საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

The New York Time-ის საერთაშორისო გამოცემა Turning Points-მა ჯილდო _ „ერის იდენტობის გამომხატველი საუკუნის სახელი“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიანიჭა

27 ნოემბერი
კატეგორია: სიახლენი,
the-the-new-york-time

გამომცემლობა ,,სახე(ლ)ები“ ყოველწლიურად აჯილდოვებს გამორჩეულ ადამიანებს. წელს მათ საიუბილეო თარიღი, _ 15 წლისთავი, _ შეუსრულდათ. ა.წ. 26 ნოემბრის ღონისძიება განსაკუთრებული იყო იმით, რომ ყოველწლიურად დაჯილდოებულთა და ,,საუკუნის სახელების“ გარდა გამორჩეული ნომინაციები წარმოჩინდა.

სრულიად ახალი, განსაკუთრებული ჯილდო ნომინაციაში ,,ეროვნული იდენტობის გამომხატველი სახელი“ The New York Time-ის საერთაშორისო გამოცემა Turning Points-თან ერთად ,,სახე(ლ)ებმა“ მიანიჭეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

მათგანვე სპეციალური პრიზი ,,შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისთვის“ გადაეცა საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს.

გამომცემლობა ,,სახე(ლ)ების“ მიერ დაწესებული ,,საუკუნის სახე(ლ)ების“ პრიზი მიიღეს: კომპოზიტორმა გია ყანჩელმა, ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ, კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა, ფერმწერმა და სცენოგრაფმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა, მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა.

ყოველწლიური ჯილდოს მფლობელი გახდა  5 ბიზნესმენი: მამუკა ხაზარაძე, ნოდარ გიორგაძე, ირაკლი გურჩიანი, გეგი ქელბაქიანი, ნიკოლოზ მაჭავარიანი და 4 კომპანია: ,,ალიანს ჰოლდინგი“, ,,ალმა“,  ,,BWC”, ,,ნოვა“, ასევე დაჯილდოვდა წიგნის ეროვნული ცენტრი ქართული ლიტერატურის უცხოეთში პოპულარიზაციისთვის (დეა მეტრეველი)  და „წლის ოჯახის ექიმი” მარიამ მალაზონია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ,,სახე(ლ)ები“ საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად იწყებს სოციალურ საქმიანობას, _ უმწეო მოხუცებულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ინტეგრირებული სახლის მშენებლობას.

ამ მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქომ გამოყო ტერიტორია ოქროყანასთან და მისმა უწმინდესობამ პირველი შეწირულობაც გაიღო. სახლის მშენებლობისთვის გამართულ აუქციონზე სხვა ნივთებთან ერთად გაიტანეს მისი უწმინდესობის მიერ საჩუქრად გადაცემული საწერი კალამი, რომელიც 8100$ გაიყიდა.

გამოვთქვამთ იმედს, რომ მოხუცებულთა და ბავშვთა ინტეგრირებული სახლი მალე აშენდება და სიხარულს მიანიჭებს არაერთ უნუგეშოდ მყოფს.