საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

თსუს დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გაზეთში დაბეჭდილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

9 თებერვალი
კატეგორია:
tsus-daarsebidan-100-wlis-iubilesadmi

სრულიად საქართველოს ვულოცავთ აკად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავის საიუბილეო თარიღს.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება და უნივერსიტეტის დაარსება თითქმის ერთ პერიოდში მოხდა. ეს მოვლენები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღებია, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი.

მაგრამ ამ ფაქტებით მოგვრილი საყოველთაო სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალევე ათეისტური რეჟიმი მძიმედ დააწვა ქვეყანასაც და ეკლესიასაც.

ამ ურთულეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა. იგი იქცა როგორც მეცნიერულ კვლევათა გამორჩეულ ცენტრად, ისე ცოდნის, სულიერების, ზნეობის მაგალითის მიმცემად მთელი ერისათვის.

ეს იყო იმ პერიოდში ერთადერთი ადგილი, სადაც, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, ღვიოდა და ვითარდებოდა ეროვნული სულისკვეთება, აზროვნების ის წესი, რამაც საქართველო ღირსეულად გამოატარა დროის ქარცეცხლში.

უნივერსიტეტის მესამე სართულზე, გუმბათქვეშ, ტაძარი ფუნქციონირებდა; მართალია, შემდეგ იგი ბიბლიოთეკად გადაკეთდა, მაგრამ მისი მადლი დღემდე მოყვება ამ კედლებს. ამიტომაც, ათეისტური რეჟიმის მძვინვარების ჟამსაც, პედაგოგთა შორის ყოველთვის იყვნენ ისეთნი, რომელნიც ღვთის რწმენას, პირდაპირ თუ ირიბად, უნერგავდნენ ახალგაზრდებს.

შედეგი კი ამისა იყო ის, რომ დროის უკუღმართობით ფეხმოკიდებულ კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაპირისპირება პირველ რიგში ამ წიაღიდან ხდებოდა, რასაც დედაეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა.

წარსულს თვალს რომ ვავლებთ, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო საერთო თავდადებისა და თავდაუზოგავი მოღვაწეობის 100 წელი. აქ მომუშავე პროფესორ-მასწავლებელთა ვალდებულება არც დღეს არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ხვალინდელი დღე ამ სივრცეში აღზრდილ ახალგაზრდებზე კვლავაც დიდად იქნება დამოკიდებული.

უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღს კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავთ ყველას, განსაკუთებით კი – უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიური საბჭოს წევრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რექტორატს, ყველა თანამშრომელს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

თქვენ ხართ დღევანდელი დღე სახელოვანი ისტორიისა, თქვენ ხართ დიდი ივანე ჯავახიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, გრიგოლ გველესიანის, წმ. ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი ახვლედიანის, შალვა ნუცუბიძის, დიმიტრი უზნაძის, გრიგოლ წერეთელის, პავლე ინგოროყვას, სიმონ ყაუხჩიშვილის, აკაკი შანიძის, ანდრია რაზმაძის, იოსებ ყიფშიძის, კორნელი კეკელიძის, პეტრე მელიქიშვილის, სიმონ ჯანაშიას, არნოლდ ჩიქობავას და სხვა სახელოვან და დიდებულ მეცნიერთა მემკვიდრენი და გზის გამგრძელებელნი.

რაოდენ საპატიოა ეს მისია და რაოდენ საპასუხისმგებლო!

შევთხოვთ ღმერთს, ჩვენ ყველას მოგვმადლოს გული გონიერი, რათა ღვთისა და ქვეყნის სადიდებლად იყოს ცხოვრებაც და საქმენიც ჩვენნი.

 

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

ილია II

23.01.2018