმა თქვეს, სხვა რამ არ გვემოსოს. არამედ როგორც ეს წუთისოფელი დავტოვეთ, ისევე დავტოვოთ მისი სიყვარულიც, რათა მცირე და უსარგებლო საქმეთა სიყვარულმა კვლავ ერში არ დაგვაბრუნოს. თუ წუთისოფლის სიყვარულისგან განრიდება გვსურს, ჩვენი ნების უარყოფაც ვისწავლოთ.

ჰოი, ჩემო საყვარელო ძმებო, მოდით და, შევეცადოთ, თანდათან უარვყოთ ჩვენი ნება, რათა ამრიგად ღვთის შეწევნით წუთისოფელი შევიძულოთ, და მაშინ შევძლებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ დიდ ვნებებსაც და ჩვენი ნებაც დავთრგუნოთ, რადგან ისე არაფერი არგებს კაცს, როგორც თავისი ნების უარყოფა – ყველაზე უკეთ კაცი ამით აღწევს წარმატებას სათნოებებში.

როგორც კაცი, რომელსაც სადმე წასვლა სურს, სასურველ ადგილამდე მისასვლელი მოკლე გზა იცის და თუნდაც ეს გზა ვიწრო იყოს, მაინც ამ ვიწრო გზით მალე მიაღწევს ხოლმე ვრცელსა და განსასვენებელ ადგილს, ასევე კაცი, ვინც თავის ნებას უარყოფს, თავისი ნების თანდათან უარყოფით წუთისოფლის სიძულვილამდე და დიდი ვნებების დათრგუნვამდე მიდის. მაშინ მივა სრულყოფილებამდე, გონიერებამდე და ღვთის ნების აღსრულებამდეც.

თუ კაცი მოისურვებს, ყოველთვის ნახავს დროს, განუდგეს თავის ნებას. და ასე, თანდათან ისწავლის ნების უარყოფას. გეტყვით, როგორ: თუ ვინმე მიდის, გული ეუბნება, იქით გაიხედეო, და არ გაიხედავს, აი, განუდგა თავის ნებას. ასევე, თუ საუბრის დროს აზრი ეტყვის, შენც თქვი რამეო, და არ იტყვის, თავის ნებას დაუტევებს. თუ კიდევ ეტყვის გული, წადი, ნახე, მზარეული რას ხარშავსო, და არ წავა, თავის ნებას უარყოფს. თუ კიდევ ეტყვის გული, გაჰხედე გზას, ვინმე შენი საყვარელი ადამიანი ხომ არ მოდისო, და არ გაიხედავს, თავის ნებას უარყოფს. ასევე, თუ რამეს იხილავს, გული ეტყვის, იკითხე, ვინ მოიტანაო, და არ იკითხავს, თავის ნებას უარყოფს.

თუ მცირე და მსუბუქ საქმეში ასე მოიქცევა, თავისი ნების უარყოფასა და ძლევას მიეჩვევა, და მაშინ, ღვთის შეწევნით, დიდ და მძიმე საქმეშიც ადვილად სძლევს და განუდგება თავის ნებას, რადგან ეს ჩვევად ექნება და რაც შეემთხვევა, ყველაფერში შვებას ნახავს, ყველაფრის მოსურნე იქნება და ერთნაირად მიიღებს, რადგან თავის ნებას არ მისდევს.
ვინც თავის ნებას უარყოფს, რაც უნდა უთხრან და შეემთხვეს, ყველაფრის მოსურნეა, ყოველივე მისი ნებაა და, ამრიგად, როგორც აღვნიშნეთ, მივა წუთისოფლის სიძულვილამდე, ხოლო წუთისოფლის სიძულვილით – სრულ უვნებობამდე (ვნებებისგან გათავისუფლებამდე – რედ.).

იცოდეთ, რომ ნების მცირე-მცირედ დატევებით დიდამდეც მიდიან. ნახეთ, ნეტარმა დოსითემ რაგვარი ცხოვრებიდან, ფუფუნებისა და შვებისგან რაგვარ საზომს მიაღწია!

კაცი, ვისაც ღვთის სიტყვა არასდროს სმენოდა, გესმით, როგორი მადლის ღირსი გახდა იმიტომ, რომ მოკლე დროში გამოიჩინა მორჩილება და თავისი ნება უარყო. ნახეთ, როგორ ადიდა ღმერთმა, არ დაუშვა რა მისი სათნოებების დავიწყება და ამქვეყნად დაფარვა, არამედ დიდ ბერს გამოუცხადა წმინდანებთან ერთად ცათა სასუფეველში დიდებით მდგომი.

კიდევ გიამბობთ ერთ საკვირველ ამბავს, რაც მე შემემთხვა, რათა მიხვდეთ, სიკვდილისგანაც ხსნა რომ შეუძლია მორჩილებასა და საკუთარი ნების უარყოფას. მამა სერიდოს მონასტერში ყოფნისას დიდი ბერის მოწაფე მოვიდა ასკალონის მხრიდან. ბერმა ეს ძმა მამა სერიდოსთან საქმისთვის გამოგზავნა. უცებ ქარი ამოვარდა, ჩვენ მახლობლად ხევში წყალი ადიდდა. ძმა კი წასვლას ლამობდა, რადგან ბერს ეთქვა მისთვის, იმავე საღამოს დაბრუნებულიყო უკან. ვთხოვეთ, იმ ღამით ჩვენთან დარჩენილიყო, ვუთხარით: „შეუძლებელია, დღეს მდინარეზე გადავიდეს კაცი“. ის კი არ გვეთანხმებოდა და გვეუბნებოდა: „ჩემმა მამამ მიბრძანა, ამ საღამოსვე დავბრუნდე და მის სიტყვას ვერ გადავალ“. ვნახეთ, არ გვიჯერებდა. ვთქვით: „მდინარემდე მივუშვათ, და როცა მდინარეს ნახავს, თავისივე ნებით დაბრუნდება უკან“.

უკან გავყევით. აზვირთებულ მდინარესთან რომ მივიდა, მყისვე შიგ ჩახტა. ჩვენ შევძრწუნდით, ტირილით ვეძახდით, რადგან არაფრით გვეგონა, თუ გადარჩებოდა. ის კი მეყვსეულად მეორე ნაპირას აღმოჩნდა, მოტრიალდა, მუხლი მოგვიდრიკა, ლოცვა გვთხოვა და წავიდა. გაოცებული ვიყავით მისი სათნოების ძალით – ჩვენ ხილვამაც კი ზარი დაგვცა, ხოლო ის, უორგულო მორჩილების გამო, ასე უვნებლად გადაურჩა სასტიკ მდინარეს.

კიდევ: როცა ძმამ, რომელიც მამამ საჭიროების გამო მსახურთან გაგზავნა, ნახა, ქალწულმა კარი ჩაურაზა, მხოლოდ წარმოთქვა, ღმერთო, ჩემი მამის ლოცვით მიხსენიო, რომ მყისვე სკიტის გზაზე აღმოჩნდა თავის მამასთან მიმავალი. ძმამ მხოლოდ ეს წარმოთქვა: „ღმერთო, ჩემი მამის ლოცვით მიხსენი“, და ამის გამო მყისვე სკიტის გზაზე, თავის ბერთან მშვიდობით მიმავალი იყო.
ახლა კი ნახეთ ორივე მათგანის კრძალვა და თავმდაბლობა: დიდ გასაჭირში იყვნენ. ბერს ძმის მსახურთან გაგზავნა სურდა, რადგან ამ უკანასკნელმა დააგვიანა და საზრდელი არ მოუტანა მათ. ამიტომ დიდ გაჭირვებასა და სიდუხჭირეში იყვნენ. ბერს ძმისთვის არ უთქვამს: „წადი“, არამედ მხოლოდ ჰკითხა: „გინდა წასვლა?“ ძმასაც არ უთქვამს: „წავალ“, არამედ უთხრა: „როგორც გნებავს, მამაო, ისე მოვიქცევი!“ რადგან ორი ვნებით – სიძვითა და მამის ურჩობით – დაცემისა ეშინოდა.

ძლიერ რომ გაუჭირდათ, ბერმა უთხრა: „ადექი, შვილო, წადი ღვთის სახელით და ღვთის იმედი მაქვს, ჩემი მამის ლოცვით დაგიფარავს“. კი არ უთხრა, ღმერთის იმედი მაქვს, რომ დაგიფარავსო, არამედ უთხრა: „ღვთის იმედი მაქვს, ჩემი მამის ლოცვით დაგიფარავს“.

მაშინ წავიდა ძმა. მივიდა, მაგრამ მსახური შინ არ დახვდა. მისმა ასულმა კი კარი ჩაუკეტა. ძმამ რომ ნახა, დიდ განსაცდელში იყო, კი არ თქვა: „ღმერთო ჩემო, მიხსენი“, არამედ: „ღმერთო ჩემო, მიხსენი ჩემი მამის ლოცვით“, და მეყვსეულად სკიტის გზაზე აღმოჩნდა. ახლა კი იხილეთ, ჰოი, ძმებო, თითოეულ მათგანს როგორი იმედი ჰქონდა თავისი მამის ლოცვისა და განსაცდელის ჟამს მას როგორ შეჰღაღადეს.
ნახეთ, ძმებო, როგორ შეაბეს ერთ უღელში მორჩილება და თავმდაბლობა და, როგორც ორი ფრთით, ისე აფრინდნენ მაღლა სულიერი განსვენებისთვის.

როგორც ფრინველი თანაბრად საჭიროებს ორივე ფრთას კარგად საფრენად, რადგან ერთით ვერ დაფრინავს, ისე მონაზონსაც თანაბრად ესაჭიროება ეს ორი სათნოება. უიმათოდ შეუძლებელია ვინმეს ცხონება ან სხვა რამ საშუალებით ეშმაკის საფრთხის არიდება, თუ მორჩილებას არ შეუერთდა თავმდაბლობა. ამ დიდ და მშვენიერ სათნოებებს კი, ყოველი სათნოების საძირკველთ, ვერავინ მოიპოვებს, თუ, როგორც ვთქვი, თავის თავს არ აიძულებს და სასიკვდილოდ არ გასწირავს თავისი ნების დასატევებლად. კვლავ ვთქვათ: როგორ უნდა დაუტევონ ნება? ვიტყვი: იმით, რომ, რაც შეიძლება, თავი ანდონ სულიერ მამას, არაფერში ეურჩონ, არამედ ყველაფერში, როგორც ღმერთს, ისე დაემორჩილონ.

ძმებო, მორჩილების სხვა მაგალითსაც გეტყვით: ერთხელ წმინდა ბასილი თავის ერთ მონასტერში მიდიოდა. შევიდა, მამასახლისს (კერძო მონასტრის ან საძმოს წინამძღვარი, ზოგადად წინამძღვარი კი შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე მამასახლისის უფროსი) უხმო და უთხრა: „ვინმე თუ გყავს, ვისაც ჭეშმარიტად სურს სულის ცხონება?“ მამასახლისმა უპასუხა: „ჰე, წმინდაო, თქვენი წმინდა ლოცვით ყველას სურს ცხონება“. წმინდა ბასილიმ მიუგო: „ვიცი, ყველას სურს ცხონება, მაგრამ მე გეკითხები, ჭეშმარიტად ვის სურს?“ მაშინ მიხვდა მამასახლისი, რადგან ისიც მეტად სულიერი იყო, და უთხრა: „ჰე, წმინდაო, მყავს, როგორზეც ბრძანებ“. მაშინ წმინდა ბასილიმ უთხრა: „აქ მომიყვანე!“ დაუძახეს, მოვიდა.

წმინდა ბასილიმ უთხრა: „წყალი მომართვი ხელების დასაბანად!“ როცა წმინდა ბასილიმ ხელები დაიბანა, აიღო წყალი და უთხრა: „ახლა შენ მომეცი ხელები, რომ დაგისხა!“ იგი ისე მოიქცა, როგორც უბრძანა. როცა ამაში გამოსცადა და ნახა, მორჩილი იყო, ისევ უთხრა: „წირვაზე როცა შევალ, მოდი და მითხარი, რომ დიაკვნად გაკურთხო და ჩემთან ერთად დადგე წირვაზე“. იგი ამაშიც უყოყმანოდ დაემორჩილა. როცა წმინდა ბასილი წირვაზე შევიდა, ძმა მივიდა მისი ბრძანებისამებრ, და მოახსენა. მან აკურთხა, წაიყვანა და ყოველთვის თან ჰყავდა. მართლაც შვენოდა ამ კურთხეულ ძმას ასეთ ღმერთშემოსილთან ყოფნა. იცოდეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, ვინც უყოყმანო მორჩილებაში გამოცდილი არ არის, მან არ იცის სულიერი განსვენება.

ერთხელ მამა იოანეს ვკითხე: „რა ვქნა, მამაო, წმინდა წერილიდან მესმის, რომ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმე 14.22), მე კი ვხედავ, რომ არანაირი ჭირი, გულისკლება და საზრუნავი არ მაქვს?“ მართლაც ასე იყო, არაფერი მაწუხებდა.

როცა რამე აზრი მომივიდოდა, მაშინვე ფიცარს ვიღებდი და ვწერდი, რადგან სანამ მსახურებაზე შევიდოდი, წერილობით ვეუბნებოდი ხოლმე. სიმართლეს გეუბნებით, ძმებო, წერის დასრულებასაც ვერ ვასწრებდი, რომ ის აზრი მეშვებოდა, ისეთი რწმენა მქონდა წმინდა ბერისა, როგორიც სინამდვილეში იყო კიდეც.

როგორც ვახსენე, ვკითხე: „წერილიდან მესმის: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმე 14.22), მე კი არანაირი ჭირი და ზრუნვა არ მაქვს. რა მჭირს?“ ბერმა მითხრა: „ნუ წუხხარ, ძმაო, დამიჯერე, ვინც მამების მორჩილებას მისცემს თავს, ასეთ უზრუნველობასა და განსვენებაშია ქრისტეს შეწევნით“, რადგან მისია დიდება მამითა და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


 სწავლა მეორე

თავმდაბლობის შესახებ

რას ნიშნავს ბერის სიტყვები: „უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობა გვმართებს“. ის არ ამბობს, უპირველეს ყოვლისა, ღვთის შიში გვმართებსო.

წერილში ნათქვამია: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“ (ფსალმ. 110.10). სხვა ადგილას დაწერილია: „შიშისათვის უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან“ (იგავ. 15.27). რატომ არ ამბობს, რომ, უპირველეს ყოვლისა, მოწყალება ან რწმენა გვმართებს? დაწერილია: „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმნდებიან ცოდვანი“ (იგავ. 15.27). მოციქულიც ამბობს: „თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფა“ ღვთისა (ებრ. 11.6). თუ მართლაც ასეა და ურწმენოდ ღვთის სათნოყოფა შეუძლებელია, თუ რწმენითა და მოწყალებით განიწმინდება ცოდვები, თუ შიში ბოროტისგან მოდრეკს კაცს, თუ სიბრძნის დასაბამი ღვთის შიშია, თუ მოღვაწეებს ნიადაგ მარხვა მართებთ, ბერმა ერთ-ერთი მათგანი რატომ არ დაასახელა და თქვა: უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობა გვმართებსო? იმიტომ, რომ ნებიმიერ სიტყვაზე მზად ვიყოთ, ვთქვათ, შემინდე, რადგან თავმდაბლობით შეიმუსრება მტრისა და მოწინააღმდეგის ყოველი ღონე. აჰა, ნახეთ, ძმებო, რა ძალა აქვს თავმდაბლობასა და სიტყვას: შემინდე!

რატომ ეწოდება ეშმაკს არა მარტო მტერი, არამედ მოწინააღმდეგეც? მტერი იმისთვის ეწოდება, რომ კაცთა და სიკეთის მოძულეა, ბოროტის განმზრახველი; ხოლო მოწინააღმდეგე იმიტომ ჰქვია, რომ ყოველ კეთილ საქმეს ებრძვის შესაფერხებლად: როცა ლოცვა სურთ, ბოროტი ზრახვებით, გონების გაფანტულობითა და მოწყენილობით აფერხებს; ვისაც მოწყალების გაღება სურს, მას ვერცხლისმოყვარეობით ებრძვის; ვისაც სწადია, იფხიზლოს, მას სისუსტითა და მცონარებით ებრძვის. ასე ეწინააღმდეგება ყოველ საქმეს და ამიტომ ეწოდება არა მარტო მტერი, არამედ მოწინააღმდეგეც. ხოლო თავმდაბლობით მტრისა და მოწინააღმდეგის მთელი ღონე შეიმუსრება. ჭეშმარიტად დიდია თავმდაბლობა. ყველა წმინდანმა თავმდაბლობით იარა და შრომით შეამკო თავისი გზა, როგორც დაწერილია: „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფსალმ. 24.18).

მარტოოდენ თავმდაბლობასაც შეუძლია კაცის სასუფეველში შეყვანა, როგორც მამა იოანე ამბობდა. ახლა კი, ძმებო, ჩვენც დავმდაბლდეთ მცირეოდენ და ვცხონდეთ. თუ უძლურების გამო შრომა არ შეგვიძლია, ვეცადოთ, დავმდაბლდეთ, და მწამს ღვთისა, რომ იმ მცირედით, რასაც თავმდაბლად მოვიმოქმედებთ, ჩვენს წმინდა მამებთან ვიქნებით, რომლებიც ძლიერ დაშვრნენ და დიდად ემსახურნენ ღმერთს. ეჰ, შრომა არ შეგვიძლია და, ნუთუ, დამდაბლებაც არ შეგვწევს? ჭეშმარიტად ნეტარია, ვისაც თავმდაბლობა აქვს, ძმებო, რადგან დიდია თავმდაბლობა.

ჭეშმარიტი თავმდაბლობა ისაა, წმინდანმა რომ თქვა: „თავმდაბლობა არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებს“. ბევრისთვის უცხოა ეს სიტყვები, რადგან მხოლოდ თავმდაბლობა ეწინააღმდეგება სიამაყეს და მისგან იცავს კაცს; მრისხანების მიზეზი კი არა მხოლოდ სიამაყეა, არამედ ქონება და ნაყროვანებაც.

რატომ ამბობს, რომ თავმდაბლობა არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებს? იმიტომ, რომ თავმდაბლობა დიდია, როგორც ვთქვით, და შეუძლია, სულს ღვთის მადლი მოუტანოს. როცა სულში ღვთის მადლი მოდის, მას ამ ორი მძიმე ვნებისგან იცავს. რომელი უფრო მძიმეა, კაცი რომ მრისხანებს თუ თავის ძმას რომ განარისხებს? როგორც ერთი ბერი ამბობს: „მონაზვნისთვის სრულიად უცხოა მრისხანება“. თუ ამგვარი თავმდაბლობით არ დაიცავს თავს, შფოთითა და სიბრაზით თანდათან ეშმაკის ზომამდეც მივა. ამიტომ ამბობს, თავმდაბლობა არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებსო.

რატომ ვლაპარაკობ, რომ მხოლოდ ამ ვნებებისგან დაიცავს კაცს? როცა მამა ანტონმა ეშმაკის მიერ ამქვეყნად დაგებული ყველა მახე იხილა, ოხვრით ჰკითხა ღმერთს: „რა გაექცევა მათ?“ ღმერთმა მიუგო: „თავმდაბლობა“. და სხვა საოცარი სიტყვებიც დასძინა: „ვერც შეეხებიან მას“. ნახეთ, ძმებო, ამ სათნოების ძალა და მადლი! ჭეშმარიტად, არაფერია თავმდაბლობაზე ძლიერი და ვერც ვერაფერი სძლევს მას, რადგან თავმდაბალს რანაირი წყენაც უნდა შეხვდეს, მყისვე თავის თავს აბრალებს და უხარია, სხვას არ აბრალებს, არც არავის იმიზეზებს. ამიტომაც უშფოთველად და მშვიდად განერიდება ყოველივეს, ამიტომ არც მრისხანებს და არც ვინმეს განარისხებს. ამისთვის თქვა ბერმა: უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობა გვმართებსო. თავმდაბლობა ორგვარია და ორგვარია ამპარტავნებაც. პირველი ამპარტავნებაა, როცა კაცი მოყვასს შეურაცხყოფს, როგორც არარაობას, და თავი მასზე მეტი ჰგონია. ასეთი თუ გონზე არ მოეგო, თანდათან მეორე ამპარტავნებამდეც მივა – თავად ღმერთთანაც კი იამპარ-ტავნებს და იტყვის, რომ თავისი ძალით, და არა ღვთის შეწევნით, ასრულებს სათნოებებს.

ჰოი, ძმებო, მინახავს ამ ზომამდე მისული კაცი. საწყალი! თავიდან, როცა ძმას შეაქებდნენ მასთან, მყისვე დაანერწყვებდა და ამბობდა: „არავინაა დიდი, მხოლოდ ზოსიმე“, და ამის მსგავსად. მცირე ხნის შემდგომ მისი დამცირებაც დაიწყო, და ამბობდა: „არავინაა დიდი, მხოლოდ მამა მაკარი“. მცირე ხნის შემდეგ მისი დამცირებაც დაიწყო და თქვა: „არავინაა დიდი, მხოლოდ ბასილი და გრიგოლი“. მცირე ჟამი გამოხდა და თქვა: „ვინაა ბასილი ან გრიგოლი? არავინ არის დიდი, მხოლოდ პეტრე და პავლე“. ვუთხარი მას: „სიმართლეს გეუბნები, ძმაო, ამათ დამცირებასაც დაიწყებ“. მერწმუნეთ, ძმებო, მცირე ხნის შემდეგ თქვა: „ვინ არის პეტრე ან პავლე? არავინ არის დიდი, მხოლოდ წმინდა სამება“. ბოლოს თავად ღმერთზეც აიმაღლა თავი და სრულიად წარწყმდა. ამიტომ გვმართებს, ძმებო, მოღვაწეობა, რათა პირველმა ამპარტავნებამ არ გვძლიოს, რადგან პირველს სრული ამპარტავნება მოაქვს.

სხვაა ამპარტავნება ერისკაცებისა და სხვა – ამპარტავნება მონაზვნებისა. ერისკაცთა ის არის, როცა მოყვასს თავს ამეტებენ და ამბობენ: მე უფრო დიდი ვარ ან მშვენიერი, ან მასზე უკეთესად მაცვია. თუ ამგვარ ყოფაში ვნახავთ თავს, ან თუ ვფიქრობთ, ჩვენი მონასტერი უფრო ძლიერია, ან ბევრი ძმა გვყავს, იცოდეთ, რომ ჯერ კიდევ ერისკაცების ამპარტავნებაში ვართ.

ბევრი ბუნებრივი საქმეებით ამაყობს: ლამაზი ხმით, ან ამბობს, კარგად და პატიოსნად ვმსახურებო. ესენი პირველებთან შედარებით უფრო მსუბუქ, მაგრამ მაინც ერისკაცთა ამპარტავნებაში არიან. ხოლო მონაზვნური ამპარტავნება ისაა, როცა კაცი თავს იწონებს მღვიძარებით, მარხვით ან სხვა რამ სახის მოღვაწეობით. არის კაცი, რომელიც განდიდების გამო მდაბლდება. ყოველივე ეს მონაზონთა ამპარტავნებაა. რაკი ვამაყობთ, უმჯობესია, სამონაზვნო, და არა ერისკაცთა საქმეებით მოვიწონოთ თავი.

აი, ვთქვით, რა არის პირველი ამპარტავნება და რა – მეორე, რა არის მონაზონთა ამპარტავნება და რა – ერისკაცთა. ახლა ვთქვათ, რომელი ორი თავმდაბლობა არსებობს. პირველი თავმდაბლობა ისაა, როცა კაცს ძმა ყველაფერში უფრო გონიერი და უკეთესი ჰგონია, ვიდრე თვითონ არის, როგორც დაწერილია: „თავი ყველაზე დაბლამდგომად მიიჩნიოს“. მეორე თავმდაბლობა კი ისაა, როცა კაცი ფიქრობს, რომ რასაც აკეთებს, ღვთის შეწევნით, და არა საკუთარი ძალით აკეთებს. ეს არის წმინდანთა სრულყოფილი თავმდაბლობა. იგი ბუნებრივად მოდის სულში მცნებების აღსრულების შედეგად ისევე, როგორც ნაყოფით დახუნძლული ხე ქვემოთ ხრის ხოლმე ნაყოფიან ტოტებს, ხოლო უნაყოფო ტოტები ზემოთ არის აშვერილი.

ზოგიერთი ხის ტოტები რამდენადაც მაღლა იზრდება, იმდენად უნაყოფოა. მხოლოდ თუ ვინმე ქვას აიღებს, ტოტებზე დაჰკიდებს და ქვემოთ დახრის, მაშინღა გამოიღებს ნაყოფს. ასეა სულიც: რამდენადაც მდაბლდება, იმდენად გამოიღებს ნაყოფსაც, და რამდენადაც ნაყოფს გამოიღებს, იმდენად მდაბლდება. წმინდანები, რამდენადაც უახლოვდებიან ღმერთს, იმდენად ცოდვილად მიაჩნიათ თავი.

მახსოვს, ერთხელ თავმდაბლობაზე ვმსჯელობდით. იქ იყო ქალაქ ღაზის ვინმე ხელისუფალი. გაიგონა, რომ ვამბობდით: რამდენადაც ღმერთს უახლოვდება კაცი, იმდენად ცოდვილად მიაჩნია თავიო, ეუცხოვა ეს და გვთხოვა, აგვეხსნა, თუ როგორ ხდება ეს. მივუგე: „მითხარი, ბატონო, რად მიგაჩნია თავი შენს ქალაქში?“ მიპასუხა: „მიმაჩნია, რომ ვარ პირველი პირი და ქალაქის თავი“. ვუთხარი: „კესარიაში რომ წახვიდე, თავს როგორ მიიჩნევდი?“ მითხრა: „იქ მყოფ დიდებულებზე დაბლამდგომად მივიჩნევდი თავს“. ვუთხარი: „ანტიოქიაში რომ წახვიდე, იქ როგორ მიიჩნევდი თავს?“ მითხრა: „როგორც ერთი ვინმე გლახაკი, ისე მივიჩნევ იქ თავს“. ვკითხე: „კონსტანტინოპოლში მეფესთან ახლოს რომ წახვიდე, იქ როგორ იგრძნობდი თავს?“ მიპასუხა: „როგორც ვინმე დავრდომილი, ისე მეგონება თავი.“ მაშინ ვუთხარი: „აი, ასე არიან წმინდანებიც: რამდენადაც უახლოვდებიან ღმერთს, იმდენად ცოდვილად მიაჩნიათ თავი. როცა აბრაამმა ღმერთი იხილა, თავის თავს მიწა და ნაცარი უწოდა (იხ. შექმნ. 18.27). ესაია კი, როცა ღმერთი იხილა, ამბობდა: ჰოი, უბადრუკსა მე, რამეთუ არა წმიდა ვარ (შდრ. ეს. 6.5). როცა დანიელი მხე-ცებს შორის მღვიმეში იყო და მასთან ამბაკუმი მივიდა, რომელმაც პური მიართვა და უთხრა: „მიიღე სამხარი, რომელ წარმოგცა შენ ღმერთმან“, მან უპასუხა: „რამეთუ მომიÃსენე, მე, ღმერთო“ (იხ. დან. 14.36-37). ნახე, როგორი სიმდაბლე ჰქონდა გულში! მღვიმეში მხეცებთან ერთად იყო და არაფერს ვნებდნენ, თვითონაც უკვირდა და ამბობდა: „რამეთუ მომიხსენე, მე, ღმერთო“. ნახეთ წმინდანების თავმდაბლობა! როგორი გული ჰქონდათ?! კაცთა დასახმარებლად მრავალი გაუგზავნია ღმერთს, მაგრამ მათ ეს არ უნდოდათ, რადგან დიდებას გაურბოდნენ. როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაურბის ჭუჭყიანი ძონძის მიკარებას, ტანსაცმელი რომ არ დაესვაროს, ისე სათნოებებით შემკული წმინდანებიც გაურბიან კაცობრივ დიდებას, რათა ამით არ შეიბილწონ. ვისაც კაცობრივი დიდება უყვარს, შიშველს ჰგავს, სარცხვინელის დასაფარავად პატარა ნაგლეჯს რომ ეძებს. სათნოებისგან შიშველი კაციც ასევე ეძიებს კაცთაგან დიდებას.

რაჟამს ღმერთი კაცთა დასახმარებლად გზავნის წმინდანებს, მათ ეს არ სურთ ხოლმე თავმდაბლობის გამო. მოსემ ღმერთს უთხრა: გევედრები, უფალო, მიავლინე სხვა უძლიერესი ჩემსა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე (შდრ. გამოს. 4,10). იერემია ამბობდა: „უჭაბუკეს ვარ მე“ (იერ. 1.6). ამგვარ თავმდაბლობას მიაღწია ყველა წმინდანმა, როგორც ვახსენეთ, მცნებების აღსრულების გზით.

თავმდაბლობას კი სიტყვებით ვერავინ გადმოსცემს. ერთხელ მამა ზოსიმე თავმდაბლობაზე მსჯელობდა. იქ იყო ერთი ფილოსოფოსი. „მითხარი, როგორ მიგაჩნია თავი ცოდვილად? განა არ იცი, სათნოებები რომ გაქვს? არ იცი, წმინდა რომ ხარ? აი, მცნებებს ასრულებ, და როგორღა მიგაჩნია თავი ცოდვილად?“ – იკითხა მან. ბერი პასუხს ვერ პოულობდა და უთხრა: „არ ვიცი, როგორ გითხრა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცოდვილი ვარ“. ფილოსოფოსი კი ედავებოდა, სურდა, გაეგო, რანაირად იყო ეს შესაძლებელი. მან წმინდა სიწრფელით უთხრა: „ნუ მაუკუღმართებ, ასე მიმაჩნია“.

მე კი ვუთხარი მას: „ისევე არ ხდება, როგორც ფილოსოფიასა და მკურნალობაში? როცა კაცი კარგად დაეუფლება მას და დაშვრება, ჩვევად ექცევა, და სიტყვით ვეღარ ხსნის, თუ როგორ დაეჩვია მას, რადგან, როგორც აღვნიშნე, ზედიზედ ქმნით თანდათან, შეუმჩნევლად გადაექცევა ჩვეულებად. ასე არ არის თავმდაბლობაც? მცნებების აღსრულებით კაცში ისადგურებს მდაბალი გონება, რომელიც სიტყვებით არ გამოითქმის.“
ეს რომ გაიგონა მამა ზოსიმემ, გაუხარდა, მყისვე მომეხვია და თქვა: „შენგან გავიგე, როგორც ხდება ეს. ისეა, როგორც თქვი“. ფილოსოფოსმაც დაიჯერა ნათქვამი.

მამებმა ბევრი ილაპარაკეს, თავმდაბლობა რომ გაგვეგო, მაგრამ რა არის და როგორ მკვიდრდება იგი კაცის გულში, ვერავინ თქვა. მამა აღათონს აღსასრულის ჟამს ძმებმა ჰკითხეს: „მამაო, შენც გეშინია?“ მან უპასუხა: „ჩემი შესაძლებლობისამებრ ვეცადე, დამეცვა მცნებები, მაგრამ კაცი ვარ, საიდან ვიცი, ღვთისთვის სათნოა თუ არა ჩემი საქმე? სხვაა ღვთის სამართალი და სხვა – კაცთა“. აი, ასე გაგვაგებინა, რომ გვცოდნოდა იგი და მისი მიღწევის გზა გვიჩვენა.

ხოლო თუ რა არის თავმდაბლობა და როგორ მკვიდრდება სულში, როგორც მრავალგზის აღვნიშნე, ვერავინ თქვა. სიტყვით ვინ მისწვდომია მას? – მხოლოდ სული, რომელიც ღირსი გახდა მისი მიღწევისა და შეცნობისა. იმის შესახებ, თუ რას მოაქვს იგი, მამებმა თქვეს: „დაწერილია, რომ ძმამ ჰკითხა ბერს: რა არის თავმდაბლობა? ბერმა მიუგო: თავმდაბლობა დიდი და საღმრთო საქმეა, ხოლო თავმდაბლობის გზებია: გონივრული ხორციელი შრომა, ყველაზე დაბლამდგომად თავის მიჩნევა და ნიადაგ ღვთისთვის ვედრება. თავმდაბლობა კი საღმრთო საქმეა და მიუწვდომელი“.

რატომ ამბობს, რომ ხორციელ შრომას კაცი თავმდაბლობამდე მიჰყავს? იმიტომ, რომ ხორციელი შრომა სულიერი სათნოებაა. ხოლო ყველაზე დაბლამდგომად თავის მიჩნევა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამპარტავნების ძალას წინ აღუდგება, რადგან, ვინც თავს ყველაზე დაბლა აყენებს, როგორღა მიიჩნევს თავს მოყვასზე მეტად, როგორღა დააბრალებს ან დაამცირებს ვინმეს?

ხოლო ნიადაგ ღვთისთვის ვედრება იმიტომ ახსენა ბერმა, რომ იგი წინ აღუდგება მეორე ამპარტავნებას – ვინც თავმდაბალია, მან იცის, რომ ღვთის შეუწევნელად ვერაფერს მიაღწევს, და ამიტომ ნიადაგ ღმერთს ევედრება. ხოლო, ვინც ნიადაგ ღმერთს ევედრება, იცის: თუ რამ სათნოებისთვის მიუღწევია, ღვთის შეწევნით მიაღწია, და არ ამაყობს. კი არ ამბობს, ჩემი ძალით გავაკეთე ეს საქმეო, არამედ, ღვთითო. ნიადაგ მადლობს, ძრწოლით ევედრება, რომ არ მიატოვოს და მისი უძლურება და უღონოება არ გამოაჩინოს. ასე, თავმდაბლად ლოცულობს და ლოცვით მდაბლდება. რამდენადაც მდაბლდება, იმდენად მეტად შეეწევა ღმერთიც და წარმატებას აღწევს სიმდაბლით. რაღატომ ამბობს, რომ ხორციელ შრომას თავმდაბლობამდე მიჰყავს კაცი? როგორ შეეწევა ხორციელი შრომა თავმდაბლობას? თავმდაბლობა კაცის სულშია, და როგორღა მოაქვს ის ხორციელ შრომას?

გეტყვით: როცა სული მცნების დარღვევით დაეცა, უბადრუკი, თავიდან შეცდომებით თვითნებობასა და გემოთმოყვარეობას დაემონა, როგორც წმინდა გრიგოლი ამბობს, და ხორციელი შეიყვარა; გახდა სრული ხორცი, როგორც დაწერილია: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისავითის მათისა ხორც“ (დაბ. 6.3). სული ხორცს დაემონა, ხორცთან ერთად იტანჯება და ხორცის ნებას ასრულებს. ამიტომ თქვა ბერმა, რომ ხორციელ შრომას თავმდაბლობამდე მივყავართო.

სხვაა ჯანმრთელის სული და სხვა – უძლურისა, სხვაა მაძღრისა და სხვა – მშიერისა, სხვაა ცხენზე ამხედრებულისა და სხვა – ვირზე მჯდომისა, სხვაა ტახტზე მჯდომისა და სხვა – მიწაზე მჯდომისა, სხვანაირია გონება იმისა, ვისაც კარგი სამოსი აცვია და სხვაგვარი – ვისაც უვარგისი აცვია.

შრომა ხორცს ამდაბლებს. როცა ხორცი მდაბლდება, სულიც მდაბლდება. ამიტომ სამართლიანად ითქვა, რომ ხორციელ შრომას მოაქვს თავმდაბლობა. როცა გმობა ებრძოდა გონიერ ბერს, რომელმაც იცოდა, რომ გმობა ამპარტავნებისგანაა და რომ ხორცის დამდაბლებისას სულიც მდაბლდება, ორმოცი დღის განმავლობაში იგი შენობაში არ შესულა. ასე რომ, სხეულზე თმა პირუტყვის ჯაგარივით მოექცა.

გმობის აზრებისთვის კი არ მოიქცა ასე, არამედ თავმდაბლობისთვის. კარგად თქვა ბერმა, ხორციელ შრომას მოაქვს თავმდაბლობაო. სახიერმა ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რადგან დიდი განსაცდელებისგან დამხსნელია იგი და ბევრი სიბოროტისგან გვიფარავს.


სწავლა მესამე

სინდისის შესახებ

ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მასში დათესა წმინდა, ნაკვერცხალივით მხურვალე და ნათელი გულისსიტყვა, რომელიც გონებას ანათებს და ბოროტს კეთილისაგან განარჩევინებს. ამიტომ ეწოდება მას სინდისი, რაც არის ბუნებრივი რჯული. მამები მის შესახებ ამბობენ: ჭები, რომლებსაც თხრიდა იაკობი და რომლებსაც ავსებდნენ ფილისტიმელები (შდრ. დაბ. 26.15). ყველა მამამთავარი და წმინდანი ამ რჯულით, ანუ სინდისით, სათნო ეყო ღმერთს, ვიდრე რჯული დაიწერებოდა.

როცა ადამიანმა სინდისი მცნების დარღვევითა და ცოდვის ჩადენით დათრგუნა, მაშინ განსაკურნებლად დაგვჭირდა დაწერილი რჯული, წმინდაAწინასწარმეტყველთა თქმანი, დაგვჭირდა თვით ჩვენი უფლის მოსლვა, რათა მისი წმინდა მცნებების დაცვით გაებრწყინებინა, აღედგინა და გაეცხოველებინა ის დათრგუნული ნაკვერცხალი, ანუ სინდისი. ახლა იგი ჩვენშია, თუ გვინდა, ისევ დავთრგუნავთ და, თუ გვინდა, მოვუსმენთ, და ისიც გაბრწყინდება და გაგვანათლებს. როცა სინდისი გვეუბნება, ასე მოიქეცი, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ, როცა კვლავ გვეუბნება და ჩვენ უგულებელვყოფთ, შემდგომში ის ითრგუნება და აღარ შეუძლია ჩვენი მხილება სიმძიმის გამო, ზედ რომ ადევს, ბუნდოვნად გვინათებს ჭიქაში ანთებული სანთელივით და მოვლენებს გარკვევით არ გვიჩვენებს. როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას, ისე ვართ ჩვენც – აღარ გვესმის, რას გვეუბნება სინდისი, ისეთ სიბნელეს ვყავართ მოცული, აღარც კი გვგონია, ჩვენთან თუ არის.

არ არსებობს კაცი, ვისთანაც იგი არ იყოს, რადგან, როგორც ვთქვი, იგი წმინდაა, არასდროს ქრება, და მუდამ კეთილს გვეუბნება. ჩვენ კი, როგორც აღვნიშნე, ჩვენი უგუნურობით აღარ გვესმის, რადგან დაგვითრგუნავს იგი.

წინასწარმეტყველი ამიტომ გლოვობდა ეფრემს და ამბობდა: „ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი“ (ოსია 5.11). სინდისს მოწინააღმდეგე უწოდა. სახარება მის შესახებ ამბობს: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამინ გეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანასკნელი კოდრატი“ (მათ. 5.25-26). რატომ უწოდა სინდისს მოწინააღმდეგე? მოწინააღმდეგე იმიტომ ჰქვია, რომ ნიადაგ წინ აღუდგება ჩვენს ბოროტ ნებას და გვამხელს.

რაკი რისი კეთებაც გვმართებს, არ ვაკეთებთ, და რისი კეთებაც არ გვმართებს, ვაკეთებთ, ის წინააღმდეგობას გვიწევს და ამის გამო ეწოდება მოწინააღმდეგე. ამიტომ გვიბრძანებს უფალი და ამბობს: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა“. გზა, წმინდა ბასილის თანახმად, წუთისოფელია. ძმებო, ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სინდისი, სანამ ამ წუთისოფელში ვართ. არ დავუშვათ, რამე საქმის გამო გვამხილოს, არც რამეში დავთრგუნოთ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში. იცოდეთ, ამ უმნიშვნელოდან, ჩვენ რომ არაფრად მიგვაჩნია, დიდამდეც მივალთ. როცა კაცი ამბობს: არაფერია, ამას თუ ვიტყვი, ან ცოტას შევჭამ, ან რა მოხდება, იმას თუ შევხედავ… ამითYკაცი ცუდ ჩვეულებას იძენს, შემდეგ დიდი საქმეების უგულებელყოფასაც იწყებს და სინდისს იხშობს.

როცა ასე აგრძელებენ, ცოდვებსა და სრულ უგუნურებაში დაინთქმებიან. ამიტომ, ძმებო, გევედრებით, ნუ ვიქნებით დაუდევრები მცირედში, რომელიც მცირე არ არის, პირიქით, მძიმე რამ არის ცუდი ჩვეულება. ფრთხილად ვიყოთ, ძმებო და ვიდრე მსუბუქია, ცოდვას ვებრძოლოთ, რათაAარ დამძიმდეს. სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდი ხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი უფალი მცნებად გვაძლევს, დავიცვათ სინდისი, და თითქოს პირდაპირ მიმართავს ვინმეს, ისე ამბობს: იხილე, უბადრუკო, „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა“. საშიშროებაზეც მიგვითითებს და ამბობს: „ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამინ გეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანასკნელი კოდრატი“. როგორც ვთქვი, სინდისი ბოროტშიც გვამხელს და კეთილშიც, გვიჩვენებს, რისი კეთება გვმართებს. თუ არ მოვუსმენთ, ისევ ის გვამხელს იმ დღეს (განკითხვის დღეს – რედ). ამიტომაც ამბობს: „ნუუკუე მიგცეს შენ… მსაჯულსა“, და ა. შ.

სხვადასახვაგვარი დაცვა არსებობს: კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. ღვთის მიმართ ამრიგად: არ უგულებელყოს მისი მცნებები; რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია, სინდისი იმაშიც დაიცვას. მაგალითად: ლოცვისას ბოროტი აზრი მოსდის და თავს კი არ იცავს მისგან, არამედ განამტკიცებს; ან ხედავს, მოყვასი რამეს ამბობს თუ აკეთებს, ის კი განიკითხავს ამის და მსგავსი რამეების გამო. რასაც ღმერთის გარდა ვერავინ შეიტყობს, სინდისის დაცვა იმაშიც მართებს. ეს არის ღვთის მიმართ სინდისის დაცვა.

მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითიც, იცის, რომ მოყვასს დააბრკოლებს საქმით, სიტყვით, სახით თუ შეხედვით. მოყვასის დაბრკოლება შეიძლება სახითაც, შეხედვითაც. რითიც იცის, მოყვასი დაბრკოლდება, არ გააკეთოს. ეს არის მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა.

ხოლო საგნების მიმართ ის არის, რომ არ გააფუჭოს ნივთები; დაგდებულს თუ ნახავს რამეს, აიღოს და თავის ადგილას დადოს, თუნდაც მცირე იყოს; არ გააფუჭოს თავისი სამოსელი. ზოგიერთს ტანსაცმლის ჩაცმა კიდევ ხუთი თვე შეუძლია, მაგრამ ზედიზედ რეცხვით ცვეთს მას. ეს სინდისის საწინააღმდეგოა. ასევე, ზოგიერთს ერთი ბალიში ჰყოფნის, მაგრამ დიდ ლოგინს ეძებს; ძაძის სამოსელი აქვს, მაგრამ ახალი და მშვენიერი ტანსაცმელი სურს ამპარტავანების ან მოწყენილობის გამო; ერთი ჭილობი ყოფნის, ის კი ლატანს ეძებს და მის გამო შფოთს ტეხს.

ვინც ძმას დაუწყებს ყურებას და იტყვის, მას აქვს და მე არაო, რა სანატრელია?! ასევე, ზოგიერთი მზეზე ფენს თავის სამოსელს, უყურადღებოდ ტოვებს და გამოახუნებს ხოლმე – ესეც სინდისისგან შორს არის. საჭმელს რაც შეეხება: თუ მცირე მხლით, ცერცვით ან ცოტაოდენი ზეთისხილით დანაყრება შეუძლია, ის კი უფრო გემრიელ შეჭამადს ეძებს, ყოველივე ეს სინდისისგან შორს არის. მამების ნათქვამია: მონაზონმა არ უნდა დაუშვას, რომ სინდისმა რამეში ამხილოს. ძმებო, ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს, ყოველივე ამისგან თავი უნდა დავიცვათ, რათა არ დავინთქათ, რადგან თავად უფალი გვაძლევს მცნებად, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ღმერთმა გაგვხადოს ღირსი ამ სიტყვების სმენისა და განხორციელებისა, სასჯელად რომ არ გვექცეს მამების სიტყვები.



სწავლა მეოთხე

ღვთის შიშის შესახებ

კათოლიკე ეპისტოლეში წმინდა იოანე ამბობს: „სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში“ (1იოან. 4.18). ნახეთ, რას ამბობს წმინდანი? რომელ სიყვარულზე ან რომელ შიშზე ლაპარაკობს? წინაწარმეტყველი ფსალმუნში ამბობს: „გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა“ (ფსალმ. 33.10). ბევრი მსგავსი რამეა ნათქვამი წმინდა წერილში. თუ წმინდანებსაც, რომელთაც უფალი უყვართ, მისი ეშინიათ, როგორღა ამბობს, რომ სიყვარული შიშს აძევებს? წმინდანს სურს, გვაჩვენოს, რომ შიში ორგვარია: ერთია დამწყებთა და მეორე – სრულყოფილთა, ანუ იმათი, რომლებიც სრულყოფილნი არიან და სიყვარული მოიპოვეს.

ზოგიერთი ღვთის ნებას ტანჯვის შიშით ასრულებს. ასეთი ადამიანი, როგორც აღვნიშნე, ჯერ კიდევ დამწყებია. ის სიკეთის გამო კი არა, ტანჯვის შიშით მოქმედებს. სხვა ღვთის ნებას ღმერთის სიყვარულით ასრულებს, ღვთის სათნოსაყოფად. მან იცის, რა არის კეთილი. იგია ის, ვისაც ჭეშმარიტი სიყვარული აქვს, რომელზეც წმინდანი ლაპარაკობს.

ამგვარ სიყვარულს ის სრულ შიშამდე მიჰყავს, რადგან მას ღვთის ეშინია, ღვთის ნებას ტანჯვის შიშით კი აღარ ასრულებს, არამედ, როგორც აღვნიშნე, ღმერთთან ყოფნის სიტკბოება უგემნია და ეშინია, არ მოაკლდეს მას. სიყვარულისგან შობილი ასეთი შიში ძველ შიშს აძევებს. ამიტომ ამბობს: „სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში“.

შეუძლებელია, გაჩნდეს სრულყოფილი შიში, თუ თავდაპირველად დამწყებთა შიში არ იქნა. როგორც წმინდა ბასილი ამბობს, სამი სახით სათნოვეყოფით ღმერთს: ტანჯვის შიშით, მადლისთვის ან კეთილი საქმისთვის. ამ სამით ვასრულებთ მცნებებს.

თუ ტანჯვის შიშით ვმოქმედებთ, მონის ხარისხში ვართ, თუ მადლისათვის – მუშაკისა, და თუ სიკეთისთვის – ძის მდგომარეობაში. როცა ძე ცნობიერებას იძენს, მამის ნებას ცემის შიშით კი არ ასრულებს, არც მისგან საფასურის მიღების მიზნით, არამედ მისი სიყვარულის გამო, რადგან სიყვარული და პატივისცემა აქვს, რაც ძეს ეკუთვნის მამის მიმართ. მან იცის, რომ ყველაფერი, რაც მამისაა, მისია. ასეთს აღარ ჰქვია მონა, არამედ „შვილ, მკვიდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ“ (გალ. 4.7). ასეთს ღმერთის იმ პირველი შიშით კი აღარ ეშინია, არამედ ღმერთი უყვარს. როგორც მამა ანტონმა თქვა: „ღმერთის კი არ მეშინია, არამედ მიყვარს“. ასევე, უფალმა აბრაამს, როცა თავის ძეს სწირავდა, უთხრა: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისა“ (დაბ. 22.12). სრულყოფილი შიშის შესახებ ეუბნებოდა, სიყვარულისგან რომ მოდის.

რატომ უთხრა: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისა?“ – ამდენი ჭირი მოითმინა და ღმერთს დაემორჩილა: სამშობლო მიატოვა, უცხო და კერპთმსახურთა ქვეყანაში მივიდა, სადაც ღვთის მეცნიერების კვალიც არ იყო. ამასთან ერთად, შვილის დაკლვასაც ითმენდა.

ყოველივე ამის შემდეგ ღმერთმა უთხრა: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისა“. ცხადია, წმინდანთა სრულყოფილი შიშის შესახებ ეუბნებოდა. წმინდანებს დასჯის შიშით კი არ ეშინიათ ღვთის, არც მადლის მიღებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი უყვართ და ეშინიათ, არაფერი გააკეთონ ღვთის ნების საწინააღმდეგოდ.

სიყვარული შიშს აძევებსო, იმიტომ ამბობს, რომ შიშით კი არ აკეთებენ, არამედ სიყვარულის გამო ეშინიათ. ეს არის სრულყოფილი შიში. სრულყოფილი კი, როგორც ვახსენე, არ მოვა, თუ თავდაპირველად მცირე არ მოვიდა, რადგან დაწერილია: „და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა“ (იგავ. 1.7). ასევე ამბობს: „დასაბამი და დასასრული არს შიში ღვთისა“ (ისო ზირ. 1.15.18). დასაბამში პირველ შიშს გულისხმობს, ხოლო დასასრულში – მეორეს, ღვთის სრულყოფილ შიშს. პირველი შიში ჩვენთვის ბუნებრივია, იგი ყოველგვარი ბოროტებისგან იცავს სულს. დაწერილია: „შიშისათვის უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან“ (იგავ. 15.27). თუ სასჯელის შიშით კაცი ბოროტისაგან მოიქცევა როგორც მონა, ვისაც თავისი ბატონისა ეშინია, ამით იგი კეთილ საქმემდე მივა. შემდეგ თანდათან იქამდე მივა, რომ მუშაკივით კეთილი საქმის იმედი ექნება. როცა მონასავით ეშინია და ბოროტებას გაურბის, ასევე, როცა მუშაკივით სიკეთის იმედით აკეთებს, როცა ამრიგად დაჰყოფს სიკეთეში, ღმერთს შეუერთდება და სიკეთის გემოს გაიგებს, შემდეგ ვეღარავინ განაშორებს მას, მსგავსად მოციქულის ნათქვამისა: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა“ (რომ. 8.35). შემდგომში იგი ძის საზომს მიაღწევს. ეს არის სრულყოფილი შიში. ამიტომ გვასწავლის წინასწარმეტყველი შიშის სხვადასხვაგვარობის შესახებ და ამბობს: „მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწაო თქუენ“ (ფსალმ. 33.12). გავიაზროთ წინასწარმეტყველის თქმული. რას ნიშნავს მისი თითოეული სიტყვა?

ჯერ სათნოებისკენ მოგვიწოდებს, ამბობს: „მოვედით“, თან დასძინა: „შვილნო“. წმინდანები შვილს უწოდებენ უკეთურებისგან სათნოებისკენ მათი სიტყვით მოქცეულთ, როგორც მოციქული ამბობს: „შვილნო ჩემნო, რომელთათვის კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის“ (გალ. 4.19). შემდეგ ამბობს: „შიში უფლისა გასწაო თქუენ“. ჰხედავთ წმინდანის კადნიერებას? ჩვენ რამეს რომ ვიტყვით, ვამბობთ: გსურს, ღვთის შიშზე ან სხვა რამ სათნოებაზე ვილაპარაკოთ? წმინდანი ამგვარად კი არა, კადნიერებით ლაპარაკობს: „მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწაო თქუენ. ვინ არს კაც, რომელსა“ ეშინის უფლისა „და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?“ (ფსალმ. 33.12,13) თითქოს, ვინმემ უპასუხა: მე მსურს, უფლის შიში მასწავლოო, ისე ამბობს: „დააცხრვე ენა შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა“ (ფსალმ. 33.14).

აი, ამგვარად გვიჩვენა ბოროტება, რათა არ ვაკეთოთ ის, რადგან „დააცხრვე ენა შენი ბოროტისაგან“ ნიშნავს, კაცმა არ დააბრკოლოს თავისი მოყვასი და ძვირი არ უთხრას. ხოლო „ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა“ ნიშნავს, არ უმზაკვროს მოყვასს. თავდაპირველად ცოდვები დაასახელა: ძვირის თქმა, მზაკვრობა, შემდეგ კი ზოგადად ცოდვაზე თქვა: „მოიქეც ბოროტისაგან“, რაც ნიშნავს, ერიდე ყოველგვარ ბოროტებას და მოიქეც ცოდვასთან მიმყვანი ყოველი საქმისგანო. მარტოოდენ ეს კი არ თქვა, არამედ – ქმენ კეთილიცო. ზოგიერთი არც ბოროტებას აკეთებს, არც სიკეთეს. ასევე, ზოგიერთი არავისთან იქცევა უსამართლოდ, მაგრამ არც მოწყალებას იჩენს. ზოგიერთს არც არავინ სძულს და არც არავინ უყვარს. კარგად ამბობს წმინდანი: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33.15). აი, გვიჩვენა, როგორი თანამიმდევრულია ის სამი საზომი, წინათ რომ ვახსენეთ. ასევე გვასწავლის, ღვთის შიშითAმოვიქცეთ ბოროტისაგან, რადგან, რაჟამს კაცი ბოროტებისგან მოქცევის ღირსი ხდება, შემდგომში თავად მისი ბუნება იზიდავს მას სიკეთისკენ.

წმინდანმა გვასწავლა, მოვიქცეთ ბოროტებისგან და ვაკეთოთ სიკეთე, და მყისვე თქვა: „მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას“ (ფსალმ. 33.15). მხოლოდ „მოიძიე იგი“ კი არ თქვა, არამედ ესეც – „მისდევდი მას“, სწრაფად რომ დაეწიოო. დავუკვირდეთ წმინდანის სიტყვას და განვიხილოთ იგი: როცა კაცი ბოროტებისგან მოდრეკისა და სიკეთის კეთების ღირსი ხდება, მყისვე თავს ატყდება უამრავი ჭირი და მტრის ბრძოლა. იგი არამარტო იმისთვის წვალობს და ირჯება, რომ, როგორც მონის შესახებ ვთქვით, კვლავ არ დაუბრუნდეს ბოროტ საქმეს, არამედ, მუშაკის მსგავსად, მადლის მიღების იმედითაც. როცა მტერს შეებრძოლება და მცდელობას გამოიჩენს, შემდეგ სიკეთეს გააკეთებს, თუმცა ტანჯვითა და შეჭირვებით. როდესაც ღვთის შეწევნით კეთილ საქმეს დაეჩვევა, მოსვენებისა და მშვიდობის გემოს გაიგებს, მიხვდება, რა არის ბრძოლის ჭირი ან რა არის მოსვენებისა და მშვიდობის სიხარული. მაშინ მის მიღწევასა და მოპოვებას შე-ეცდება, რათა თავის თავში დაამკვიდროს იგი. ამის შემდგომ იგი სანატრელი გახდება. განა არსებობს იმ კაცზე უფრო სანატრელი, ვინც ამ საზომის ღირსი გამხდარა?!

ასეთი, როგორც მრავალგზის გვითქვამს, ძის ხარისხშია, თანახმად დაწერილისა: „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“ (მათ. 5.9). ასეთი აღარ აკეთებს სიკეთეს სხვა რამის მიზნით, არამედ თავად სიკეთით შვების მიზნით. არც ეს სიხარული იცის ვინმემ გარდა იმისა, ვინც შეიცნო და იგემა იგი. მან იცის, რა სიხარულია ასეთი შიში.

აი, ვთქვით პირველი შიშისა და მეორის შესახებ, თუ რისგან მოგვაქცევს ღვთის შიში ან რისკენ მივყავართ. ახლა ვთქვათ, რით მოდის ღვთის შიში ან ჩვენგან რა აძევებს მას. მამებმა თქვეს, რომ ღვთის შიში მოდის: სიკვდილისა და ტანჯვის გახსენებით; კაცი ყოველ საღამოს უნდა იკვლევდეს, როგორ გაატარა ის დღე, და ყოველ დილით უნდა იძიებდეს, როგორ განვლო ის ღამე; არ უნდა იჩენდეს კადნიერებას; კაცი ღვთისმოშიშს უნდა დაუახლოვდეს. დაწერილია: ძმამ ვინმე ბერს ჰკითხა: „მამაო, როგორ მოვიპოვო ღვთის შიში?“ ბერმა უპასუხა: „წადი და ღვთისმოშიშ კაცს დაუახლოვდი. რაკი ღვთის ეშინია, შენც ღვთის შიშს გასწავლის“. ხოლო ღვთის შიშს ჩვენგან აძევებს: სიკვდილისა და ტანჯვის გაუხსენებლობა; ის, რომ სიფრთხილეს არ ვიჩენთ, უწესოდ ვცხოვრობთ და უწესოებს შორის ვტრიალებთ; და კადნიერება, რაც სრული წარწყმედაა, რადგან ღვთის შიშს ისე არაფერი აძევებს სულიდან, როგორც კადნიერება. ამიტომ თქვა მამა აღათონმა, როცა კადნიერების შესახებ ჰკითხეს: „კადნიერება ხორშაკივითაა (ძლიერი ცხელი ქარი – რედ.). როცა დაუბერავს, ყველა გარბის, ხეებზე ნაყოფს აფუჭებს“. ხედავ ამ ვნების ძალას? კიდევ ჰკითხეს მას: „ასე სასტიკია კადნიერება?“ „არ არსებობს კადნიერებაზე უფრო საშინელი ვნება – იგია ყოველგვარი ვნების მშობელი, რადგან ღვთის შიშს აძევებს,“ – თქვა მან.

წერილის თანახმად, თუ „შიშისათვის უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან“ (იგავ. 15.27), მაშინ ცხადია, სადაც ღვთის შიში არ არის, იქ არის ყოველგვარი ბოროტებაც. ღმერთმა გვიხსნას კადნიერების საშინელი ვნებისგან. კადნიერება კი მრავალგვარია.

არსებობს კადნიერება სიტყვით, ხელის შეხებითა და შეხედვით. კადნიერებას კაცი ფუჭმეტყველებამდე, საერისკაცო ამაო საუბრებამდე და უწესო სიცილამდე მიჰყავს. კადნიერებაა უმიზეზოდ ვინმეს შეხება, სიცილით ხელის შევლება, სხვისთვის რამეს ხელიდან გამოტაცება, ურცხვად ვინმეს შეხედვა – ყოველივე ამას კადნიერება აკეთებს, ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ სულში არ არის ღვთის შიში. ამით კი კაცი მცნებების უგულებელყოფამდე მიდის. რჯულის მცნებების მიცემის დროს ამიტომ ამბობდა ღმერთი: კრძალულ ქმნენით ძენი ისრაელისანი (შდრ. ლევ. 15.31). კრძალვის გარეშე თავად ღმერთსაც კი არ სცემენ პატივს, არც ერთ მცნებას იცავენ. ამიტომ არაფერია კადნიერებაზე უფრო საშინელი, ამიტომ არის იგი ყოველგვარი ბოროტების მშობელი. იგი კრძალვასა და ღვთის შიშს დევნის, მცნებათა უგულებელყოფას იწვევს. კადნიერებიდან მოდის ურცხვობა და ერთმანეთთან შეურაცხმყოფელი ლაპარაკი. კადნიერებისგანაა, როცა ვინმე ნახავს რამე უსარგებლო საქმეს და დაუყოვნებლივ მიდის, სხვა ძმას უამბობს, და არამარტო თავის თავს ვნებს, არამედ ძმასაც, რადგან ბოროტ გესლს უთესავს გულში. იქნებ, მისი გონება ლოცვით ან სხვა რამ კეთილ საქმით იყო დაკავებული? ეს კი მიდის, გულში ბოროტ ზრახვას უთესავს, და არამარტო სასარგებლო საქმეს სწყვეტს, არამედ განსაცდელშიც კი აგდებს. არაფერია იმაზე უფრო მძიმე და საშინელი, როცა კაცი მარტო თავის თავს კი არა, არამედ სხვასაც ვნებს. ძმებო, ვიქონიოთ კრძალვა და გვეშინოდეს ჩვენი თავისა და მოყვასის ვნებისა, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ვეცადოთ, საერთოდ არ შევხედოთ ერთმანეთს სახეში, რადგან ესეც კადნიერებაა, როგორც ერთი ბერი ამბობდა. თუ ძმას ცოდვაში ნახავ, უყუ-რადღებოდ არ დატოვო და გვერდი არ აუარო, არც განიკითხო და არც აუგი უთხრა, არამედ სიყვარულითა და ღვთის შიშით მიმართე იმას, ვისაც მისი გამოსწორება შეუძლია, ან შენ თავად უთხარი სიყვარულითა და სიმდაბლით: „შემინდე, ძმაო, კარგად არ ვაკეთებთ ამ საქმეს“. თუ არ მოგისმინა, იმას უთხარი, ვისიც, იცი, რომ ნდობა აქვს, ან მის უხუცესს, ან მამასახლისს, და თუ მართლაც არის ამგვარი ცდომა, ნუღარ ზრუნავ. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ძმის შეცდომა ამ უკანასკნელის გამოსწორების მიზნით უთხარი. აუგად ნუ ეტყვი, არც შეურაცხყო, გარეგნულად არ გამოხატო, თითქოს მისი სიკეთე გინდა, როცა შიგნით რაღაც ვნება გაქვს. ვინმემ მოძღვარსაც რომ უთხრას, თუ ძმის სასიკეთოდ არ ამბობს, თუნდაც თავისი ვნებაც აღიაროს, მაინც ძვირის თქმა იქნება. დაე, თავისი გული გამოიძიოს: თუ გულში დაფარული ბოროტების მიზეზით ლამობს თქმას, არ უთხრას; თუ დანამდვილებით იცის, რომ ძმის სარგებლობისთვის ლამობს თქმას, მაგრამ გულში რამე ვნებიანი ზრახვა ამოძრავებს, მამას თავისიც უთხრას და ძმისაც. უთხრას: „მოწმეა ჩემი სინდისი, რომ ძმის სარგებლობისთვის ვამბობ, მაგრამ შინაგანად ვხედავ, გულში ვნებიანი ზრახვა მამოძრავებს. არ ვიცი, გულღრძოობაა თუ ეშმაკისგანაა, რომ ძმამ სარგებელი არ ნახოს“. მაშინ მამა გეტყვის, საჭიროა თუ არა თქმა.

ხშირად კაცი ძმის სასიკეთოდ კი არ ამბობს, არც გულღრძოობით, არამედ ცუდადმეტყველების გამო. რა საჭიროა ეს? ვაითუ, ძმამ გაიგოს, მასზე რომ თქვა, გაბრაზდეს და საზიანო საქმე მოხდეს. ხოლო როცა სარგებლობისთვის ამბობს, ღმერთი არ დაუშვებს შფოთს ან საწყენ რამეს.

ადრე აღვნიშნეთ: ეცადეთ, დაიოკოთ ენა, რათა მოყვასის შესახებ ცუდი არ თქვათ და არავინ დააბრკოლოთ არც სიტყვით, არც სახით. ნურც მოუთმენლები იქნებით, როცა ძმისგან რამე სიტყვას გაიგებთ, მყისვე არ გაბრაზდეთ, არ უპასუხოთ უხეშად და არ დარჩეთ განაწყენებულნი. ესაა მოღვაწეთა საქმე, ვისაც ღვთის შიშის მოპოვება სურს. პირიქით, ერთმანეთს კრძალვით შეხვდით, თავი მოუდრიკეთ, დამდაბლდით ღვთისა და თქვენი ძმის წინაშე და უარყავით თქვენი ნება. როცა კაცი რამეს აკეთებს და ხედავს, მისი ძმა ამ საქმის მოსურნეა, კარგია, თუ დაუთმობს. ასე მოიქცეს და იმ ძმაზე მეტ სარგებელს ნახავს.

დანამდვილებით ვიცი, არაფერი კეთილი არ გამიკეთებია, მაგრამ ამისგან დაცული ვარ – ძმაზე მეტად არაფერში მიცია ჩემი თავისთვის პატივი.

როცა მამა სერიდოს მონასტერში ვიყავი, მამა იოანეს მოწაფე დასნეულდა. მამამ მისი მსახურება დამავალა. იმგვარი რწმენა მქონდა მამისა, რომ მისი სენაკის კართან ისე მივდიოდი, როგორც ჯვართან. ვინ არ ისურვებდა ასეთი წმინდანის მომსახურებას?! კეთილი სიტყვის თქმა იცოდა: როცა მის მსახურებას დავასრულებდი, მუხლს ვუდრეკდი, რომ ვეკურთხებინე და წამოვსულიყავი. მან სამი კეთილი სიტყვის თქმა იცოდა. ერთ-ერთ მათგანს მეტყოდა ხოლმე: „ძმაო, ღმერთმა დაიცვას შენი სიყვარული! მამები ამბობენ, რომ მოყვასის მიმართ სინდისის დაცვით იშვება თავმდაბლობა“.

მეორე საღამოს მეტყოდა ხოლმე: „ძმაო, ღმერთმა მოგმადლოს სიყვარული, ერიდე კაცობრივ საქმეს და ცხონდები“. კიდევ მეუბნებოდა: „ძმაო, ღმერთმა მოგცეს სიყვარული, ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2). ბერი ყოველ საღამოს მეუბნებოდა ამ სამიდან რომელიმეს. მეც ეს მქონდა ჩემი ცხოვრების მცველად.

ასეთი გულმოდგინება მქონდა მის მიმართ და ამდენად მეწადა მისი მომსახურება. ერთხელ ვინმე ძმაზე შევიტყე, ნაწყენი ყოფილა, მისი მსახურება სდომებია, მაგრამ არც მამამ ისურვა ეს და არც ბერმა. მე კი შეძლებისამებრ პატივი ვეცი ძმას. იმ მონასტერში ცხრა წელი გავატარე, და არ მახსოვს, ვინმესთვის უხეში სიტყვა მეთქვას, ისე ვასრულებდი მორჩილებას.

დამიჯერეთ, ძმებო: ერთ დღეს რომელიღაც ძმა საავადმყოფოდან ეკლესიამდე უკან მომყვებოდა, მლანძღავდა, მე კი არაფერი მიპასუხია. ბოლოს, როცა მამამ ეს შეიტყო, მისი დასჯა მოინდომა. მე პირქვე დავემხე და ვუთხარი: „ნუ, მამაო, ღვთის გულისათვის! მე შევცდი“. ასევე სხვა ძმა, არ ვიცი, ეშმაკისგან იყო თუ მიამიტობით მოსდიოდა, ერთი წლის განმავლობაში შარდავდა ჩემი საწოლის გვერდით, ისე რომ ლოგინიც მისველდებოდა. ასევე, სხვა ძმები დღისით მოდიოდნენ და თავიანთ ჭილობს ჩემი სენაკის კართან ბერტყავდნენ. ვხედავდი, უამრავი ბაღლინჯო შემოდიოდა ჩემს სენაკში, სიმრავლის გამო მათ მოკვლას ვერ ვუმკლავდებოდი. დასაძინებლად რომ მივდიოდი, ზედ მეხვეოდა ყველა, მაგრამ დიდი ჯაფისგან მაინც მეძინებოდა. ადგომისას ვნახულობდი, მთელი სხეული დაჭმული მქონდა. არავისთვის მითქვამს, ნუ აკეთებთ ამას-თქო, არავისთვის მითქვამს საწყენი სიტყვა. თქვენც ასევე ეცადეთ, ერთმანეთის ტვირთვა, ერთმანეთის კრძალვა ისწავლეთ.

თუ ვინმე თქვენგანი ძმისგან გულსატკენ სიტყვას გაიგებს, ნუ იქნება მოუთმენელი და მყისვე არ აღშფოთდეს, რათა ლოცვაში სუსტი და უძლური არ აღმოჩნდეს, ვერ იტვირთოს და ვერ შეეწინააღმდეგოს ერთ ზრახვასაც კი, როგორც ნესვი, რომელსაც პატარა ჭია თუ გაუჩნდა, გაფუჭებული ადგილი მაშინვე უდიდდება და ულპება. არამედ მტკიცე გული და მოთმინება იქონიეთ, და ერთმანეთის მიმართ თქვენი სიყვარული ყოველივეს სძლევს. თუ ვინმეს რამე მორჩილება ავალია, ხელოსანთან, მზარეულთან ან სხვა ვინმესთან აქვს საქმე, სცადონ, იმანაც, ვინც ითხოვს, და იმანაც, ვინც გასცემს, უწინარეს ყოვლისა თავიანთი წესი დაიცვან, შფოთი რომ არ მოხდეს. არ შეეწინა-აღმდეგონ ერთმანეთს, ღვთის მცნება არ დაარღვიონ. უმჯობესია, დაზიანდეს საქმე, რაც უნდა იყოს იგი, ვიდრე თქვენი წესი, რათა თქვენს სულს არ ევნოს.

რა საქმესაც უნდა აკეთებდეთ, სასწრაფო და საჭიროც რომ იყოს, არ მინდა, შეპასუხებითა და კამათით აკეთოთ. ესეც იცოდეთ, რა საქმეც უნდა იყოს, დიდი თუ მცირე, იმ საქმიდან მერვედ ნაწილს ეძიებს ღმერთი თქვენგან, თქვენი წესის დაცვას კი – შვიდწილად.

თუ სრული სარგებლის მიღება გსურთ, ეცადეთ, როცა რამეს აკეთებთ, ისიც შეასრულოთ, რასაც აკეთებთ, და თქვენი წესიც დაიცვათ, და რვა ნაწილს შეიძენთ. ხოლო თუ ერთ-ერთი თავის წესს არ დაიცავს, არამედ საქმის შესასრულებლად სხვას ავნებს და თავადაც ივნებს, შვიდ ნაწილს ღუპავს და ერთ ნაწილს შეიძენს. ეს რაღა სიკეთეა?!

ის კი არ არის გონიერება, ვინმე სიამაყისთვის ან კაცთა მაამებლობისთვის როცა აკეთებს, კამათობს და წინ აღუდგება, ხალხმა რომ თქვას: აჰა, ვერავინ აჯობა, ამან გაიმარჯვა. ჰოი, საკვირველება! ეს არის გამარჯვება?! ეს არ არის გამარჯვება, ძმებო. არავითარ შემთხვევაში! არამედ სივაგლახე და დაღუპვაა. მე ვამბობ: თუ ვინმე თქვენგანი რამე საქმეზე წავა და იქ შფოთს ან სულისთვის საზიანო რამეს იხილავს, მიატოვოს ის საქმე, ნურც თავის სულს ავნებს და ნურც სხვისას. უგუნურებაა ერთი ნაწილის შეძენა და შვიდის დაღუპვა. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მოუთმენლობა გამოიჩინოთ და სინდისი უგულებელყოთ, არც იმისთვის, რომ ურჩი იყოთ და თქვათ: ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ვნებას მომაყენებს (ამგვარად ვერანაირ მსახურებას გასწევთ, ვერც ღვთის მცნებას შეასრულებთ), არამედ იმისთვის გეუბნებით, რომ თქვენი საქმე სიყვარულით, თავმდაბლად, ერთმანეთთან თავმოდრეკილებმა აკეთოთ, რადგან თავმდაბლობაზე უფრო ძლიერი არაფერია.

თუ ვინმე თავის ძმას გულნაკლულს იხილავს, უარყოს თავისი ნება, რათა სულიერად არ ევნოს. ბევრჯერ მითქვამს: უმჯობესია, საქმე ისე არ გაკეთდეს, როგორც თქვენ გინდათ, არამედ როგორც დრო მოიტანს, ოღონდაც არ დააბრკოლოთ ერთმანეთი თავის მართლებითა და სიზარმაცით, რათა შვიდი ნაწილი არ დაკარგოთ.

ხშირად კაცი შვიდ ნაწილს ღუპავს, ვერც ერთს ვერ იძენს და ცარიელი რჩება. რასაც ვაკეთებთ, ყველაფრისგან რამე უნდა ვირგოთ. რაღას ვირგებთ, თუ ერთმანეთთან არ დავმდაბლდებით და ერთმანეთს დავაბრკოლებთ? არ იცით, დაწერილი რომ არის: მეგობრისგან არის სიცოცხლე და სიკვდილიო?!

გულში დაიმარხეთ ეს სიტყვები, ძმებო, სიყვარულითა და ღვთის შიშით ეცადეთ, ეძიეთ სარგებელი თქუენთვის და ერთმანეთისთვის. თუ ამრიგად მოიქცევით, რაც უნდა შეგემთხვათ, ღვთის შეწევნით სარგებელს პოვებთ და წარმატებას მიაღწევთ. თავად ჩვენმა ღმერთმა, როგორც კაცთმოყვარემ, მოგცეთ მისი შიში, რადგან დაწერილია: გეშინოდენ ღვთისაგან და მცნებანი მისნი დაიმარხენ (შდრ. ეკლ. 12.13), რადგან მის ხელთ არის ყოველი ხორციელი.


სწავლა მეხუთე

ჩვენი წმინდა მამა დოროთეს თქმული,
რათა არ ვენდოთ ჩვენს განზრახვებსა
და გონიერებას

ჩემო საყვარელო ძმებო და მამებო, დაუკვირდით, რა წერია სოლომონის სიბრძნეში: რომელთა არა აქუნდეს მწყემსი, დაცვივენ ვითარცა ფურცელი, ხოლო ცხორება არს მრავლითა განზრახვითა (შდრ. იგავ. 11.14). ნახეთ, ძმებო, რას ნიშნავს ეს სიტყვები? ნახეთ, რას გვასწავლის მთელი წმინდა წერილი? – ჩვენი შეუმცდარობა სურს, და განსაკუთრებით გვაფრთხილებს, არ ვენდოთ ჩვენს თავს, თავი ბრძენად არ მივიჩნიოთ და არ დავიჯეროთ ბოროტი აზრი, თითქოს ჩვენი თავის დამწყემსვა შეგვეძლოს.

ძმებო, იცოდეთ, სხვების დახმარება გვესაჭიროება, და, სრულიად უდავოდ, მწყემსი გვჭირდება, რომ დაგვმწყემსოს. არ არსებობს მეტი საშინელება და ეშმაკსაც არაფერი სწადია იმაზე მეტად, ვიდრე ის, რომ მწყემსი, ანუ მოძღვარი არ გვყავდეს. რატომ ამბობს: რომელთა არა აქუნდეს მწყემსი, დაცვივენ ვითარცა ფურცელი? დაუკვირდით ამ სიტყვებს: თავიდან ფოთოლი მწვანე, მშვენიერი და ნედლია, შემდეგ ნელ-ნელა ხმება, ცვივა და ყველას გასათელი ხდება. ასეა მონაზონიც, ვისაც მოძღვარი არ ჰყავს და ვინც თავისი მამის ნებას არ მისდევს: დასაწყისში მხურვალეა ლოცვაში, მარხვაში, მყუდროებაში, მღვიძარებასა და ყოველ კეთილ საქმეში, შემდეგ გულმხურვალება თანდათან უნელდება. ვინც თავის ნებას მისდევს და წინამძღვარი არ ჰყავს, რათა კვლავ აღაგზნოს მისი მხურვალება, ასევე შეუმჩნევლად გახმება და დაეცემა, ვინც თავისი ნებისამებრ ეწევა მონაზვნობას, და ეშმაკთა გასათელი გახდება.

რომლებიც თავიანთი მოძღვრის ნებას მიჰყვებიან, თავს კი არა, არამედ თავიანთი მამის განზრახვასა და ნებას ენდობიან, ასეთები არ დაეცემიან, რადგან ქრისტეა მათი შემწე, როგორც ვთქვით: ცხორება არს მრავლითა განზრახვითა (შდრ. იგავ. 11.14). არ ამბობს, ყველას დაეკითხოსო, არამედ მხოლოდ თავის მოძღვარს ჰკითხოს რჩევა ყოველ საქმეში, მას უთხრას და მასთან აღიაროს ყოველი ზრახვა, განსაკუთრებით, რაც მომხდარა, ან საქმით გაუკეთებია, ან რამე ბოროტებას დასჩვევია, ან ცუდ საზოგადოებაში ყოფილა. თუ ასეთი ხშირ-ხშირად არ აღიარებს, მაშინ ეშმაკი მასში ერთს რამე ნებას იპოვის და იმით დასცემს.

იცოდეთ, ძმებო, თუ ჩვენს ნებას შევუდგებით, თუნდაც მარჯვენა მხარეს ვიბრძოლოთ, მალე დავეცემით. ეშმაკი მზაკვარია, სიძვასა და პარვას კი არ ჩაგვაგონებს (იცის, ასეთ რამეს არ დავუჯერებთ), არამედ პირველად რამე კეთილი საქმის შესახებ გვეტყვის, ჩვენ რომ ძალზედ გვწადია. ასე დაგვაჩვევს ჩვენი ნების შედგომას და უეჭველად დაგვცემს მარჯვნიდან ან მარცხნიდან, უმთავრესად კი მარჯვნიდან, როგორც დაწერილია: ეშმაკი ბოროტებას უმთავრესად მაშინ იქმს, რაჟამს სიმართლესაცა თანა შეჰრთის (შდრ. იგავ. 11.15). ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენს ნებას მივდევთ და თავად ვირჩევთ სათნოებას. გვგონია, კარგს ვაკეთებთ, მაგრამ სწორედ მაშინ ვცდებით და სულს წარვიწყმედთ. იცოდეთ, ძმებო, და შეიგნეთ, რომელი კაციც თავისი ნებით შეუდგება და ეწევა მონაზვნობას, იგი ღვთის ნებას არ ასრულებს და შორს არის მისგან. ამაში წმინდა მამა პიმენი დამემოწმება. იგი ამბობს: „კაცის ნება ზღუდეა ღმერთსა და მას შორის“. თან დასძენს, დამაბრკოლებელი კლდე არისო.

ნახეთ, ძმებო, ნათქვამის ძალა, ნახეთ და გააცნობიერეთ, ვის დამაბრკოლებლად ასახელებს წმინდანი – ღვთის ნებისა და მისი ყოველი წმინდა გზის დამაბრკოლებლად. თუ კაცი თავის ნებას უარყოფს, უნდა თქვას: „ღმრთისა მიერ გარდავჰÃდე ზღუდესა, ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი“ (ფსალმ. 17.30-31). ნახეთ, ძმებო, ეს გასაოცარი საქმე, იხილეთ და მისთვის იღვაწეთ, გევედრებით! როცა კაცი თავის ნებას უარყოფს, მაშინ უბიწოდ და წრფელად იხილავს ღვთის გზას. ამიტომაც დასძინა: „ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი“. ასევე, თავის მართლებაზე ამბობს: თუ კაცის ნებას ზედ თავის მართლებაც დაერთვის, იცოდეთ, ასეთი კაცი საერთოდ არ სჩადის სიკეთეს.

ნახეთ, ძმებო, რა ძალა აქვს წმინდანების სიტყვას! ჭეშმარიტად, სიკვდილია, თუ კაცის ნება და თავის მართლება ერთმანეთს დაერთვის. ძალიან უნდა შიშობდეს ამ ორ საშინელ ღელვას შორის მოქცეული კაცი, რადგან მაშინ სრულიად ეცემა ის საწყალი, რომელიც ამ ორი ეშმაკის, ანუ ამ ორი ვნების – საკუთარი ნების მიყოლისა და თავის მართლების – მოყვარულია.

ვინღა დაარწმუნებს მას, საქმითა თუ სიტყვით ამ საქმეში სცდებიო? მაშინ, საწყალი, სრულიად მიჰყვება თავის ნებასა და ზრახვას, ასე განწირული აღმოჩნდება ეშმაკის ხელთ, რადგან პირველად თავად გახდა თავისი თავის ეშმაკი. ძმებო, იცოდეთ, ეშმაკს ძალიან სძულს შეუმცდარობის გზა, არა მარტო სძულს, მის სახელსა და ხმასაც კი ვერ ისმენს. რა არის შეუმცდარობა? – ის, რომ კაცი თავის ნებას არ მიჰყვეს და რასაც აკეთებს, ყველაფერი განსჯით აკეთოს. არ ვამბობ, გააკეთოს და არ იკითხოსო, არამედ საქმის გაკეთებამდე იკითხოს, რათა ეშმაკმა არ გაიგოს, თავის ნებას რომ ასრულებს, რადგან სარწმუნოებით განსჯა და ზრახვების გამოაშკარავება მას (ეშმაკს – რედ.) ძალიან უმძიმს.

არა მარტო უმძიმს, იმ ადგილიდან საერთოდ ისე გარბის კიდეც, როგორც ცეცხლისგან, რადგან მთელი მისი ძალა იმუსრება, და შერცხვენილია ზრახვებისა და ყოველი საქმის გამოაშკარავებითა და აღსარებით, რადგან მთელი მისი უკეთურება აშკარავდება და ვეღარ მიჰყავს კაცი თავისი ნების აღსრულებასა და სიმარჯვემდე.

ღმერთს სურს, ჩვენს ნებასა და განზრახვას კი არ შევუდგეთ, არამედ ჩვენს მოძღვარს ვკითხოთ და მან დაგვიცვას შეცდომისგან, რადგან გვეტყვის: ეს გააკეთე, ის არ გააკეთო; ეს კარგია და ის ცუდია; ეს დროულია და მართებულია. თუ კაცი ასე დაეკითხება თავის მოძღვარს და რასაც ეტყვის, გააკეთებს, მაშინ ეშმაკი დროს ვერ იხელთებს მის სავნებად და ამ საქმით მთელი მისი მზაკვრობა ჩაიშლება. ნუ გიკვირს, რომ ღმერთს ასე სურს და ამრიგად განაგო. ბოროტ ეშმაკს კი ძალიან უყვარს ისინი, ვისაც მოძღვარი არ ჰყავს და თავის ზრახვებს არ აღიარებს, რადგან „დაცვივენ ვითარცა ფურცელი“. ამის გამო უყვარდა ეშმაკს ის ძმა, ვისზეც მამა მაკარს უთხრა: „აქ არის ერთი ძმა, რომელიც ძალიან მიყვარს და მასთან ყოველთვის ვხარობ“. ნახეთ, ძმებო, როგორ უყვარს ეშმაკს ის, ვისაც მწყემსი არ ჰყავს. როგორც მამა მაკარიმ იხილა, განა ყველასთან არ მიდიოდა ეშმაკი, რომელსაც უამრავი გოგრა ჰქონდა მოკიდებული? განა ყველას არ მიართვა ისინი? მაგრამ ყოველი მათგანი თავის მამას ეუბნებოდა და თავისი მოძღვრის სიტყვით ფრთხილობდა, რადგან საკუთარ თავს კი არა, თავიანთ მოძღვარს ენდობოდნენ. ამიტომაც იფარავდა ღმერთი ეშმაკის ყოველგვარი მახისა და ხრიკისგან და ვერავის ვერაფერი ავნო ეშმაკმა.

მხოლოდ ის უბადრუკი ნახა უმწყემსოდ, თავის თავს მინდობილი. ამიტომ ჰყავდა იგი ეშმაკს დასაცინად, მისი მადლიერი იყო და სხვებს სწყევლიდა. როცა ეშმაკმა წმინდა მაკარის ეს ამბავი და იმ ძმის სახელი უთხრა (თეოპემპტოსი ერქვა), წმინდა მაკარი მყისვე მიხვდა მისი წარწყმედის მიზეზს – მწყემსი არ ჰყავდა.

სასწრაფოდ გაემართა მისი სენაკისკენ, ნახა და ჰკითხა მამა მაკარიმ: „როგორ ხარ, შვილო?“ „შენი ლოცვით კარგად ვარ, წმინდა მამაო“, – უპასუხა მან. „ზრახვები არ გებრძვის?“ – ისევ ჰკითხა წმინდამ. „ჯერჯერობით ასეთი ბრძოლა არ მაქვს“, – უპასუხა. არ უნდოდა აღიარება. მაშინ წმინდამ სიბრძნის ხელოვნებას მიმართა და თავისი ზრახვების აღიარებასა და გამოცხადებას შეუდგა: „ძმაო, ილოცე ჩემთვის, რადგან ძლიერ მებრძვის ეშმაკი“. ასე გაუღო აღსარების კარი. ისიც ზრახვების აღიარებას შეუდგა. მაშინ წმინდა მაკარიმ სწორ გზაზე დააყენა ის და წამოვიდა.

ეშმაკი, ჩვეულებისამებრ, კვლავ მივიდა მასთან, უნდოდა დაეცა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ნახა, ფრთხილობდა და თავს აღარ ენდობოდა. ასე გაწბილებული და შერცხვენილი წავიდა ეშმაკი. წმინდა მაკარიმ ისევ იხილა ის ეშმაკი. ჰკითხა: „როგორ არის შენი მოყვარე ძმა?“ მაშინ ეშმაკმა აღარ უწოდა მას მოყვარე, არამედ მტერი, დაწყევლა და თქვა: „მანაც მიღალატა, აღარ მისმენს და ყველაზე მეტად განმიდგა“. ახლა კი დაუკვირდით, ძმებო! ეშმაკს იმისთვის უმძიმს ზრახვების გამოაშკარავება და აღსარების ხმასაც ვერ ისმენს, რათა სრულად დაგვეუფლოს. კვლავ დავუკვირდეთ, რატომ უყვარს მას ისინი, ვინც თავის თავს ენდობა და თავის ნებას მისდევს? – რადგან ასეთები ეშმაკის ნებას მისდევენ და ეშმაკს ეხმარებიან თავიანთი სულის წარწყმედაში.

იცოდეთ, ძმებო, ამრიგად სავსებით დაეცემა მონაზონი, თუ თავის ზრახვებს ირწმუნებს და აჰყვება.

ზოგი ვინმე მონაზვნის დაცემის მიზეზად სხვა რამეს ასახელებს, მე კი ვიტყვი, რომ სხვა ვერაფერი დასცემს მონაზონს, თუ არა თავის მინდობა. თუ ვინმეს დაცემულს ნახავთ, იცოდეთ, რომ თავის თავს მიენდო და თავის ნებას შეუდგა, რადგან არაფერია იმაზე უფრო საშინელი და მონაზვნის სწრაფად დამცემი, ვიდრე საკუთარი თავის ნდობა და ნების შედგომა. ღმერთმა დამიფარა ამგვარი წარმწყმედელი ღელვისგან, რადგან უზომოდ მეშინოდა ამ ბოროტი ვნებისა. მამა სერიდოს მონასტერში ყოფნისას, მამა იოანეს ვეუბნებოდი ყოველ ჩემს ზრახვას და მის ურჩევლად არაფერს ვაკეთებდი. ზოგჯერ გული მეუბნებოდა: „ბერიც იმავეს გეტყვის, რაც თავად იცი, რატომღა აწუხებ?“ მე კი ჩემსავე აზრს ვპასუხობდი: „წყეული იყავ შენ, შენი გონიერებაც, შენი მიხვედრილობაცა და შენი სიბრძნეც, რადგან რაც იცი, ეშმაკისგან იცი“.

მივდიოდი და ბერს ვეკითხებოდი. ზოგჯერ იმავეს მპასუხობდა, რასაც ვფიქრობდი. ამ დროს გული მეუბნებოდა: „განა ბერმა იგივე არ გითხრა, რასაც შენ ფიქრობდი? განა ამაოდ არ გასარჯე ბერი?“ მე კი მივუგებდი: „ახლა სწორია, რადგან წმინდა მამის სიტყვით არის. რაც შენგან იყო, ყველაფერი ეშმაკებისგან და შენი ვნებულებისგან მომდინარეობდა“. აი, ასე, არაფერს ვუთმობდი ჩემს ზრახვებს, ბერის დაუკითხავად რომ არ აღსრულებულიყო ჩემი ნება, არაფერში ვენდობოდი საკუთარ თავს, თუნდაც მცირე რამ ჩემი გულის კარნახით, ბერის დაუკითხავად გამეკეთებინა. მერწმუნეთ, ძმებო, ამგვარი საქციელით დიდად მოსვენებული ვიყავი. გულს მაკლდა კიდეც ასეთი სიმშვიდე და უზ-რუნველობა, რადგან, როგორც სხვა ადგილას გითხარით, წიგნებიდან მსმენოდა: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმ. 14.22). მე კი ვხედავდი, დიდად მოსვენებული ვიყავი. ძლიერ ვშიშობდი, რადგან ამგვარი სიმშვიდის მადლი არ მესმოდა, სანამ ბერმა არ მითხრა: „ნუ წუხხარ, ვინც ჭეშმარიტად შეუდგება მამათა მორჩილებას, ასეთები, ყველანი, სასიკეთო განსვენებასა და უზრუნველობაში არიან“. თქვენც ეცადეთ, ძმებო, არ ენდოთ თავს და თქვენს ნებას არ მისდიოთ. ნახეთ, რაოდენი სიმშვიდე და უზრუნველობა ახლავს ამას.

ხოლო რომ მოგახსენეთ, არანაირი ჭირი მქონია-მეთქი, ახლა მოისმინეთ, რა გადამხდა ამის გამო: მონასტერში როცა ვიყავი, ეშმაკთა შურით ერთხელ დიდად საწყენი რამ შემემთხვა. დიდ ჭირში ვიყავი. ეშმაკის შურით მოწეული განსაცდელი თუმცა მძიმეა, მწუხარება მაინც ხანმოკლეა, რადგან ღმერთი სწრაფად მოავლენს ხოლმე თავის წყალობასა და შეწევნას. როგორც ვთქვი, ამგვარ გასაჭირში ვიყავი, რომ ერთ დღეს ეკლესიის კართან ვიდექი და ღმერთს ამ განსაცდელის გამო ვევედრებოდი. შევიხედე ეკლესიაში. დავინახე ვიღაც შიშის მომგვრელი, ეპისკოპოსის შესახედაობის კაცი. საკურთხეველში შევიდა.

ჩვეულებად მქონდა, უცხოსთან არავისთან მივსულიყავი, თუ საჭიროება არ მოითხოვდა ან თუ რამეს არ მეტყოდნენ. მაშინ კი რაღაცამ მიმიზიდა და უკან გავყევი. იგი დიდხანს იდგა ცისკენ ხელებაპყრობილი. ამის დანახვაზე შიშის ზარი დამეცა. ლოცვა რომ დაასრულა, მოტრიალდა და ჩემკენ გამოემართა. ვგრძნობდი, რომ რამდენადაც მიახლოვდებოდა, იმდენად მშორდებოდა შიში და მწუხარებაც. როცა მოვიდა, წინ დამიდგა, მკერდში ხელი მკრა და თქვა: „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა. და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკობისა და თიხისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი. და აღავსო პირი ჩემი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა“ (ფსალმ. 39. 2-4). სამჯერ თქვა ეს მუხლები და გავიდა. ჩემს გულში მყისვე შემოიჭრა სიტკბოების ნათელი და სიხარული და უწინდებურად გავხდი. დავედევნე, რომ მეპოვა, მაგრამ ვეღარ ვნახე, თვალს მიეფარა. მას შემდეგ არც შიში და არც მწუხარება მწვევია წმინდა ბერების ლოცვით.

ყველაფერი ეს იმისთვის გიამბეთ, ძმებო, რომ იცოდეთ, თუ რაგვარი ნუგეში, სიმშვიდე და შეუმცდარობა ახლავს თან საკუთარი თავის მიუნდობლობას. ამიტომაც, ვინც ბრძენია და ღვთის მოშიში, სხვას ანდობს თავის თავს და მიჰყვება ძლიერ ადამიანს, რომელსაც ღვთის შეწევნით მისი დამწყემსვა შეუძლია.

ახლა კი თქვენც ეცადეთ, ძმებო, არ ენდოთ საკუთარ თავს და არ მიჰყვეთ თქვენს ნებას, რადგან ეს არის სრულყოფილი თავმდაბლობა, სულიერი სიხარული და უვნებელი განსვენება. იცოდეთ, უამისოდ შეუძლებელია კაცის ცხონება.

ზოგიერთი ამბობს: თუ არავინ მყავს, რომ დავეკითხო, რა ვქნა? და ამით თავის დანუგეშებას ლამობს. მე კი ვიტყვი: ვინც ჭეშმარიტად დაიმდაბლებს თავს, თავის ნებას განუდგება, ღვთისთვის მოინდომებს და მასწავლებლის ნებას რწმენით შეუდგება, ჩვილ ბავშვსაც რომ ჰკითხოს, ღმერთი არ დატოვებს, თავისი ნებისკენ გაუძღვება და ბავშვის გონებას განანათლებს, რათა ღვთის ნება ასწავლოს შემკითხველს.

მაგრამ, თუ რწმენითა და თავმდაბლობით არ კითხულობს, ასეთმა კაცმა წინასწარმეტყველსაც რომ ჰკითხოს, მისი მრუდე გულისამებრ ეტყვიან; თუნდაც კეთილი უთხრან, მაინც ვერ გააკეთებს და უფრო მეტად დაისჯება. ამიტომ არ უნდა ვენდოთ ჩვენს განზრახვას, არამედ მთელი გულით, თავმდაბლად და რწმენით უნდა ვკითხოთ ჩვენს მამას.

რასაც გვიბრძანებენ, ისეთი გულით მივიღოთ, თითქოს ღვთისგან გვესმოდეს, და შეუორგულებლად გავაკეთოთ. ასევე, სიკეთის ქმნის დროსაც გვმართებს გონიერება. გონიერებას იმას ვუწოდებ, როცა ჩვენი მოძღვრები ან წმინდა ბერები რამე კეთილ საქმეს დაგვავალებენ და ჩვენ მათი ბრძანებისამებრ გავაკეთებთ, კი არ უნდა ვიფიქროთ, საქმეს კარგად ვაკეთებო, არამედ კარგად თავად საქმე მივიჩნიოთ, ხოლო ჩვენი ნამოქმედარი კარგად არ მივიჩნიოთ, არამედ როგორც საჭირო. ამრიგად ვიქცევით კარგად. გულში ვთქვათ: ეს საქმე მეტად კარგია და ღვთივსათნო, მაგრამ ჩვენ ვერ ვასრულებთ ისე კარგად, როგორც საჭიროა და როგორც სხვა მამები აკეთებენ. ასევე, როცა რამე სათნოებას ვასრულებთ, მთელი ჩვენი ძალისხმევით უნდა ვაკეთოთ. თანაც ჩვენს მამას უნდა დავეკითხოთ და მისგან გავიგოთ, როგორ ვაკეთებთ.

ასევე, ყოველ საქმეში ისევე უნდა მოველოდეთ ღვთის სასჯელს, როგორც წმინდა აღათონი. როცა სიკვდილის ჟამს ჰკითხეს: „შენც გეშინია, მამაო“, მან უპასუხა: „მე რაც ვიცოდი, ჩემი ძალისაებრ გავაკეთე, მაგრამ არ ვიცი, ღმერთისთვის თუ იყო სათნო, რადგან სხვაა ღვთის სამართალი და სხვა – კაცისა“.

ჰოი, ძმებო, შევიცნოთ ძალა ამ საქმისა! თუ ეს წმინდა და ღვთივგაბრძნობილი მამა ვერ ენდობოდა თავის საქმეებს, ჩვენ, უგუნურები, როგორღა უნდა ვენდოთ საკუთარ თავს?! ვევედროთ ღმერთს, დაგვიცვას ჩვენი თავის მინდობისა და ჩვენი ნების შედგომისგან, რადგან მისია სუფევა, ძალი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


სწავლა მეექვსე

მისივე თქმული
მოყვასის არგანკითხვის შესახებ

ძმებო, წმინდა ბერების სიტყვები რომ გვახსოვდეს და ნიადაგ ამ სიტყვებით ვიწვრთნებოდეთ, არ შევცოდავდით და არც ვიზარმაცებდით, რადგან, როგორც თქვეს: ვერიდოთ მცირე ცოდვებს, და აღარც დიდ და მძიმე ცოდვებში ჩავცვივდებით.

გეუბნებით, როცა მცირეზე ვამბობთ: რა მოხდება, ესა თუ ის რომ გავაკეთო, სული ბოროტ საქმეს ეჩვევა და შემდეგ დიდის უგულებელყოფასაც იწყებს. ნახეთ, არაფერია მოყვასის განკითხვაზე უფრო მძიმე და ღმერთსაც მასზე მეტად არაფერი სძულს. როგორც მამებმა თქვეს: „განკითხვაზე უარესი არაფერია“. როცა კაცი დაიწყებს ფიქრს და ამბობს: რა მოხდება, ყური მივუგდო, რას ლაპარაკობს მავანი, ან რა მოხდება, მეც რომ ვთქვა ესო, მსგავსი საქმეებით გონება უყურადღებო ხდება თავისი ცოდვების მიმართ და მოყვასისას ამჩნევს. შემდეგ აქედან მომდინარეობს მოყვასის განკითხვა, ძვირის თქმა და შეურაცხყოფა. მერე კი რისთვისაც მოყვასს განიკითხავენ, თავადაც იმავეში ვარდებიან, რადგან საკუთარ ცოდვებზე უზრუნველობით, მამების ნათქვამი-სამებრ, „საკუთარი მკვდრის დაუტირაობით“, კაცი ვერანაირ სიკეთეში მიაღწევს წარმატებას, არამედ ნიადაგ მოყვასის განკითხვაში იქნება.

ისე არაფერი განარისხებს ღმერთს და ღვთის შეწევნისგანაც ისე ვერაფერი განაშიშვლებს კაცს, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და შეურაცხყოფა მოყვასისა.

სხვაა მოყვასის ძვირის თქმა, სხვაა განკითხვა და სხვა – შეურაცხყოფა. განკითხვა ისაა, როცა კაცი ამბობს: მავანმა იცრუა, განრისხდა, იმრუშა ან სხვა რამ მსგავსი; აი, ძვირი თქვა, რადგან ცოდვა ვნებულად მოიხსენია. განკითხვა კი ისაა, როცა კაცი ამბობს: ის ვიღაც მატყუარაა, მრისხანეა ან მრუშია. აი, მთელი მისი ცხოვრება განსაჯა და თქვა, ასეთი არისო იგი. აი, ეს არის მძიმე განკითხვა. სხვაა თქვა: იგი განრისხდა, და სხვაა – იგი მრისხანეა. ყველა სხვა ცოდვასთან შედარებით იგი იმდენად მძიმეა, რომ თავად ქრისტე ამბობს: „ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა“ (ლუკ. 6.42). მოყვასის ცოდვას ღერო (იგივე წუელი – რედ.) უწოდა, ხოლო განკითხვას – მორი (იგივე დვირე – რედ.), იმდენად მძიმეა იგი ყველა ცოდვასთან შედარებით.

ფარისეველი, რომელიც ლოცულობდა და თავისი სათნოებების გამო ღმერთს ჰმადლობდა, კი არ ტყუოდა და ამისთვის კი არ დაისაჯა. ჩვენც გვმართებს ღმერთს მადლი შევწიროთ ჩვენ მიერ აღსრულებული სათნოებების გამო, რადგან იგია სიკეთის მომნიჭებელი. როგორც ვთქვი, ამიტომ არ დაისაჯა ფარისეველი, არც იმისთვის, რომ თქვა: „არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი“, არამედ იმისთვის, რომ, მეზვერისკენ მიბრუნებულმა, თქვა: „გინა ვითარცა ესე მეზუერე“ (ლუკ. 18.11). მაშინ დამძიმდა იგი, რადგან პირისპირ განიკითხა პიროვნება და მთელი მისი ცხოვრება. ამიტომ ჩამოვიდა მეზვერე უფრო გამართლებული (შდრ. ლუკ. 18.14), რადგან არაფერია მოყვასის განკითხვასა და შეურაცხყოფაზე უარესი.

რატომ არ განვიკითხავთ საკუთარ თავსა და სიბოროტეს, რაც დანამდვილებით და კარგად ვიცით, და რის გამოც ღვთის წინაშე პასუხის გაცემა მოგვიხდება? რატომ მივიტაცებთ ღვთის სამართალს? რას ვერჩით მის ქმნილებას? არ ვძრწით, როცა გვესმის, რა დაემართა იმ დიდ ბერს, რომელმაც, როცა რომელიღაც ძმის შესახებ გაიგო, სიძვით დაეცაო, თქვა: „ჰოი, ცუდი საქმე ჩაიდინა!“

არ იცით, რას წერენ მამები ამის შესახებ? წმინდა ანგელოზმა იმ ძმის სული ბერთან წაიყვანა და უთხრა: „აი, შენ რომ განიკითხე, აღესრულა. სად ბრძანებ მის შთაგდებას, სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში?“ არსებობს ამ სიმძიმეზე უფრო საშინელი რამ? ბერისთვის ნათქვამი ანგელოზის სიტყვები ნიშნავს: რაკი ცოდვილთა და მართალთა მსაჯული შენ ხარ, რას იტყვი ამ სულზე, შეიწყალებ თუ დატანჯავ? წმინდას ზარი დაეცა და მთელი ცხოვრება ოხვრასა და ტირილში გაატარა, ღმერთს რომ ეს ცოდვა შეენდო. ასე შენდობის შემდგომ მოიქცა, რადგან ანგელოზმა უთხრა: „აი, ღმერთმა გიჩვენა განკითხვის სიმძიმე, აღარ გააკეთო ეს!“ ეს კი შენდობის სიტყვებია. მაგრამ ბერის სული სიკვდილამდე არ დამშვიდებულა.

ძმებო, ჩვენ რაღას ვერჩით მოყვასს? რას ვეძიებთ სხვების ცოდვებს? ყველა ჩვენგანმა საკუთარ თავსა და სიბოროტეზე იზრუნოს. გამართლება და დასჯა მხოლოდ ღვთის ხელთაა, ვინც თითოეულის ცხოვრება, ძალა, აღზრდა და მადლი უწყის, და ყველას ისე განიკითხავს, როგორც მან იცის. ღმერთი სხვაგვარად სჯის უხუცესს და სხვაგვარად – მოწაფეს, სხვაგვარად – მოხუცსა და სხვაგვარად – ახალგაზრდას, სხვაგვარად – უძლურს და სხვაგვარად – ძლიერს. ვინ იცის ეს მსჯავრი, თუ არა მხოლოდ მან, ვინც ყოველივე შექმნა და ყოველივე უწყის.

მახსოვს ასეთი ამბავი: ერთხელ რომელიღაც ქალაქს ტყვეებით დატვირთული ხომალდი მიადგა. ამ ქალაქში ერთი წმინდა ქალწული ცხოვრობდა მეტად მოკრძალებულად. ხომალდის ამბავი რომ შეიტყო, გაუხარდა, პატარა გოგონას ყიდვა უნდოდა.

ამბობდა: გავზრდი, როგორც მინდა, არ ვაჩვენებ წუთისოფლის უკეთურების გემოს. გაგზავნა კაცი და ხომალდის პატრონს უხმო. მასთან ნახა ორი ძალიან პატარა გოგონა, როგორიც მას უნდოდა. დაუყოვნებლივ მისცა საფასური და ერთი გოგონა წამოიყვანა. ხომალდის პატრონი რომ წამოვიდა და მცირე მანძილი გაიარა, ერთი საშინელი მეძავი შეხვდა. ნახა მასთან მყოფი მეორე გოგონა და იყიდა. ნახეთ ღვთის სასჯელი! ვინ ახსნის ამ საქმეს?

წმინდამ გოგონას ღვთის შიში, ყოველივე სიკეთე, ღვთის მცნებების აღსრულება და ყოველი სამონაზვნო წესი შეასწავლა, ხოლო მეძავმა ის საწყალი ეშმაკის ჭურჭლად აქცია, რადგან, რაც იმ რისხვამ ასწავლა, მარტოოდენ სულის წარწყმედა იყო. რაღა ვთქვათ საშინელ სასჯელზე? ორივე მცირეწლოვანი იყო, ორივე გაყიდეს და არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ერთი – ღვთის, მეორე კი ეშმაკის ხელთ აღმოჩნდა.

განა შეიძლება ითქვას, რასაც ღმერთი ერთისგან მოითხოვს, იმავეს მოითხოვს მეორისგანაც? ორივეს სიძვით დაცემის შემთხვევაში, განა შეიძლება ითქვას, რომ ორივე ერთნაირად დაისჯება, თუმცა კი ცოდვა ერთი და იგივეა? ეს როგორ შეიძლება? – ერთი სასჯელისა და ღვთის სასუფევლის შესახებ სწავლობდა, დღედაღამ ღვთის სიტყვაში იწვრთნებოდა, ხოლო იმ უბადრუკს არასდროს სმენოდა კეთილი სიტყვა, მხოლოდ საეშმაკო და სისაძაგლე ესმოდა. როგორღა შეიძლება, ღმერთმა ერთნაირად დასაჯოს ორივე? ამიტომ ვამბობ, ვერავინ ჩაწვდება ღვთის მსჯავრს, თუ არა მხოლოდ ის, ვისაც ყოველივე ძალუძს და ვინც ყოველივე უწყის. თუ ძმამ წრფელად გააკეთა რამე და ერთი სათნოება აქვს, რომელიც ღმერთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო სათნოა, შენ კი მას განიკითხავ, შენს სულს ვნებ. რა იცი, ამ საქმის ჩადენამდე რამდენი უღვაწია. იქნებ, უწინდელი შრომის გამო ღმერთი პატიობს ამ ცოდვას? რა იცი, რამდენი ცრემლი დაუღვრია ღვთის წინაშე ამ საქმის ჩადენის შემდგომ? შენ ცოდვა ნახე, სინანულს კი ვერ ხედავ. ღმერთი იწყალებს, შენ კი განიკითხავ და შენს სულს წარწყმედ.

ხშირად არამარტო განვიკითხავთ, არამედ შეურაცხყოფასაც ვაყენებთ, რადგან სხვაა განკითხვა და სხვა – შეურაცხყოფა, ანუ, როცა კაცს თავისი მოყვასი სძაგს. ეს განკითხვაზე უფრო საშინელია.

ვისაც ცხონება სურს, ისინი საერთოდ არ უყურებენ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარს ხედავენ და ასე აღწევენ წარმატებას, მსგავსად იმ ძმისა, რომელმაც ნახა, რომ სხვა ვიღაც სცოდავდა, ამოიოხრა და თქვა: „ვაიმე, დღეს ეს სცოდავს, ხვალ კი – მე!“ ნახეთ მისი შეუმცდარობა და მზადყოფნა, როგორ განერიდა მოყვასის განკითხვას სიტყვებით: ხვალ მე შევცოდავო. შიში და ზრუნვა ჩაუნერგა თავს და ამრიგად განერიდა მოყვასის განკი-თხვას. თავიც კი დაიმდაბლა და თქვა: „ეს შეინანებს, მე კი – არა“.

ხედავ მის განათლებას? არათუ განიკითხა, არამედ თავი მასზე დაბლაც კი დააყენა. ჩვენ უბადრუკნი კი განვიკითხავთ და შეურაცხვყოფთ ჩვენს ძმებს, მცირე რამეც რომ ვნახოთ, გავიგოთ თუ გავიფიქროთ. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ არა მარტო საკუთარ თავს ვვნებთ, არამედ ვინმე ძმას თუ შევხვდებით, დაუყოვნებლივ ვუამბობთ ხოლმე, ეს გააკეთაო, და იმასაც ვვნებთ და ბოროტებას ვუთესავთ გულში. მისი არ გვეშინია, ვინც თქვა: „ჰოი, რომელი ასუმიდეს მოყვასსა თვისსა აღთქუეფულსა, მრღვიესა“ (ამბაკ. 2.15), ეშმაკის საქმეს ვაკეთებთ, რადგან ეშმაკის საქმეა კაცის ვნება და აღშფოთება. ეშმაკს შევეწევით ჩვენი თავისა და მოყვასის წარწყმედაში, რადგან ვინც სხვის სულს ვნებს, იგი ეშმაკთა შემწეა, ისევე, როგორც ანგელოზთა შემწეა ის, ვინც არგებს. როგორღა ვეხვევით მთელ ამ ბოროტებაში? – სიყვარული არ გვაქვს.

სიყვარული რომ გვქონოდა, მოყვასის შეცდომებს სიყვარულითა და გულისტკივილით შევხედავდით, როგორც დაწერილია: „სიყუარული… არად შეჰრაცხის ბოროტი“, და ა.შ. (1კორინთ. 13.5)

როგორც ვთქვი, სიყვარული რომ გვქონოდა, ყველა ჩვენს შეცდომას გადაფარავდა. განა წმინდანები ვერ ხედავდნენ კაცთა ცოდვას? განა არ სძაგდათ ცოდვა? მაგრამ ცოდვილები არ სძულდათ, თანაუგრძნობდნენ, ასწავლიდნენ და კურნავდნენ, როგორც სხეულის უძლურ ნაწილებს.

მათ საცხონებლად ყოველ ღონეს მიმართავდნენ. როცა მეთევზეები ზღვაში ანკესს აგდებენ და დიდ თევზს იჭერენ, იციან – თევზი შფოთავს და კრთის. ამიტომ თევზმა რომ ძუა არ გაწყვიტოს და საერთოდ არ დაიკარგოს, სწრაფად კი არ ამოჰყავთ, არამედ განგებ უშვებენ საბელს, რათა, საითაც უნდა, წავიდეს. როცა მიხვდებიან, რომ დაიღალა და აღარ კრთის, მაშინღა ნელ-ნელა ამოიყვანენ. წმინდანებიც ასევე სიყვარულითა და მოთმინებით იზიდავენ უძლურ ძმას. ზურგს კი არ აქცევენ, არც სძაგთ, არამედ მის შესაძენად ყოველ ღონეს მიმართავენ, ცდილობენ, მასაც არგონ და არც სხვებს ევნოთ მისგან, რათა თავად მათაც მიაღწიონ წარმატებას ქრისტეს სიყვარულით.

როგორ მოიქცა მამა ამონი, როცა ძმები მივიდნენ მასთან და უთხრეს: „მოდი და ნახე, ამა და ამ ძმის სახლში ქალია“. ნახეთ მისი სიყვარული, ნახეთ მისი მოწყალება! მიხვდა, ჭურში რომ ჰყავდა დამალული, მივიდა, ზედ დაჯდა და უთხრა მათ: „მთელ სახლში მოძებნეთ!“ და როცა ვერ იპოვეს, უთხრა: „უფალმა შეგინდოთ!“ შეარცხვინა ისინი, რათა სწრაფად არ ერწმუნათ მოყვასის სიავე. იმ უკანასკნელსაც არგო, არა მხოლოდ იმით, რომ დაიცვა, არამედ ყველას წასვლის შემდგომ უთხრა: „ძმაო, შენს თავზე იზრუნე!“ ღვთის კაცთმოყვარებამ მყისვე მოდრიკა მისი გული.

ახლა კი, ძმებო, ჩვენც მოვიპოვოთ სიყვარული, რათა განვერიდოთ მოყვასზე ბოროტ ძვირის თქმას, განკითხვასა და შეურაცხყოფას, ისე შევეწიოთ ერთმანეთს, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილებს. არსებობს ისეთი კაცი, ვინც დაზიანებულ ხელს, ფეხს ან სხვა რამ ასოს შეიძულებს ან მის მოკვეთას მოიწადინებს? თუნდაც დაულპეს, მის გაწმენდას ლამობს, წამალს დაიდებს, სიწმინდეებს მოიხმარს, წმინდანებს სთხოვს, მისთვის ილოცონ, როგორც მამა ზოსიმემ თქვა. ასევე გვმართებს ჩვენც – ერთმანეთს უნდა თანავუგრძნოთ და შევეშველოთ, ყოველ ღონეს უნდა მივმართოთ ერთმანეთის დასახმარებლად, რათა ჩვენც ვირგოთ.
როგორც მოციქული ამბობს: „ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თვითოეული ურთიერთას ასოები ვართ“ (რომ. 12.5). „და თუ ევნებინ რა ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა“ (1 კორინთ. 12.26). თქვენ რა გგონიათ მონასტრები? განა ერთი სხეული და ერთმანეთის ასოები არ არიან?

მონასტრებს რომლებიც მეურვეობენ, ისინი არიან თავი; რომლებიც თვალს ადევნებენ და ყოველგვარ უწესობას გამოასწორებენ ხოლმე, ისინი თვალები არიან; რომლებიც სიტყვით მართავენ, ისინი არიან პირი; რომლებიც ისმენენ, ყურები არიან; რომლებიც შრომობენ, ხელები არიან; რომლებიც მსახურობენ, ფეხები არიან.

თავი ხარ? – იმეურვე! თვალი ხარ? – იფრთხილე! პირი ხარ? – ასწავლე! ხელი ხარ? – იშრომე! ფეხი ხარ? – იმსახურე! ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით ემსახუროს სხეულს, ეცადეთ, ერთმანეთს არგოთ სიტყვით, საქმით ან სხვა რამით, როგორც ვთქვით, თითოეული თავისი შესაძლებლობის მიხედვით შეეცადოს ძმასთან სიყვარულით მიახლოებას, რადგან რაოდენ ერთობაშია კაცი თავის ძმასთან, იმდენად ერთდება ღმერთთანაც.

გეტყვით მამებისგან ნასწავლ მაგალითს, რათა ნათქვამის მნიშვნელობა გააცნობიეროთ: კარაკინით (ფარგლის სახეობა – რედ.) შემოავლეთ წრე, შუაში დასვით წერტილი და წერტილისკენ მიმავალი გზები დახაზეთ. მრგვალად შემოვლებული წრე წუთისოფელია, წერტილი – ღმერთი, გზები – სათნოებები. რამდენადაც წმინდანები უახლოვდებიან ღმერთს, იმდენად უახლოვდებიან ერთმანეთსაც და რამდენადაც ერთმანეთს უახლოვდებიან, იმდენად უახლოვდებიან ღმერთსაც. ასევე, რამდენადაც შორდებიან ღმერთს, იმდენად შორდებიან ერთმანეთს, და რამდენადაც შორდებიან ერთმანეთს, იმდენად შორდებიან ღმერთსაც.

აჰა, შეიცანით სიყვარულის ბუნება: რამდენადაც კაცი ღმერთს შეიყვარებს, იმდენად შეიყვარებს მოყვასსაც, და რამდენადაც კაცი შორსაა ღვთისგან, იმდენად შორსაა მოყვასის სიყვარულისგანაც. ხოლო რამდენადაც კაცს თავისი მოყვასი უყვარს, იმდენად უახლოვდება ღმერთსაც. უფალმა მოგვმადლოს, გავიგოთ და ვაკეთოთ უმჯობესი, რადგან რამდენადაც ვაკეთებთ სიკეთეს, იგიც იმდენად მეტად შეგვეწევა და თავის ნებას გვასწავლის.


სწავლა მეშვიდე

მისივე თქმული
თავის მართლების შესახებ

გამოვიკვლიოთ, ძმებო, რატომაა, რომ ზოგიერთი ძმა საწყენ სიტყვას ხან აუღელვებლად ითმენს, ხან კი – მყისვე აღშფოთდება? რა არის ამის მიზეზი? მრავალი მიზეზი არსებობს, თუ ერთი? ვფიქრობ, მიზეზი მრავალია, მაგრამ ერთია ყველა მათგანის მშობელი. გეტყვით, როგორ. პირველი: გონება ლოცვაში ან სხვა რამ კეთილ საქმეშია, და როცა საწყენ რამეს გაიგებს, თავს ძალას ატანს და არ აღშფოთდება. ან ხორციელად უყვარს ის. ამიტომ, როცა საწყენ სიტყვას ეუბნება, თავს აიძულებს და არ ბრაზობს; ან ყურადღებას არ აქცევს თავის შემაწუხებელს, ადამიანად არ მიიჩნევს და ამიტომ მისი ნათქვამი არ უკვირს.

გეტყვით ერთ საკვირველ ამბავს. მონასტერში, ვიდრე იქიდან წამოვიდოდი, იყო ერთი ძმა. ვხედავდი, არასდროს აღშფოთდებოდა ხოლმე, თუმცა ბევრი ლანძღავდა და შეურაცხყოფდა. ჭაბუკი ისე უთმენდა ყველას, თითქოს არავინ არაფერს უშავებდა. ვხე-დავდი, ძვირს არ იხსენებდა. მიკვირდა და მინდოდა შემეტყო, როგორ მოიპოვა ეს სათნოება.

ერთხელ ცალკე გავიყვანე, მუხლი მოვუდრიკე და ვუთხარი: „ძმაო, გევედრები, მითხარი, რომელი ზრახვით ითმენ ამგვარ ლანძღვასა და შეურაცხყოფას ყველასგან?“ მან ამპარტავნებით მიპასუხა, და მეც ყური მივაპყარი: „მათ სიტყვებს ისე ვღებულობ, როგორც არაკაცთა“. ეს რომ გავიგე, თავი ჩავკიდე და გულში ვთქვი: „უპოვია ამ ძმასაც გამოსავალი!“ პირჯვარი გადავიწერე, წავედი და ვილოცე, რომ ღმერთს მეც დავეფარე და ისიც. ამიტომ ვთქვი, მაგინებლის შეურაცხყოფის გამოც ითმენს-მეთქი კაცი საწყენ სიტყვას.

ასევე, შემაწუხებელი ძმის წინაშე იმიტომ აღშფოთდებიან ხოლმე, რომ იმ დროს მასზე კარგი აზრის არ არის კაცი, და როგორც კი რამე საწყენს გაიგებს, მყისვე ბრაზდება; ან მტრობს მას, და როგორც კი რამეს ეტყვის, მაშინვე მრისხანებს. სხვა მიზეზებიც არის, მაგრამ ყოველი დაბრკოლების ნამდვილი მიზეზი საკუთარი თავის უდანაშაულოდ მიჩნევაა, ამიტომაც ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს, რომ ჩვენს თავს არ ვადანაშაულებთ. გასაკვირია, წმინდანებისგან გვესმის, რომ მის გარდა, სხვა გზა არ არსებობს, ვხედავთ, რომ ვინც სხვა გზით იარა, არავის უპოვია სიმშვიდე. ჩვენ კი უმისოდ მოველით მოსვენებას, და გვგონია, სწორი გზით მივდივართ ჩვენ, ვინც საკუთარ თავს ბრალს საერთოდ არ ვდებთ. ჭეშმარიტად, მრავალი სათნოებაც რომ აღასრულოს კაცმა, თუ ამ გზით არ ივლის, მოსვენება არ ექნება, ვერც ვერასდროს დაცხრება წყენისა და შფოთისგან და მთელ თავის ნაშრომს დაღუპავს.

ხოლო, ვისაც ეს აქვს, იგი ნიადაგ მოსვენებასა და სიხარულშია. როგორც მამა პიმენი ამბობს: ვინც თავის თავს აბრალებს, რაც უნდა შეემთხვას, უპატიობა იქნება ეს, თუ გაჭირვება, ყველაფერში უღირსად მიიჩნევს თავს და ყველაფერს მშვიდად ხვდება. არსებობს ამაზე უფრო უზრუნველი მდგომარეობა? ზოგიერთი კაცი ამბობს: როცა ძმა მაწყენინებს, გამოვიძიებ და თუ ჩემში ვერანაირ ბრალს აღმოვაჩენ, როგორ არ დავაბრალო მასო?
მე კი ვიტყვი: თუ კაცი ღვთის შიშით ჩაეძიება თავის თავს და ნახავს, რომ იმჟამად არანაირი საბაბი მიუცია, მაშინ სხვა დროს უწყენინებია მისთვის ან სხვა ძმისთვის, და ამიტომ უნდა შემთხვეოდა საწყენი საქმე, ან სხვა რამ ცოდვის გამო. ამიტომ ვამბობ: თუ კაცი ღვთის შიშით გამოიძიებს, ბრალეული აღმოჩნდება.

ზოგჯერ კაცი თავის სენაკში ზის და ჰგონია, მშვიდადაა, მაგრამ როგორც კი ძმა საწყენ სიტყვას ეტყვის, მაშინვე აღშფოთდება და ამბობს: „მშვიდად ვიჯექი ჩემს სენაკში. ეს სიტყვა რომ არ ეთქვა ჩემთვის, არც აღვშფოთდებოდი“. ამანაც იცოდეს, რომ ეშმაკები დასცინიან.

იმ სიტყვის მთქმელმა კი არ შთაუგდო ვნება გულში, არამედ ის ვნება უჩვენა, რათა, თუ მოიწადინებს, შეინანოს. იგი იმ თეთრი პურის მსგავსია, შიგნიდან დაობებული რომ არის, გარედან კი საღი ჩანს, და როცა გადატეხავენ ხოლმე, მაშინღა ჩანს მისი სიდამპლე. მსგავსადვე, ამასაც ეგონა, რომ მშვიდად იჯდა, მაგრამ მის შიგნით იყო ის ვნება და არ იცოდა. როგორც კი ძმამ ცოტა რამ უთხრა, დაუყოვნებლივ გამოჩნდა მასში დამალული გესლი.

თუ მოისურვებს, შეინანებს და გესლისგან განიწმინდება. იგი განსაკუთრებით უნდა ემადლიერებოდეს ძმას, ვინც ამგვარი სარგებლის მიზეზი გახდა, რადგან განსაცდელი კი აღარ დაუმძიმდება, არამედ, რამდენადაც წარმატებას მიაღწევს, იმდენად ძლიერად წინ აღუდგება ვნებებს. თუ პირუტყვი ძლიერია, მძიმე ტვირთს აიკიდებს, და თუნდაც დაეცეს, მალე წამოდგება; მაგრამ თუ სუსტია, მსუბუქი ტვირთის აწევაც უმძიმს, და თუ დაეცა, წამოსადგომად ძალიან უნდა დაეხმარონ. ასეა სულიც: რამდენადაც სცოდავს, იმდენად დაასუსტებს ცოდვაც, რადგან ცოდვა სულის დამაუძლურებელია. ამიტომ, რაც უნდა შეემთხვას, ყველაფერი უმძიმს. თუ სათნოებების აღსრულებას შეუდგება, რაც ოდესღაც უმძიმდა, შეუმსუბუქდება. ამიტომ არაფერი გვარგებს ისე, როგორც საკუთარი თავის დადანაშაულება. რაც გვემართება, ღვთის განგებით ხდება, რადგან ღვთის განგების გარეშე არაფერი შეგვემთხვევა.

ბევრი ამბობს: „თუ რამე მჭირდება და ვერ ვღებულობ, როგორ არ შევწუხდე, როცა იგი მჭირდება?“ ამ შემთხვევაშიც არ უნდა დააბრალოს ვინმეს. თუ რამე სჭირდება, მაგრამ ვერ ღებულობს, უნდა თქვას: „ღმერთმა ჩემზე უკეთ იცის. უმჯობესი რომ ყოფილიყო ჩემთვის, წამიძღვებოდა მის მისაღწევად და მომცემდა“. ისრაელის ძეებმა უდაბნოში ორმოცი წელი ჭამეს მანანა. ერთნაირი იყო მანანა, მაგრამ ყველას ისეთი ეჩვენებოდა, როგორიც უყვარდა: ვისაც მარილიანი უყვარდა – იმისთვის მარილიანი იყო, ვისაც ტკბილი უყვარდა – იმისთვის ტკბილი, თითოეულისთვის მისი გუნების შესაფერისი იყო. ამიტომ ვამბობ: თუ ვინმეს კვერცხი სწადია, მაგრამ მწვანილი აქვს, უნდა თქვას: „ჩემთვის კვერცხი რომ ყოფილიყო უმჯობესი, ღმერთი კვერცხს მომცემდა, რადგან მწვანილის კვერცხად გადაქცევაც შეუძლია“. მწამს ღვთისა, რომ ამგვარი ფიქრი მოწამეობად შეერაცხება, რადგან სიმართლეს ვამბობ.

თუ კაცი სიმშვიდის ღირსია და მისი სულისთვის სიმშვიდე უმჯობესია, ღმერთი სარკინოზის გულსაც კი მოდრეკს მის დასამშვიდებლად; მაგრამ თუ სიმშვიდის ღირსი არ არის, ან მისთვის საჭირო არ არის სიმშვიდე, თუნდაც ახალი ცა და ახალი მიწა შექმნას, იგი მაინც ვერ პოვებს სიმშვიდეს.

ზოგჯერ (ღმერთი) საჭიროს არ აძლევს და ამით მოთმინებას ასწავლის. ყოველივე ამისთვის ღვთის მადლიერება გვმართებს. თუ ვინმე სიკეთეს ან ბოროტებას გვიკეთებს, ღმერთს უნდა ვმადლობდეთ. როგორც მამებმა თქვეს: თუ რამე სიკეთე შეგვემთხვა, უნდა ვთქვათ: ღვთის განგებით მოხდა; და თუ რამე ბოროტება გვეწია, უნდა ვთქვათ: ჩვენი ცოდვების გამო მოხდა. ნამდვილად, თუ რამ ბოროტება გვატყდება თავს, ჩვენი ცოდვების შედეგად ხდება. წმინდანები ღვთის გამო ან იმისთვის იტანდნენ გასაჭირს, რომ მათი სათნოება წარმოჩენილიყო.

ჩვენ საწყლები კი, ვინც ვცოდავთ და ვისაც მიგვიტოვებია სწორი გზა, მამებმა რომ თქვეს, ანუ თავის დადანაშაულება, ჩვენი ცოდვების გამო ვიტანჯებით. მივდივართ მრუდე გზით, რაც არის ერთმანეთის გადაბრალება. ყველანი ვცდილობთ, შეცდომის მიზეზი მოყვასს დავაბრალოთ, რადგან თავად მცონარებაში ვართ და მოყვასისგან მოვითხოვთ მცნებების აღსრულებას.

ერთხელ ერთმანეთზე განაწყენებული ძმები მოვიდნენ ჩემთან. უფროსი უმცროსზე ამბობდა: „რამე საქმის შესახებ რომ ველაპარაკები, არ მისმენს. მწყინს და ვამბობ: ჩემდამი ნდობა და სიყვარული რომ ჰქონოდა, ყურადღებით მომისმენდა, რასაც ვეუბნები“.

უმცროსი კი ამბობდა: „შემინდე, მამაო, რადგან ღვთის შიშით კი არ ამბობს, რასაც მეუბნება, არამედ უფლებამოსილებით. ამიტომ არ ვარ გულმოდგინე, როგორც მამები ამბობენ“. ნახეთ, არც ერთმა მათგანმა არ დააბრალა თავის თავს, არამედ მოყვასს.

ასევე, ორი ძმა განაწყენდა ერთმანეთზე. ერთმანეთს მუხლი მოუდრიკეს, მაგრამ გული ვერ დაიმშვიდეს. ერთი მათგანი ამბობდა: „მთელი გულით არ მომიდრიკა მუხლი, და ამიტომ არ ვარ გულმოდგინე“.

ხედავთ, ძმებო, როგორ გვაცდუნებენ ეშმაკები?! რა შორიშორსაა ჩვენი გულები? იცის ღმერთმა, რომ მზარავს ეს ამბავი, რადგან მამების სიტყვებს ჩვენი ნებისამებრ ვეკიდებით, ჩვენი სულების წარსაწყმედელად. თითოეულ მათგანს თავისი თავის დადანაშაულება მართებდა.

ერთს უნდა ეთქვა: „ძმას მთელი გულით არ მოვუდრიკე მუხლი, ამიტომ ღმერთმა გულმოდგინე არ გახადა“. მეორეს კი უნდა ეთქვა: „მისი სიყვარული არ მქონდა და ამიტომ არ ვიყავი გულმოდგინე“.

ასევე, ის ორი რომ ვახსენე პირველად, ერთს უნდა ეთქვა: „ძმას უფლებამოსილებით ვუბრძანებ და ამიტომ გულმოდგინე არ არის ჩემს სიყვარულში“. მეორეს კი მართებდა, ეთქვა: „ძმა სიყვარულით, თავმდაბლად მეუბნება, მაგრამ მე ვარ ურჩი და ღვთის უშიშარი“. არც ერთმა მათგანმა არ დაიდანაშაულა თავი, ვერც გზა იპოვა, არამედ თითოეულმა თავის მოყვასს დააბრალა.

როგორც აღვნიშნე, აი, ამიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ვერანაირ სათნოებაში, ვერც სარგებელს ვპოულობთ, რადგან თითოეული ჩვენგანი თავს ვიმართლებთ, ჩვენს თავს ვპატიობთ, როგორც აღვნიშნე, არც ერთ მცნებას არ ვასრულებთ და მოყვასისგან მოვითხოვთ მცნებების შესრულებას.

ამიტომ ვერ ვხვდებით, რა არის კეთილი. თუ რამ მცირე სათნოებას აღვასრულებთ, მყისვე მოყვასისგანაც მოვითხოვთ მას და ვამბობთ: „რატომ იგიც არ აკეთებს?“ რატომ უმთავრესად ჩვენი თავისგან არ მოვითხოვთ სათნოებებს და ჩვენს თავს არ ვადანაშაულებთ, ერთ მცნებასაც რომ არ ვასრულებთ?

სად არის ის ბერი, ვისაც ჰკითხეს: „რა შეიძინე ამ გზაზე, მამაო?“ „ყველაფერში თავის დადანაშაულება“, – უპასუხა მან. ამისთვის შემკითხველმა შეაქო და უთხრა: „მის გარდა სხვა გზა არ არსებობს“. მსგავსად თქვა მამა პიმენმაც: „ყოველი სათნოება ტანჯვა-წამებით შემოვიდა ამ სახლში, გარდა ერთისა, რადგან უმისოდ კაცი რუდუნებაშია“. ჰკითხეს: „რომელი?“ „ის, რომ კაცი თავის თავს აბრალებდეს“, – თქვა მან.

ასევე, მამა ანტონმა თქვა: „დიდი საქმეა, კაცმა მთელი შეცდომა თავის თავზე აიღოს ღვთის წინაშე და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოელოდეს განსაცდელს“. ყველგან ვხვდებით, რომ მამები იცავდნენ ამას – რაც შეემთხვეოდათ, ყველაფერს ღმერთს მიანდობდნენ და ამიტომ სიმშვიდე პოვეს.

ნახეთ, რა თქვა წმინდა ბერმა, როცა დასნეულდა და ძმამ თაფლის ნაცვლად შეცდომით სელის ზეთი ჩაუსხა საჭმელში. ბერმა უხმოდ შეჭამა. არ უსაყვედურა ძმას, რომელმაც ეს რომ შეიტყო, შეწუხდა და უთხრა: „მამაო, მოგკალი, ცოდვაში ჩამაგდე, რადგან არაფერი მითხარი“. ნახეთ, როგორი სიმშვიდით მიუგო: „ნუ წუხხარ, შვილო, რადგან ღმერთს რომ ნდომოდა, თაფლი მეჭამა, ჩამისხამდი კიდეც“. და მყისვე მისი გონება ღმერთთან მიიყვანა. როგორ არ გაიფიქრა, რომ ძმა შეცდა და ღმერთი არაფერ შუაში იყო, არამედ თქვა: „ღმერთს რომ ნდომოდა, ძმა თაფლს ჩაასხამდა“. საოცარია, ასეთი უძლურებისა და ამდენი დღის უჭმელობის შემდეგაც არ დაბრკოლდა ძმის მიმართ, არამედ ღმერთს მადლობდა და მშვიდად იყო.

ჩვენ კი ყოველ საქმეში მოყვასს ვადანაშაულებთ, ჩვენს მოძულედ მივიჩნევთ. რაიმეს გაგონებისას მყისვე ვამბობთ: „ჩემი წყენა რომ არ ნდომოდა, ამ სიტყვას არც მეტყოდა“. სად არის ის წმინდა, რომელმაც სემის შესახებ თქვა: „ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს. ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძვირისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“ (2მეფ. 16.10). ღმერთმა უთხრა კაცისმკვლელს, წინასწარმეტყველი დაეწყევლა? არავითარ შემთხვევაში! მაგრამ წინასწარმეტყველი იყო გონიერი და იცოდა, ისე ვერაფერს მოაქვს ღვთის წყალობა სულისთვის, როგორც განსაცდელს. ამიტომ თქვა: „თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძვირისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“, რათა ღმერთმა ჩემი თავმდაბლობა იხილოს, და წყევლის წილ სიკეთე მომცეს. დახეთ მის გონიერებას! რას ეუბნებოდა იმათ, მის მაწყევარზე შურისძიებას რომ ლამობდნენ. ეუბნებოდა: „რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს. ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძვირისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“ (2მეფ. 16.10). ჩვენ კი ძმა რამეს თუ გვეტყვის, კი არ ვამბობთ, ღმერთმა უბრძანაო, არამედ მყისვე ვემსგავსებით ძაღლს, რომელიც, თუ ვინმე ქვას ესვრის, დაუყოვნებლივ თავს ანებებს ქვის მტყორცნელს, მიდის და ქვას კბენს. ჩვენც ასევე ვტოვებთ ღმერთს, ჩვენი ცოდვების შესანდობად ჩვენზე განსაცდელს რომ უშვებს, ძმას ვებრძვით და ვამბობთ: „რატომ მითხრა ან რატომ მომექცა ასე?“ სარგებლის ნაცვლად ჩვენს თავს ვვნებთ, და არ ვიცით, რომ ყველაფერი ღვთის განგებით გვემართება ჩვენდა სასარგებლოდ. ყველა წმინდანის მეოხებით ღმერთმა მოგვცეს გონიერება.


სწავლა მერვე

ღვარძლიანობის შესახებ

ვინმე ბერმა თქვა, რომ მონაზვნისთვის უცხოა რისხვა თუ სხვისი შეწუხება. ასევე დაწერილია: „ვინც გულისწყრომას სძლევს, ის ეშმაკს ამარცხებს, ხოლო ვინც ამ ვნებას ემონება, იგი სრულიად უცხოა მონაზონთა წესისგან“, და ა.შ. რაღა ვთქვათ ჩვენ, საწყლებმა, რომლებიც არა მარტო რისხვითა და გულისწყრომით ვიძლევით, არამედ ძვირსაც ვიმახსოვრებთ? სათქმელი არაფერი გვაქვს, ჩვენს საწყალ სულსა და კაცის ბუნებისთვის უცხო ამ ჩვენს ცხოვრებას უნდა დავტიროდეთ.

ძმებო, ვეცადოთ და ვიფხიზლოთ, რათა ამ ბოროტ ვნებას განვერიდოთ. ხშირად, როცა ერთმანეთს განრისხებიან და მუხლი მოუდრეკიათ, შენდობის შემდგომაც იმახსოვრებენ ძვირს. ასეთებს მოღვაწეობა მართებთ, რათა ძვირი გულში არ ჩარჩეთ და არ დაიღუპონ. ღვთის მცნების გამო ერთმანეთს მუხლი მოუდრიკეს და იმჟამინდელი რისხვა დააცხრეს, მაგრამ ღვარძლიანობისთვის არ იღვაწეს და ამიტომ ერთმანეთის ძვირი გულში დარჩათ.

სხვაა ღვარძლიანობა და სხვა – მრისხანება, სხვაა გულისწყრომა და სხვა – შფოთი. გეტყვით მაგალითს, რათა მას ერიდოთ. ვინც ცეცხლს ანთებს, ჯერ პატარა ნაკვერცხალი აქვს. ეს არის ძმის მიმართ ნათქვამი საწყენი სიტყვა. თუ მოისურვებ, მოთმინებით ჩააქრობ.

თუ ფიქრს გააგრძელებ: რატომ მითხრა ასეთი რამ, მეც ვეტყვი საწყენ სიტყვასო, ამგვარი ფიქრით შეშას უმატებ ან სხვა რამეს და კვამლს ადენ. კვამლში შფოთს ვგულისხმობ. შფოთი არის მოყვასზე გაბრაზება და ფიქრებით ზრახვა, რაც გულს აშფოთებს და აფიცხებს.

სიფიცხე არის გამნაწყენებლისთვის სამაგიეროს მიგების მცდელობა, რისგანაც მომდინარეობს კადნიერება. როგორც წმინდა მარკოზი ამბობს: „გულში ნაწრთობი სიბოროტე გულს აფიცხებს. რაჟამს ლოცვითა და სასოებით ჩაქრება, მაშინ გული შეიმუსრება“. შენი ძმის მცირე ნათქვამი რომ მოგეთმინა, შფოთის შექმნამდე ნაკვერცხალს ჩააქრობდი. მაგრამ თუ მოინდომებ, მასაც ჩააქრობ დუმილით, ლოცვითა და თუ გულით ერთხელ მოუდრეკ მუხლს.

თუ კვამლის გაჩაღებას დაიწყებ, რაც არის გულის სიფიცხე, შემდეგ, როგორც ვთქვი, აზრების ჭიდილით გული გახურდება და გულისწყრომა აგიზგიზდება.

გულისწყრომა არის გულში სისხლის ადუღება, როგორც წმინდა ბასილი ამბობს. აი, ესაა გულისწყრომა, რომელსაც მწარედ გაფიცხება ეწოდება. მისი ჩაქრობაც შესაძლებელია.

მაგრამ თუ შფოთსა და გულისწყრომას გააგრძელებ მსგავსად იმისა, ვინც შეშას უკეთებს და ცეცხლს უფრო და უფრო აჩაღებს, შემდეგ წარმოიქმნება ნაკვერცხალი, რომელიც არის მრისხანება. ამაზე ლაპარაკობდა მამა ზოსიმე, როცა ჰკითხეს, ნათქვამი რას ნიშნავდა: „სადაც გულისწყრომა არ არის, იქ შფოთი ცხრება“. როგორც აღვნიშნე, ვიდრე კვამლი გაჩაღებას დაიწყებს, თუ ვინმე დაასწრებს და თავის თავზე აიღებს ბრალს, სანამ გულისწყრომა აგიზგიზდება, მშვიდობას ამყარებს.

თუ გულისწყრომის შემდგომ არ ცხრება, არამედ შფოთავს და ფიცხობს, იგი იმას ემსგავსება, ვინც ცეცხლს მანამ უკეთებს შეშას, სანამ დიდი ნაკვერცხლები არ წარმოიქმნება.

ნაკვერცხალი ნახშირდება და დიდხანს ინახება. წყალიც რომ დაასხან, არ დალპება. მსგავსადვე, გახანგრძლივებული რისხვა ღვარძლიანობად იქცევა, და თუ კაცმა სისხლი არ დაღვარა, ამ ვნებას ვერ განერიდება.

აი, გითხარით ყოველი განსხვავება. გეტყვით, რა არის საწყისი შფოთი ან რა არის გულისწყრომა, რისხვა და ღვარძლიანობა. ნახეთ, ერთი სიტყვით, რამოდენა ბოროტებამდე მივიდა. თავიდანვე რომ თავი დაედანაშაულებინა, თავისი ძმის ნათქვამი მოეთმინა, თავი არ ემართლებინა და ერთი სიტყვის სანაცვლოდ ხუთი ან ათი არ ეპასუხა, ამოდენა ბოროტებაში არ გაეხვეოდა. ამიტომ გეუბნებით, ებრძოლეთ ვნებებს, ვიდრე ჩვილნი არიან, რათა არ გაიზარდონ და შემდეგ არ გაწვალდეთ, რადგან სხვაა მცირე ბალახის ამოთხრა და სხვა – დიდი ხისა. მაკვირვებს, რომ არ ვიცით, რას ვლოცულობთ, რადგან ვამბობთ: „ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი“ (ფსალმ. 7.5). რას ნიშნავს მტრებისგან „განვრდომა?“ – როცა კაცი დგას, მტერთან ბრძოლა შეუძლია, და თუნდაც ზოგჯერ იმარჯვებდეს, ზოგჯერ კი მარცხდებოდეს, მაინც დგას. მაგრამ თუ დაეცა, მტერს ვეღარ შეებრძოლება.

ჩვენ კი არა მარტო იმისთვის ვლოცულობთ, რომ არ დავეცეთ, არამედ იმისთვისაც, რომ ცუდად არ დავეცეთ. რას ნიშნავს, მტერმა ცუდად დაგვცეს? აღვნიშნეთ, რომ დაცემაა, როცა მტერს წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ, ხოლო ცუდად დაცემა ისაა, როცა არ გააჩნიათ სიკეთე, რითაც კვლავ წამოდგომას შეძლებენ.

ვინც წამოდგება, მას კვლავ ძალუძს თავის თავზე ზრუნვა. ასევე ვამბობთ: „დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს“ (ფსალმ. 7.6). არა მარტო გვდევნოს, არამედ დაგვეწიოს კიდეც, რათა მის ფეხქვეშ აღმოვჩნდეთ და ჩვენზე ძალაუფლება ჰქონდეს, თუ ჩვენს ბოროტისმყოფელთ ბოროტებას მივაგებთ. არა მარტო ამას ვლოცულობთ, არამედ ვამბობთ: „დათრგუნოს ქუეყანად ცხორება ჩემი“ (ფსალმ. 7.6). რა არის ჩვენი ცხოვრება? ჩვენი ცხოვრება არის სათნოებები. ვლოცულობთ, რომ ჩვენი ცხოვრება ქვეყნად დაითრგუნოს, რათა ჩვენი გონება და ცხოვრება ქვეყნად დაემკვიდროს და „დიდება ჩემი მიწასა შინა დაამკვიდროს“ (ფსალმ.7.6).

რა არის ჩვენი დიდება? ჩვენი დიდება არის გონიერება, რომელიც მცნებების დაცვით მოდის. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი დიდება, როგორც მოციქული აღნიშნავს, ჩვენს სირცხვილად იქცეს, ჩვენი ცხოვრება და დიდება მიწაზე დაითრგუნოს, რათა საღვთოს ვეღარაფერს ვიგონებდეთ, არამედ მხოლოდ ხორციელს, როგორც დაწერილია: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვიის მათისა Ãორც“ (დაბ. 6.3). აი, ყოველივე ამას ვლოცულობთ, ჩვენს თავს ვწყევლით, თუ ბოროტების წილ ბოროტებას მივაგებთ.

როგორ მივაგებთ ბოროტებას ბოროტების წილ და ვერ ვხვდებით? – ბოროტების მიგება არა მარტო საქმით ხდება, არამედ სიტყვითაც და სახითაც. ზოგიერთს ჰგონია, საქმით არ მიაგებს ბოროტებას, მაგრამ სიტყვით, ან სახით, ან შეხედვით მიაგებს. შეხედვითაც შეიძლება მოყვასის დაბრკოლება. ესეც ბოროტების მიგებაა. ზოგიერთი კაცი არც საქმით, არც სიტყვით, არც სახით მიაგებს ბოროტს, მაგრამ გულში აქვს მისი ძვირი.
ზოგიერთს არც გულში აქვს ძვირი, მაგრამ თუ მასზე ცუდს გაიგებს, უხარია. ესეც გულში ბოროტების მიგებაა.

სხვას არც ძვირი აქვს გულში, არც ვინმეს ბოროტი უხარია, მაგრამ გულს აკლია და მისი სიკეთე არ სურს. ესეც, დანარჩენებთან შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც გულღრძოობაა. ზოგიერთს ძმის სიკეთე უხარია და ყოველ ღონეს მიმართავს მის პატივსაცემად და სადიდებლად.

როგორც ადრე ვთქვით, სხვაა, როცა ერთმანეთის მიმართ ბრკოლდებიან, მუხლს უდრეკენ და იმჟამინდელ რისხვას კურნავენ, მაგრამ ღვარძლიანობაზე არ ზრუნავენ და გულში იტოვებენ ძვირს. ზოგიერთი, როცა ვინმეს მიმართ ბრკოლდება და ერთმანეთს პატიებას სთხოვენ, მშვიდობას იცავს და გულში ძვირს არ იტოვებს; მაგრამ თუ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დაბრკოლდებიან, მყისვე იხსენებს პირველსაც და არა მარტო მეორის, არამედ პირველის გამოც ბრაზდება. იგი ისეთ კაცს ჰგავს, ვისაც რამე წყლული ჰქონდა, განიკურნა, მაგრამ ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო ის ადგილი და თუ რამე შეემთხვა, მეყვსეულად მთელ სხეულზე უფრო მეტად ასტკივდება.

ამასაც ჰქონდა წყლული და სინანულით განიკურნა, როგორც პირველი – მრისხანებისგან. მაგრამ ღვარძლიანობა შეებრძოლა. რაკი ძვირი არ ჰქონდა გულში და ჯერჯერობით სრულად განკურნებული არ იყო, არამედ ღვარძლიანობის ნაშთი მცირე-ოდენ დარჩენოდა, ამიტომ სწრაფად განუახლდა მთელი წყლული. ასეთს მოღვაწეობა მართებს წყლულის ბოლომდე განსაკურნებლად, რათა ის ადგილი შეუხორცდეს და საერთოდ არც შეიმჩნეოდეს, წყლული თუ იყო იმ ადგილას.

ამას გამნაწყენებლისთვის ლოცვით მიაღწევს, უნდა თქვას: „ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით!“ ეს არის ლმობიერება და სიყვარული მისი მხრიდან, რადგან თავის ძმაზე ლოცულობს და მისი ლოცვით თავმდაბლად ითხოვს ღვთისგან შეწევნას. სადაც ლმობიერება, სიყვარული და თავმდაბლობაა, იქ უძლურია გულისწყრომა, ღვარძლიანობა, სხვა რამე ვნება, როგორც მამა ზოსიმემ თქვა: „თუნდაც ეშმაკმა მთელი თავისი უკეთურების მანქანება აამოქმედოს ყველა ეშმაკთან ერთად, ყოველივე დაუძლურდება და შეიმუსრება ქრისტეს მცნების თანახმად გაწეული თავმდაბლობით“. ასევე დაწერილია: „ვინც თავის მტრებზე ლოცულობს, ის ძვირს არ იმახსოვრებს“.

აკეთეთ და კარგად გააცნობიერეთ, რა სიკეთეც გესმით. თუ საქმით არ გააკეთებთ, სიტყვით ვერაფერ სიკეთეს ვერ ისწავლით. განა არსებობს ისეთი კაცი, ვინც რამე ხელობას სწავლობს და მხოლოდ სიტყვით დაუფლებია მას? ჯერ ირჯება, წვალობს, ზოგიერთს აკეთებს, ზოგიერთს აფუჭებს. როცა ასე წვალობენ, ღმერთიც შეეწევა, და სწავლობს. ხელოვნებათა ხელოვნების სწავლას კი სიტყვით ვლამობთ. როგორ მოხდება ეს? გავფრთხილდეთ, ძმებო, გულმოდგინედ ვაკეთოთ სიკეთე, სანამ დრო გვაქვს. ღმერთმა მოგვმადლოს, დავიცვათ, რა სიკეთეც გვესმის, რათა განკითხვის დღეს სასჯელად არ გვექცეს.



სწავლა მეცხრე

მისი თქმული, ტყუილის შესახებ

ძმებო, მსურს, მცირე რამ ტყუილის შესახებ გითხრათ, რადგან, ვხედავ, ენის დაცვას არ ცდილობთ და ამის გამო დიდ ბოროტებაში ეხვევით. ნახეთ, ჩემო ძმებო, ყოველ საქმეში ჩვეულებაა, კეთილშიც და ბოროტშიც. უნდა ვიბრძოლოთ, ტყუილმა არ გაგვიტაცოს, რადგან ღმერთს ვერც ერთი მატყუარა ვერ მიუახლოვდება.

დაწერილია, ტყუილი ეშმაკისგან არისო. ასევე დაწერილია: „მამაცა მისი მტყუვარი არს“ (იოან. 8.44). აი, ტყუილის მამად ეშმაკს ასახელებს, ჭეშმარიტება კი ღმერთია, რადგან ამბობს: „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (იოან. 14.6). ხედავთ, ვის ვშორდებით ან ვის ვუერთდებით ტყუილით? – ცხადია, ეშმაკს.

თუ ცხონება მართლა გვსურს, მთელი ძალისხმევით უნდა ვუფრთხოდეთ ტყუილს და მივდიოთ სიმართლეს, ჭეშმარიტ ცხონებას რომ არ მოვაკლდეთ. ტყუილი სამგვარია: არსებობს ტყუილი გონებით, სიტყვითა და საქმით. გონებითია, როცა ვინმესთან მოსაუბრე კაცის დანახვისას მავანი იჯერებს აზრს და ამბობს: ჩემ შესახებ ლაპარაკობენო. თუ მოსაუბრეები ლაპარაკს წყვეტენ, ამბობს: ჩემ გამო შეწყვიტესო ლაპარაკი. თუ ვინმე რამეს იტყვის, ამბობს: ჩემ საწყენად თქვა. და ასე, რასაც დაინახავს, იგონებს, ჩემ გამო გააკეთესო. ეს არის გონებითი ტყუილი, რადგან ნამდვილს არაფერს ფიქრობს.

აქედან მოდის მოყვასის განკითხვა, დაყურადება, შფოთი, ძვირის თქმა. მაგრამ ისე არ არის, როგორც მან გაიფიქრა და შემდეგ იწყებს დაჯერებას, სიკეთის საბაბით ცდება და ამბობს: „იქნებ, ჩემ შესახებ ცუდს ამბობენ? თუ მეცოდინება, თავს ვიმართლებ“. როგორ შეიძლება ეს? – პირველად ტყუილით შეთხზა აზრები, რაც არ იცოდა, გამოიგონა. როგორ შეიძლება, „ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად?“ (მათ. 7.18). თუ ბოროტებისგან გამართლება სურს, კი არ უნდა აღშფოთდეს, როცა ძმა ეუბნება, ამას ნუ აკეთებ ან ეს კარგად არ გაგიკეთებიაო, არამედ მუხლი მოუდრიკოს და მადლობა უთხრას. როცა ღმერთი მის ამგვარ გულმოდგინებას იხილავს, არ დაუშვებს, ცოდვაში ჩავარდეს, არამედ მოუვლენს კაცს, ვინც უმჯობესს ეტყვის. თუ იფიქრებს, აზრს იმისთვის ვიჯერებ, რათა ბოროტებას ვერიდოო, ეს ეშმაკის ხრიკია ჩვენდა საცდუნებლად.

მონასტერში ყოფნისას აზრი მაცდუნებდა, თითქოს შეხედვით ვგებულობდი ადამიანის მდგომარეობას. ასეთი შემთხვევა მქონდა: ერთხელ ვიდექი და დავინახე, ვიღაც ქალი მოდიოდა და კოკით წყალი მოჰქონდა. არ ვიცი, როგორ გამიტაცა გონებამ და თვალებშიA შევხედე. გავიფიქრე, მეძავია-მეთქი. ეს რომ გავიფიქრე, ძალიან შევწუხდი და ბერს, მამა იოანეს ვუთხარი: „მამაო, თუ ვინმეს საქციელს ვუყურებ და გავიფიქრებ, ეს კაცი ასეთია-მეთქი, სწორია?“ ბერმა მიპასუხა: „არ დაიჯერო აზრი, რადგან მრუდე ჩვეულება სიმართლესაც გაამრუდებს. აზრები მატყუარაა და მავნებელი“. ამის შემდეგ აზრმა მზის შესახებაც რომ მითხრას, მზე არისო, ან ღამეზე – ღამეაო, არ ვიჯერებ. ჩვენში დაყოვნებული ზრახვები იმდენად ცუდია, იმდენად გვძლევს, რომ არარსებულ საქმეს მოგვაჩვენებს ხოლმე. გიამბობთ ამბავს, თავად რომ მიხილავს.

მონასტერში როცა გახლდით, იქ ერთი ძმა იყო, რომელსაც ეს ვნება ძლიერ დაუფლებოდა. ისე ირწმუნებოდა ხოლმე, ვერაფრით დააჯერებდით, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც ფიქრობდა. დროთა განმავლობაში ბოროტება იზრდებოდა. ერთ დღეს სათვალთვალოდ და ყურის მისაგდებად ბაღში შევიდა, რათა ენახა, რამე ცუდს ხომ არ აკეთებდა ვინმე. ნახა, თითქოს ერთი ძმა ლეღვს ჭამდა. არადა პარასკევი იყო, ორი საათი… ჩუმად წამოვიდა იქიდან. როცა საზიარებლად გაემართნენ, თვალს ადევნებდა, რომ დაენახა, ეზიარებოდა თუ არა ის ძმა. ნახა, ხელებს იბანდა, რათა შესულიყო და ზიარებულიყო, დაუყოვნებლივ წავიდა და მამასახლისს მოახსენა: „ნახე, როგორ უნდა ეზიაროს ეს ძმა?! დავინახე, დღეს ბაღში ლეღვს იპარვიდა და ჭამდა“. როცა ის ძმა დიდი ლმობიერებით გაემართა საზიარებლად (ძალიან სულიერი იყო), მღვდელთან მისვლამდე მამასახლისმა მიიხმო, ცალკე გაიყვანა და ჰკითხა: „მითხარი, ძმაო, რა გააკეთე დღეს?“ „სად, მამაო?“ – უთხრა მან. „ბაღში რომ შეხვედი, რა გააკეთე?“ – ჰკითხა მამამ. ამ სიტყვებით გაკვირვებულმა (ძმამ) უპასუხა: „მამაო, დღეს არც ბაღი მინახავს და არც იქ ვყოფილვარ. ახლაღა მოვედი გზიდან: ეკლესიიდან რომ გამოვედით, მნემ რაღაც საქმეზე გამგზავნა. ეს კი მრავალი მილით შორს იყო“. მამასახლისმა მნეს დაუძახა და ჰკითხა: „დღეს სად გაგზავნე ეს ძმა?“ მანაც იგივე თქვა, რაც ძმამ, მოუდრიკა მუხლი და უთხრა: „შემინდე, მამაო, ცოტათი ისვენებდით, ამიტომ თავი შევიკავე და კურთხევის ასაღებად აღარ მოგიყვანეთ“.

როცა მამა დარწმუნდა, ლოცვით გაუშვა საზიარებლად. დაუძახა იმ ძმას, სინანულის წესი დაუდგინა და ზიარებისგან განაყენა. ეს არ იკმარა, ყველას წინაშე ამხილა და ცრემლებით ასწავლიდა მათ.

ასე სამგვარი სარგებლობის მიზნით მოიქცა: პირველი – რათა ეშმაკი შეერცხვინა, ვინც ეს მოაფიქრა მას. მეორე – რათა ამ სირცხვილით ძმას ის ცოდვა მიტევებოდა და ამიერიდან ღმერთი შესწეოდა. და მესამე – რათა ძმებს სარგებელი ენახათ და ამ ვნებას მორიდებოდნენ.

ბევრს გვმოძღვრავდა ჩვენც და ძმასაც. ამბობდა, რომ ზრახვებზე უფრო მძიმე არაფერია, და ამ ამბიდან გამომდინარე მიგვითითებდა. მრავალიAსხვა მაგალითიც მოიყვანა, რათა აზრებს არ მივნდობოდით. მთელი ჩვენი ძალისხმევით ვეცადოთ, ძმებო, არ ვირწმუნოთ აზრები, რადგან მასავით არაფერი განაშორებს კაცს საკუთარ ცოდვებზე ზრუნვისგან. იმ საქმეებს იკვლევს, მისთვის რომ უსარგებლოა. ამით არაფერი სიკეთე გამოვა, მხოლოდ შფოთი და წყენა. ამით ღვთის შიშს ვერ მოვიპოვებთ.

ბოროტი აზრიც რომ გვქონდეს, კეთილად ვაქციოთ, რადგან ეჭვი ცუდია და ძლიერ ვნებს სულს, და ეს არის ბუნებრივი ტყუილი.

ხოლო სიტყვით ტყუილი ის არს, როცა კაცს სალოცავად ადგომა ეზარება, და კი არ ამბობს: „მაპატიე, სიზარმაცის გამო ვერ ვდგები“, არამედ ათას რამეს იტყვის, რათა არ დამდაბლდეს და ერთხელ არ მოიდრიკოს მუხლი. ასევე, როცა რამეს აბრალებენ, მყისვე თავის გამოსარჩლებასა და თავის მართლებას იწყებს: შენ თქვი, შენ გააკეთე, და არა მეო.

ბევრს ილაპარაკებს, რომ არ დამდაბლდეს. ასევე, თუ რამე სურს, კი არ იტყვის, ეს მინდაო, არამედ სიტყვების ღვლარჭნას იწყებს: „ესა მჭირს, ისა მჭირს, და ეს მინდა“, სანამ თავის სურვილს არ აისრულებს.

ყველა ცოდვა გემოთმოყვარეობიდან, ვერცხლისმოყვარეობიდან ან დიდებისმოყვარეობიდან მომდინარეობს. ტყუილის მიზეზიც ეს სამია. კაცი ან იმისთვის იტყუება, რომ არ დაადანაშაულონ და არ დამცირდეს, ან რათა თავისი ნება აისრულოს, ან რათა ამით რამე შეიძინოს. მას არაფერი დაეჯერება. სიმართლეც რომ თქვას, საეჭვოდ მიაჩნიათ.

როცა საქმე ისეთია, რომ თუ არ დაფარა, უფრო მეტი შფოთი და წყენა შეიქმნება, მაშინ საჭიროს ნაცვლად ტყუილი თქვას, რათა მეტი ბოროტება არ მოხდეს, როგორც მამა ალონმა უთხრა მამა აღათონს: „აი, შენ წინაშე ორმა კაცმა ადამიანი მოკლა. ერთი წავიდა და შენს სენაკში დაიმალა. მსაჯული ეძებს მას. გეკითხებიან: „სად წავიდა ის კაცი?“ თუ შენ არ დამალავ, იმ კაცს სასიკვდილოდ სწირავ. როცა ამგვარი საჭიროება შეიქმნება, არც მაშინ უნდა იყოს კაცი უზრუნველი, არამედ ღმერთს ცრემლებით უნდა ევედროს და ის ჟამი განსაცდელის ჟამად მიიჩნიოს.

მაგრამ ხშირად არც ასე უნდა მოიქცნენ, რადგან, როგორც სასაქმებლისა და გამხსნელი წამლის ხშირად მიღებით ევნებათ ხოლმე, ხოლო რამე საჭიროების გამო წელიწადში ერთხელ მიღებით მეტად ირგებენ, ისეა ეს საქმეც – საჭიროების დროს შიშითა და ძრწოლით თქვას ტყუილი, რათა ღმერთს თავისი გულმოდგინებაც უჩვენოს და ის ჭირიც, და იგი დაიცავს მას. თუ არადა, ამითაც ევნება.

აი, ვთქვით, რა არის გონებითი ტყუილი თუ სიტყვიერი ტყუილი. ახლა ვთქვათ, რა არის საკუთარი ცხოვრებით ტყუილი. ზოგიერთი კაცი მრუშია და მმარხველად აჩვენებს თავს. ან არის ანგარებიანი და მოწყალებას ასწავლის, ან ამპარტავანია და სიმდაბლე აკვირვებს. მაგრამ ამ სათნოების საქებრად კი არ უკვირს. ამგვარი აზრით რომ ამბობდეს, ჯერ თავის უძლურებას აღიარებდა და იტყოდა: „ვაიმე, უბადრუკს, რადგან ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული ვარ“, შემდეგღა შეაქებდა ამ სათნოებას. მაგრამ სათნოებას ამისთვის არ აქებს. ამ უკანასკნელს კრძალვა მართებდა, რათა არავინ დაებრკოლებინა.

უნდა ეთქვა: „თუმცა უკეთური ვარ, სხვას მაინც არ ვავნებ“. მართალია, თავად სცოდავს, მაგრამ თავის დადანაშაულება თავმდაბლობაა და კარგია, რადგან მოყვასის მორიდება ლმობიერებაა. მაგრამ არც ერთი ასეთი მიზნით კი არ აქებს სათნოებას, არამედ იმისთვის, რომ თავისი სირცხვილი დაფაროს. ამიტომ იმოსება სათნოების ნიღბით და მის შესახებ ლაპარაკობს, ან იმისთვის, რომ ვინმეს ავნოს. ვერანაირი ბოროტება, ვერც მწვალებლები, ვერც თავად ეშმაკი აცთუნებს ვინმეს, თუ სათნოების ნიღბით არ შეიმოსა. როგორც მოციქული ამბობს: „რამეთუ თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი“ (2კორ. 11.14-15). ასევე, მატყუარაც ან სირცხვილის შიშით აქებს სათნოებას, ან ვინმეს ცდუნება სურს და ამისთვის აქებს სათნოებას, თითქოს თავად მოიმოქმედა იგი. ესაა, ვინც მთელი თავისი ცხოვრებით იტყუება.

იგი უბრალო ადამიანი არ არის, არამედ ორსახეა, რადგან სხვაა შინაგანად და სხვა – გარეგნულად. ორსახეა მისი ცხოვრებაც და ორივე მცდარი. აი, ვთქვით ტყუილის შესახებ, რომ ეშმაკისგან არის. ვთქვით ჭეშმარიტების შესახებაც, რომ ჭეშმა-რიტება არის ღმერთი. ახლა კი, ძმებო, ვერიდოთ ტყუილს, რათა ეშმაკის ნაწილს განვერიდოთ და გავითავისოთ ჭეშმარიტება, რათა მივუახლოვდეთ მას, ვინც თქვა: „მე ვარ ჭეშმარიტება“ (იოან. 14.6). ღმერთმა ღირსი გაგვხადოს თავისი ჭეშმარიტებისა, ამინ.


სწავლა მეათე

ჩვენი წმინდა მამა დოროთეს თქმული,
რათა შრომით ფრთხილად ვიაროთ
ღვთის გზაზე

ძმებო, ჩვენს თავზე ვიზრუნოთ, გამოვფხიზლდეთ და შევიგნოთ, რას მოგვცემს ეს ჟამი, თუ ამაოდ გავფლანგავთ მას? დანამდვილებით იცოდეთ, ამ დღეებს მოვიძიებთ და ვერ ვპოვებთ. აბბა არსენი ნიადაგ ასე მიმართავდა თავის თავს: „არსენ, გაიხსენე და აღასრულე, რაც ერიდან გამოსვლის ჟამს გქონდა გონებაში!“

ხოლო ჩვენ იმდენად ვზარმაცობთ, რომ არც კი ვიცით, რისთვის დავტოვეთ ერი და არც ვუწყით, რა გვინდოდა. ამიტომ არათუ წარმატებას ვაღწევთ, არამედ ნიადაგ ვიტანჯებით კიდეც და ეს ჩვენი უყურადღებობის გამო გვემართება. ნამდვილად რომ გვინდოდეს, მცირეოდენ ვიღვაწოთ, არც ბევრად გაგვიჭირდებოდა, არც დიდი შრომა დაგვჭირდებოდა. თუ ვინმე თავიდანვე შრომობს, ამ მცირეოდენი ღვაწლით შრომა შეუმსუბუქდება და შემდგომში შეუჭირვებლად აღასრულებს სათნოებას, რადგან დაინახავს ღმერთი მის შრომას და შეეწევა. ახლა კი, ძმებო, ჩვენი თავის გამო გავისარჯოთ, დასაბამი დავუდოთ და მოვიწადინოთ სიკეთე.

თუნდაც დასასრულს ვერ მივაღწიოთ, მიღწევის სურვილი უკვე ცხონების გზის დასაწყისია, რადგან მოღვაწეობას სურვილის გამო შევუდგებით ხოლმე ღვთის შეწევნით. მოღვაწეობისას სათნოებების მოსაპოვებლად სულიერი მამების შეწევნა გვჭირდება. ამიტომ ამბობდა ერთ-ერთი მამა: „მიეცი სისხლი და მიიღე სული“. ამრიგად იღვაწეთ და სათნოებები გექნებათ. ფილოსოფიას როცა ვსწავლობდი, დასაწყისში ძლიერ მიჭირდა: წიგნის ასაღებად რომ გავემართებოდი, ისეთი სურვილით მივდიოდი, როგორც მონადირე – ნადირის მოსაპოვებლად. რაკი მეტად მოწადინებული ვიყავი, ღმერთი შემეწია. მეცადინეობა იმდენად მექცა ჩვევად, რომ, სწავლის მხურვალებით შეპყრობილი, ვეღარც კი ვამჩნევდი, რას ვჭამდი ან ვსვამდი, ან როგორ ვიძინებდი. სწავლის სიყვარულით აღარც მეგობრებთან დავდიოდი საჭმელ-სასმელად, არც კი ველაპარაკებოდი მათ მეცადინეობის დროს. მეცადინეობიდან დაბრუნებული ვბანაობდი ხოლმე, რადგან ბევრი კითხვის გამო უბანლობას ვეღარ ვითმენდი და შემდეგღა მივდიოდი დასაძინებლად. ერთი მეგობარი მყავდა, ის მიმზადებდა საჭმელს. რასაც მოამზადებდა, იმას ვჭამდი. ჭამის დროს თან წიგნიც მედო და ვკითხულობდი. დაძინებისას ისიც იქვე მედო, ტაბლაზე, ცოტას წავიძინებდი, მყისვე წამოვხტებოდი ხოლმე და ვკითხულობდი. ასევე, საღამოობით სანთელს ვანთებდი და შუაღამემდე ვკითხულობდი.

მონასტერში რომ მოვედი, ჩემს თავს ვეუბნებოდი: „თუ ფილოსოფიის შესწავლისას ასეთ მხნეობას ვიჩენდი, მით უმეტეს მეტი მხურვალება მმართებს სულიერ სათნოებათა მიმართ“. ამგვარი საქციელით დიდი ძალა მეძლეოდა. მაგრამ იცოდეთ, ვისაც სათნოებათა მოპოვება სურს, არ უნდა შეუდგეს განცხრომას, უწესობას, არამედ მხოლოდ (სათნოებას) უნდა შეეჭიდოს. ხუროობის შესწავლის მსურველი ხერხის სახელურს კი არ ეჭიდება, არამედ მხოლოდ ხელობას. ასევე უნდა მოიქცეს ის, ვისაც რამის მოპოვება სურს, საქმის სახეობას კი არ უნდა უყურებდეს, არამედ დღედაღამ იმის მეცადინეობაში უნდა იყოს, თუ როგორ დაეუფლოს მას. ვინც ამ სახით არ ეჭიდება სულიერ საქმეს, ამაოდ ირჯება, რადგან თუ კაცი არ ფრთხილობს, სიმართლის გზას მალე ასცდება ხოლმე. სათნოებები შუა გზაა, როგორც წმინდა ბერმა თქვა: „სამეუფო გზით იარეთ და მილები (სიგრძის ერთეული – რედ.) ითვალეთ!“ როგორც ვახსენე, სათნოებები შუაშია, არც სიკეთის მეტობაშია და არც ნაკლებობაში. ამიტომაა დაწერილი: „ნუ მისდრკები მარჯულ, ნუცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდეთ“ (მეორე 5,32; 17,11). წმინდა ბასილი ამბობს: „გულმართალი იგია, ვისი გულიც სიჭარბის ან ნაკლებობის მოყვარული კი არ არის, არამედ სათნოებათა შუა გზაზე დგას“. ვიტყვი: თავისთავად ცოდვა არაფერია, იგი არსება არ არის, არც ხორცი ასხია. არავითარ შემთხვევაში! არამედ, როცა სული სათნოებას ზურგს აქცევს, მაშინ იგი ვნებებით შეპყრობილი ხდება, შემდეგ ბოროტებას ჩადის და ბოროტება ტანჯავს, რადგან ბუნებრივ სიმშვიდეს ვერ პოულობს. შეშას როცა ჭია უჩნდება, ჯერ მცირეოდენ დალპება ხოლმე, შემდეგ სიდამპლისგან იშვება ჭია და ჭია შეჭამს ხოლმე მას.

როგორც სპილენძი თავისით ჟანგდება და ჟანგი გალევს ხოლმე მას, ან როგორც სამოსელში თავისით წარმოიქმნება ხოლმე მღილი და მერე ეს მღილი წაახდენს მას, სულიც თავისით შობს არსადმყოფ და არარსებულ ბოროტებას, და შემდეგ ამ ბოროტებით თავადვე იტანჯება. ასეა დაუძლურებული სხეულიც: როცა სხეულს რამე ევნება, თუ გამოსაჯანმრთელებლად არ უმკურნალეს, რამე ნივთის ნაკლებობა ან სიჭარბე შეექმნება და ამის გამო სენი შეეყრება. როცა კვლავ გაჯანსაღდება, აღარსად იქნება სნეულება. ცოდვაც სულის სნეულებაა. როცა სული თავის ბუნებრივ სიჯანსაღეს, ანუ სათნოებას, მოაკლდება, მყისვე უძლურდება ხოლმე. როგორც აღვნიშნეთ, სათნოებები შუაშია, რადგან მხნე სული შიშსა და სიფრთხილეს შორისაა, თავმდაბლობა – ამპარტავნებასა და კაცთმოთნეობას შორის, მსგავსად, კეთილკრძალულებაც სირცხვილსა და ურცხვობას შორისაა. ასევეა დანარჩენი სათნოებებიც. ღვთის წინაშე პატიოსანია ის კაცი, ვინც ამ სათნოებებს იცავს. მაგრამ თუ კაცი არ ფრთხილობს, ადვილად იხრება მარჯვნივ ან მარცხნივ, ანუ სიამაყისკენ ან თავმდაბლობისკენ, შედეგად სულიც უძლურდება. აი, ეს არის სამეუფო გზა, რომელიც ყოველმა წმინდანმა განვლო. მილები კი არის თითოეული ცხოვრებისეული მდგომარეობა, რომელსაც კაცი ნიადაგ უნდა ითვლიდეს, რათა დაინახოს, მერამდენე მილს მიაღწია. ჩვენ, ყველანი, იმ ადამიანებს ვგავართ, რომლებმაც იერუსალიმში წასვლა განიზრახეს, ერთი და იმავე ქალაქიდან გამოვიდნენ, ზოგიერთმა მათგანმა ხუთი მილი გაიარა და გაჩერდა, ზოგმა – ათი, ზოგმა გზის ნახევარი განვლო, ზოგმა კი თავისი ქალაქიდან გამოსვლისთანავე საერთოდ აღარ იარა, ქალაქის გარეთ დადგა და ქალაქშიც აღარ შევიდა. ასე ვართ ჩვენც: ზოგიერთმა ჩვენგანმა დატოვა ერი და სათნოებათა მოპოვების განზრახვით მონასტერში მოვიდა. აქედან ზოგი ნაკლებად წავიდა წინ, ზოგი – მეტად და გაჩერდა, ზოგმა სარბიელის ნახევარი გაიარა და გაჩერდა, ზოგმა საერთოდ არ იარა.

გამოვიდნენ ერიდან, მაგრამ მაინც საერო საქმეებს ეწევიან და ვნებათა სიმყრალეში იმყოფებიან. ზოგიერთები რამე სათნოებას აშენებენ და კვლავ ანგრევენ მას; სხვები კიდევ უფრო მეტად აშენებულს ანგრევენ; სხვები სათნოებებში წარმატებას აღწევენ, მაგრამ ამპარტავნება აქვთ, მოყვასს ამცირებენ, რჩებიან ქალაქის გარეთ და შიგნით ვერ შედიან. ვერც ესენი ეწევიან თავიანთ განზრახვას: თუმცა ქალაქის ბჭისთვის მიუღწევიათ, შიგნით მაინც ვერ შედიან. ვერც ესენი ისრულებენ გულის წადილს. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, სად იმყოფება: იქნებ, თავისი ქალაქიდან გამოსული ბჭის გარეთ, ქალაქის სიმყრალეში დარჩა, ცოტა ან თუ ნახევარი მანძილი გაიარა, ან ორი მილი დარჩა, ან ხუთი მილი გაიარა და, ქალაქის ბჭეს მიღწეული, შიგნით ვეღარ შევიდა, ან, იქნებ, წმინდა ქალაქ იერუსალიმშია შესული. თითოეულმა უნდა იცოდეს თავისი საზომი, თუ რა დონეზეა.

კაცის სამი მდგომარეობა არსებობს: არის ისეთი, ვინც ვნებას ასრულებს, ისეთი – ვინც ვნებას აჩერებს, და ვინც აღმოფხვრის მას. ვნების აღმსრულებელი იგია, ვისაც ის მოქმედებაში მოჰყავს და მისით აქვს გონება შეპყრობილი. ვნების შემჩერებელი იგია, ვინც არც ასრულებს და არც მოიკვეთს მას, მხოლოდ გვერდს უვლის, ვნება კი მასშია. ხოლო ვნების აღმომფხვრელი იგია, ვინც წინ აღუდგება მას. ამ სამ მდგომარეობას შორის დიდი განსხვავება და მანძილია.

აი, რომელი ვნების შესახებაც გსურთ, ვილაპარაკოთ, თუ გსურთ ამპარტავნების ან სიძვის შესახებ, ან, უმჯობესია, პატივმოყვარეობის თაობაზე ვთქვათ, რადგან ყველაზე მეტად პატივმოყვარეობა გვძლევს. ადამიანი ვერ ითმენს, როცა ძმა რამე დამამცირებელს ეუბნება და ერთი სიტყვის ნაცვლად ხუთს ან ათს პასუხობს. შემდგომ გულნაკლულია ხოლმე და ნანობს, რატომ მეტი არ ვუთხარიო, და უფრო მწარე სიტყვებს ამზადებს. ამბობს, რატომ არ ვუთხარი ესა თუ ისო. აი, ერთი მდგომარეობა, როცა გული ბოროტებითაა შეპყრობილი. ღმერთმა გვიხსნას მსგავსი საქმისგან! ასეთი რამ ჯოჯოხეთს ექვემდებარება, რადგან საქმით აღსრულებული ყოველი ცოდვა ჯოჯოხეთს იმსახურებს. ასეთს სიარულიც რომ უნდოდეს, მაინც ვერ ივლის მარტო, თუ ვინმე წმინდანი არ შეეწია, როგორც მამები ამბობენ. მეც ასევე ვიტყვი: ეცადეთ, სძლიოთ ვნებებს, სანამ მათ დასჩვევიხართ.

სხვა, ვინმე თუ რამეს ეტყვის, მაშინვე მრისხანებს, ერთის ნაცვლად ხუთს ან ათს მიუგებს და გულნაკლულია, მეტი რომ არ უთხრა, მაგრამ მცირეოდენი ხნის შემდეგ მშვიდდება.

სხვა ერთი კვირის შემდეგ მშვიდდება, სხვა გაბრაზდება, გალანძღავს და მყისვე დამშვიდდება. აბა, ნახეთ, რამდენნაირი მდგომარეობაა, და ყოველი მათგანი ჯოჯოხეთს იმსახურებს, რადგან საქმით ასრულებენ ვნებას.
ახლა იმათზე ვთქვათ, ვინც ვნებას აჩერებს.

არის კაცი, რომელიც რამე სიტყვას თუ გაიგებს, გულს აკლია და წუხს, იმიტომ კი არა, რად არ გავლანძღეო, არამედ – რატომ არ მოვითმინეო. ასეთი მოღვაწეთა სიმაღლეზეა, რომლებიც ვნებებს აჩერებენ. სხვა იღვწის და იჭირვის, ბოლოს კი ვნების სიმძიმე სძლევს. სხვას ბოროტის მიგება არ სურს, მაგრამ ჩვეულება სძლევს. სხვა იღვწის, რათა ბოროტი საერთოდ არ მიაგოს, მაგრამ სწყინს, რომ გალანძღეს და თავს აბრალებს, გალანძღვის გამო გულნაკლული რომ არის. სხვას არ სწყინს, თუ გალანძღავენ, მაგრამ არც უხარია. ესენი, ყველანი, ვნებას აჩერებენ. ეს ორი სხვებისგან განსხვავდება.

ვინც მოღვაწეობისას იძლევა, ვისაც ჩვევა სძლევს და ვინც თავის თავს აბრალებს, მადლობით რომ ვერ დაითმინა წყენა, ესენი ჭეშმარიტად მოღვაწეთა რიგებში იმყოფებიან, ხოლო დანარჩენები იმავე საშიშროების წინაშე არიან, რისიც – ვნებათა აღმსრულებელნი. მათ შესახებ ვიტყვი, რომ ეს უკანაკნელნიც იმათ რიცხვში არიან, ვინც ვნებებს წინ აღუდგება, რადგან თავიანთი ნებით შეაჩერეს ვნებები და ვნებების შესაბამისად მოქმედება არ სურთ, მაგრამ წუხან და იღვწიან. მამებს ნათქვამი აქვთ, რომ ყოველი საქმე, რომელიც სულს არ სურს, ხანმოკლეა.

ასეთებმა თავიანთი თავი უნდა გამოსცადონ, იქნებ, თავად ვნებას არა, მაგრამ ვნების გამომწვევ რამეს აკეთებენ, და ამიტომ იძლევიან ან მიისწრაფვიან მათკენ (ვნებებისკენ). არსებობენ ისეთებიც, ვნებათა შეჩერება რომ სურთ, თუმცა სხვა ვნებებით შთაგონებულებს: ერთი დიდებისმოყვარეობის გამო დუმს, მეორე – კაცთმოთნეობის ან სხვა რამ ვნების გამო და ამ ბოროტებით სურთ ბოროტების განკურნება. მაგრამ აბბა პიმენს ნათქვამი აქვს, რომ ბოროტება ვერასგზით ვერ მოსპობს ბოროტებას. ეს უკანასკნელნი ვნებების მოქმედნი არიან, თუმცა თავს იტყუებენ.

ბოლოს, გვსურს, იმათ შესახებაც ვთქვათ, ვინც ვნებებს აღმოფხვრის. სხვებს იმიტომ უხარიათ შეურაცხყოფა, რომ სასყიდელს მოელიან. ასეთნი ვნებათა აღმომფხვრელნი არიან, მხოლოდ უგუნურად. სხვებს იმიტომ ახარებთ წყენა, რომ ფიქრობენ, შეურაცხყოფის დათმენა დაიმსახურეს, რადგან თავად მისცეს საბაბი. ასეთნი გონივრულად აღმოფხვრიან ვნებებს, რადგან შეურაცხყოფის შეწყნარება, თავის დადანაშაულება და ჩვენზე მოწეულის საკუთრად მიჩნევა გონივრული საქმეა, ვინაიდან ყველამ, ვინც ღმერთს ევედრება: უფალო, მომეცი სიმდაბლეო, უნდა იცოდეს, რომ ღმერთს შემაწუხებლის მოვლინებას სთხოვს. და როცა ვინმე აწყენინებს, გონებაში თვითონ უნდა დაიმციროს და შეურაცხყოს თავი, რათა, როცა გარეშე ვინმე დაამდაბლებს მას, შინაგანად თავადვე დაიმდაბლოს თავი. სხვებს, როცა შეურაცხყო-ფენ, არა მარტო უხარიათ და თავს აბრალებენ, არამედ შეურაცხმყოფლის აღშფოთების გამო წუხან კიდეც. ღმერთმა ჩვენც მიგვიყვანოს ამ ზომამდე!

ხედავთ, რამდენად ფართოა ეს სამი საზომი?! დაე, როგორც აღვნიშნე, თითოეულმა ჩვენგანმა გამოიკვლიოს, თუ რა მდგომარეობაშია. ნებაყოფლობით აჰყვება და იკმაყოფილებს ვნებას თუ მისებრ მოქმედება არ სურს და მის მიერ იძლევა? იქნებ, ჩვევის გამო ჰყვება ვნებას, აღასრულებს მას, წუხს და ნანობს, ამრიგად რომ მოიქცა? იქნებ, გონივრულად იბრძვის მის შესაჩერებლად? იქნებ, ერთ ვნებას მეორის გამო ებრძვის, როგორც ეს იმასთან დაკავშირებით ვთქვით, ზოგიერთი რომ დუმს დიდების-მოყვარეობის ან კაცთა მაამებლობის მიზეზით, ან რამე კაცობრივი განზრახვით. იქნებ, ვნებათა აღმოფხვრას შეუდგა, გონივრულად აღმოფხვრის და ვნებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს? თითოეულმა განსაზღვროს, სად და რომელ ასპარეზზე იმყოფება, რადგან მოვალე ვართ, არა მარტო ყოველდღე გამოვცადოთ ჩვენი თავი, არამედ ყოველ წელს, ყოველ თვესა და ყოველ კვირას. უნდა ვთქვათ: „წინა კვირას ისე მაწუხებდა ეს ვნება, ახლა როგორღა ვარ?“ ასევე, ყოველ წელს უნდა ჰკითხოს თავის თავს: „შარშან ამდენად მძლევდა ეს ვნება. ახლა როგორ ვარ?“ ამრიგად გვმართებს ნიადაგ თავის გამოცდა: გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ თუ იმავე მდგომარეობაში ვართ წინათ რომ ვიყავით, ან, იქნებ, უარესად დავეცით? ღმერთმა მოგვცეს ძალა, რათა, თუ ვნებებს ვერ ვძირკვავთ, უკიდურეს შემთხვევაში, მათებურად მაინც არ მოვიქცეთ და შევეწინააღმდეგოთ. რადგან ჭეშმარიტად მძიმე საქმეა ვნებებს აყოლა და მათთვის წინააღმდეგობის გაუწევლობა. მაგალითს გეტყვით, თუ ვის ჰგავს ის, ვინც ვნების მიხედვით მოქმედებს და მას იკმაყოფილებს: იგი იმ კაცის მსგავსია, მტრის მიერ ისრებით რომ არის დაჭრილი, ამოიღებს მათ და საკუთარი ხელით გულში ისობს. ვნების მოწინააღმდეგენი იმათ ჰგვანან, მტერი ყოველმხრივ ისრებს რომ აყრის, მაგრამ ჯაჭვის პერანგი აცვიათ და არ იჭრებიან. ვნებათა აღმომფხვრელნი კი იმათი მსგავსნი არიან, მტრის მიერ ნასროლ ისრებს რომ ანადგურებენ ან უკან ესვრიან მტერს გულში, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: „მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ“ (ფსალმ. 36.15).

ამრიგად, ვეცადოთ, ძმებო, თუ მათი მახვილის მათსავე გულში უკან მიქცევა არ შეგვწევს, უკიდურეს შემთხვევაში, ისრები მაინც არ მივიღოთ და გულში არ დავისოთ, პირიქით, ჯაჭვის პერანგით შევიმოსოთ, რათა ვერ დაგვჭრან მათ. სახიერმა ღმერთმა დაგვიფაროს მათგან, მოგვანიჭოს კრძალულება და თავისი გზა გვასწავლოს, რადგან მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ.


სწავლა მეთერთმეტე

მისივე თქმული
რათა ვეცადოთ, აღმოვფხვრათ ვნებები,  ვიდრე ჯერ კიდევ მცირედნი არიან და  ვიდრე ჩვენი სული მათ საქმეს დასჩვევია

ძმებო, შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოეკიდეთ საკუთარ თავს და ვნებებს სძლევთ, ვიდრე ჯერ კიდევ მცირედნი არიან, რადგან მცირე სიზარმაცესაც კი დიდ ცოდვამდე მივყავართ. მივედი ერთხელ ძმასთან და ვნახე, ავად იყო. საუბარში შევიტყვე, მხოლოდ შვიდი დღე ჰქონოდა სიცხე და აგერ უკვე ორმოცი დღეა, ვერ გამოჯანმრთელებულიყო. ნახეთ, ძმებო, რა ცუდია, კაცი რომ დაუძლურდება: პირველად მავნებელ საკვებს არ ერიდება და არ იცის, როცა სხეული დაუძაბუნდება, მით უმეტეს, თუ თავიდანვე სუსტად იყო, ძნელად გამოჯანმრთელდება.

ნახეთ, ამ ძმას მხოლოდ შვიდი დღე ჰქონდა სიცხე, ორმოცი დღე გავიდა და ვერ განიკურნა. ასეა სულიც. თავიდან კაცი მცირე რამ ცოდვას სჩადის და შემდეგ დიდხანს წვალობს მის აღმოსაფხვრელად. ხორციელი საქმეების შემთხვევაში მრავალ მიზეზს ვპოულობთ: ან წამალია ძველი და არ გვრგებს, ან მკურნალია გამოუცდელი და საჭირო წამლის ნაცვლად სხვას გვაძლევს, ან თავად ავადმყოფი არ უჯერებს მკურნალს, თავისთვის რამე საზიანოს აკეთებს და ამიტომ ვერ იკურნება.

მაგრამ სულიერ საქმეებში ასე არ არის, რადგან არც მკურნალია გამოუცდელი (ვამბობ: არავითარ შემთხვევაში!) და არც ერთი სენისთვის შეზავებული წამალი მოგვეცა. ქრისტეა ჩვენი სულების მკურნალი და მან იცის თითოეული ვნების წამალი: ამპარტავნების წამლად მოგვცა თავმდაბლობა, გემოთმოყვარეობისთვის – მარხვა, ვერცხლისმოყვარეობისთვის – მოწყალება, და ასე, თითოეული ვნებისთვის შეზავებული წამალი გვიბოძა. ცხადია, გამოუცდელი არც ჩვენი მკურნალია და არც სიძველის გამოა მისი წამლები ურგები.

ქრისტეს მცნებები არასდროს ძველდება და ვინც რამდენად ასრულებს მათ, იმდენად განახლდება ხოლმე. რაკი არც მკურნალია გამოუცდელი და არც წამლებია სიძველის მიზეზით ურგები, რაღა გვიშლის ხელს განკურნებაში? – იცით, რომ არაფერი, მხოლოდ ჩვენი სიბოროტე, რადგან ჩვენთვის მავნებელ საქმეებს ჩავდივართ. ახლა კი ფრთხილად ვიყოთ, ჰოი, ძმებო, გამოვფხიზლდეთ და ვიჩქაროთ, სანამ დრო გვაქვს. რატომ ვზარმაცობთ? რამე სიკეთე ვაკეთოთ, რათა განსაცდელის დროს შეწევნა ვპოვოთ. რატომ ვღუპავთ ჩვენს ცხოვრებას? ამდენ წიგნს ვკითხულობთ, მაგრამ არ ვნაღვლობთ და ამას უყურადღებოდ ვეკიდებით. ვხედავთ, სიკვდილი როგორ გვტაცებს ძმებს, და არ გვეშინია. ვიცით, რომ ჩვენც თანდათან ვუახლოვდებით სიკვდილს.

აჰა, მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დავიწყეთ, ჩვენი ცხოვრების ორი თუ სამი საათი განვვლეთ და სიკვდილს მივუახლოვდით. ვხედავთ, როგორ იწურება ჩვენი ჟამი და არ გვეშინია, არ ვიხსენებთ ბერის სიტყვებს: „თუ ვინმე ოქროს ან ვერცხლს დაკარგავს, მის ნაცვლად სხვისი პოვნა შეუძლია, ხოლო დაკარგული დროის სანაცვლოდ ვერაფერს პოვებს“.

სიმართლეს ვამბობ: ამ ჟამთაგან ერთი საათის ძებნას დავიწყებთ და ვერ ვპოვებთ. რამდენს სურს ღვთის ერთი სიტყვის გაგება, და არ ესმის. ჩვენ კი ღვთის ამდენი სიტყვა გვესმის, უგულებელვყოფთ მათ და არ ვფხიზლდებით. მერწმუნეთ, ჩვენი ასეთი სიბრმავე მაკვირვებს, რადგან შეგვიძლია ცხონება და არ გვსურს.

შეგვიძლია ჩვენი ვნებების აღმოფხვრა, ვიდრე ჯერ კიდევ ჩვილნი არიან, მაგრამ არ გვინდა და გაძლიერების საშუალებას ვაძლევთ, რათა უკანასკნელი პირველზე უარესი იყოს. სხვაა პატარა ბალახის ამოთხრა და სხვა – დიდი ხისა.

ვინმე დიდი ბერი თავის მოწაფეებთან ერთად იჯდა ერთგან, სადაც სხვადასხვანაირი კვიპაროსები იყო, დიდებიც და პატარებიც. ბერმა ერთ-ერთ მოწაფეს უთხრა: „ამოთხარე ეს კვიპაროსი!“ კვიპაროსი ძალიან პატარა იყო და მოწაფემაც მყისვე ამოთხარა ცალი ხელით. მაშინ უფრო დიდი კვიპაროსი უჩვენა. მან ისიც ამოთხარა დიდი წვალებით. კიდევ უჩვენა სხვა, მოზრდილი. მივიდა, ბევრი იწვალა და ისიც ამოთხარა. შემდეგ სხვა, უფრო დიდი უჩვენა. ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ ამოთხარა. როცა ნახა, ძმა უძლური იყო, სხვას უბრძანა, დახმარებოდა, და ასე, ორივემ ამოთხარა იგი. მაშინ ბერმა ძმებს უთხრა: „აი, ძმებო, ასევე არის ვნებებიც: რაც უფრო პატარანი არიან, მით უფრო უწვალებლად შეგვიძლია მათი აღმოფხვრაც; ხოლო რამდენადაც მძლავრდებიან, იმდენად მეტი შრომაც გვჭირდება; და თუ მეტისმეტად გამძლავრდებიან, წმინდა კაცთა შეუწევნელად ვეღარც შრომით ვძლევთ მათ“. ხედავთ, რა ძალა აქვს წმინდა ბერების სიტყვებს?

ასევე, წინასწარმეტყველიც ამბობს მის შესახებ: „ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!“ (ფსალმ. 136.8-9) გავარკვიოთ, რას ნიშნავს თქმული. ბაბილონს გულისთქმას უწოდებს. ასე ითარგმნება იგი.

პირველად გული ეუბნება სულს და ამგვარად ჩადის ცოდვას. უბადრუკს კი იმიტომ უწოდებს, რომ, როგორც უწინ ვთქვი, ცოდვა უსხეულოა, არაარსი, და ჩვენი სიზარმაცით იქცევა არსად. თუ მოვიწადინებთ, ჩვენი მოწადინებით იგი უჩინარი და არარა გახდება. წინასწარმეტყველი მას მიმართავს: „ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!“ დავფიქრდეთ, რა ვიცით, ან მან რა მოგვაგო, ან ჩვენ რისი მიგება გვსურს.

მივეცით ჩვენი ნება და სანაცვლოდ მივიღეთ ცოდვა. წინასწარმეტყველი კი იმათ შენატრის, ვინც უკუმიაგებს მათ. ხოლო რა არის მიგება? – აღარ მოიმოქმედონ იგი. კიდევ ამბობს: „ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!“

ეს ნიშნავს: ნეტარია, ვინც თავის თავში შენს შვილებს, ანუ ბოროტ აზრებს აღზრდისა და ბოროტების აღსრულების საშუალება არ მისცა, არამედ, ვიდრე ჯერ კიდევ ჩვილნი იყვნენ, ვიდრე გაიზრდებოდნენ და მასზე გააფთრდებოდნენ, შეიპყრო და კლდეს, ანუ ქრისტეს შეახეთქა (შდრ. 1კორ. 10.4). აი, ძმებო, იხილეთ, როგორ ერთხმად გვასწავლიან წმინდა მამები და წმინდა წერილი ვნებების აღმოფხვრას, სანამ ჯერ კიდევ ჩვილნი არიან, ვიდრე მათი უკეთურება და სიმწარე არ გვიგემია. ვეცადოთ, ძმებო, წყა-ლობა ვპოვოთ, დავშვრეთ მცირედ, რათა ხანგრძლივად დავისვენოთ.

მამებმა თქვეს, რომ კაცმა ყოველ საღამოს უნდა გამოიკვლიოს, როგორ განვლო ის დღე. ასევე, ყოველ დილით უნდა გამოიძიოს, როგორ განვლო ის ღამე და რა ცოდვაც ჩაუდენია, ღვთის წინა-შე მოინანიოს.

ჩვენ კი ჩვენს ჭკუაზე მოვიწყვეთ. ყველას გვმართებს საკუთარ თავზე ნიადაგ დაკვირვება, თუ რა შეგვიცოდავს. ყოველმა ჩვენგანმა უნდა თქვას თავისთვის: რაიმეთი ხომ არ დავაბრკოლე ძმა? ან, იქნებ, რაიმე საქმისას ვიხილე და განვიკითხე? ან წვნიანი არ იყო გემრიელი, რაიმე ვთქვი, შევარცხვინე მზარეული და ვავნე? ან გულში ვიდრტვინე? გულში დრტვინვაც ცოდვაა. ასევე, უნდა ვთქვათ: დეკანოზს ან ვინმე სხვა ძმას ხომ არ უთქვამს ისეთი რამ, რაც არ შევასრულე და შევეწინააღმდეგე?

ყოველთვის ამგვარად გვმართებს, გამოვიძიოთ, თუ როგორ გავატარეთ ის დღე და როგორ განვვლეთ ის ღამე. უნდა ვთქვათ: იქნებ, ლოცვაზე გულმოდგინედ არ ვიდექი? ან, იქნებ, ძმამ ლოცვაზე მიმიხმო და მე აღვშფოთდი ან ვიდრტვინე? იცოდეთ, ვინც ძმას სალოცავად აღვიძებს, დიდ სიკეთეს უკეთებს.

რადგან ღმერთთან სასაუბროდ, ცოდვების შენდობის სათხოვნელად და საკუთარი სულის განსანათლებლად წამოაყენებს. სწორედაც რომ, ამ უკანასკნელისადმი მადლიერება მართებთ და უნდა ახსოვდეთ, რომ მისით ცხონდებიან.

მოგითხრობთ დიდებულ ამბავს, რომელიც წმინდა ბერმა, დიდმა წინასწარმცნობელმა, მიამბო: „როცა ძმები ლოცვას იწყებდნენ, ვინმე ნათელმოსილი კაცი ვიხილე. სამღვდელო სამოსელი ეცვა. საკურთხევლიდან გამოდიოდა, ხელში კოლოფის მსგავსი რაღაც ეჭირა, სადაც სიწმინდეებს ინახავენ ხოლმე, სანთელს აწობდა, ყველა ძმას ჩამოუარა და ჯვრის სახით ბეჭდავდა. სადაც არ იდგნენ, იქიდან ზოგიერთ ადგილს ბეჭდავდა, ზოგიერთს კი – გვერდს უვლიდა. ეკლესიიდან გამოსვლის ჟამს იმ ბერმა კვლავ იხილა იგი საკურთხევლიდან გამომავალი. წინანდელივით მოიქცა. ერთ დღეს ბერმა მას ხელი ჩასჭიდა, დაუჩოქა და სთხოვა, ეთქვა, ვინ იყო და რას ნიშნავდა მისი მოქმედება.

მან უპასუხა: „მე ღვთის ანგელოზი ვარ და ნაბრძანები მაქვს, ყველა ძმას, ვინც ლოცვის დაწყებიდან დასრულებამდე ლოცულობს, გულმოდგინებისთვის ეს სიწმინდე მივცე“. ბერმა უთხრა: „სადაც არ დგანან, ზოგიერთ ადგილს ჯვარს რომ სცხებ და ზოგიერთს – არა?“ წმინდა ანგელოზმა მიუგო: „სიწმინდე იმათაც ეძლევათ, რომელ ძმებსაც ლოცვა სწადიათ, მაგრამ უძლურნი არიან და, მამების ბრძანებისამებრ, ისვენებენ. ასევე, ვინც მორჩილებას ასრულებს და ეკლესიაში მოსასვლელად არ სცალია, იმათაც ეძლევათ. მხოლოდ იმათ არ ერგებათ, ვისაც ადგომა და ლოცვა შეუძლია, მაგრამ სიზარმაცის გამო არ დგება. მხოლოდ მათ არ ერგებათ, რადგან თავიანთ თავს თავადვე ხდიან უღირსად“.

ნახეთ, ძმებო, რაგვარი სიკეთისკენ მიუძღვის თავის ძმას ის, ვინც საეკლესიო მსახურებისთვის წამოაყენებს მას. ახლა კი გაისარჯეთ, ძმებო, რათა არ მოაკლდეთ წმინდა ანგელოზის ბეჭედს და თუ ვინმე თქვენგანს ეძინოს ან ადგომა დაეზაროს, როცა მეორე ძმა მოუხმობს, კი არ აღშფოთდეს, არამედ ვინც უნდა იყოს, იმას ემადლიერებოდეს. მონასტერში როცა ვიყავი, მამასახლისმა მესტუმრედ გამამწესა. ნაავადმყოფარი გახლდით. ბევრი სტუმარი მოვიდა. მათი მიღება მომიხდა. მოვიდნენ მეაქლემეებიც. ისინიც მივიღე და მოვემსახურე. გვიანი ღამე იყო, როცა დასაძინებლად გავემართე. ის იყო, დავწექი, რომ რაღაც სხვა საქმე გამოჩნდა. მოვიდნენ და ამაყენეს. წავედი, გავაკეთე ის საქმე. შემდეგ დასაძინებლად გავეშურე. როგორც კი მიმერულა, მყისვე მნათე მოვიდა და სალოცავად მიმიხმო. მე კი დაღლილი და ნაავადმყოფარი ვიყავი, ცოტა თავ-კისერი მიხურდა და შეუძლოდ გახლდით.

ვუთხარი: „კეთილი, ღმერთმა მოგცეს სიყვარულის მადლი! მიბრძანე, ბატონო, მოვალ!“ რომ წავიდა, ისევ ჩამეძინა. გულს ძლიერ მაკლდა, სალოცავად წასვლას რომ ვაგვიანებდი. ის კი არ მეშვებოდა და მეძახდა. მაშინ მამას ორი ძმა ვთხოვე, რათა ერთს გავეღვიძებინე, ხოლო მეორეს – ყურადღება მოექცია, არ ჩამძინებოდა. მერწმუნეთ, ძმებო, ისე მივიჩნევდი ორივეს, თითქოს მათ ხელთ იყო ჩემი სიცოცხლე. თქვენც ასევე გმართებთ მათი მადლიერება, ვინც სალოცავად გაღვიძებთ ან რამე კეთილი საქმისთვის წაგაქეზებთ. როგორც ვთქვით, კაცმა ნიადაგ უნდა გამოიძიოს, როგორ განვლო ის დღე თუ ღამე, ყურადღებით თუ იდგა ლოცვაზე, გონება ხომ არ გაეფანტა, გულმოდგინედ თუ მოუსმინა წაკითხულს, ხომ არ დატოვა ეკლესია და გასართობად ხომ არ გავიდა.

თუ კაცი ამგვარად დაუკვირდება თავის თავს და რა ცოდვასაც აღმოაჩენს, მყისვე ღვთის წინაშე მოინანიებს, თანდათან ვნებებს სძლევს. ცხრას სჩადიოდა? – რვას ჩაიდენს, და ასე, ღვთის შეწევნით, ვნებების აღზევება-გაძლიერებას არ დაუშვებს. როგორც ვახსენე, საძაგელია და მძიმე, როცა კაცი რამე ბოროტებას დაეჩვევა, რადგან ასეთი ვერ განიკურნება წმინდა ადამიანების შეუწევნელად.

გინდათ, მოგითხროთ ფრიად სატირალი ამბავი? მონასტერში როცა ვიყავი, არ ვიცი, რატომ ცდებოდნენ ძმები, თავიანთ ზრახვებს მიზიარებდნენ. მამამ ამაზე ზრუნვა მიბრძანა. ერთ დღეს ჩემთან ვინმე ძმა მოვიდა და მითხრა: „მამაო, შემინდე და ილოცე ჩემთვის, რადგან საჭმელს ვიპარავ და ვჭამ“. მე ვუთხარი: „რატომ, შვილო, გშივდება?“ მან მიპასუხა: „ჰო, მშივდება, რადგან ძმებთან ერთად ჭამა არ მყოფნის, მე კი ვერ ვითხოვ“. ვუპასუხე: „რატომ არ მიდიხარ და არ ეუბნები მამას?“ ხოლო მან მითხრა: „მრცხვენია“. ვუთხარი: „გინდა, მე ვუთხრა?“ მომიგო: „როგორც გნებავს.“

წავედი და მამას ვუთხარი, მან კი მიპასუხა: „გამოიჩინე სიყვარული და რაც მისთვის უმჯობესია, ისე მოიქეცი!“ მაშინ იგი მზარეულთან მივიყვანე და მის წინაშე ვთხოვე: „გამოიჩინე სიყვარული და როცა კი ეს ძმა შენთან მოვა, მიეცი, რასაც მოისურვებს!“ მან მომისმინა და მითხრა: „როგორც მიბრძანე, ისე მოვიქცევი!“

ძმამ რამდენიმე დღე დაჰყო ასე, შემდეგ მოვიდა და მითხრა: „შემინდე, მამაო, ისევ დავიწყე მოპარვა!“ მე კი ვკითხე: „რატომ? ნუთუ მზარეული არ გაძლევს, რაც გინდა?“ მიპასუხა: „მაძლევს, მაგრამ მე მრცხვენია“. მივუგე: „მაშ, ჩემი გრცხვენია?“ „არა“, – მიპასუხა მან. ვუთხარი: „ჩემთან მოდი და მე მოგცემ“. იმჟამად უძლურთა მსახურება მევალა, სანოვაგე მებარა და, რაც სურდა, ვაძლევდი. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დაიწყო მოპარვა. მოვიდა და დამწუხრებულმა მითხრა: „ისევ ვიპარავ“. ვუთხარი: „რატომ? არ გაძლევ, რაც გინდა?“ მიპასუხა: „ჰო, მაძლევ“. მივუგე: „ხომ არ გრცხვენია?“ თქვა, არაო. მაშინ ვკითხე: „რაღატომ იპარავ?“ მომიგო: „არ ვიცი, რატომ, ვიცი, რომ ვიპარავ“ მაშინ ვუთხარი: „სიმართლე მითხარი, რას უშვრები მოპარულს?“ მომიგო: „ვირს ვაძლევ“. აღმოჩნდა, რომ ძმა იპარავდა პურს, ფინიკს, ლეღვს, ხახვს, რასაც იპოვიდა, ლოგინის ქვეშ ან სხვა რომელიმე ადგილას მალავდა, და როცა გაფუჭებულს ნახულობდა, მიჰქონდა და აგდებდა ან სახედარს უყრიდა.

ნახეთ, რა საშინელებაა, როცა კაცი რამე ვნებას დაეჩვევა: იცოდა, ბოროტებას სჩადიოდა, გულნაკლული იყო და ტიროდა, მაგრამ ჩვეულება სძლევდა უბადრუკს.

კარგად ამბობდა მამა ნისთერეონი: „რა ვნებისგანაც იძლევიან, იმისი მონა ხდებიან“. ღმერთმა გვიხსნას ბოროტი ჩვეულებისგან, რათა ჩვენც არ გვითხრას: „რა-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა?“ (ფსალმ. 29.10) აჰა, ხშირად მითქვამს თქვენთვის, რომ ჩვეულების წყალობით კაცი ან სიკეთემდე მიდის, ან ბოროტებამდე: კაცი რომ ერთხელ განრისხდება, მას მრისხანე არ ეწოდება. არც მაშინ ეწოდება მეძავი, როცა ერთხელ ისიძვებს; არც მაშინ ჰქვია მოწყალე, როცა ერთხელ გაიღებს მოწყალებას; არამედ სიკეთეცა და ბოროტებაც ზედიზედ ქმნით ხდება სულისთვის ჩვეულება და შემდეგ ეს ჩვეულება ტანჯავს ან შვებას გვრის მას.

და თუ როგორ გვრის სათნოება სულს შვებას ან როგორ ტანჯავს მას ცოდვა, გეტყვით: ხშირად მითქვამს, სათნოებები ჩვენია და ჩვენივე ბუნებისაა. რამდენადაც აკეთებს კაცი სიკეთეს, იმდენად სათნოებაც მისი ბუნება ხდება და კაცი ისევე ჯანსაღ-დება, როგორც სნეულებიდან მიდიან ხოლმე გამოჯანმრთელებამდე, ან როგორც ბრმას უბრუნდება ხოლმე ბუნებრივი თვალისჩინი. ხოლო, როცა რამე უცხო ბოროტებას ჩავდივართ და ჩვენი ბუნებისთვის უჩვეულო ჩვევას ვიძენთ ბოროტების ზედიზედ ქმნით, მაშინ ბოროტი სენით ისე ვსნეულდებით, რომ ვეღარ ვჯანსაღდებით წმინდანთა შეწევნის, ლოცვისა და ცრემლთა ღვრის გარეშე, რომელთაც ჩვენთვის ღვთის წყალობის მოტანა შეუძლიათ.

როგორც ხორციელი სნეულების დროს ზოგიერთი საკვები შავი ნაღვლის გამომწვევია, მაგალითად, კომბოსტო, ოსპი ან სხვა რამ ამდაგვარი, მაგრამ კომბოსტოს ან ოსპის ერთხელ ჭამით კაცს შავი ნაღველი არ სდის, ხოლო თუ შავი ნაღვლის გამომწვევ საკვებს ხშირად შეჭამს, შავი ნაღველი მოემატება, სიცხე აუწევს, სიცხისგან დაიწვება და ამით კაცს ბევრი სნეულება შეეყრება, მსგავსადვე, როცა სული ზედიზედ რამეს სცოდავს, შემდეგ ეს ცოდვა ტანჯავს, რადგან უკვე დაჩვეულია მას. იცოდეთ, არსებობს კაცი, ვისაც თავად აქვს ბრძოლა რამე ცოდვის მიმართ და თუ ერთხელ მაინც ჩაიდენს, ამ ერთგზის ქმნით იგი მეყვსეულად ხდება მისი ჩვეულება და ვეღარ უმკლავდება მას მსგავსად კაცისა, ვისაც შავი ნაღველი აწუხებს და მავნე საკვების ერთხელ ჭამით ნაღვლის მყისიერ დენას იწვევს.

ახლა კი სიფხიზლე, სწავლა და შიში გვმართებს, ბოროტი ჩვეულება რომ არ შევიძინოთ. მერწმუნეთ, ძმებო, თუ კაცი ერთ ვნებას დაეჩვევა, დაისჯება, რადგან ხშირად კაცი ათ კეთილ საქმეს სჩადის და ერთ ბოროტებას – ჩვეულებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვევით გაკეთებული ეს ერთი ბოროტება სძლევს ხოლმე ათ სიკეთეს.

არწივი, მთელი სხეული თუნდაც გარეთ ჰქონდეს და მხოლოდ ბრჭყალით გაებას, განა მახეში არ არის, და მონადირე განა მაშინ არ მოკლავს, როცა მოისურვებს? სულიც ასეა: ერთი ვნებაც თუ ექნა, როცა მტერი მოისურვებს, დასცემს, რადგან ამ ვნებით მასზე ძალაუფლება აქვს მოპოვებული. ამიტომ ნიადაგ გეუბნებით: მოიცილეთ ყოველი ბოროტი ჩვეულება, ამიერიდან ყოველგვარი ბოროტი საქმისგან განვიწმინდოთ თავი.
დღედაღამ ვევედროთ ღმერთს, განსაცდელში არ აღმოვჩნდეთ. მაგრამ თუ ვიძლევით, როგორც კაცნი, და შევცოდავთ, ვიჩქაროთ, სწრაფად აღმოვფხვრათ იგი, ღვთის წინაშე მოვინანიოთ, ცრემლი ვღვაროთ, გამოვფხიზლდეთ, თავი განვიწმინდოთ და როცა ღმერთი ჩვენს გულმოდგინებას, თავმდაბლობასა და გულშემუსვრილებას დაინახავს, ხელს გამოგვიწვდის და წყალობას მოგვივლენს, ამინ.


სწავლა მეთორმეტე

მისივე, ჩვენი მამა დოროთეს თქმული სამარადისო სასჯელის შიშზე;
ცხონების მოსურნე კაცი არასდროს უნდა იყოს უზრუნველი, არამედ ნიადაგ სულის ცხონებაზე უნდა ზრუნავდეს

ფეხები როცა მტკიოდა, ჩემ სანახავად რამდენიმე ძმა მოვიდა. მთხოვეს, მეთქვა, რა მიზეზით შემეყარა სნეულება. ვფიქრობ, ორი რამის გამო მკითხეს: ერთი – რათა ნუგეში ეცათ და ტკივილი მცირედ შემმსუბუქებოდა, და მეორე – რათა მიზეზი ჰქონოდათ სულიერი საუბრისთვის. მაშინ ტკივილის გამო სულიერ საკითხებზე ლაპარაკი ვერ შევძელი, სამაგიეროდ ახლა თქვენ გეტყვით.

როცა კაცს რამე გასაჭირი შეემთხვევა და სიძნელეს გადალახავს, შემდეგ სიხარულით უამბობს ხოლმე თავის მეგობრებს, ისევე, როგორც ზღვაზე ღელვაში მოყოლილი გემის გადარჩენისა და ხმელეთზე გასვლის შემდეგ სიყვარულით ჰყვებიან ხოლმე თავიანთ სიდუხჭირეზე. როგორც თქვენთვის არაერთხელ მითქვამს, ძმებო, კარგია, როცა კაცი ყოველივეს ღმერთს ანდობს და ამბობს: უღვთოდ არაფერი ხდება, ღმერთმა იცის, რომ ასე ჯობს და ამიტომაც გააკეთა. თუნდაც საქმეს რამე მიზეზი ჰქონდეს, კაცმა თავისი საქმე ღმერთს უნდა მიანდოს.

მეც მქონდა მიზეზი სათქმელად, როცა უცხო ძმებთან ერთად ვჭამე და მათ სასიამოვნებლად მცირეოდენ შევიწუხე თავი: სტომაქი დამიმძიმდა, სისხლი ფეხებში წავიდა, დამიწყლულდა და დავსნეულდი. ბევრ სხვა მიზეზსაც დავასახელებდი, რადგან თუ კაცი მიზეზს დაუწყებს ძებნას, არ დაელევა. მაგრამ ჭეშმარიტი და კარგი მიზეზი ესაა: ღმერთს ასე სურს; იცოდა, ჩემი სულისთვის ასე ჯობდა და ამიტომ გააკეთა. ხოლო ყოველნი საქმენი ღვთისანი კეთილ არიან, და სარგებელ ფრიად (შდრ. დაბ. 1.31). როგორც ვთქვი, კაცი გულნაკლული არ უნდა იყოს, თუ რამე შეემთხვა. ყველაფერზე უნდა თქვას: ალბათ, ღმერთს ასე სურს, და ამრიგად, უფლის შეწევნით, შვებას იგრძნობს. არიან ისეთები, რომლებიც, როცა რამე შეემთხვევათ, იმდენად წუხან, რომ სიკვდილსაც კი ნატრობენ, სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ, და ჰგონიათ, თუ მოკვდებიან, ჭირს აირიდებენ.

ეს კი სულმოკლეობითა და დიდი უგუნურებით მოსდით, რადგან არ იციან ის დიდი ჭირი, რომელიც სულს ხორციდან გასვლის შემდგომ მოელის. ძმებო, ღვთის დიდი კაცთმოყვარეობაა, ამქვეყნად რომ ვართ. მაგრამ ჩვენი უგუნურებით ვერ ვხედავთ, რამდენად მძიმეა სამარადისო სასჯელი. ამიტომ აქაური გაჭირვება გვემძიმება. არ იცით, რა უწერიათ მამებს? მეტად გულმოდგინე ძმამ ერთ ბერს ჰკითხა: „რატომ სწადია ჩემს სულს სიკვდილი?“ ბერმა უპასუხა: „რადგან ჭირს გაურბის, და არ იცის, რომ სამარადისო ჭირი უარესია“. კიდევ ჰკითხა სხვამ: „რატომ მწყინდება სენაკში ჯდომა?“ ბერმა მიუგო: „რადგან არც ის მცირეოდენი შვება გიგემნია, რომელსაც ვესავთ, და არც ის ჭირი, რომელიც სამარადისოდ მოგველის. ეს რომ იცოდე, შენი სენაკი მატლით სავსეც რომ იყოს, ყელამდეც რომ გწვდებოდეს, არ მოიწყენდი და მოითმენდი“.

ჩვენ კი ძილითა და განცხრომით გვინდა სასუფეველში შესვლა, და ამიტომ სულმოკლეობას ვიჩენთ. თუ რამე შეგვემთხვა, ღმერთს უნდა ვმადლობდეთ და ჩვენს თავს შევნატროდეთ, რომ აქვე გავხდით მცირეოდენი ჭირის დათმენის ღირსი, რათა იქ ოდნავი ლხენა ვპოვოთ. წმინდა ევაგრეც ამბობდა: „ვნებებით შეპყრობილი, ამქვეყნიდან მალე გასვლას რომ ევედრება ღმერთს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც ხუროს ავადმყოფის საწოლის დაჩეხვას სთხოვს“.

როცა კაცი ხორცშია, ნუგეშს პოულობს: ჭამს, სვამს, სძინავს, საუბრობს, მეგობრებთან მიდის, მრავალს საქმიანობს; ხორციდან გასვლის შემდგომ კი ვნებებთან მარტო რჩება: ისინი ტანჯავენ, მათგან მოვლენილი ტანჯვით იწვის, მხოლოდ მათ ანაბარაა, ისე რომ, ვეღარც ღმერთს იხსენებს.

მარტოოდენ ღვთის გახსენებაც კი სიხარულის მომგვრელია, როგორც ფსალმუნში წერია: „მოვიხსენე ღმრთისა და ვიხარე“ (ფსალმ.76.4). მაგრამ ვნებები ღვთის გახსენების საშუალებასაც არ აძლევენ. გინდათ, მაგალითის დახმარებით მცირეოდენ აგიხსნათ ეს? ვინმე თქვენგანი მოვიდეს, მხოლოდ სამი დღით დავამწყვდევ ბნელ ოთახში, არაფერი ჭამოს, არც სვას, არც დაიძინოს, არც არავის დაელაპარაკოს, არც ილოცოს, არც ღმერთი ახსენოს.

მაშინ გაიგებს, რასაც მოიმოქმედებენ მასში ვნებები, თუმცა კი ჯერაც ამ წუთისოფელშია. აბა, რა დაემართება, როცა ამქვეყნიდან გავა და მათთან მარტო დარჩება?! რა ჭირში აღმოჩნდება მაშინ?! როცა ვინმეს სიცხე აუწევს, რა სიმხურვალე ან რა ცეცხლი, ან რა შეშა სწვავს მას? ან შავი ნაღვლისა და სუსტი სტომაქის პატრონს განა თავისივე ბუნება არ ტანჯავს და წვავს?! მსგავსადვე, ვნებებით შეპყრობილი სულიც ნიადაგ თავისივე საქმეებითა და ცოდვების სიმწრისგან იტანჯება, მათი გახსენებისას იჭირვის, რადგან ისინი ტანჯავენ მას.

ყოველივე ამის გარდა, ძმებო, ვის შეუძლია იმ საშინელი ადგილებისა და მტანჯველ გვემათა აღწერა? ყოველივე ამით ცოდვილ სულებს ტანჯავენ. არ ნელდება ის საშინელი დაუშრეტელი ცეცხლი, სიბნელე, მრისხანე ძალნი და კიდევ ბევრი სხვა სატანჯველი, რომლებიც სათითაოდ აღწერეს წმინდანებმა და რომლებიც ჩვენი ბოროტი საქმეებისთვის მოგვეგება.

როგორც წმინდანებს კეთილი საქმეებისთვის მიეზღვებათ ხოლმე ნათელი ადგილი და ანგელოზებრივი სიხარული, ისე ცოდვილებს მიეჩინებათ საჭირველი და ძრწოლის მომგვრელი ადგილი.

როგორც ყველა წმინდანი აღნიშნავს, არ არსებობს იმაზე საძაგელი ადგილი, სადაც ეშმაკები წავლენ. რა სატანჯველია იმაზე საშინელი, სადაც ისინი დაისჯებიან?! ცოდვილები კი მათთან წავლენ, როგორც ნათქვამია: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა“ (მათ. 25.41). უფრო საშინელია ის, რასაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: „თუნდაც ცეცხლოვანი მდინარე არ დიოდეს და საშინელი ანგელოზები არ იდგნენ, მხოლოდ ისიც კი, რომ ზოგიერთ ადამიანს დიდებისა და პატივისკენ მიიხმობენ, ხოლო ზოგიერთს ლანძღვით განდევნიან, ღვთის დიდება რომ ვერ იხილოს, განა ყოველგვარ გეენიაზე უარესი არ იქნება სირცხვილითა და ლანძღვით დასჯა და ამოდენა სიკეთის მოკლებით გამოწვეული ჭირი და მწუხარება?“ მაშინ სინდისის მხილება და ჩადენილ საქმეთა გახსენება ყოველგვარ სატანჯველზე უარესია.

როგორც მამები ამბობენ, რაც კაცს სიტყვით, საქმით თუ გონებით გაუკეთებია, ყველაფერი ახსოვს, არაფერი ავიწყდება. ხოლო ფსალმუნში იმიტომაა ნათქვამი: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ (ფსალმ. 145.4), რომ მაშინ ადამიანი ყურადღებას აღარ აქცევს ამქვეყნიურ ზრახვებს, ნაშენს, ქონებას, შვილებს, ნათესავებს, მისაცემსა და მისაღებს, მაშინ ყველაფერ ამას უგულებელყოფს, არც ერთი მათგანი ახსოვს და ანაღვლებს. მაგრამ თუ რამ ცოდვა ან სათნოება ჩაუდენია, ის ახსოვს, არც ერთი ავიწყდება. ვინმემ თუ რამე არგო ან მან არგო სხვებს, ორივე ახსოვს. ასევე, თუ ვინმემ ავნო ან მას უვნია სხვისთვის, ყველაფერი ახსოვს და არაფერი ავიწყდება. რაც აქ გაუკეთებია, ყველაფერი ახსოვს ხორციდან გასულ სულს, ამჟამინდელზე უფრო ნათლადაც კი, რადგან მაშინ ყოველგვარი ამქვეყნიური საზრუნავისგან განშორებულია.

ერთხელ ვინმე დიდ ბერთან ვლაპარაკობდი ამის შესახებ. ბერმა თქვა: „ხორციდან გასულ სულს ახსოვს ვნებაც, რომელიც უქმნია, ცოდვაც და პიროვნებაც, ვისთან ერთადაც იგი ჩაუდენია“. ხოლო მე ვუთხარი: „ასე კი არ არის, არამედ ზრახვა ახსოვს, ცოდვის ქმნით რომ გაჩნდა მასში“. დიდხანს ვიკამათეთ ამაზე, ბერი არ მეთანხმებოდა და ამბობდა, რომ სულს ახსოვს თავად ცოდვის სახეობა, ადგილი და პიროვნება, ვისთან ერთადაც იგი მოიმოქმედა. მართლაც, თუ ასეა, მაშინ ჩვენი ბოლო უფრო საშინელი ყოფილა, ყურადღებით თუ არ მოვეკიდეთ საკუთარ თავს.

ამიტომ გეუბნებით: ეცადეთ, იქონიოთ კეთილი ზრახვები, რათა იქ დაგხვდნენ, რადგან ვისაც რა აქვს აქ, იგივე გაჰყვება თან და ექნება იქაც. აბა, ძმებო, ვეცადოთ, ავირიდოთ ამგვარი ჭირი, ვიღვაწოთ, რათა ღმერთმა წყალობა მოგვივლინოს, რადგან, როგორც დაწერილია, იგია სასო „ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა“ და „რომელნი არიან ზღუათა შინა შორს“ (შდრ. ფსალმ. 64.6). „კიდენი ქუეყანისათა“ ისინი არიან, რომლებიც სრულ ბოროტებას მისცემიან, ხოლო „ზღუათა შინა შორს“ – ისინი, რომლებიც უკიდურეს სასოწარკვეთილებაში იმყოფებიან. ღმერთი კი ყველა მათგანის იმედია.

მაგრამ მცირეოდენი გარჯა ჩვენც გვმართებს. დავშვრეთ მცირედ, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს. თუ პატრონი მანამ მიატოვებს ყანას, ვიდრე კორდად გადაიქცევა, განა რამდენადაც იზარმაცებს, იმდენად მეტი ეკალი და კუროსთავი არ ამოვა?! და რამდენადაც მეტი ამოვა, მით უფრო მეტი წვალება არ დასჭირდება მის გაწმენდას, როცა სიზარმაცის ჟამს აღმოცენებული ცუდი ბალახის აღმოფხვრას მოიწადინებს, განა უფრო მეტად არ დაიხოკავს ხელებს? შეუძლებელია, კაცმა ის არ მოიმკოს, რაც დათესა.

ვისაც ყანის გაწმენდა სურს, მან თავდაპირველად ძირიანად უნდა ამოთხაროს სარეველა, რადგან თუ ფესვებიანად არ ამოძირკვავს და მხოლოდ თავს წააჭრის, ისევ ამოვა. კაცმა ძირიანად უნდა აღმოფხვრას იგი, და როცა ყანას კარგად გაწმენდს, მაშინღა მოხნას. როცა გაასუფთავებს და მოამზადებს, მაშინ კეთილი თესლიც დათესოს.

მაგრამ თუ გაწმენდის შემდეგ მიწას უქმად დატოვებს, ბალახი ამოვა, რბილ მიწას ნახავს და ფესვებს გაიდგამს, უფრო მეტად გამრავლდება და ყველგან მოედება. ასეა სულიც: თავდაპირველად კაცმა უწინდელი ცუდი ჩვეულებები უნდა ალაგმოს.

რა შეიძლება იყოს კაცში ძირგადგმულ ბოროტ ჩვეულებაზე უარესი, რომელიც მისი ბუნება გამხდარა? როგორც ვთქვი, თავდაპირველად ადამიანს ცუდი ჩვეულებებისა და ვნებების აღმოფხვრა მართებს, ასევე მათი მიზეზებისაც, ანუ ძირისა. თუ არ ამოთხრიან ძირს, ეკალი ისევ ამოვა. არსებობს ისეთი ვნებები, რომელთა მიზეზსაც თუ მოჰკვეთენ, თავისთავად ისინი ვერაფრის შემძლებელნი არიან. ისევე, როგორც შური თავისთავად არაფერია, მაგრამ მიზეზები აქვს, მაგალითად, დიდებისმოყვარეობა.

როცა კაცს დიდება სწადია, იმისი შურს, ვისაც მასზე მეტი დიდება თუ პატივი აქვს. ასევე, რისხვასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს, უმთავრესად კი, გემოთმოყვარეობა. მახსოვს, ამის შესახებ ევაგრე რომ გადმოგვცემდა ერთი წმინდანის ნათქვამს: „უარვყოფ მრავალფერ გემოთა, რათა გულისწყრომის მიზეზი მოვსპო“. როგორც ეს მრავალგზის მითქვამს, ყველა მამა აღნიშნავს, რომ ყოველი ვნების მიზეზი შემდეგი სამი რამეა: დიდებისმოყვარეობა, გემოთმოყვარეობა და ვერცხლისმოყვარეობა. კაცმა ვნებებისა და მათი მიზეზებისგან თავი სინანულითა და ცრემლით უნდა განიწმინდოს, შემდეგ კი კეთილი თესლი, ანუ კეთილი საქმეები დათესოს.

სხვაგვარად, როგორც ყანაზე ვთქვი, თუ მისი გაწმენდის შემდეგ კეთილ თესლს არ დათესავენ, ეკალი ამოვა, და ნახავს რა რბილ მიწას, უფრო მეტად გაძლიერდება.

ასევე, თუ კაცი სათნოებებისა და კეთილი საქმეების აღსრულებას არ შეუდგება, უფლის სიტყვისამებრ დაემართება, როგორც წმინდა სახარებაშია ნათქვამი: „რაჟამს სული იგი არაწმიდა განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა, და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, მაშინ თქვის: მივიქცე სახიდ ჩემდა, ვინაცა გამოვედ; და მორა-ვიდის, პოვის იგი მოცალე (ყოველგვარი სათნოებისგან), განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შვიდნი სულნი, უბოროტესნი მისა, მოვიდის და დაემკვიდრის მუნ. და იქმნის უკუანასკნელი კაცისა მის უძვირეს პირველისა“ (მათ. 12.43-45).

შეუძლებელია, კაცი ერთსა და იმავე მდგომარეობაში იყოს: ან წინ მიდის, ან უკან, სიკეთის მხრივ იქნება ეს, თუ ბოროტების. ამიტომ, ვისაც ცხონება სურს, არა მარტო ბოროტებას უნდა დაეხსნას, არამედ სიკეთეც უნდა აკეთოს, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33.15). ვინც მავნებელია, არათუ აღარ უნდა ავნოს, არამედ სამართლიანად უნდა მოიქცეს.

ვინც მრუშია, არათუ აღარ უნდა იმრუშოს, არამედ უნდა იმარხულოს კიდეც. ვინც მრისხანეა, არათუ მარტო მრისხანებას უნდა დაეთხოვოს, არამედ სიმშვიდეც უნდა მოიპოვოს. ვინც ამპარტავანია, არა მარტო ამარტავნებას უნდა დაეხსნას, არამედ თავმდაბლობაც უნდა შეიძინოს.

ეს არის ბოროტისაგან მოქცევა და ქმნა კეთილისა. თითოეულ ვნებას თავისი საპირისპირო სათნოება აქვს: ამპარტავნებას – თავმდაბლობა, ვერცხლისმოყვარეობას – მოწყალება, მრუშობას – მარხვა, სულმოკლეობას – მოთმინება, მრისხანებას – სიმშვიდე, სიძულვილს – სიყვარული, და ასე, თითოეულ ვნებას თავისი საწინააღმდეგო სათნოება აქვს. ეს ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის.

ახლა კი, რამდენადაც განვდევნეთ სათნოებები და ვნებები დავამკვიდრეთ ჩვენში, იმდენად გვმართებს მოღვაწეობაც არა მარტო ვნებათა განდევნის მიზნით, არამედ ჩვენში სათნოებათა დასამკვიდრებლადაც და კუთვნილი ადგილის მისაჩენად.

სათნოებები ჩვენი ბუნებისა არიან. როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, მასში სათნოებები დათესა, როგორც ამბობს. კიდევ ამბობს უფალი: „იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამა თქუენი მოწყალე არს“ (ლუკ. 6.36), „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“ (1პეტრ. 1.16). მოციქული ამბობს: „იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე“ (ეფეს. 4.32), რადგან უფალი თქვენი ტკბილია. ეს არის ღვთის მსგავსება. ამიტომ ვამბობ, რომ ღმერთმა ბუნებით მოგვცა სათნოებები, ხოლო ვნებები ჩვენი ბუნებისა არ არიან. ამიტომაც არიან ისინი უხორცონი და არაარსნი, ისევე, როგორც სიბნელე არის არაარსი და გარკვეული ნაკლია ჰაერისა, როგორც წმინდა ბასილი ამბობს. იგი სინათლის ნაკლებობითაა გამოწვეული. ასევე არის ვნებებიც: როცა სულმა სათნოებებს გემოთმოყვარეობით აქცია ზურგი, ვნებებში ჩავარდა და თავის თავში გააბატონა.

როგორც ყანაზე ვამბობდი, კაცსაც მსგავსადვე მართებს საკუთარ თავში კეთილი თესლის დათესვა, რათა თესლისამებრ გამოიღოს ნაყოფიც. მთესავმა კი თესლი დათესვისთანავე უნდა დაფლას. თუ არადა, ფრინველები მოფრინდებიან და დაიტაცებენ. როცა თესლს დამალავს, მაშინღა მოელის კაცი ღვთის წყალობას – წვიმას, მისმა თესლმა რომ ნაყოფი გამოიღოს და გაიხაროს.

რაც უნდა დაშვრეს მუშაკი, თუ ღვთის ბრძანებით არ იწვიმა, ამაო იქნება მთელი მისი შრომა. ასევე ჩვენც, თუ რამ სიკეთეს გავაკეთებთ, თავმდაბლად უნდა დავფაროთ იგი, ღმერთს უნდა ვევედროთ და ჩვენი უძლურება ვუჩვენოთ, რათა ჩვენს შრომას მოხედოს. სხვაგვარად ამაო იქნება ჩვენი შრომა. ასევე, როცა იწვიმებს და თესლი აღმოცენდება, თუ თავის დროზე ისევ არ იწვიმა, გახმება, რადგან ჯეჯილსაც სჭირდება წვიმა, ვიდრე ხესავით გამტკიცდება. მაგრამ მუშაკი ვერც ამის შემდეგ იქნება გულმშვიდად.

ხშირად, როცა ნათესი გაზრდილა და დამწიფებულა, კალია შესევია ან სეტყვა მოსულა და მოუოხრებია იგი. მსგავსადვე, როცა კაცი ყოველგვარი ვნებისგან განიწმენდს სულს, ღვთის წყალობა უნდა ითხოვოს, რათა არ მიატოვოს მან და არ წარწყმდეს. რადგან, როგორც ვთქვი, მას შემდეგ, რაც თესლი აღმოცენდება, გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს, თუ არ იწვიმა, გახმება. ასევე, კაცი ამდენ შრომას რომ გასწევს, თუ ღმერთი მცირეოდენ მოაშორებს თავის საფარველს, დაიღუპება.

ღმერთი კი მაშინ ტოვებს კაცს, როცა იგი მისთვის რამე უწესო საქმეს ჩადის, მაგალითად: იყო კრძალული და გახდა უწესო, იყო თავმდაბალი და გახდა ამპარტავანი. ღმერთი იმდენად კი არ შორდება უწესოს, როცა უწესობას სჩადის, ან ამპარტავანს, რომელიც ამპარტავნობს, როგორც წესიერს, რომელიც უწესო ხდება, ან თავმდაბალს, რომელიც ამპარტავნობს. ამის გამო ტოვებს ხოლმე ღმერთი.

წმინდა ბასილი ამიტომ სჯის სხვაგვარად წესიერი კაცის ცოდვას და სხვაგვარად – უწესო კაცისას. ასევე, როცა კაცი თავს დაიცავს, უნდა ეცადოს, რასაც აკეთებს, ამპარტავნებით ან კაცთა მაამებლობით არ აკეთოს, რათა არ დაღუპოს იგი მსგავსად იმისა, რაც კალიასა და სეტყვაზე მოგახსენეთ. ასევე, როცა მუშაკი მკის მოწევამდე კეთილად დაიცავს ყანას, ვერც ამის შემდეგ იქნება უზრუნველად; რადგან მოდის ხოლმე ბოროტი კაცი, ცეცხლს წაუკიდებს ნაყოფს, დაწვავს და მთელ მის ნაშრომსა და ნაყოფს გაანადგურებს.

მუშაკი არხეინად ვერ იქნება, ვიდრე არ ნახავს, რომ ნაყოფი შეგროვებულია და ბეღელში დაბინავებული. კაცს არც ყოველივე ამის შემდგომ მართებს უზრუნველად ყოფნა, რადგან ყველაფრის შემდეგ ეშმაკი იპოვის ხოლმე ერთ რამეს და იმით აცდუნებს: ან ამპარტავნებით, ან ურწმუნოებისა თუ ბოროტი წვალების (იგივე ერესი – რედ.) გულისსიტყვას ჩააგონებს, და არა მარტო მის შრომას იავარყოფს, არამედ ღმერთსაც განაშორებს. რასაც საქმით ვერ გააკეთებს, იმას ერთი გულისსიტყვით აასრულებს, რადგან ერთ გულისსიტყვასაც კი შეუძლია ღვთისგან ჩვენი განშორება, თუ მას მივიღებთ. მოღვაწე და ცხონების მსურველი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ უნდა იყოს უზრუნველი, არამედ უნდა ვიღვაწოთ, ვიზრუნოთ და ღმერთს ვევედროთ, რომ დაგვიფაროს და დაგვიცვას მისი სახიერებით თავისი წმინდა სახელის სადიდებლად, ამინ.


სწავლა მეცამეტე

მისივე თქმული რათა უშფოთველად და მადლობით
მოვითმინოთ განსაცდელი

კარგად თქვა მამა პიმენმა, მონაზონი განსაცდელში იცნობაო. ღვთის ჭეშმარიტ მსახურებაში მყოფი მონაზონიც წინასწარვე მზად უნდა იყოს განსაცდელების დასათმენად (იხ. ზირაქ. 2.1). მათი წვევისას არ უნდა გაოცდეს, არც აღშფოთდეს, არამედ სწამდეს, რომ ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. სადაც ღვთის განგებაა, იქ უეჭველად სულისთვის უმჯობესიც არის.

რასაც ღმერთი გვიკეთებს, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოა, რადგან ვუყვარვართ. როგორც მოციქული ამბობს, ჩვენც გვმართებს, ვმადლობდეთ ყოვლადვე ყოველთათვის ღმერთსა (შდრ. ეფეს. 5.20), არაფერში არ უნდა გამოვიჩინოთ სულმოკლეობა, არამედ ყველაფერი, რაც გვემართება, თავმდაბლად და ღვთისადმი მადლიერებით უნდა მივიღოთ. უნდა ვთქვათ: „რასაც ღმერთი გვიკეთებს, ყველაფერს სასიკეთოდ აკეთებს, რადგან ვუყვარვართ. იმიტომ აკეთებს, რომ ღმერთი მოწყალეა“.

როცა კაცს მეგობარი ჰყავს და მისგან რამე წყენა შეხვდება, იმას კი არ იფიქრებს, რომ წყენის მიზნით მოექცა ასე, არამედ იტყვის: ვუყვარვარ და ამიტომ აკეთებს. განა მით უმეტეს არ უნდა ვიფიქროთ ღმერთზე, ვინც დაგვბადა და არაარსისგან არსად გვაქცია, ჩვენთვის განკაცდა და მოკვდა, რომ ყოველივეს ჩვენდა სასიკეთოდ აკეთებს და ვუყვარვართ?! კაცი მეგობარზე ამბობს: ვუყვარვარ, ჩემი რიდი აქვს, მაგრამ სიბრძნე არ ჰყოფნის და უნებურად მაწყენინებს ხოლმე. ღმერთზე კი ამას ვერ ვიტყვით, რადგან სიბრძნის წყაროა იგი, ყოველივე იცის და ყველაზე მცირე რამესაც კი ჩვენდა სასიკეთოდ აკეთებს. მეგობარზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვუყვარვართ, ჩვენი სიკეთე სურს, ბრძენიცაა, მაგრამ არ ძალუძს, ის გაგვიკეთოს, რაც ჩვენთვის უმჯობესია.

ღმერთის შესახებ კი ვერც ამას ვიტყვით, ყველაფერი შეუძლია და შეუძლებელი მისთვის არაფერია. რაკი ასეა და ღმერთს უყვარს თავისი დაბადებული, არის სიბრძნის წყარო, იცის, რაც ჩვენთვის უმჯობესია, შეუძლებელი მისთვის არაფერია და ყოველივე მის ნებას ემორჩილება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ, რაც გვემართება, ყველაფერს ჩვენდა სასიკეთოდ აკეთებს ღმერთი, მისი მადლიერები უნდა ვიყოთ და ყველაფერი, როგორც მოწყალე და ტკბილი მეუფისგან გამოგზავნილი, სიხარულით უნდა მივიღოთ, თუნდაც საწყენი იყოს; რადგან ღმერთი ყოველივეს მართალი სასჯელით სჯის და ჩვენს წყენასა და გასაჭირს უყურადღებოდ არ ტოვებს.

არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: თუ რამე შემემთხვა და მწუხარებისგან ცოდვაში ჩავვარდი, როგორღა ვთქვა, რომ ეს ჩემდა სასიკეთოდ მოხდა?

ეს ასე არ არის, ცოდვაში ჩვენი მოუთმენლობით ვვარდებით, რადგან არ გვინდა, მცირე გასაჭირი დავითმინოთ და არც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ რამე შეგვემთხვას. არადა, ღმერთი ისეთ განსაცდელს არ დაუშვებს, რომლის გამოც ცოდვაში ჩავვარდებით ან რომელიც ჩვენს ძალას აღემატება, როგორც მოციქული ამბობს: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროს ძალისა თქუენისა“ (1კორინთ. 10.13). მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოთმინება, არც მცირე გასაჭირის მოთმენა გვსურს, არც არაფერს ვღებულობთ თავმდაბლად, ამიტომაც ვიმუსრებით. რამდენადაც განსაცდელისგან გაქცევას ვლამობთ, იმდენად მეტად გვატყდება ის თავს, და რამდენადაც მეტ სულმოკლეობას ვიჩენთ, იმდენად უფრო ვერ ვაღწევთ მას თავს. ზოგიერთები რამე საჭიროების გამო ზღვაში დაცურავენ: თუ ცურვა კარგად იციან, ღელვაში ტალღას ქვეშ უწვებიან, ვიდრე ჩაივლიდეს, და ასე დაცურავენ უვნებლად; მაგრამ თუ ტალღას წინააღმდეგობას გაუწევენ, ვერაფერს მოიგებენ – ტალღა მათ გარიყავს და უკან გადაისვრის. თუ კვლავ შეუდგებიან ცურვას და სხვა ტალღასაც შეეწინააღმდეგებიან, ისევ უკან გადააგდებს, გარიყავს და ვერაფერს მოიგებენ.

როგორც ვთქვი, თუ თავს დაიმდაბლებენ, უშრომლად იცურავებენ და რაც სურთ, იმას გააკეთებენ, რადგან ტალღა არაფერს ავნებს მათ. ასევეა განსაცდელებიც: თუ თავმდაბლად და მადლობით დავითმენთ, უვნებლად ჩაგვივლის; ხოლო თუ ვიწუხებთ, ვიშფოთებთ, სხვებს დავაბრალებთ, და არა ჩვენს თავს, ვერაფერს ვირგებთ, პირიქით, უფრო მეტად გვევნება და განსაცდელს დავიმძიმებთ. განსაცდელი მეტად სასარგებლოა მათთვის, ვინც მოთმინებით ღებულობს მას. ასევე, თუ რამე ვნება გაწუხებთ, არ აღშფოთდეთ, რადგან ესეც უგუნურებისა და ამპარტავნებისგან არის, როცა კაცს რამე ვნება ებრძვის და იგი შფოთავს.

ეს მაშინ ხდება, როცა კაცმა თავისი უძლურება არ იცის და შრომას გაურბის. როგორც მამებმა თქვეს, იმიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას, რომ ჩვენი შესაძლებლობა არ ვიცით, მოუთმენლობას ვიჩენთ წამოწყებულ საქმეში და გაურჯელად გვსურს სათნოების მოპოვება. რატომ უკვირს ვნებებით შეპყრობილს, რამე ვნება რომ ებრძვის? პირველად შენ თვითონ მოიმოქმედე, შენში დაამკვიდრე, ახლა შენთანაა და გებრძვის, შენ კი ამბობ, რატომ მებრძვისო. მოითმინე, იღვაწე და ღმერთს ევედრე, რადგან შეუძ-ლებელია, კაცმა რამე შესცოდოს და შემდეგ ის ვნება არ შეებრძოლოს მას. როგორც მამა სისო ამბობდა: „მათი ჭურჭელი შენშია. მიეცი მათ მათი წინდი და გაგეცლებიან“.

ჭურჭელს იგი ცოდვების მიზეზს უწოდებს, რადგან შეუძლებელია, ცოდვების მიზეზი გვიყვარდეს და მან არ დაიპყროს ჩვენი გონება და არ შეგვებრძოლოს, რათა ჩვენსავე უნებლიეთ შევცოდოთ, რადგან ჩვენივე ნებით აღმოვჩნდით მათ ხელთ.

ეფრემზე, რომელმაც თავისი „წინააღმდგომი“, ანუ სინდისი დათრგუნა, წინასწარმეტყველი ამბობს: „დათრგუნა მსჯავრი“ (ოსია 5.11). წინასწარმეტყველი ამბობს, რომ იგი ნებით ეძებდა ეგვიპტეს და უნებლიეთ მივიდა ასურეთში. მოდით, დავუფიქრდეთ ნათქვამს: ეგვიპტეს უწოდებს ხორცის ნებას, რასაც ხორციელ განცხრომამდე მივყავართ, ხოლო ასურეთს უწოდებს არაწმინდა აზრებს, რაც გონებას ამღვრევს, რყვნის, არაწმინდა წარმოსახვით ავსებს და ცოდვას უნებურად საქმით აღასრულებინებს.

თუ კაცი თავისივე ნებით აჰყვება ხორცის ნებას, შემდეგ უნებურად ნაბუქოდონოსორის სამსახურებლად ასურეთამდეც მივა. იცოდა ეს წინასწარმეტყველმა და ამიტომ ეუბნებოდა ხალხს: „ნუ შეხუალთ ეგვიპტედ“ (იერ. 42.19). რას აკეთებთ, უბადრუკნო? დამდაბლდით მცირედ, მოიდრიკეთ მუხლნი თქუენნი და ჰმსახურეთ მეფესა ბაბილონისასა, რათა დასხდეთ ქუეყანასა მამათა თქუენთასა (შდრ. იერ. 27.12). და კვლავ ამხნევებს და ეუბნება: „პირისაგან მისისა ნუ გეშინინყე, – თქუა უფალმან, – რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად და ცხოვნებად თქუენდა ხელისაგან მისისა“ (იერ. 42.11). ნახეთ, წინასწარ როგორ უამბობს მომავალ ჭირზე: თუ ღმერთს ეურჩებითო. ასევე ამბობს: უკეთუ შთახვიდეთ ეგვიპტედ, იყვნეთ საწუნელ და მონა და შეურაცხ და საყვედრელ ყოველთა (შდრ. იერ. 42.15,18).

ისინი კი ამბობდნენ: „არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა,.. ვითარმედ ქუეყანად ეგვიპტისა შევიდეთ, და არა ვიხილოთ ბრძოლა და ხმა საყვირისა არა ვისმინოთ, და პური არა გუშიოდის“ (იერ. 42.13,14). მაშინ ჩავიდნენ ეგვიპტეში, ნებით ემსახურნენ ფარაონს, შემდეგ კი უნებლიეთ მივიდნენ ასურეთში და, თუმცა არ უნდოდათ, ემსახურებოდნენ მათ.

დაუფიქრდით ამ სიტყვებს: ვიდრე კაცი ვნებას არ დაჰყვება, თუნდაც აზრები ებრძოდეს, მაინც თავისუფალია თავის ქალაქში და ღმერთი ჰყავს შემწედ. თუ ღვთის წინაშე დამდაბლდება, განსაცდელის სიმწარეს მადლობით მოითმენს და მცირეოდენს იღვაწებს, ღვთის მოწყალება დაიხსნის მისგან; მაგრამ თუ გასაჭირს გაექცევა, განცხრომასა და ხორცის ნებას აჰყვება, შემდეგ უნებლიეთ მივა ასურთა ქვეყანაშიც და მოემსახურება მათ.

ამიტომ ამბობს წინასწარმეტყველი: „და ილოცეთ ცხორებისათვის ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, რამეთუ ცხოვრებასა შინა მისსა არს ცხოვრება თქუენი (შდრ. ბარუქ. 1.11,12). ნაბუქოდონოსორი ნიშნავს მოწეული ჭირის დროს მოთმინებას, და არა სულმოკლეობას, ამის გამო კაცმა არ უნდა იდრტვინოს, არამედ, თითქოს სავალდებულო იყო, განსაცდელი მოსწეოდა, მადლობით, მდაბლად მოითმინოს იგი. უნდა თქვას: ღირსი არ ვარ, ამ ვნებისგან გავთავისუფლდე, პირიქით, უფრო მეტად უნდა გამიმძაფრდეს, რათა სიმწარეში ვიცხოვრო. საკუთარ თავს უნდა აბრალებდეს, თუნდაც იმ დროს ბრალი არ მიუძღოდეს, უნდა თქვას: ღმერთი უსამართლობას არ სჩადის, არამედ ყველაფერში სამართლიანია.

როგორც ერთი ძმა ტირილით ამბობდა, როცა ღმერთმა განსაცდელი მოაშორა: „უფალო, ნუთუ ღირსი არ ვარ, ცოტათი მაინც შევწუხდე შენთვის?!“

ასევე, დაწერილია: იყო ერთი დიდი ბერის მოწაფე, რომელსაც სიძვა ებრძოდა. ბერმა, გაჭირვებაში რომ ნახა იგი, უთხრა: „შვილო, გინდა, ღმერთს ვთხოვო, ბრძოლა შეგიმსუბუქოს?“ მან კი უპასუხა: „მამაო, თუმცა ვიტანჯები, ამ ტანჯვიდან ნაყოფსაც ვხედავ ჩემში. მხოლოდ ის სთხოვე ღმერთს, რომ მოთმინება მომცეს“. აი, ესენი არიან, რომელთაც ცხონება ჭეშმარიტად სურთ. ეს არის უღლის სიმდაბლით ტვირთვა, ეს არის ნაბუქოდონოსორის ცხოვრებისთვის ლოცვა. ამიტომ ამბობს წინასწარმეტყველი: „ცხოვრებასა შინა მისსა არს ცხოვრება თქუენი“.

ეს იმ ძმის სიტყვებს ჰგავს, რომელმაც თქვა: „ამ ტანჯვიდან ნაყოფსაც ვხედავ ჩემში“. ამიტომაც უთხრა ბერმა: „ახლა ვიცი, რომ წინ წასულხარ და ჩემზე მეტი ხარ“. თუ კაცი იღვაწებს და ცოდვას საქმით აღარ გააკეთებს, შემდეგ მავნებელ გულისსიტყვებსაც შეებრძოლება. ამგვარი საქციელით იგი დამდაბლდება, შეიმუსრება და მოღვაწეობას შეუდგება, შემდეგ კი მოღვაწეობის სიდუხჭირით განიწმინდება, დაუბრუნდება ბუნებრივ მდგომარეობას, როგორც ღმერთმა თავდაპირველად შექმნა. ამიტომ ვამბობ, უგუნურებისა და ამპარტავნებისგან არის, როცა კაცს რამე ვნება ებრძვის და იგი ამისთვის შფოთავს. პირიქით, თავმდაბლად უნდა მოითმინოს, თავისი შესაძლებლობა გააცნობიეროს და ღმერთს ევედროს მანამ, სანამ მოწყალებით მოხედავს მას. თუ კაცი არ გამოიცადა და ვნებათა სიმწარე არ იგემა, მათგან თავის განსაწმენდად არ იღვწის. ფსალმუნშიც არის ნათქვამი: „აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივა და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რათა მოისრნენ უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმ. 91.8). „აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივა“ არის მავნებელი გულისსიტყვები, რადგან თივა სუსტია და ძალა არ აქვს. ასევე არიან ისინიც. როცა მავნებელი გულისსიტყვები აღმოცენდება სულში, შემდეგ ყოველნი უსჯულოების მოქმედნიც, ანუ ვნებები გამოჩნდებიან, „რათა მოისრნენ უკუნითი უკუნისამდე“; რადგან როცა მოღვაწეთა ვნებები წარმოჩნდებიან, შემდეგ ისინი სპობენ კიდეც მათ.

დაუფიქრდით ამ სიტყვებს: თავდაპირველად მავნებელი აზრები აღმოცენდებიან, შემდეგ თავს იჩენენ ვნებები და მოისრვებიან.

ყოველივე ეს მოღვაწეებს შეეხება, ხოლო ჩვენ, რომლებიც საქმით ჩავდივართ ცოდვებს და თავს არ ვანებებთ მათ, არც კი ვიცით, როდის აღმოცენდებიან ან როდის იჩენენ ხოლმე თავს, იმავ წუთს ეგვიპტეში ვართ და ფარაონისთვის ვაკეთებთ საძაგელ ალიზს. ვინ მოგვცემს გონიერებას, რომ ჩვენი მონობის სიმწარე გავაცნობიეროთ?

როცა ისრაელის შვილები ეგვიპტეში იყვნენ და ფარაონს ემონებოდნენ, ალიზს ამზადებდნენ. ალიზის მკეთებელნი კი ნიადაგ მიწისკენ არიან დახრილნი. იქ არის მათი გონებაც. ასევეა სულიც: როცა მას ეშმაკი დაეუფლება და საქმით აღასრულებს ცოდვას, სულიერს ვეღარას გებულობს და მხოლოდ ამა სოფლისა ესმის, რადგან თავდაპირველი სიბრძნე დათრგუნული აქვს. მაშინ მათ თავისივე დამზადებული ალიზისგან სამი ძლიერი ქალაქი ააგეს: პითონი, რამესი და ონი, რომელსაც ახლა ილიოპოლისი ჰქვია. ხოლო ესენი არიან: გემოთმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა, რომელთაგან მოდის ყოველი ცოდვა.

როცა ღმერთმა მოსე ეგვიპტეში გაგზავნა ფარაონის მონობიდან მათ გამოსახსნელად, მაშინ ფარაონმა უფრო დაუმძიმა შრომა და უთხრა: „გცალს, მოცალე ხართ და მისთვის იტყვით: განვიდეთ და ემსახურეთ უფალსა ღმერთსა ჩუენისა“ (გამოს. 5.17). ასეა ეშმაკიც: როცა ნახავს, ღმერთმა სულს მოჰხედა და სურს, მისი ან რომელიმე თავისი მონის სიტყვით ვნებები შეუმსუბუქოს, მაშინ ეშმაკი უფრო მეტად დაამძიმებს და მეტი გამძაფრებით შეებრძოლება.

მამებმა იცოდნენ ეს, ამიტომაც ასწავლიდნენ და თავიანთი სწავლებით ადამიანებს ნუგეშს სცემდნენ, რათა არ შეშინებოდათ. ზოგი მათგანი ამბობს: „გაძლიერდი და წამოდექი“, და ასე შემდეგ. სხვა მამა ამბობს: „სათნოებათა მოპოვების მსურველთა ძალა ის არის, რომ დაცემისას სულმოკლენი არ იყვნენ, და კვლავ წამოდგნენ“. მსგავს სიტყვებს ამბობს ყველა მათგანი და ხელს უწვდის დაცემულთ, როგორც ეს წმინდა წერილიდან ისწავლეს.

დაწერილია: „ნუ დაცემული არა აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?“ (იერ. 8.4); „მოიქეცით, ძენო მომქცეველნო; და განვჰკურნნე შემუსრვილებანი თქუენნი“, იტყვის უფალი“ (იერ. 3.22).

როცა ფარაონსა და მის მეგობრებს უფლის ხელი დაუმძიმდათ და ფარაონმა ისრაელის შვილების გაშვება მოინდომა, მან მოსეს უთხრა: „გუალე, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხა ადგილობანს იყავნ“ (გამოს. 10.24). ფარაონს ასეთნაირად ეწადა მათი უკან დაბრუნება.

ასევე გვებრძვის ეშმაკიც, სურს, ხორციელი ზრახვებით კვლავ ამა სოფელში დაგვაბრუნოს. მოსემ უთხრა მას: არა ეგრე,.. არამედ შენცა მეც ჩუენ საწევნელი მსხუერპლთა მათ, რომელი იგი შევწიროთ ჩუენ უფლისა ღმრთისა ჩუენისა; ხოლო ხვასტაგი ჩუენი ვიდოდის ჩუენ თანა (გამოს. 10. 25,26). როცა მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა ისრაელის შვილნი და მეწამული ზღვა განვლო, ღმერთმა მოისურვა, ისინი ფინიკის სამოცდაათ ხესთან მიეყვანა. ჯერ მერანში მიიყვანა. ხალხი წყურვილისგან იტანჯებოდა, რადგან უწყლოდ იყვნენ, იმ ადგილას კი წყალი მლაშე იყო. ხოლო იქიდან ფინიკის სამოცდაათ ხესთან და თორმეტ წყაროსთან მიიყვანა. ასევე, როცა სული ცოდვისგან დაცხრება და შემეცნების ზღვას გადალახავს, თავიდან მოღვაწეობა და ტანჯვა დასჭირდება, რათა ამგვარი ტანჯვით შევიდეს წმინდა განსასვენებელში, „რამეთუ მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმ. 14.22). რადგან გასაჭირს ისევე მოაქვს ჩვენთვის ღვთის წყალობა, როგორც ქარს – წვიმა. ისევე, როგორც მეტისმეტი წვიმა ალპობს ჯერ კიდევ უსუსურ ნაყოფს, ხოლო ქარი აშრობს და განამტკიცებს მას, სულსაც ასუსტებს და ანგრევს დასვენება, უზრუნველობა და შვება, ხოლო ჭირი და განსაცდელი – აძლიერებს და ღმერთთან შეაერთებს, როგორც დაწერილია: უფალო, ჭირსა მოგიხსენოთ შენ (შდრ. ესაია 33.2).

ამრიგად, არ უნდა აღვშფოთდეთ ან მოვიწყინოთ განსაცდელის დროს, არამედ მადლობით უნდა მოვითმინოთ, რათა ღმერთმა მოწყალებით მოხედოს ჩვენს უძლურებას და დაგვიცვას ყოველგვარი განსაცდელისგან სადიდებლად მისი წმინდა სახელისა, ამინ.


სწავლა მეთოთხმეტე

მისივე თქმული სულიერ სათნოებათა აღშენების შესახებ,  და თუ როგორ შეეწყობიან ისინი ერთმანეთს 

ებრაელ ქალებზე, რომლებიც ისრაელის წულებს ცოცხალს ტოვებდნენ და არ კლავდნენ, წერილი ამბობს: „ეშინოდა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და იშენეს მათ თავისა მათისა სახლებ“ (გამოს. 1.21). დავფიქრდეთ, ამქვეყნიურ სახლებზეა ნათქვამი? მგონია, რომ არა! რატომ იტყოდა ამას?

ამქვეყნიურ სახლებს ღვთის შიშის გამო რაღატომ ააგებდნენ? – ვისაც მზა სახლები გვაქვს, ღვთის შიშის გამო მათ დატოვებას ვასწავლით.

ცხადია, მიწიერ სახლებზე კი არა, სულიერზე ამბობს, რომელთაც კაცი მცნებების დაცვით აგებს. ამიტომ გვასწავლის წერილი, ღვთის შიშს ადამიანი მცნებების დაცვამდე მიჰყავსო. მცნებების დაცვით კი სულიერი

სახლი შენდება. ძმებო, ჩვენც ვეცადოთ, ავიშენოთ სახლი, რათა თავშესაფარი გვქონდეს ზამთარში, წვიმის, ქუხილისა და ელვის დროს.

ზამთარში დიდ გასაჭირში არიან ისინი, ვისაც სახლი არ აქვს. და თუ როგორ შენდება სულიერი სახლი, მიწიერი სახლისგან ვისწავლოთ.

სახლის მაშენებელს მისი ყოველი მხრიდან დაცვა და ოთხი მხრიდან აგება მართებს. მარტო ერთი კიდე კი არ უნდა ააგოს და სხვები დატოვოს. სხვაგვარად ამაო იქნება მთელი მისი შრომა. ასეა სულიც: კაცს სულიერი სახლის ყოველი მხრიდან თანასწორად აშენება მართებს, ერთი კიდე კი არ უნდა ააგოს და სხვები უგულებელყოს. ამას ნიშნავს მამა იოანეს ნათქვამი: „მსურს, კაცმა ცოტ-ცოტა თითოეული სათნოებიდან შეიძინოს“. ისე კი არ უნდა მოიქცეს, ზოგიერთები ერთ რამე სათნოებას რომ ასრულებენ და დანარჩენს უგულებელყოფენ. იქნებ, ამისთვის ხალხისგან შექებას მოელიან და ამიტომაც იჩენენ მისდამი გულმოდგინებას?

ამიტომ არც ეშმაკი ებრძვის მათ და სხვა ვნებებიც იპყრობთ. ისინი კი არ წუხან და ჰგონიათ, დიდ საქმეს აკეთებენ.

ისინი იმ კაცს ემსგავსებიან, რომელიც ერთ კედელს აშენებს, შეძლებისდაგვარად მაღლა აღმართავს, და ფიქრობს, დიდი რამე ქნა. ის კი არ იცის, ერთხელაც თუ დაუბერა ქარმა, მყისვე დაანგრევს, რადგან დანარჩენი კედლები, რომლებიც მას დაიკავებდა, არ აქვს, მარტო დგას იგი. ვერც სართულს გააკეთებს ვინმე, თუ დანარჩენი კედლები არ აიგო. ასე კეთება არ შეიძლება – ვისაც სახლის აგება სურს, ყოველი მხრიდან უნდა ააშენოს და სართულიც გამართოს. და თუ როგორ, გეტყვით: პირველად საძირკველი უნდა ჩაყაროს, რაც არის რწმენა, რადგან „თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფა“ ღვთისა (ებრ. 11.6). ასეთ საძირკველზე უნდა ამოიყვანოს კედლები, ურთიერთშეწყობილად: როცა მორჩილების ჟამია, მორჩილების ერთი ქვა დადოს, შფოთის დროს მოთმინების ერთი ქვა დადოს, მარხვის მოწევისას – მარხვის ერთი ქვა, და ასე, ყოველი სათნოებისგან შეაგროვოს და სულიერი სახლი ააშენოს.

ოთხივე მხარეს უნდა დადოს ერთი ქვა ლმობიერებისა, ერთი – ნების უარყოფისა, ერთი – სიმშვიდისა, და მსგავსად ამისა. ყოველივე ამასთან ერთად, უნდა იზრუნოს და შეიძინოს მოთმინება და სიმამაცე.

რადგან ესენი არის კიდეები, რითაც კედლები ერთმანეთს უკავშირდება, რომ არ ჩამოიქცნენ. უიმათოდ ვერავინ ვერანაირ წარმატებას მიაღწევს სათნოებებში, რადგან თუ კაცის სული მამაცი არ იქნა, ვერც მოთმინებას მოიპოვებს. მოთმინებისა და სიმამაცის გარეშე კი სათნოებაში ვერანაირ წარმატებას მიაღწევს, როგორც დაწერილია: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21.19).

ასევე, სახლის მაშენებელს ყოველ ქვას შორის თიხის დადებაც მართებს, რადგან თუ ქვაზე თიხის დაუტანებლად დადებს ქვას, ქვები ჩამოცვივდება და სახლი დაინგრევა. თიხა კი არის თავმდაბლობა, რადგან იგი მიწისგანაა და ყველას ფეხქვეშაა. ნებისმიერი სათნოება, აღსრულებული თავმდაბლობის გარეშე, აღარ არის სათნოება. როგორც მამების ნაწერებშია: „როგორც ნავის გამართვაა შეუძლებელი ლურსმნის გარეშე, ისე ცხონებაც შეუძლებელია თავმდაბლობის გარეშე“.

კაცი რა სიკეთესაც აკეთებს, ყველაფრის თავმდაბლობით კეთება მართებს, რათა ამგვარი თავმდაბლობით კეთილი საქმე დაიცვას. სახლს სჭირდება შემკრავიც, ანუ განსჯა, რაც სახლს ამაგრებს, ქვებს ერთმანეთთან ადუღაბებს და სახლსაც ალამაზებს.

ხოლო სართული არის სიყვარული, რაც არის მცნებების აღსრულება მსგავსად სახლის სართულისა. სართულის შემდეგ არის ერდოს სახურავი. რა არის ერდოს სახურავი? რჯულში წერია: უკეთუ აღიგოთ თავთა თქუენთა სახლი, დაბურეთ ერდო მისი, რათა არა შთამოიჭრნენ შვილნი თქუენნი ერდოსაგან ქუე (შდრ. 2სჯულ. 22.8). სახურავი არის თავდაბლობა, რადგან იგი აგვირგვინებს და კეთილი საქმით იცავს ყველაფერს. ისევე, როგორც ყოველი სათნოება თავმდაბლად უნდა სრულდებოდეს (როგორც ვთქვი, ქვებს შორის თიხა უნდა დაიდოს-მეთქი), ისე სათნოების სრულყოფასაც თავმდაბლობა ესაჭიროება. რაც მეტ წარმატებას აღწევენ წმინდანები, მით უფრო მდაბლდებიან.

როგორც ადრე ვახსენე, წმინდანები რამდენადაც უახლოვდებიან ღმერთს, იმდენად ცოდვილად მიაჩნიათ თავი. რაღაა შვილები, რომლებზეც რჯული ამბობს: „რათა არა შთამოიჭრნენ ერდოსაგან?“ შვილები გულისსიტყვებია, სულში რომ არის. ისინი თავმდაბლობით უნდა დავიცვათ, რათა ერდოდან არ გადმოცვივდნენ, რაც მცნებათა აღსრულებას ნიშნავს. აი, სახლიც დასრულებულია, შემკრავიც აქვს, სართულიც და ერდოს სახურავიც. იქნებ, რამე დავაკელით? ჰო, ერთი რამ გვაკლია – მშენებელი უნდა იყოს დახელოვნებული, კედლები რომ არ გაამრუდოს. თუ კედელი მრუდე იქნა, ასეთი სახლი ოდესმე დაინგრევა.

ოსტატი კი იგია, ვინც გონივრულად უძღვება ამ საქმეს. ხშირად კაცი თავს იდებს ხოლმე სათნოებათა შრომას და უგუნურებით კვლავ არღვევს მას ან ბოლომდე ვეღარ ასრულებს: დადებს ქვას და ისევ იღებს. არის ისეთიც, ვინც ერთს დებს და ორს იღებს. და თუ როგორ, გეტყვით. ვთქვათ, მოვიდა შენთან ძმა და საწყენი რამ გითხრა. თუ მოუთმენ და მუხლს მოუდრეკ, ერთ ქვას დებ. მაგრამ თუ მყისვე წახვალ და სხვა ძმას ეტყვი: მავანმა მლანძღა და არათუ მოვუთმინე, არამედ მუხლიც კი მოვუდრიკე, მაშინ ერთ ქვას დებ და ორს იღებ. ასევე, კაცი განდიდების მიზნითაც უდრეკს ხოლმე მუხლს თავის ძმას. არსებობს თავმდაბლობა, ამპარტავნებით შეზავებული. ეს არის ქვის დადება და კვლავ აღება. ვინც გონივრულად იქცევა, ის თავს არწმუნებს, რომ შეცდა და დაბრკოლების მიზეზი თავად იყო.

ეს არის ძმისთვის პატიების გონივრულად თხოვნა. არის ისეთიც, ვინც დუმს, მაგრამ არაგონივრულად, და ჰგონია, სათნოებას ასრულებს. ასეთს არანაირი სარგებელი აქვს. ხოლო ვინც გონივრულად დუმს, მიიჩნევს, რომ ლაპარაკის ღირსი არ არის. როგორც მამები ამბობენ, აი, ეს არის გონივრული დუმილი. ზოგჯერ კაცი თავს იმცირებს და ჰგონია, დიდ საქმეს აკეთებს, თავს რომ იმდაბლებს; და არ იცის, არაფრის მქონე რომ არის, რადგან უგუნურად აკეთებს. ხოლო გონივრულად თავის არად შერაცხვა ის არის, როცა კაცი უღირსად მიიჩნევს თავს, ადამიანად იხსენიებოდეს.

როგორც მამა მოსე მიმართავდა თავის თავს: „ნაცრისფერო შავო! რატომ ტრიალებ ადამიანებში, რადგან ადამიანი არ ხარ?!“ ზოგიერთი სნეულს ჯილდოსთვის ემსახურება. ეს არ არის გონივრული. ასეთი, როცა საწყენი რამ შეხვდება, მყისვე თავს ანებებს ხოლმე კეთილ საქმეს, რადგან არაგონივრულად აკეთებს.

ვინც გონივრულად ემსახურება ავადმყოფს, იმისთვის ემსახურება, რომ ლმობიერება შეიძინოს. ვინც ამ მიზნით ემსახურება, რამე ჭირიც რომ შეემთხვას ან რამდენადაც უნდა განურისხდეს ავადმყოფი, არ მოსწყინდება, არამედ აღუშფოთებლად მოითმენს. რადგან იცის, რისთვისაც ემსახურება, და ამბობს: „ის მიკეთებს მე სიკეთეს, და არა მე – მას“. მერწმუნეთ, მრავალ ვნებასა და ბრძოლას გადაურჩება კაცი, ვინც გონივრულად ემსახურება ავადმყოფს.

მინახავს ძმა, ვისაც ბოროტი გულისთქმა ებრძოდა და ვინც სასტიკი სნეულებით შეპყრობილ ძმას ემსახურებოდა. რაკი გონივრულად ემსახურებოდა, იმ ვნებისგან გათავისუფლდა.

ევაგრე ამბობს: „ვინმე დიდმა ბერმა იმით გაათავისუფლა ძმა ბოროტი სიზმრებისაგან, რომლებიც ღამით ებრძოდნენ, რომ ავადმყოფების მსახურება და მარხვა უბრძანა“. როცა ამის შესახებ ჰკითხეს, უპასუხა: „მსგავს ვნებებს ისე არაფერი აცხრობს, როგორც უძლურთა მსახურება“.

ზოგიერთი ამპარტავნებით იღვწის და ჰგონია, რამე სათნოებას ასრულებს. ის კი უგუნურად იღვწის, რადგან ამგვარი საქციელით მოყვასის შეურაცხყოფამდე მიდის და თავი რაღაც ჰგონია. ასეთი არა მარტო ერთ ქვას დებს და ორს იღებს, არამედ მოყვასის განკითხვით მთელ სახლსაც ანგრევს.

ხოლო ვინც გონივრულად მარხულობს, მას არ სურს, განადიდონ, როგორც მოღვაწე, არამედ იმისთვის მარხულობს, რომ მარხვით სიწმინდე და თავმდაბლობა მოიპოვოს. როგორც წმინდა მამები ამბობენ: „გონივრულ ხორციელ შრომას მოაქვს თავმდაბლობა და ყველანაირი სათნოება“. კაცმა ისე უნდა აკეთოს სათნოება, რომ იგი შეიძინოს და დაამკვიდროს თავის თავში, რათა ამრიგად დახელოვნდეს და სულიერი სახლი უშეცდომოდ ააგოს. ვისაც რამე სათნოების შეძენა სურს, არ უნდა თქვას: დიდია სათნოებები და მათ მოპოვებას ვერ შევძლებ. ეს მაშინ ხდება, როცა კაცს ღვთის იმედი არ აქვს და არ სწამს, რომ ღმერთს მისი შეწევნა ძალუძს. აი, დაასახელეთ, რომელი კეთილი საქმეც გსურთ, და ვნახავთ, რომ იგი ჩვენშია, თუ მის მოპოვებას მოვინდომებთ.

წერილიც ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (ლევიტ. 19.18; მათ. 5.43). არ თქვა, რომ დიდია ეს სათნოება და მის მოპოვებას ვერ შევძლებ. ან საკუთარი თავივით მოყვასის შეყვარებას როგორ შევძლებ? ან მის საწუხარზე ჩემსაზე უფრო მეტად როგორ ვიზრუნებ, როცა იგი მის გულშია დაფარული და არავინ უწყის? ნუ თხზავ ამგვარ აზრებს, არამედ ღვთის იმედით შეუდექი სათნოების აღსრულებას და მაშინ იხილავ შეწევნას ღვთისას, რომელიც ხელს მოგიმართავს. გეტყვი ერთ მაგალითს: როცა ორი კიბეა, რომელთაგან ერთი ზეცაში ადის, ხოლო მეორე ჯოჯოხეთში ჩადის, შენ კი მიწაზე მათ შორის დგახარ, ნუ იტყვი: როგორ შევძლებ, მიწას მოვწყდე და კიბის თავს მივწვდე? რადგან ეს შეუძლებელიც არის და არც ღმერთი მოელის ამას შენგან, მხოლოდ თავი დაიცავი, ქვემოთ არ ჩავარდე. არ გაუკეთო მოყვასს ბოროტება, ძვირი არ უთხრა, არ დააბეზღო, არც შეურაცხყო, და ასე, თანდათან გაუკეთებ მას სიკეთეს, სიტყვით მოიმადლე.

მისი თანამგრძნობი იყოს, რითაც შეეძლოს, შეეწიოს, და ასე ნელ-ნელა თითოეულ საფეხურზე ავა და ამრიგად, ღვთის შეწევნით კიბის თავს მიაღწევს. როცა მოყვასს შეეწევიან, შემდეგ ისევე სურთ მისი სიკეთე, როგორც საკუთარი თავისა. აი, ეს არის „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. თუ ვეძებთ – ვიპოვით და თუ ღმერთს ვთხოვთ – განგვანათლებს.

წმინდა სახარება ამბობს: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათ. 7.7). თხოვნა ნიშნავს, ლოცვით ვევედროთ ღმერთს, ძიება – ვეძიოთ, თუ როგორ მოდის სათნოებები, ან რას მოაქვს და როგორ შევიძინოთ ისინი.

ამას ნიშნავს თქმული: „ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“. რეკა სათნოებათა აღსრულებაა, რადგან კაცი ხელით რეკავს, ხელში კი საქმე იგულისხმება. ამრიგად, არა მარტო უნდა ვითხოვდეთ, არამედ უნდა ვეძებდეთ და ვაკეთებდეთ კიდეც.

მოციქულის სიტყვისამებრ, უნდა ვეცადოთ, ყოველ კეთილ საქმეში მტკიცე ვიყოთ და მომზადებული (შდრ. 2 კორინ. 9.8). როცა კაცი ნავის გაკეთებას ლამობს, პირველად ყოველგვარ მასალას მოამზადებს, პატარა ბირკასა და მცირეოდენ ფისსაც კი. ასევე, როცა დედაკაცი ტილოს მოქსოვას დააპირებს, ჯერ უმცირეს ლერწამსა და ძაფსაც კი მოამზადებს. ჩვენც ასევე გვმართებს, მზად ვიყოთ ღვთის ნების აღსასრულებლად, როგორც მას სურს და მისთვის სათნოა. რას ნიშნავს მოციქულის სიტყვები: „ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული?“ (რომ. 12.2) ყველაფერი, რაც ხდება, ან ღვთის დაშვებით არის, ან ღვთის სურვილით, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: მე ვარ უფალი, რომელმან დავბადე ნათელი, და ვქმენ ბნელი (შდრ. გამოს. 45.7). ასევე ამბობს: „ანუ იყოს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?“ (ამოს. 3.6). სიბოროტეს ნებისმიერ საწყენ რამეს უწოდებს, რომელიც ჩვენ გასაწვრთნელად ხდება: შიმშილი, სრვა, გვალვა, სნეულებები, ომები. ესენი ღვთის სურვილით კი არ მოიწევა ჩვენზე, არამედ ღვთის დაშვებით – ჩვენდა სასიკეთოდ.
ღმერთი ამას კი აკეთებს, მაგრამ არ სურს, ჩვენც ხელი შევუწყოთ. გეტყვით, როგორ: თუ ღმერთს ქალაქის დაქცევა სწადია, არ სურს, ჩვენც შევუნთოთ ცეცხლი. ასევე, ზოგჯერ ღმერთი ვინმეზე მწუხარებას ან სნეულებას დაუშვებს ხოლმე, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ვაწყენინოთ მას ან ვთქვათ: რაკი ღმერთს მისი ავადმყოფობა სურს, არ შევიცოდებ.

ღმერთს არ სწადია ასეთი რამ, არამედ სურს, მოწყალენი ვიყოთ და ასეთ დროს სხვის ჭირზე გული შეგვტკიოდეს, სურს, მის კეთილ ნებას ვასრულებდეთ, რაც არის მცნებების დაცვა, ერთმანეთის სიყვარული, მოწყალება და ამის მსგავსნი. ეს არის ღვთის კეთილი ნება.

რას ნიშნავს სათნო? ვინც სიკეთეს აკეთებს, ყველა კი არ ასრულებს სათნო საქმეს! აი, ვინმე კაცმა ნახა ობოლი, ღარიბი და მშვენიერი ქალი. სილამაზის გამო შეუყვარდა იგი, წაიყვანა და რაკი ობოლი იყო, გაზარდა, როგორც ერთი ვინმე გლახაკი. აი, ეს არის კეთილი საქმე და ღვთის ნება, მაგრამ არ არის სათნოება. სათნოება კი ისაა, როცა ადამიანი კაცობრივი ზრახვებით კი არ იღებს მოწყალებას, არამედ კეთილი საქმისა და ლმობიერებისათვის.

ღვთისთვის ეს არის სათნო. ხოლო სრული სათნოება ისაა, როცა კაცი მოწყალებას არც გულძვირად, არც სიზარმაცით, არამედ მთელი გულმოდგინებით აკეთებს; ისე გასცემს, თითქოს იღებდეს. ასე უნდა ეწეოდნენ ქველ საქმეს, და აი, ეს არის აღსრულება ღვთის ნებისა, კეთილის, სათნოსი და სრულისა, როგორც მოციქული ამბობს.

კაცმა უნდა იცოდეს მოწყალების სათნოების ძალა და მადლი, რადგან მას ცოდვების მიტევებაც შეუძლია, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ; „სახსარ სულისა კაცისა თვისი სიმდიდრე“ (იგავ. 13.8). კიდევ ამბობს: „და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იÃსნენ“ (დან. 4.24). უფალი ამბობს: „იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამა თქუენი მოწყალე არს“ (ლუკ. 6.36).

დაუკვირდით, ეს სათნოება ღვთის მსგავსია. სიფრთხილე კი ამაშიც გვმართებს, რადგან მოწყალებაც ფრიად სხვადასხვაგვარია. მოწყალება გონივრულად უნდა გავიღოთ.

ზოგიერთი მოწყალებას იმისთვის გასცემს, რომ მისი ყანა იკურთხოს. სხვა მოწყალებას ნავის გადასარჩენად ეწევა, სხვა – შვილების გამო, სხვა – განდიდების მიზნით. და ღმერთიც განადიდებს მას, არავის უგულებელყოფს, არამედ ყველას იმას აძლევს, რასაც ითხოვს, თუ ამრიგად მის სულს არაფერი ევნება. მაგრამ ყველა ისინი აქვე ღებულობენ მადლს და იქ არაფერი აქვთ, რადგან იქაური სიკეთისთვის არ იღვწიან.

ყანის კურთხევისთვის გააკეთე? – ღმერთმა გიკურთხა; შვილებისთვის გააკეთე? – ღმერთმა შენი შვილები დაიცვა. სახელისთვის მოიმოქმედე? – გადიდა ღმერთმა. რაღა მართებს შენი ღმერთს? – მოგცა მადლი, რისთვისაც აკეთებდი.

არის ისეთიც, ვინც მოწყალებას იმისთვის ეწევა, რომ სამარადისო ტანჯვა აირიდოს. აი, ეს აკეთებს სულისთვის და ღვთისთვის, მაგრამ არა ღვთის ნებისამებრ, რადგან ჯერ კიდევ მონის საზომშია. მონა ბატონის სურვილს თავისი ნებით კი არ ასრულებს, არამედ ცემის შიშით. სხვა მადლის მიღებისთვის აკეთებს. ეს უკანასკნელი პირველზე მაღლა დგას, მაგრამ ღვთის ნებისამებრ არც ეს იქცევა, რადგან ძის საზომს კი არ არის მიწეული, არამედ მუშაკისას. მუშაკი თავისი ბატონის ნებას საფასურის მიღების მიზნით ასრულებს. ესეც იმისთვის აკეთებს, რომ მადლი ჰქონდეს. როგორც წმინდა ბასილი ამბობს და როგორც სხვა დროსაც მითქვამს თქვენთვის, სიკეთეს სამრიგად ვაკეთებთ: ტანჯვის შიშით, და ამ დროს მონის ხარისხში ვართ; ან მადლისთვის, და მუშის ხარისხში ვიმყოფებით; ან სიკეთისთვის, და ძის ხარისხში ვართ.

ძე მამის ნებას არა მისი შიშის ან საფასურის მიღების გამო ასრულებს, არამედ იმისთვის, რომ აამოს, პატივი სცეს და დაამშვიდოს. ჩვენც გვმართებს კეთილი საქმისთვის ამგვარადვე გავიღოთ მოწყალება, ისევე შეგვტკიოდეს ერთმანეთზე გული, როგორც ჩვენი სხეულის ნაწილზე, ისე გავცეთ, თითქოს ვიღებდეთ.

სხვას ისე უნდა ვუკეთებდეთ სიკეთეს, თითქოს ჩვენ გვიკეთებდნენ. აი, ეს არის გონივრული მოწყალება და ამრიგად მივდივართ ძის საზომამდე. არავინ თქვას: ღარიბი ვარ და მოწყალებას ვერ გავიღებ. თუ არ შეგიძლია გასცე მდიდართა მსგავსად, რომელთაც ხაზინას ბევრი შესწირეს, მაშინ ქვრივის დარად ორი დანგი მიეცი და ღმერთი ისევე შეიწირავს, როგორც ბევრს (შდრ. არკ. 12.42; ლუკ. 21.2). თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ სნეულებს მოემსახურე. ეს შეგიძლია.

თუ ესეც არ ძალგიძს, შეგიძლია ძმას სიტყვით სცე ნუგეში, სიტყვით შეიწყალე და გაიხსენე წმინდა წერილში ნათქვამი: სიტყვა კეთილი უფროს არს მიცემისა (იხ. ზირაქ. 18.17). და თუ სიტყვითაც არ ძალგიძს, ნუთუ ის მაინც არ შეგიძლია, შენი ძმა, როცა აღშფოთდება, განრისხების ჟამს შეიწყალო და იტვირთო?

არ იცი, რომ მასაც ჩვენი საერთო მტერი გამოსცდის? გაჩუმდი გალანძღვის ნაცვლად, იხსენი მტრისგან, და შენს სულსაც ასე შეიწყალებენ. ასევე, შეგიძლია აპატიო ძმას, როცა გცოდავს, რათა ღმერთმა შენც მოგიტევოს.
თავად უფალი ამბობს: „მიუტევეთ და მოგეტევნენ“ (ლუკ. 6.37); ასე გამოიჩენ მოწყალებას ძმის სულისთვის, თუ მას შეუნდობ, რასაც გცოდავს. ღმერთმა მოგვცა ძალაუფლება იმისა, თუ გვენდომება, ერთმანეთს ცოდვები შევუნდოთ. თუ ხორციელი მოწყალების გასაცემად არაფერი გაქვს, მაშინ მისი სულისთვის გაიღე მოწყალება. ეს უფრო დიდია: როგორც სული უპირატესია ხორცზე, ისე სულისთვის გაღებული მოწყალება უფრო მეტია, ვიდრე ხორცისთვის. ვერავინ იტყვის: მოწყალების გაღება არ შემიძლია.

ყველას შეგვიძლია ჩვენი ძალისა და საზომის შესაბამისად. მაგრამ ეცადეთ, გონივრულად აკეთოთ, როგორც თითოეული სათნოების შესახებ ვთქვით. რადგან ვინც სათნოებას გონივრულად აღასრულებს, იგია მარჯვე ოსტატი, რომელიც სულიერ სახლს უშეცდომოდ აშენებს. ამიტომაა წმინდა სახარებაში ნათქვამი, რომ ბრძენი კლდეზე იშენებს სახლს, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეძრავს მას, და ასე შემდეგ (შდრ. მათ. 7.24).

ღმერთმა მოგვმადლოს, ვისმინოთ და საქმით აღვასრულოთ ის, რაც გვესმის, რათა განკითხვის დღეს დასასჯელად არ გვექცეს ეს სიტყვები, რამეთუ უფლისაა დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სწავლა მეთხუთმეტე

მისივე თქმული წმინდა მარხვების შესახებ 

რჯულის მიხედვით ღმერთმა ისრაელის ძეებს უბრძანა, რომ წლის განმავლობაში რასაც მოიწევდნენ, ათ ნაწილად გაეყოთ და ერთი ნაწილი ღარიბებისთვის მიეცათ. ასე მოქცეულიყვნენ და ყოველი მათი საქმე ღვთისგან იქნებოდა ნაკურთხი. ეს იცოდნენ მოციქულებმა. ამიტომ ჩვენი სულების განსაწმენდად და ჩვენი ცხოვრების საფარველად დააწესეს და წელიწადის დღეები ათად გაყვეს, მოგვცეს დღეების მეათედი ნაწილი, რათა ამრიგად ვიკურთხოთ და წელიწადის ცოდვები შეგვენდოს. დათვალეს და წელიწადის სამას სამოცდახუთი დღიდან ეს შვიდი კვირა გამოგვიყვეს. ხოლო წმინდა მამებმა მოიწადინეს და კიდევ ერთი კვირა დაუმატეს.

პირველი – რათა მარხვის ღვაწლით გამოვიცადოთ; მეორე – წმინდა მარხვის პატივსაცემად იგი ორმოცდღიანად განაწესეს, რადგან ჩვენმა უფალმა ორმოცი დღე იმარხულა. რვა კვირა შაბათ-კვირის გარეშე ორმოც დღეს მოიცავს.

მხოლოდ დიდი და წმინდა შაბათის მარხვას ვცემთ პატივს, რადგან წმინდაა იგი და ყველა შაბათიდან მხოლოდ ამ დროს არის მარხვა. შვიდი კვირა შაბათ-კვირის გარეშე ოცდათხუთმეტ დღეს მოიცავს, ხოლო წმინდა შაბათისა და წმინდა ღამის ნახევ-რის ჩათვლით ოცდათექვსმეტი და ნახევარი დღეა, რაც წელიწა-დის სამას სამოცდახუთი დღის ზუსტად მეათედს შეადგენს.

სამასი დღის მეათედი არის ოცდაათი, სამოცის მეათედი ექვსია, ხოლო ხუთის მეათედი ნახევარია. აჰა, ოცდათექვსმეტი და ნახევარი დღე მთელი წელიწადის მეათედია, რომელიც მოციქულებმა ცოდვებისგან განსაწმენდად მოგვცეს. ძმებო, ნეტარია, ვინც ამ დღეებში კეთილად დაიცავს თავს. თუნდაც იმ წელიწადს უძლურების ან დაუდევრობის მიზეზით რამე შესცოდოს, ღმერთმა ეს დღეები მისცა თავის განსაწმენდად, თუ ამისი სურვილი ექნა. ასე დამშვიდდება მისი სული, გახდება ახალი ადამიანი, ასე მიუახლოვდება აღდგომის წმინდა დღეს და დაუსჯელად მიიღებს ქრისტეს წმინდა საიდუმლოს. ასე, სიხარულით იზეიმებს ზატიკის ორმოცდაათ დღეს.

ეს დღეები არის სულის აღდგომა. ამიტომ ამ დღეებში მუხლს არ იდრეკენ. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, ამ დღეებში წელიწადის ცოდვებისგან განიწმინდოს, მაგრამ თავდპირველად ბევრი საკვებისგან უნდა შეიკავოს თავი. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ბევრი ჭამა შობს ყველანაირ ბოროტებას. ასევე, ყურადღებით იყოს, რამე გასაჭირის გარეშე არ დაარღვიოს მარხვა.

არც გემრიელი საკვები ეძიოს, არც სანოვაგის სიმრავლე. ნაყროვანება ორგვარია: ზოგიერთს დიდად არ უნდა ჭამა, მაგრამ სურს, საჭმელი იყოს გემრიელი. თუ მისთვის სასურველ საჭმელს მიირთმევს, პირში აჩერებს და გემოს გამო არ ყლაპავს. ეს გემოთმოყვარეობაა. ზოგიერთს არ ადარდებს, რა არის, და მხოლოდ მუცლის ამოვსება სწადია. ეს ნაყროვანებაა.

ვისაც ბევრი ჭამა უყვარს, იგი ნაყროვანია, ხოლო ვისაც გემრიელი უყვარს, გემოთმოყვარეა. ყოველივე ამისგან თავის დაცვა გვმართებს, რადგან ხორციელი საჭიროებისთვის კი არ არის იგი, არამედ ცოდვაა.

როგორც საკუთარი ცოლის შეხება და სიძვა საქმით ერთი და იგივეა, და მხოლოდ ბოროტი გულისთქმაა ცოდვა, ისე ერთი და იგივეა ყველანაირი ჭამა, მაგრამ სხვაა საჭიროებისთვის ჭამა და სხვაა ნაყროვანება.

საჭიროებისთვის ჭამა ამგვარად მართებთ: თუ ცოტას შეჭამენ და ვერ დაკმაყოფილდებიან, კიდევ შეჭამონ, ვიდრე დანაყრდებიან. დაიმახსოვრონ და ამ რაოდენობით ჭამონ ხოლმე, ისიც ლოცვით, და თქვან: „ამ ჭამის ღირსიც არ ვარ!“ არ მიაქციო ყურადღება, თუ ვინმე რამე გასაჭირის გამო თავს ნუგეშს სცემს, და შენც არ სცე თავს ნუგეში.

ერთხელ, როცა მამა სერიდოს მონასტერში ვიყავი, ერთ ბერთან მივედი (ბევრი დიდ ბერი იყო იქ). ვნახე, მისი მსახური მასთან ერთად ჭამდა. მას ცალკე ვუთხარი: „არ იცი, ძმაო, ბერები, რომელთაც ხედავ, მცირეოდენ ინუგეშებენ თავს, იმ ადამიანებს ჰგვანან, რომლებმაც ერთი განძთსაცავი შეიძინეს, დაშვრნენ, ვიდრე მას განძით აავსებდნენ, დალუქეს, შემდეგ კიდევ სხვა ათასი დრაჰკანი მოიგეს, სიბერის ან უძლურების ჟამს რომ ჰქონოდათ, და შეინახეს. მსგავსადვე, ამათაც აავსეს საცავები, სახარჯავად მეორეც აავსეს, ძველი კი ხელუხლებელი დატოვეს. ჩვენ კი ჯერჯერობით არაფერი შეგვიძენია და საიდანღა დავხარჯოთ?“

ამიტომ, როგორც აღვნიშნე, საჭმელზეც უნდა ვთქვათ, რომ ღირსნი არ ვართ. ასე უნდა ვიმარხულოთ მუცლით. ასევე ენი-თაც უნდა ვიმარხულოთ: უნდა ვერიდოთ ძვირის თქმას, ტყუილს, დაბეზღებას, მრისხანებასა და ყოველგვარ ცოდვას, რაც ენით სრულდება. ასევე, თვალითაც უნდა ვიმარხულოთ: არავის შევხედოთ კადნიერად და ურცხვად; ხელითაც ვიმარხულოთ, რათა ბოროტება არ ვაკეთოთ. ამრიგად უნდა ვიმარხულოთ ყველაფერში. როგორც წმინდა ბასილი ამბობს: ღვთივსათნო მარხვით წმინდად მივიწიოთ აღდგომის დღემდე, რათა ჯერ ბაი-ითა და რტოებით მივეგებოთ წმინდა ქალაქში შემავალ, კვიცზე მჯდომ უფალს. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, იგი იმიტომ დაჯდა კვიცზე, რომ პირუტყვის მსგავსი ჩვენი ბუნება ღვთის სიტყვით მოაქციოს და თავის ღვთაებას შეჰრთოს. რაღას ნიშნავს ბაიისა და ზეთისხილის რტოებით მისი მიგებება? როცა მეფე ომში მიდის და იმარჯვებს, უკან დაბრუნებისას ყველა ბაიით ეგებება. ასევე, როცა მტერი ავნებს ვინმეს, იგი ზეთისხილით მიდის იმასთან, ვისაც მისი დახმარება შეუძლია.

ზეთისხილი მოწყალების სიმბოლოა. ჩვენს მეუფეს იმიტომ ვეგებებით როგორც გამარჯვებულს, რომ მან ჩვენი მტერი დაამარცხა. ზეთისხილის რტოთი კი იმიტომ ვეგებებით, რომ მისგან წყალობას ვითხოვთ, ვითხოვთ, როგორც მან გაიმარჯვა ჩვენთვის, ისე ჩვენც გავიმარჯვოთ მის მიერ, და რომ ცხადად ვიტვირთოთ ის გამარჯვება, რომელიც მან ჩვენთვის მოიპოვა და რომელსაც მის მიერ მოვიპოვებთ ყოველთა წმინდანთა ლოცვით, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



სწავლა მეთექვსმეტე

მისივე თქმული სენაკში მყოფთა მიმართ,
როცა ერთმანეთთან მიმოსვლის შესახებ ჰკითხეს

მამები ამბობენ, რომ სენაკში ყოფნა და ბერებთან მიმოსვლა ერთმანეთის თანასწორია. ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ სენაკშიც და სენაკის გარეთაც. კაცმა უნდა იცოდეს, რისთვის ზის სენაკში და რისთვის მიდის მამებთან თუ ძმებთან. თუ კაცი ამგვარად ფრთხილობს, შემდგომში მამათა სიტყვისამებრ მოიქცევა კიდეც: სენაკში ყოფნისას ილოცებს, წვრთნაში იქნება, მცირეოდენ ხელსაქმეს მიმართავს და გულისსი-ტყვებზე იზრუნებს. თუ სადმე წავა, სარგებელს პოვებს და უვნებელი დაბრუნდება სენაკში. თუ ნახავს, რამე ევნო, თავის უძლურებას გააცნობიერებს და მიხვდება, რომ დაყუდებიდან ჯერჯერობით არაფერი შეუძენია, დამდაბლებული დაუბრუნდება სენაკს, მოინანიებს, იტირებს და ღმერთს შეავედრებს თავის უძლურებას. ასე იჯდება სენაკში და ყურადღებით მოეკიდება თავს.

როცა კვლავ გარეთ გავა, თუ ნახა, ისევ უწინდელივით იძლია, სენაკში დაბრუნდება და ღმერთს ტირილით შეევედრება. სენაკი კაცს აამაღლებს, ხოლო ადამიანები – გამოცდიან. კარგად თქვეს წმინდა მამებმა, თანასწორია მიმოსვლა და სენაკში ჯდომაო. როცა სენაკიდან გამოდიხართ, უნდა იცოდეთ, რისთვის გამოდიხართ, რათა ფუჭად არ გამოხვიდეთ. წმინდა მამების თქმით, ვინც ზრახვის გარეშე გადის, ამაოდ დაშვრება.
რა ზრახვაა ეს? – რათა, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის გამო გავდიოდეთ, რადგან დაწერილია: შენი ძმა იხილე? – უფა-ლი ღმერთი შენი იხილე; მეორეც, რათა ღვთის სიტყვა გაიგოს, რადგან ხალხმრავლობაში მეტიც ითქმის და თუ მან არ იცის, ვინმე სხვა იტყვის; მესამედ იმისთვის, რომ, როგორც აღვნიშნე, თავისი საზომი შეიტყოს. მაგალითად, თუ სუფრასთან დასხდებიან, კარგ შეჭამანდს დაუდებენ და მოეწონება, უნდა დაუკვირდეს, შეუძლია თუ არა თავის შეკავება, ან ხომ არ ცდილობს, ძმაზე მეტი ერგოს, მას მეტი ნაწილი შეხვდეს, ხოლო ძმას ნაკლები მისცეს; და არ რცხვენია, ძმას ნაკლები მისცეს, თავად კი მეტი აიღოს. ამ მცირე, უმნიშვნელო საქმით იგი ანგარებას იჩენს.

ასევე, უნდა გამოიძიოს, შეუძლია თუ არა ბევრი საკვებისგან თავის შეკავება და არგაძღომა. იკავებს თუ არა თავს კადნიერებისგან? ან როცა ხედავს, ვინმე ძმას მასზე მეტ პატივს სცემენ, შეუძლია, რომ არ აღშფოთდეს? ან თუ ნახავს, ძმა ვინმესთან კადნიერია, ან მრავალმეტყველებს, ან უწესოდ იქცევა, შეუძლია, რომ ყურადღება არ მიაქციოს და არც განიკითხოს, არამედ ისევე შეიკავოს თავი, როგორც მამა ანტონზეა დაწერილი: როცა იგი ვინმესთან მივიდოდა, თუ რამ სიკეთეს ნახავდა მასთან, იმახსოვრებდა: ზოგისას – სიმშვიდეს, ზოგისას – თავმდაბლობას, ზოგისას – მყუდროებას, და ასე ითვისებდა თითოეულ სიკეთეს.

აი, ძმებო, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, ამისთვის უნდა დავდიოდეთ ერთმანეთთან. სენაკში დაბრუნებისას უნდა გამოვიძიოთ, რამ გვარგო, რამ გვავნო და რაში აღმოვჩნდით დაცულნი. ამისთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, ვინც უვნებლად დაგვიფარა. ხოლო რაშიც გვევნო, იმისთვის სინანული, ტირილი და საკუთარ თავზე წუხილი გვმართებს. ყოველი ადამიანი თავისი შესაძლებლობის მიხედვით ნახულობს სარგებელსა და ვნებას. სხვა ვერავინ გვავნებს, თუ არა ჩვენივე თავი.

თუ მოვინდომებთ, ყოველი საქმიდან შეგვეძლება სარგებლის პოვნა. რათა გაიგოთ, ასე რომ არის, გეტყვით მაგალითს: აჰა, ვიღაც დგას ქალაქში რომელსამე ადგილას. სამმა კაცმა ჩაიარა. ერთმა გაიფიქრა: „ვიღაცას ელის, ერთად რომ წავიდნენ და იმრუშონ“. მეორემ გაიფიქრა: „ქურდია“; ხოლო მესამემ: „ახლომახლო სახლში მეგობარს დაუძახა და ელოდება, ერთად რომ წავიდნენ სალოცავად“. აჰა, სამივემ ერთი და იგივე კაცი ნახა და სამივემ სხვადასხვაგვარად იფიქრა, თითოეულმა თავისი საზომისაებრ. როგორიც თავად იყო, სხვაზეც ის იფიქრა.

როგორც არსებობენ შავი ნაღვლისა და სუსტი სტომაქის მქონენი, რომლებსაც, რაც უნდა ჭამონ, ყველაფერი სწყენთ, თუნდაც საკვები სასარგებლო იყოს, ისე ცუდი ჩვეულების მქონე სულსაც ყველაფერი ვნებს, თუნდაც კარგი რამ იხილოს, მაინც ვნება ადგება. როგორც თაფლით სავსე ჭურჭელში თუ ვინმე პატარა ბალახს, აბზინდას, ჩააგდებს და მყისვე მთელ თაფლს დაამწარებს, ისე ჩვენი უკეთურების სიმწარით მოყვასის სიკეთეს დავამწარებთ ხოლმე.

ხოლო ვისაც კეთილი გონება აქვს, იგი ჯანმრთელი სტომაქის მქონე კაცს ჰგავს, რომელმაც მავნებელი საკვებიც რომ ჭამოს, არაფერი ევნება, რადგან მისი სტომაქი ჯანმრთელია და სწრაფად ინელებს. როგორც პირველზე ვთქვით, უვნებელ საკვებსაც მავნებლად აქცევს-მეთქი, ისე ეს უკანასკნელიც მავნებელს უვნებლად აქცევს.

იცოდეთ, ღორს ჯანმრთელი სტომაქი აქვს. ჭამს კლერტს, ფინიკის კურკას, სვამს მწვირეს, მაგრამ ჯანმრთელობის გამო სწრაფად ინელებს. ასევე, თუ ჩვენც კეთილი სული და კეთილი საქმეები გვექნა, რაც უნდა ვიხილოთ, ყველაფრიდან სარგებელს ვპოვებთ, თუნდაც ის საქმე კეთილი არ იყოს. დაწერილია: კაცსა უგუნურსა ყოველივე ბოროტი უჩნს (შდრ. იგავ. 14.8).

მსმენია ერთ ძმაზე, როცა ვინმეს სენაკში მივიდოდა და დაუგველს ნახავდა, ამბობდა: „ნეტარია ეს ძმა, რადგან ამქვეყნიურ საქმეებს ყურადღებას იმდენად არ აქცევს და გონებით ზეცაშია, რომ სენაკის დასგველადაც ვერ იცლის“.

ასევე, თუ სხვა ძმის სენაკში მივიდოდა და დაგვილ-დასუფთავებულს ნახავდა, ამბობდა: „სუფთაა მისი სული და სენაკიც სუფთა აქვს, მისი კეთილი სულივით არის მისი სენაკიც“. არავისზე ამბობდა, ეს უწესოაო ან ის – ამაყიო, არამედ თავისი სიკეთით ყველა კეთილად მიაჩნდა.

სახიერმა ღმერთმა მოგვმადლოს, ყველაფერში სარგებელი ვპოვოთ და მოყვასზე ცუდად არასდროს ვიფიქროთ; და თუ მაინც ვიფიქრებთ, კვლავ კეთილად ვაქციოთ, რადგან მოყვასის ბოროტების არგაგონება შობს სახიერებას, რაც უყვარს ღმერთს, ვისიც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სწავლა მეჩვიდმეტე

მისივე თქმული  მონასტრის ზემდგომების მიმართ,
თუ როგორ უნდა უბრძანონ ძმებს  და მათ როგორ მართებთ მორჩილება

თუ ძმების უფროსი ხარ, ლმობიერი გულითა და სატკბოებით იზრუნე მათზე. საქმითა და სიტყვით ასწავლე სიკეთე, უმთავრესად, საქმით, რადგან საქმით სწავლება უფრო მართებულია და მტკიცე, ვიდრე სიტყვით. თუ ხორციელი შრომა ძალგიძს, მაგალითი მიეცი, ხოლო თუ არ შეგიძლია და უძლური ხარ, მაშინ სულიერ სათნოებათა მაგალითი აჩვენე, რომელთაც მოციქული ასახელებს: „სიყუარული, სიხარული, მშვიდობა, სულ-გრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა“ ყოველგვარი ვნებისგან (შდრ. გალ. 5.22).

შეცდომების გამო ძალიან არ აღშფოთდე, არამედ წყნარად მიუთითე ამ შეცდომიდან გამომდინარე ზიანი, შესაბამისი კანონი მიეცი ხელსაყრელ დროს. პატარა შეცდომები დაწვრილებით არ გამოიძიო და ზედიზედ არ ამხილო, რადგან ზედიზედ მხილება მძიმეცაა და კაცი უგუნურებამდე და მის უგულებელყოფამდე მიჰყავს.

არ უბრძანო როგორც უფლების მქონემ, არამედ ლმობიერად უთხარი, თითქოს ურჩევ. ეს უფრო მიიყვანს მორჩილებამდე და მღელვარების დროს დაამშვიდებს. როცა რომელიმე ძმა აღშფოთდება და შეგეკამათება, ენა დაიოკე, რომ რისხვით არაფერი უთხრა, მასზე საქედმაღლოდ გული არ მიუშვა. გაიხსენე, რომ იგი შენი ძმა არის, ქრისტეს მიერ შენი სხეულის ნაწილია, ხატია ღვთისა და ყველა ჩვენგანის მტრისგან გამოიცდება.

გამოიჩინე მისდამი მოწყალება, რათა მრისხანებით დაჭრილს მტერი არ დაეპატრონოს, ღვარძლით არ მოკლას და ჩვენი გაუფრთხილებლობით არ წარწყმდეს სული, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა. გაიხსენე, რომ შენთვისაც ხშირად უძლევია მრისხანებას შენი უძლურებისა გამო. ძმის მიმართ ლმობიერი იყავი და მადლიერი, რადგან პატიებისთვის მიზეზი მოგეცა, და შენც მით უფრო გაპატიებს ღმერთი, რადგან ამბობს; „მიუტევეთ და მოგეტევნენ“ (ლუკ. 6.37).

ფიქრობ, შენი სულგრძელობით ძმის სულს ავნებ? მაგრამ მოციქული ამბობს; „სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას“ (რომ. 12.21). ბოროტებით სძლიეთ ბოროტებასო, კი არ უთქვამს?! წმინდა მამები ამბობენ: თუ სხვას ჰკურნავ და მრისხანებ, საკუთარ ვნებას მიჰყვები; არავინ ანგრევს თავის სახლს, რათა მოყვასისა ააშენოს. თუ შფოთი გაგრძელდა, შენი გული აიძულე, ილოცე და თქვი: „კაცთმოყვარეო და სულთმოყვარეო ღმერთო, რომელმაც სახიერებით არაარსიდან არსად გვაქციე და სამოთხე მოგვეცი, ჩვენ მცნების დარღვევით დავეცით, შენ კი კვლავ წამოგვაყენე შენი მხოლოდშობილი ძისა და ჩვენი მაცხოვრის სისხლით, აწ მოხედე ჩვენს უძლურებას, ისევე შეჰრისხე ჩვენს გულისწყრომას, როგორც ოდესღაც – აღელვებულ ზღვას; როცა ცოდვით მოვ-კვდებით, ნუ გახდები უშვილო ერთდროულად ჩვენ ორივესგან, და არ გვითხრა: „რა-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა“ (ფსალმ. 29.10), „ამინ გეტყვი თქუენ, არა გიცნი თქუენ“ (მათ. 25.12), რადგან ზეთის სიმცირით დაშრეტილია ჩვენი ლამპარი“. როცა ამ ლოცვის შემდგომ გუ-ლი დაგიმშვიდდება, მოციქულის სიტყვისამებრ შეძლებ შერისხო, ამხილო, ლმობიერებით ნუგეში სცე (შდრ. 2 ტიმ. 4.2), და განკურნო, როგორც სხეულის უძლური ნაწილი. მაშინ ძმაც მიიღებს ასეთ მკურნალობას, როცა მიხვდება, რომ კარგად არ მოიქცა, და შენი სიმშვიდით მის გულსაც სიმშვიდისკენ მოდრეკ.

ამრიგად, არაფერმა განგაშოროს ქრისტეს სიტყვას: ისწავლეთ ჩემგან, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათ. 11.29). უპირველეს ყოვლისა სიმშვიდის მოპოვებისთვის იზრუნე, არანაირი საქმისთვის აიმღვრიო გული, რადგან ყველანაირ შრომას სიყვარულისა და წმინდა გულის მოსაპოვებლად ვეწევით.

თუ ასე შეიძენ ძმას, შენც ღირსი გახდები სიტყვების მოსმენისა: „გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო“ (იერ. 15.19).

შენ კი, მორჩილო, არ დაიჯერო, რასაც გული გეტყვის, არ ენდო შენს ჭკუა-გონებას, რათა არ დაბრმავდე. უკითხავად არაფერი გააკეთო. არ იფიქრო, ჩემს მასწავლებელზე უკეთ გავიგონებო; ნუ ხარ შენი მოძღვრის საქმეების მსაჯული, რათა შემცდარი არ აღმოჩნდე გამოცდის ჟამს. ეს ცდუნებაა ეშმაკისა, ვისაც მორჩილებისგან შენი დაბრკოლება სურს, და უნდა, ვერ ჰპოვო ცხონება, მისგან (მორჩილებისგან – რედ.) რომ არის.

თუ მორჩილებას გამოიჩენ, წმინდა მამების გზით უშრომლად ივლი. ისწავლე შენი ნების უარყოფა. როცა მის უარყოფას მიეჩვევი, შემდგომში გაურჯელად უარყოფ მას და გული არ დაგწყდება, რადგან აღარ გენდომება, შენი ნებისამებრ მოხდეს რაიმე. ასე მოიპოვებ სიმშვიდეს. ეცადე, არ დაარღვიო ღვთისა და შენი მამის მცნება, ყველაფერში თავი დაადანაშაულე და არაფრად შერაცხო თავი.

გწამდეს, რაც გვემართება, ღვთის ნებით ხდება. ამგვარად სიხარულით იტვირთავ ყველაფერს, რაც შენზე მოიწევა. ლანძღვა ამპარტავნებისგან განმკურნებელ წამლად შერაცხე, ილოცე შენი მაგინებლებისთვის, როგორც მკურნალებისთვის. იცოდე, ვისაც ლანძღვა სძულს, მას თავმდაბლობა სძულს. ვინც თავის მაგინებლებს გაურბის, იგი სიმშვიდეს გაურბის. ნუ მოისურვებ მოყვასის ბოროტების გაგებას. თუ გაიგებ, არ განიკითხო და ყველაფრისთვის ღმერთს მადლობდე. მოიპოვე სახიერება და წმინდა სიყვარული. უწინარეს ყოვლისა სინდისი დავიცვათ ყოველგვარ საქმეში. სანამ რამეს ვიტყვით ან გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ღვთის ნება თუ არის; ვილოცოთ და შემდეგ ვთქვათ ან გავაკეთოთ, ღმერთს მივანდოთ ჩვენი უძლურება და მისი სახიერება ყოველივეში შეგვეწევა, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სწავლა მეთვრამეტე

მისივე თქმული,
ვისაც მონასტრის მეკუჭნავეობა ავალია

თუ გსურს, გულისწყრომამ და გულღრძოობამ არ შეგიპყროს, არანაირი ნივთი შეიყვარო. რამეს თუ გთხოვენ, მიეცი; თუ შემთხვევით გატყდა, არ აღელდე. ასე მონასტრის საქმისადმი დაუდევრობის გამო კი არ უნდა მოიქცე (რადგან ვალდებული ხარ, შეძლებისდაგვარად ზრუნავდე მასზე), არამედ იმისთვის, რომ შფოთისგან დაიცვა თავი.

ამგვარად წარმართე საქმე, აკეთე არა როგორც შენი, არამედ როგორც ღვთისა და საზრუნავად მხოლოდ შენთვის მონდობილი. ერთი აზრი ჩაგაგონებს, ნივთის სურვილი და სიყვარული არ გქონდეს, ხოლო მეორე – არ შელახო მონასტრის საქმე. თუ ასეთი აზრები არ გექნა, იცოდე, შფოთი და არეულობა არ მოგაკლდება.

კითხვა: ფიქრში მახარებს ეს სიტყვები და მისი გაკეთება მწადია, მაგრამ კეთების დროს რაღატომ ვარ მოუმზადებელი?
პასუხი: რადგან ყოველთვის არ წვრთნი თავს. თუ გინდა, რომ, როცა მოისურვებ, მაშინ გქონდეს ასეთი აზრები, თავი ნიადაგ უნდა წვრთნა, და, ღვთის იმედი მაქვს, საღვთო საქმეში წარმატებას მიაღწევ.

თანაბრად ილოცე და იწვართე. პირველად სნეულები მოიმადლიერე, როგორც მრავალგზის მითქვამს, რათა ამრიგად ლმობიერება მოიპოვო; მეორეც, რათა დასნეულების შემთხვევაში ღმერთმა მოგცეს კაცი, ვინც მოგხედავს. ნათქვამია: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათ. 7.2). თუ რამე საქმე შეძლებისდაგვარად და კეთილსინდისიერად გააკეთე, მაგრამ შენი უხუცესი უკმაყოფილო დარჩა, გულმოდგინება გმართებს, უნდა თქვა: „ჭეშმარიტების გზა არ ვიცი“. ამრიგად, უშფოთველობასა და სიმშვიდეს შეინარჩუნებ, როცა გაიგებ, იმაში ცდებოდი, რაც, გეგონა, რომ კარგად გააკეთე. შენზე გონიერთა განსჯით, ან სრული გახდება, რაც ნაკლულია, ან უკეთესი – რაც კარგადაა გაკეთებული. ეცადე, მოთმინება იქონიო, რათა სულგრძელად იტვირთო ნებისმიერი ჭირი, სულიერი იქნება ეს, თუ ხორციელი. თუ ვინმე დაგწამებს საქმეს, რომელიც არ ჩაგიდენია, არ განრისხდე, არც შეეკამათო, არამედ მუხლი მოუდრიკე და უთხარი: „მაპატიე, ჩემთვის ილოცე!“ ეს თქვი, საკმარისი იქნება და გაჩუმდი, როგორც მამებმა თქვეს. თუ გკითხეს, როგორ მოხდა ის საქმე, ჯერ მუხლი მოუდრიკე და მერე უამბე, როგორც მოხდა. როცა მოუყვები, კვლავ მოუდრიკე მუხლი და უთხარი: „მაპატიე, ჩემთვის ილოცე!“

კითხვა: როგორ მოვიქცე, სენაკში ყოფნისას და ძმებთან შეხვედრისას ერთნაირი რომ არ ვარ?
პასუხი: როგორც შენს სენაკში ხარ, ისე ძმებთან შეხვედრისას ვერ იქნები, მაგრამ ეცადე, არავინ გავნოს, არც ვინმეს უთხრა ძვირი, არც ყურადღება მიაქციო სხვის საქმესა თუ სიტყვას, რაც შენთვის საზიანოა; არამედ, ეცადე, რა საქმესაც ნახავ, ყველაფრისგან სარგებელი პოვო. არ მოინდომო სიტყვითა თუ საქმით თავის წარმოჩენა, არაფრით იამაყო. შეჭირვებით იცხოვრე, უმნიშვნელო საქმეშიც კი ჭეშმარიტება გქონდეს ბაგეზე. მაგრამ იცოდეთ, თუ კაცს რამე ვნება ებრძვის და საქმით ერთხელ მაინც აღასრულებს, შემდგომში უფრო გაუძლიერდება ვნება, რადგან თვითონ აძლიერებს მას და ძალას აძლევს, კვლავ შეებრძოლოს. მაგრამ თუ იღვაწებს და იმ ვნების საწინააღმდეგო საქმეს გააკეთებს, ვნებას უფრო დაასუსტებს და გაძლიერდება მასთან შესაბრძოლებლად. როცა მცირეოდენს ამრიგად იღვაწებს, ღვთის შეწევნით ვნებასაც სძლევს.

კითხვა: რატომ ამბობს მამა პიმენი, რომ ყოველი სიკეთის თავი სამი რამეა: ღვთის შიში, ვედრება და მოყვასის სიკეთე?
პასუხი: ღვთის შიში ბერმა იმიტომ ახსენა, რომ „დასაბამი სიბრძნისა (და ყოველი კეთილისა) შიში უფლისა“ (იხ. ფსალმ. 110.10), ღვთის შიშის გარეშე ვერავინ მიაღწევს წარმატებას რამე სიკეთეში, რადგან „შიშისათვის უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან“ (იგავ. 15.27).

ღვთისადმი ვედრება იმიტომ თქვა, რომ ღვთის შეუწევნელად კაცი ვერანაირ სათნოებას ვერ შეიძენს, ვერც ვერანაირ სიკეთეს იქმს, თუნდაც უნდოდეს. ამიტომ კაცი ნიადაგ ღმერთს უნდა ევედროს, რომ შეეწიოს. მოყვასისთვის სიკეთის ქმნა იმიტომ თქვა, რომ ეს სიყვარულის საქმეა.

კეთილ საქმეს მოყვასის სიყვარული სრულყოფს. ამიტომაც დაასახელა ბერმა მოყვასის სიკეთე. როცა კაცს ღვთის ეშინია და ღმერთს ევედრება, მოყვასისთვის სიკეთის კეთებაც მართებს, რადგან სიყვარულია სათნოებათა აღმასრულებელი, როგორც მოციქული ამბობს (იხ. რომ. 13.10). ვადიდოთ უფალი ღმერთი ჩვენი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მისივე,  ჩვენი წმინდა მამა დოროთეს  გამონათქვამები

მამა დოროთემ თქვა: შეუძლებელია, ვინც საკუთარ ნებასა და გულისთქმას მისდევს, მორჩილება შეიძინოს ან მისწვდეს და ღირსი გახდეს ღვთის ნების ქმნისა, რადგან მორჩილების გარეშე, შეუძლებელია, საქმე სრულყოფილი და უშეცდომო იყოს.

კიდევ თქვა: ძმებო, არ უნდა დავუჯეროთ ჩვენს აზრებს და ჩვენს განზრახვასა და ნებას არ უნდა შევუდგეთ, რადგან ვნებებით შეპყრობილნი ვართ, მრუდეა ჩვენი საქმეები და სიკეთესაც მრუდედ ვაკეთებთ.

კიდევ თქვა: ვინც არ უგულებელყოფს ხორციელ შვებასა და საკუთარი ნების აღსრულებას, იგი ვერ გახდება ღირსი სულის ცხონებისა.

კიდევ თქვა: ნუ ითხოვ მოყვასისგან სიყვარულსა და პატივისცემას, რადგან ეს შენს სულს არას რგებს, პირიქით, ვნებს. შენ გიყვარდეს და შენ ეცი პატივი მოყვასს, რადგან ვინც მოყვასისგან ითხოვს სიყვარულსა და პატივისცემას, იგი მუდმივად შფოთშია. თავად შენ აჩვენე, რათა ამრიგად მასაც ჰქონდეს სიყვარული.

კიდევ თქვა: ვინც საღვთო საქმეს აკეთებს, მას ყოველი მხრიდან ექნება განსაცდელი, რადგან ყოველ კეთილ საქმეს ან წინ უძღვის, ან უკან მოჰყვება განსაცდელი. ვერც ერთი კეთილი საქმე ვერ იქნება მყარი, თუ განსაცდელით არ გამოიცადა.

კიდევ თქვა: როცა მოყვასის სიტყვას უყურადღებოდ არ ტოვებენ, ეს არის თავმდაბლობა. უნდა შევიწყნაროთ მოყვასის სიტყვა, თუნდაც უმნიშვნელო იყოს.

კიდევ თქვა: თუ რამე საქმე გამომიჩნდა და იგი მამის ნებითაა, თუნდაც მეტად არასწორად მიმაჩნდეს, მირჩევნია, გავაკეთო, ვიდრე ჩემს განზრახვას მივენდო და გავაკეთო ჩემი ნებით, კარგი რომ მგონია.

კიდევ თქვა: ძმებო, კარგია ჩვენთვის, ჩვენი ნების აღსრულებას გავურბოდეთ, რადგან იგია ზღუდე ჩვენსა და ღმერთს შორის.

კიდევ თქვა: ყოველ საქმეში, სულიერი იყო თუ ხორციელი, არ ვესწრაფოდი ჩემი ნების აღსრულებას, არამედ თავს ჩემი მამის ნებას ვანდობდი.

კიდევ თქვა: იცოდეთ, ძმებო, ვინც საკუთარ ნებას კი არ მის-დევს, არამედ თავისი მამისას, იგი ნიადაგ ღვთის ნებას ასრულებს.

კიდევ თქვა: ვინც თავის ნებას არ ასრულებს, ის ნიადაგ თავის ნებას ასრულებს, რადგან არ მისდევს რა თავის ნებას, ყველაფრის მოსურნეა, რაც უნდა მოხდეს, და ყველაფრის დროს დამშვიდებულია, ვინაიდან იმის

გაკეთება კი არ სურს, რაც მას სწადია, არამედ იმისა, რაც მოსახდენია.

კიდევ თქვა: თუ ვინმე ნახავს, რომ მოყვასი შეურაცხყოფს მას ან სხვა რამ ბოროტებას უკეთებს, საკუთარი თავის გამო მხილება არც იმჟამად მართებს და არც სხვა დროს.

კიდევ თქვა: საღვთო სიყვარული ბუნებრივ სიყვარულზე მეტია.

კიდევ თქვა: ძმებო, ნუ აკეთებთ ბოროტებას სიცილითა და ხუმრობით, რადგან ხშირად კაცი სილაღით სჩადის ბოროტებას, საბოლოოდ დაეჩვევა ხოლმე და თუნდაც აღარ უნდოდეს მისი კეთება და თავის დანებება მოისურვოს, ვეღარ შეძლებს, რადგან ჩვეულებად აქვს.

კიდევ თქვა: ვისაც რამე ვნება აქვს, ღმერთს მისგან გათავისუფლება ჭირის გამო კი არ უნდა ევედროს, არამედ იმისთვის, რომ მოიძულოს მისი (ვნების – რედ.) ყველა საქმე, როგორც და-წერილია: „სიძულილითა სრულითა მოვიძულენ“ (ფსალმ. 138.22).

კიდევ თქვა: შეუძლებელია, ვინმე განურისხდეს მოყვასს, თუ ჯერ მასზე გულით არ მედიდურობს, არ შეურაცხყოფს და თავი მასზე მეტად არ მიაჩნია.

კიდევ თქვა: როცა ვინმე რამე ბოროტებას აკეთებს და მხი-ლებისას მყისვე ბრაზდება, იცოდეთ, რომ თავისი ნებით ჩადის ბოროტებას; ხოლო ვისაც მხილება არ აბრაზებს, ასეთი, ცხადია, თავისი ნებით კი არ ჩადის ბოროტებას, არამედ ჩვეულება სძლევს ან არ იცის, ის საქმე ცუდი რომ არის.

კიდევ თქვა: დიდი საქმე არ არის, თუ ვინმე ბოროტებას სჩადის, ამხელ, ის მყისვე პატიებას გთხოვს და შენ არ განიკითხავ; არამედ ის არის დიდი საქმე, თუ ბოროტების ჩამდენს ამხელ, იგი განრისხდება, გაგლანძღავს, შენ კი არ განიკითხავ, ლმობიერებას გამოიჩენ და ძვირს არ ეტყვი.

კიდევ თქვა წმინდა დოროთემ: ჰოი, მორჩილებაში მყოფო ძმაო, არ დაუჯერო, რასაც გული გეტყვის, არ ენდო შენს გონებას, რათა გულის თვალით არ დაბრმავდე, არც რამე აკეთო დაუკითხავად, არც გულში გაიფიქრო ბოროტი: ამას ჩემს მამაზე უკეთ გავიგონებო. ნუ ხარ შენი მამის საქმეთა მსაჯული, რათა ქრისტეს მცნებების წინააღმდეგი არ აღმოჩნდე და სრულიად არ წარწყმდე. ეშმაკებისთვის დიდად სასიხარულოა, მორჩილებაში დაგაბრკოლონ და ვერ პოვო ცხონება, მორჩილებიდან რომ მოდის. თუ შენს მამას მთელი გულით დაემორჩილები, უშეცდომოდ ივლი წმინდა მამების გზით. ეცადე, ცოტა-ცოტა უარყო შენი ნება, რათა ამგვარად ჩვევად გექცეს და მცირეში ისწავლო შენი ნების ძლევა. შემდეგ დიდშიც შეძლებ ნების დატევებას, არაფერზე დაგწყდება გული, არც შენი ნებისამებრ რამეს გაკეთებას ისურვებ, არამედ შენი მამის ნებისამებრ, და ასე მიაღწევ შეუმცდარობასა და სულის მშვიდობას.

ძმაო, ეცადე, ისევე არ დაარღვიო მამის მითითებები, როგორც ღვთისა და იცოდე, მისი მცნებების დარღვევით ღვთისას არღვევ. ძმაო, ყოველთვის ყველაფერში წრფელი გულით დაიდანაშაულე თავი, არაფრად შერაცხო თავი. რა განსაცდელი და წყენაც შეგემთხვევა, იცოდე, რომ ღვთისგანაა შენი ცოდვების განსაკურნებლად, და ასე, სიხარულითა და მოთმინებით თავს იდევ მოწეული ჭირი და დამცირება. ლანძღვა და ყვედრება ცოდვებისა და ვნებებისგან განმწმენდელ ძლიერმოქმედ წამლად მიიჩნიე, უმთავრესად კი იმ დიდი და საშინელი ვნებისგან, როგორიც არის ამპარტავნება. გიყვარდეს შენი მაგინებლები და ისევე ილოცე მათთვის, როგორც შენი სულის მკურნალებისთვის.

მაგრამ იცოდეთ, ვისაც სძულს ლანძღვა, ყვედრება, მხილება და დამცირება, მას თავმდაბლობა სძულს; ვინც მათ გაურბის, იგი თავისი სულის ცხონებას გაურბის. არ მოინდომო მოყვასის ბოროტების გაგება. თუ გაიგებ, არ განიკითხო, არამედ შენი ცოდვები, სამარადისო ცეცხლი და მოკლე ხანში მომავალი სიკვდილის დღე გაიხსენე. შეძლებისდაგვარად დაიცავი შენი სინდისი, არ უგულებელყო, ყოველ საქმეში, უწინარეს სიტყვის თქმისა ან საქმის ქმნისა, დაუკვირდი, დარწმუნებული თუ ხარ, ღვთის ნება რომ არის, თქვა ან გააკეთო. თუ არა, გაიხსენე, ძმაო, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიტყვა, რომ ყოველი უქმი სიტყვისთვის პასუხის გაცემა მოგვიხდება (შდრ. მათ. 12.36). ასე მოითმენ და წინ აღუდგები იმ სიტყვასა თუ საქმეს.

თუ გსურს, ყოველ შენს სიტყვასა თუ საქმეში ღვთის ნება იყოს, არ გააკეთო, რაც შენ გინდა, არამედ ის გააკეთე, რაც შენი მამის დასტურით, სიტყვითა და ნებით არის, როგორც დაწერილია: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ“ (2სჯულ. 32.7), და ასე, ძმაო, მთელი გულითა და ძალისხმევით შეუდექ შენი მამის ბრძანებასა და ნებას, რადგან ასე სურს ღმერთს. თავმდაბლად მიანდე შენი თავი და სული ღვთის მცნებასა და შენი მამის ნებას, ყოველთვის თავი დაიდანაშაულე, რომ უძლური და სნეული ხარ, არაფერში აღასრულო შენი ნება და განზრახვა და ამრიგად შეგეწევა ღმერთი, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმინდა მამა იოანე ოქროპირმა თქვა: შეუძლებელია, ცათა სასუფეველში შევიდეს ვინმე, თუ ჯერ თავი არ უარყო, სრულად არ დაუტევა თავისი ნება და ყოველგვარი დრტვინვის გარეშე თუ უყოყმანოდ არ ასრულებს თავისი მოძღვრის ბრძანებას. როცა კაცი, რაც არ სურს, იმას აკეთებს მოძღვრის სიტყვისამებრ, ეს ჯვარცმად შეერაცხება და იგი აღდგომისა და სამარადისო ცხოვრების შვილი იქნება, რადგან ნეტარია კაცი, ვინც სწავლების განსაცდელს ითმენს. გამოცდილი იქნება იგი, რადგან ღმერთი დამკვიდრდება მასში და სავანე ექნება მასთან, როგორც თავადვე ამბობს.


ღირსი აბბა დოროთეს წერილები

დამმოძღვრელი სწავლება ძმისთვის,  ვინც მას უგრძნობელობისა და
სიყვარულის განელების შესახებ ჰკითხა

სულიერი უგრძნობელობის ჟამს, ძმაო, სასარგებლოა საღმრთო წერილისა და ღმერთშემოსილი მამების ლმობიერების მომგვრელ სწავლებათა ხშირი კითხვა, გახსენება საღმრთო განკითხვის საშინელი დღისა, სხეულიდან სულის გასვლისა და მისი მოსალოდნელი შეხვედრისა საშინელ ბოროტ ძალებთან, ვისთან ერთადაც (სული) ბოროტებას სჩადიოდა ამ წუთიერ და ტკივილით სავსე ცხოვრებაში. ასევე (სასარგებლოა), გვახსოვდეს, რომ მოგვიხდება საშინელი მართლმსაჯულის, ქრისტეს წინაშე წარდგომა და პასუხისგება ღვთის, მისი ყოველი ანგელოზისა და საზოგადოდ ყოველი დაბადებულის წინაშე არამარტო საქმეთა, არამედ სიტყვებისა და გულის ზრახვების გამოც.

ხშირად უნდა ვიხსენებდეთ საშინელი მართლმსაჯულის მიერ გამოტანილ განაჩენს მათთვის, ვინც მის მარცხნივ დადგებიან: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა“ (მათ. 25.41). ასევე, კარგია, გვახსოვდეს ადამიანთა დიდი მწუხარება და განსაცდელნი, რათა, ამრიგად მაინც, უნებლიეთ ლმობიერი გახდეს სასტიკი და უგრძნობელი სული და განიცადოს თავისი ცოდვები.

ძმების სიყვარულში იმიტომ იჩენ უძლურებას, რომ მოყვასის შესახებ საეჭვო აზრებს ღებულობ და შენს გულს ენდობი. ეს კიდევ იმიტომ გემართება, რომ არაფრის მოთმენა არ გსურს, რაც შენი ნების საწინააღმდეგოა. ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, ვალდებული ხარ, ღვთის შეწევნით არ ირწმუნო საკუთარი განზრახვები, მთელი ძალისხმევით შეეცადო, ძმების წინაშე თავი დაიმდაბლო და მთელი სულისკვეთებით უარყო საკუთარი ნება. თუ ვინმე შეგაწუხებს ან გაწყენინებს, წმინდა მამების სიტყვისამებრ, ილოცე მისთვის, როგორც შენთვის დიდი სარგებლობის მომტანისა და გემოთმოყვარეობისგან განმკურნებლისათვის. ამით მრისხანება გაგინელდება, რადგან წმინდა მამების თანახმად: „სიყვარული აღვირია მრისხანებისთვის“. უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ევედრე, გაგხადოს ყურადღებიანი და მოგცეს გონიერება, რათა მიხვდე, „რა-იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული“ (რომ. 12.2). ითხოვე ძალაც, რათა მზადყოფნაში იყო ყოველი კეთილი საქმისთვის, რამეთუ მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წერილი
განსაცდელით შევიწროებული იმავე ძმის მიმართ 

ჩემო ძმაო, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ღვთის განგება არ ვიცით და ამიტომ ვალდებული ვართ, რაც ჩვენ გვეხება, ყველაფრის განგება მას მივანდოთ. მით უმეტეს, ახლა გვმართებს ამგვარად მოქცევა. თუ კაცობრივი განზრახვით გსურს მოწეულის განსჯა, ნაცვლად იმისა, რომ მთელი შენი საზრუნავი ღმერთს მიანდო, მაშინ ამგვარი გულის ზრახვებით მხოლოდ დაშვრები. როცა საპირისპირო გულისსიტყვები შენ წინააღმდეგ აღსდგებიან და შეგავიწროვებენ, ღმერთს უნდა მოუხმო: „უფალო, როგორც შენ გნებავს და უწყი, ისე განაგე ეს საქმე!“ რადგან ღვთის განგება ჩვენი საზრიანობისა და მოლოდინის მიღმა მოქმედებს. ზოგჯერ სხვაგვარად ხდება ის, რაც უწინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე განგვისაზღვრავს. ერთი სიტყვით, განსაცდელის დროს მოთმინება და ლოცვა გმართებს, როგორც აღვნიშნე, ნუ მოინდომებ და ნუ გადაწყვეტ, კაცობრივი გულის-სიტყვებით სძლიო საეშმაკო ზრახვებს. იცოდა ეს აბბა პიმენმა და თქვა, სიტყვები: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის“ (მათ. 6.34), განსაცდელში მყოფ კაცს ეხებაო.
ამრიგად, შვილო ჩემო, გწამდეს, რომ ეს არის ნამდვილი უარყოფა საკუთარი ზრახვებისა, თუნდაც ისინი გონივრული იყოს. იქონიე ღვთის იმედი, „რომელი-იგი შემძლებელ არს უფროს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ“ (ეფეს. 3.20) ან განვიზრახავთ. შემეძლო ყველაფერზე გამეცა პასუხი, რაც შენ თქვი, მაგრამ არ მინდა, სიტყვაში შეგეცილო არც შენ და არც საკუთარ თავს, მხოლოდ ის მსურს, რომ ღვთის სასოების გზა გაჩვენო, რადგან ეს არის უსაფრთხო და ყველაზე მტკიცე გზა. უფალი იყოს შენთან!


იმავე ძმისადმი

გაიხსენე, ჩემო შვილო, ის, ვინც თქვა: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმ. 14.22). არ დაუსახელებია, რამდენი ან სახელდობრ რომელი ჭირითო, არამედ ზოგადად – მრავლითა ჭირითაო. ასე რომ, მადლობით და გონივრულად დაითმინე მოწეული: თუ ცოდვები გაქვს – მოითმინე განსაცდელი, როგორც დამატკბობელი, ხოლო თუ არ გაქვს ცოდვები – მაშინ როგორც ვნებებისგან განმწმენდელი, ანუ როგორც შენთვის ზეციური სასუფევლის შუამდგომელი. დაე, კაცთმოყვარე და მოწყალე ღმერთმა, ქართა და ზღვათა შემრისხველმა და დიდი მყუდროების მყოფელმა (შდრ. მათ.8.26), შეჰრისხოს შენი განსაცდელიც, ჩემო ძეო და მოგანიჭოს ვრცელი (მრავლის დამტევნელი – რედ.) გული, რათა მტრების მზაკვრობის გამოცნობა შეძლო, ამინ.


იმავე ძმის მიმართ,
რომელიც მძიმედ დასნეულდა და სხვადასხვაგვარი დაბრკოლებები ჰქონდა

გთხოვ, ჩემო ძეო, მოითმინე და მადლობელი იყავი სნეულების ჟამს შემთხვეული დაბრკოლებისთვის, თანახმად ნათქვამისა: „ყოველი, რაოდენი უკეთუ მოღებულ იყოს შენ ზედა, მიითვალე მადლობით“ (ზირ. 2.3), რათა, შვილო ჩემო, განგების განზრახვა მისი სურვილისამებრ აღსრულდეს შენზე. ამრიგად, მხნე იყავი და უფლის მიერ გაძლიერდი, იმედი გქონდეს, რომ შენზე ის იზრუნებს. ღმერთი იყოს შენთან!


განსაცდელში მყოფი იმავე ძმის მიმართ

მშვიდობა შენდა ქრისტეს მიერ, ძმაო! აიძულე გული, ირწმუნოს, რომ განსაცდელის მიზეზი უეჭველად თავად შენ ხარ, თუმცა კი ამჟამინდელ შემთხვევაში ამრიგად არ მიგაჩნია. დაიმცირე თავი, მოითმინე, ილოცე და სახიერი მეუფის, ქრისტეს მოწყალების იმედი მაქვს, რომ იგი განსაცდელს განგაშორებს. მოციქული ამბობს: „მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი“ (ფილიპ. 4.7).


იმავე ძმის მიმართ

არ გაგიკვირდეს, შვილო ჩემო, თუ მთაზე ასასვლელ გზას შემდგარი, ეკალსა და ჭაობში ჩავარდი. კვლავ შეგხვდება ვაკე ადგილი, რადგან ღვაწლში მყოფნი ზოგჯერ ეცემიან და ზოგჯერ თავად დასცემენ მოწინააღმდეგეს. დიდმა იობმა თქვა: „არა გან-საცდელი არსა ცხორება კაცისა ქუეყანასა ზედა?“ (იობ. 7.1) ხოლო ვინმე სხვა წმინდანი ამბობს: „კაცი, რომელიც განსაცდელით გამოცდილი არ არის, გამოუცდელია“. ჩვენ იმისთვის გამოვიცდებით სწავლასა და რწმენაში, რომ გამოცდილნი და განსწავლულნი ვიყოთ და ბრძოლა ვისწავლოთ. უფალმა თქვა: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21.19). და ასე, სიკეთის იმედი ყოველმხრივ შეგვეწევა ყოველი შემთხვევის დროს. გვასწავლის რა მოთმინებას, წმინდა მოციქული ამბობს: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაცა, რათა შეუძლოთ დათმენად“ (1კორ. 10.13). ჩვენი უფალი, თავად ჭეშმარიტება, განუგეშებს და ამბობს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16.33). ეს დაისწავლე და დაიცავი, გახსოვდეს უფალი და მისი სახიერება, შვილო ჩემო. იგი შეგეწევა ყველაფერში, რადგან მოწყალე არის და ჩვენი უძლურება უწყის. ამჯერად იგი შეჰრისხავს ღელვას და შენს სულს მყუდროებას მოუტანს თავისი წმინდანების ლოცვით, ამინ.


მისივე მიმართ

როგორც სხეულის თანამდევი ჩრდილია, ისე მცნებათა აღსრულებისა – განსაცდელნი, რადგან, თანახმად დიდი ანტონის ნათქვამისა, ვერავინ შევა ცათა სასუფეველში განსაცდელის გარეშე. ამრიგად, ჩემო შვილო, არ გაგიკვირდეს, თუ ცხონებაზე ზრუნვისას მწუხარება და განსაცდელი გეწვევა, მაგრამ აღუშფოთებლად მოითმინე და მადლობელმა ილოცე, რომ მცნებების აღსრულების გამოისობით განსაცდელის ღირსი გახდი სულიერი სწავლებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით. სახიერმა ღმერთმა მოგანიჭოს გონიერება და მოთმინება განსაცდელის ჟამს.


მისივე მიმართ

ჩვენ დაბადებულნი და შექმნილნი ვართ სახიერი და კაცთმოყვარე ღვთისა, რომელიც ამბობს: „ცხოველ ვარ მე, – იტყვის ადონაი უფალი, – რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოსა, ვითარ მოქცევა მისი გზისაგან მისისა და ცხოვნება მისი“ (ეზეკ. 33.11). ასევე: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (მათ. 9.13). ამრიგად, თუ ეს ჭეშმარიტებაა და ჩვენ ამგვარად გვწამს, მაშინ „მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ“ (ფსალმ. 54.22), ანუ დაგიხსნის იგი, რადგან ჩვენზე ზრუნავს. იგი ანუგეშებს შენს გულს წმინდანთა ლოცვით, ჩემო შვილო, ამინ.


მისივე მიმართ

კარგად განსაჯა აბბა პიმენმა, რომ თქმული: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის“ (მათ. 6.34), განსაცდელში მყოფ კაცს ეხება. სიტყვებიც: „მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი“ (ფსალმ. 54.22), მასვე ეკუთვნის. ამრიგად, ჩემო შვილო, დაეხსენი კაცობრივ ზრახვებს და იმედი დაამყარე ღმერთზე, ვინც იმაზე მეტს იქმს, ვიდრე ჩვენ განვსაზღვრავთ. ღვთის იმედი დაგაწყნარებს. უფალი შეგეწიოს წმინდანების ლოცვით, ჩემო შვილო. მოვალენი ვართ, ამგვარ გულისსიტყვებს შევეწინააღმდეგოთ, რადგან ვერ გავბედავთ, ვთქვათ, რომ ხვალინდელ დღესაც ვიცოცხლებთ.


ღირსი აბბა დოროთეს წერილები
ძლიერ სნეული ძმის მიმართ, რომელსაც სხვადასხვა ცუდი აზრი აწუხებდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იზრუნებდა მისი საჭიროებებისთვის

უფალ იესო ქრისტეს სახელით, ჩემო ძმაო, არაფერი ვიქონიოთ მოყვასის საწინააღმდეგო, რადგან ყოველმხრივ ვალდებულნი ვართ, სიყვარულით ვძლიოთ და დავიფაროთ იგი. არავინ ეუბნება თავის მოყვასს: „რატომ არ გიყვარვარ?“ თავად სიყვარულის ღირსი საქციელი სიყვარულისკენ იზიდავს მოყვასსაც. რაც შეეხება ხორციელ საჭიროებას, გეტყვი, რომ ვინც განსვენების ღირსია, ღმერთი სარაცინის გულსაც კი შთააგონებს, მოწყალება გაიღოს ამ უკანასკნელის საჭიროების შესაბამისად. და თუ ღირსი არ არის, ანუ მისთვის სასარგებლო არაა, სწავლის დროს მწუხარების, განსაცდელის ჟამს ნუგეშცემული იყოს, თუნდაც ასეთმა ახალი ცა და ახალი მიწა შექმნას, განსვენებას მაინც ვერ პოვებს. ხოლო შენ მიერ ნათქვამი, ძმებს ვამძიმებო, ცხადია, თავის მართლებაა, რადგან ვინც მოყვასს შეეწევა, ცხონების მსურველია და ღვთის მცნებებს ასრულებს, არ ეუბნება მოყვასს: „მე შენ გამძიმებ“. ვისაც თავისი შემაწუხებელი (განმარისხებელი) სძულს, მას სიმშვიდე სძულს, და ვინც თავის განმანაწყენებლებს გაურბის, იგი ქრისტესმიერ განსვენებას გაურბის. კაცთმოყვარე ღმერთმა დაგვიფაროს თავისი მადლით, ჩემო შვილო, ყოველი წმინდანის ლოცვით, ამინ.


მამა დოროთეს კითხვა-პასუხი
წინასწარმეტყველად წოდებულ მამა იოანესთან

მამა დოროთემ ჰკითხა მამა იოანეს: როგორ ვძლიო კადნიერებას და დავიოკო ენა?
პასუხი: ნიადაგ გლოვით.
კითხვა: ხალხში ყოფნისას ნიადაგ როგორ ვიგლოვო? ან არსებობს გლოვა მხურვალე ცრემლების გარეშე?
პასუხი: ცრემლებისგან კი არ არის გლოვა, არამედ გლოვისგან – ცრემლები. თუ ვინმე ხალხშია, თავის ნებას უარყოფს და სხვის ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს, ასეთი გლოვას მიაღწევს, რადგან ამ ორი საქმით თავის ცოდვებზე ზრუნვის ფიქრებითაა მოცული. კაცს რომ ასეთი აზრები აქვს, თავის ცოდვებზე ზრუნავს. მაშინ მას საღმრთო გლოვაც ეწვევა, ხოლო გლოვისგან ცრემლებიც იშვება.
კითხვა: ლანძღვა-შეურაცხყოფის მოთმენით დაყუდებამდე მივალთ?
პასუხი: როგორც ის, ვისაც სხვისი ვალი მართებს, სადაც უნდა წავიდეს, მაინც მოვალეა, შიშობს, მოსვენება და თავისუფლება არ აქვს, არხეინად რომ იყოს, მაგრამ თუ ვალს მისცემს და გათავისუფლების ხელწერილს მიიღებს, მაშინ შეეძლება, მოსვე-ნებით და არხეინად დაჯდეს, სადაც მოისურვებს, ისე ცოდვებისა და ვნებებისგან გათავისუფლების მოსურნე კაცსაც მართებს თავისი ნების სრულად დატევება და ლანძღვა-შეურაცხყოფის მდაბლად მოთმენა, რადგან სხვა ვერაფერი დაამდაბლებს და გაათავისუფლებს კაცს ცოდვებისგან, როგორც ნების სრული უარყოფა და შეურაცხყოფის დათმენა.

როცა საკუთარი ნებისა და ვნებებისგან გათავისუფლდება და დამდაბლდება, მაშინღა დაეყუდოს და სულიწმიდით განიწმინდოს სული და გონება. მაშინღა იტყვის: „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფსალმ. 24.18).

სხვა მაგალითს გეტყვი, რომ მიხვდე: ნახე, ჯვარცმამდე კაცთა შორის რამდენი ჭირი და შეურაცხყოფა მოითმინა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და მხოლოდ ამის შემდგომ ეცვა ჯვარს! ასევე, ვერავინ შეძლებს სრულ დაყუდებასა და სრული სიწმინდის შეძენას, თუ თავდაპირველად ქრისტესთან ერთად არ ევნო და სრულად არ უარყო თავისი ნება.

მოციქული ამბობს: „უკეთუ მისთანა ვივნოთ, მისთანაცა ვიდიდნეთ“. ახლა კი დარწმუნებული იყავი, რომ არ არსებობს ცხონების სხვა გზა, გარდა საკუთარი ნების სრული უარყოფისა. უფალმა მოგცეს ძალა, კეთილად დააფუძნო შენი სახლი მტკიცე კლდეზე, რომელიც არის ქრისტე.

კითხვა: რომელი გზა უფრო სწრაფად აცხონებს კაცს: შრომა თუ გონებისა და გულის სიმდაბლე?
პასუხი: სიმდაბლის გარეშე ჭეშმარიტი შრომა არ არსებობს, რადგან ამაო არის მარტოოდენ შრომა, როგორც დაწერილია: „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფსალმ. 24.18). ვისაც ორივე აქვს, იგი სწრაფად ეწევა საუკუნო ცხონებას; მაგრამ ვინც არ შრომობს და მხოლოდ სიმდაბლით ითმენს შეურაცხყოფას, ასეთიც მალე ცხონდება, რადგან შეურაცხყოფის დათმენა და შრომა ერთმანეთის თანასწორია.

ვისაც მხოლოდ თავმდაბლობა აქვს, ისიც ცხონდება, მაგრამ მოგვიანებით. თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოპოვება გსურს, შენს ნებას განუდექი, არარად შერაცხო თავი, ყოველთვის და ყველაფერში თავი დაადანაშაულე, ისე ელოდე სიკვდილს, თითქოს ახლოს იყოს, არ გავიწყდებოდეს და გონივრულად ელოდე მას.

კითხვა: მამაო, მითხარი, როგორ ავლაგმო გულმავიწყობა და გონებაგაფანტულობა?
პასუხი: ვინც იმ ცეცხლს მიიღებს, რომელზეც უფალმა თქვა: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“ (ლუკ. 12.49), ასეთს გულმავიწყობა არ შეაწუხებს და არც გონება გაეფანტება; რადგან რაგვარ ფიქრებშიც უნდა იყოს კაცი, თუ მას ნაკვერცხალი დაეცა და ცეცხლი წაეკიდა, გონებას მოიკრებს და აღარ გაეფანტება. თუ შენ გულმავიწყობისა და გონებაგაფანტულობისგან თავის დაღწევა გსურს, სხვაგვარად ვერაფრით შეძლებ, თუ არა ამ ღვთიური ცეცხლის მოპოვებით, რადგან მისი მხურ-ვალებით უჩინარდებიან ისინი. ეს ცეცხლი კი ღვთის შიშითა და სურვილით, სრული მორჩილებით მოიპოვება.

კითხვა: როგორ ავლაგმო ხორციელი სიყვარული?
პასუხი: კარგია, არ გქონდეს თანატოლის სიყვარული, რომელშიც კადნიერებაა და განცხრომა. ასეთი ჩვეულება გლოვას არ გააჩერებს შენთან. იცოდე, გაუჭირვებლად არანაირი კეთილი საქმე არ მიიღწევა.
კითხვა: როგორ დავიცვა თვალები?
პასუხი: ასწავლე თვალებს, არ იყურონ კადნიერად, რადგან კადნიერება არის ის, რაც მონაზვნის მთელ შრომას ღუპავს. ყველაფერ ამასთან ერთად, თუ კაცი გულისტკივილით არ ეძებს ღმერთს, ვერ მისწვდება მას. ხოლო თუ ყოველგვარი საქმისგან მოიცლის და ღმერთის ძებნას შეუდგება, ამით ყველანაირ სიკეთეს ეწევა, როგორც დაწერილია: „მოიცალეთ და გულის ხმაყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“.
კითხვა: შეურაცხყოფა სიმდაბლეზე მეტია? ან რა არის გულშემუსვრილება? ან გულში უნდა იმცირებდნენ თავს თუ გარედანაც, ხალხის მხრიდანაც უნდა ხდებოდეს ლანძღვა-შეურაცხყოფა?
პასუხი: შეურაცხყოფა ორგვარია: ერთი გულიდან მოდის და მეორე – გარედან, ხალხისგან. გულიდან მომდინარე დამცირებაზე მეტია გარედან, ხალხისგან მიყენებული შეურაცხყოფა. გულისას ისეთი ტკივილი არ ახლავს, როგორიც სხვებისგან მიღებულს. თუ ვინმე თავისი ნებით ეძიებს შეურაცხმყოფელ საქმეებს ან თავს იმცირებს, ამგვარი საქმე სრულყოფილი არ არის, რადგან მას სიამაყეც შეჰყვება ხოლმე. თუკი ვინმე სხვებისგან მიყენებულ შეურაცხყოფას მოითმენს და ყველაფერში დაემორჩილება, რასაც ეტყვიან, ასეთი დიდ წარმატებასა და სრულ თავმდაბლობას მიაღწევს. ეს არის გულშემუსვრილება – არ დაუშვას კაცმა აზრების გაფანტვა უცხო რამის გამო, რადგან საკუთარ ცოდვებზე ურვისა და თავის წვრთნის გარდა, ყოველი საქმე უცხოა და ზრახვათა განმფანტავი.
კითხვა: კაცს საქმეები მართებს მდაბალი, თუ სიტყვები?
პასუხი: სიმდაბლე ისაა, რომ ნებისმიერ საქმეში არად შერაცხონ თავი, არაფერში მისდიონ საკუთარ ნებას, ყველაფერში მორჩილი იყვნენ და ხალხისგან მიყენებულ წყენასა და ჭირს უდრტვინველად ითმენდნენ. ეს არის ჭეშმარიტი თავმდაბლობა, სადაც ამპარტავნებას ადგილი არ აქვს. და თუ ვინმე მხოლოდ სიტყვით ამბობს, უფრო მეტად გაამპარტავნდება.
კითხვა: მიბრძანე, კარგი იქნება, თუ ყოველგვარ საჭმელს მივიღებ და არ გავძღები, არც ვინმეს ვაჩვენებ, სხვა ძმებზე მეტს თუ ვაკეთებ?
პასუხი: მეტად კარგი იქნება, თუ ყველანაირ საჭმელს მიიღებ და არ გაძღები.
კითხვა: რას მიბრძანებ: როცა ვინმესთან ვლაპარაკობ და საუბარი გვიგრძელდება, მინდა, ავდგე, მაგრამ მრცხვენია. არადა, თუ არ ავდექი, გონება მეფანტება, საუბარში ერთვება და თავის წვრთნა მავიწყდება.
პასუხი: თუ საუბარი სულისთვის სასარგებლოა, დარჩი; თუ სულისთვის უსარგებლოა და ამაო, ნუ გრცხვენია, უთხარი: შემინდეთ და ადექი. სირცხვილთან დაკავშირებით გაიხსენე ის საშინელი დღე, თუ როგორ შერცხვებათ ცოდვილებს. შეგეწიოს ღმერთი, ვისიც არის დიდება უკუნისამდე.