საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან XXVIII კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

8 დეკემბერი
sultmofenobidan-xxviii-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 26 ნოემბერი (9 დეკემბერი), 2018

სულთმოფენობიდან 28-ე კვირიაკე

წირვაზე – კოლ. 1:12-18; ლკ. 13:10-17.

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ – 1:12-18

 

სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;


რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში.

 

უფალმა თავად შეკრა ძლიერი (სატანა) და მიიტაცა მისი ჭურჭლები, ანუ ჩვენ, – რომლებსაც ძლიერი მტერი ყოველგვარი მზაკვრული მოქმედებისთვის გვიყენებდა, – და მის ხელში გავხდით ჭურჭლები უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებულ(ნ)ი“ (2 ტიმ. 2:21), – თუმცა ეს არ მომხდარა ჩვენი  გულმოდგინების გარეშე. ამრიგად, მისი მეშვეობით მამასთან მივედით. სიბნელის ხელმწიფებისგან გამოხსნილნი ნათელს შევუერთდით   წმინდანთა მემკვიდრეობის გასაზიარებლად.

წმინდა მღვდელთმთავარი ბასილი დიდი

 

ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;

მოციქული ამას იმიტომ გვეუბნება, რომ როდესაც გაიგონებ, მამამ გაგვათავისუფლაო, არ იფიქრო, რომ ამ მხრივ ძეს არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის. წმინდა პავლე ამბობს, რომ ძემ ბევრი რამ გვიბოძა. მისი წყალობით, სასუფეველი დავიმკვიდრეთ, ვინაიდან მან გამოგვისყიდა, ანუ ცოდვები მოგვიტევა. ჩვენ რომ ცოდვათაგან გამოსყიდულნი და თავისუფალნი არ ვყოფილიყავით, ვერც სასუფეველში შევძლებდით შესვლას. ამგვარად, მან გზა გაგვიხნა მამის საბოძვარისკენ. მას არ უთქვამს, რომ სრულად გამოგვისყიდა, რათა შემდგომში არ დავცემულიყავით და არ გავმხდარიყავით მოკვდავნი, როგორც ადამის ცოდვის თანაზიარნი. ამრიგად, თუ ძემ გამოგვისყიდა, მაშინ მანვე შეგვიყვანა სასუფევლში. რატომ ფიქრობთ, რომ აქ ანგელოზებზეა საუბარი? ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ გამოთქმა „ვინც“, მიეკუთვნება ძეს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი.

უწინარესი (პირმშო)  არის ის, ვინც პირველი დაიბადა, ანუ ვინც უფროსია ძმებს შორის. ძე ღვთისა რომ მხოლოდ პირმშოდ იწოდებოდეს და მხოლოდშობილად არა, მაშინ ვიფიქრებდით, რომ ის არის პირმშო ქმნილებათა შორის, მაგრამ რადგანაც ის იწოდება პირმშოდაც და მხოლოდშობილადაც (1 ინ. 1:18), ამიტომ მასთან მიმართებით ერთი წოდებაც უნდა შევინარჩუნოთ და მეორეც. ჩვენ ვამბობთ, რომ იგი შობილია ყველა ქმნილებაზე უწინარესად, რადგან თუმც იგი ღვთისგანაა და ქმნილებაც ასევე ღვთისგანაა, მაგრამ ერთადერთი მხოლოდ ის არის უჟამოდ შობილი მამისა და ღმერთის არსისგან. იგი ჩვენს მსგავსად ეზიარა  სისხლსა და ხორცს (ებრ. 2:14) და განკაცდა. ჩვენ კი მისი საშუალებით  გავხდით ღვთის ძენი, რადგან ნათლისღების გზით მივიღეთ შვილება.  თავად ბუნებით ძე ღვთისა ჩვენ შორის გამოჩნდა როგორც  პირმშო, ჩვენ კი, ამ შვილებითა და მადლით, ღვთის ძენი გავხდით და ქრისტეს ძმებად ვიწოდებით.

ღირსი იოანე დამასკელი

რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.

ეჭვს არ იწვევს, რომ ყველაფერი ძის მიერ არსებობს. მოციქულის თანახმად, ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. თუკი ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და ყველაფერი – არარასგან და არაფერი არსებობს მისი მონაწილეობის გარეშე, მაშინ გეკითხებით, რა აკლია მას, რომელიც არ არის ნაკლული არც ბუნებით, არც საღვთო ძალით ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებისათვის? მან ხომ თავისი ბუნებითი ძალა გამოიყენა, რათა არარსებული არსებულიყო და წარმოშობილიყო ის, რაც მას ენება.

წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

 

ის არის ყოვლის უწინარესი და ყველაფერი მისით დგას.

მოციქულმა ახსენა შესაქმე, ახლა კი, შესაბამისად ამისა, საუბრობს ამ პროცესში შემოქმედის ძალის როლზე – ღვთის სიტყვაზე, რომლის მიერაც ყოველივე შეიქმნა და „უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა“ (ინ. 1:3). თუკი შექმნილს თავისთავად, მარტოს, ძის გარეშეც შეუძლია ღვთის შემეცნებასთან მიგვიყვანოს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მყოფობაში ძის გარეშე მოვიდა – ნუ იყოფინ! – ფრთხილად იყავი, ეს აზრი არ მოგერიოს, თორემ დაგცემს! თუკი შექმნილი მყოფობაში მოვიდა ძის მიერ და ყველაფერი მისით დგას, მაშინ ვინც სწორად უმზერს შექმნილს, ის გარდაუვალად მის შემქმნელ სიტყვასაც ხედავს, სიტყვის მიერ კი მამის გაცნობიერებასაც იწყებს.

წმინდა მღვდელთმთავარი ათანასე დიდი

ის არის თავი ეკლესიის სხეულისა; იგი დასაბამია, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს.

ის არის თავი ეკლესიის სხეულისა. ეს ნიშნავს, რომ მიწიერ ეკლესიას მან (იესო ქრისტემ) ჩაუყარა საძირკველი; იგია დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, საქმითა და სიტყვის ხელმწიფებით. რათა ყველაფერში პირველობდეს, რადგან როგორც ის ყოვლის უწინარესი არის, ასევე უწინარესია დაბალ არსებათა ყველა საქმისა. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, აქაც და იქაც; ის არის დასაბამი აღდგომისა, პირმშო მკვდართაგან,

როგორც ის გახდა აღდგომის პირმშო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ იყო მკვდართაგან პირმშო, ასევე გახდა იგი უხუცესი („ძველი დღეთა“), როგორც ყველა ქმნილებათა უწინარესი, როდესაც იგი მოციქულის საუკუნეში იშვა. გარდა ამისა, როგორც მისმა ღმრთეებამ განიცადა უპატიობა მის კაცებაში, ისე დააგვირგვინა თავისი კაცება დიდებით თავის ღმრთეებაში.

ღირსი ეფრემ ასური

 

 

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 13:10-17

 

შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.

იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩხულს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.

ეს იყო უფლის მესამედ მისვლა უნაყოფო ლეღვთან. ამაზე მიუთითებს რიცხვი  18 წელი, რომელიც  მოკრუნჩხულ ქალს უკვშირდება. ადამიანი შექმნილია მეექვსე დღეს (დაბ. 1:27). იმავე მეექვსე დღეს დასრულდა უფლის ყველა საქმე.  რიცხვი ექვსი სამზე გამრავლებული  თვრამეტს გვაძლევს. ასე რომ, რადგანაც მეექვსე დღეს შექმნილმა ადამიანმა არ ისურვა, სრულყოფილი საქმენი ჰქონდა, თუმცა რჯულამდე, რჯულის ქვეშ და მადლის დასაწყისში იგი სუსტი იყო, ამიტომ ჰგავს ის თვრამეტი წლის განმავლობაში უძლურების სულით შეპყრობილი ქალს, რომელიც ისე იყო მოკრუნჩხული, რომ წელში გამართვა არ შეეძლო. ვერცერთი ცოდვილი, ვინც მიწიერზე ფიქრობს და ზეციურს არ ეძებს, ზევით ახედვას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ  ქვენა სურვილებით ცხოვრობს, გონების სწორი მიმართულებიდან უხვევს და მხოლოდ იმას ხედავს, რაზეც ფიქრობს.

საყვარელო ძმებო, თქვენ გულებს ჩაუღრმავდით, ყურადღებით დააკვირდით, განუწყვეტლივ რაზე ფიქრობთ. ერთი პატივზე ფიქრობს, მეორე – ფულზე, მესამე – რა მოიხვეჭოს და რა მიიტაცოს ამ სოფელში. ეს ყველაფერი ქვემოთ ხდება და გონება ყველაფერ ამაში იხლართება, რის შემდეგაც სწორ გეზს კარგავს. ხოლო რადგანაც იგი წელში არ იმართება, რათა ზეციური ნათელი მოეფინოს, ამიტომ ვერანაირად ვერ იხედება ზევით, როგორც მოკრუნჩხული დედაკაცი.

წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ დიოლოღოსი

 

 

 

იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.

როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.

 

არც ავადმყოფს, არც სხვა ვინმეს არ უთხოვია ქალის განკურნება, არამედ თავად მაცხოვარმა იხილა ეს დატანჯული ადამიანი და შეებრალა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.  ამით უფალმა მაგალითი მოგვცა: როდესაც ვინმეს ჩვენი დახმარება სჭირდება, არ უნდა ველოდოთ მის თხოვნას ან ვინმეს შუამდგომლობას, არამედ მაშინვე ნებაყოფლობით დავეხმაროთ და შევეწიოთ მას. ეს ქალი არ ყოფილა  ბუნებრივი ავადმყოფობით დაავადებული, როგორიც შეიძლება იყოს კეთრი, წყალმანკი, სიბრმავე, სიმუნჯე, სხეულის დარღვევა და მისთანა, – რომლებიც უფალს არაერთხელ განუკურნავს, – არამედ იგი სატანისგან იყო შეკრული. ამიტომაც უთხრა: დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან, ამასთანავე, დაადო მას ხელი, რათა ამით, ერთი მხრივ, თავისი სიტყვის ყოვლისშემძლეობა  ეჩვენებინა, მეორე მხრივ – თავისი საღვთო მარჯვენის სასწაულთმოქმედი მადლი. ხოლო მოკრუნჩხული დედაკაცი, როგორც კი გათავისუფლდა სატანის ბორკილებისგან, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს, თავის კეთილისმყოფელსა და მეუფეს.

 

მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.

სინაგოგის წინამძღვრის განრისხება შურმა გამოიწვია და არა კანონისადმი მოშურნეობამ. საღვთო რჯული დასვენებას განაწესებდა შაბათ დღეს ყოველგვარი საქმისგან, მაგრამ ის არ კრძალავდა სასწაულთმოქმედი ძალით კურნებას. უპირველესად, უნდა იცოდე, რომ იგი ცბიერად ფარავდა შურს კანონდამცველის ნიღბით, სინამდვილეში კი შურიანობის სიმყრალით იყო ავსებული, მაგრამ თავს ღვთის გულწრფელ მოშურნედ აჩვენებდა: შაბათის უქმობასთან დაკავშირებით ბაგეებით საღვთო რჯულს იცავდა, ხოლო გულითა და ზრახვებით სასწაულს გმობდა და სასწაულთმოქმედს განიკითხავდა. გარეგნულად იგი, თითქოსდა, ღვთის მოსიყვარულე და მართალი მოღვაწეა, მაგრამ შინაგანად შურითა და უსამართლობითაა სავსე. მეორეც, მისი ვერაგობა და ღვარძლი იხილე: ის პირდაპირ და კადნიერად კი არ გმობს სასწაულს, არც პირადად იესო ქრისტეს ეუბნება რამეს, არც  თავის განზრახვას ამჟღავნებს ბოლომდე; ბოროტმზრახველი ასეთი სიტყვებით მიმართავს იქვე შეკრებილ ხალხს: ღვთივმოცემული კანონის თანახმად, ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს, როცა უნდა დავისვენოთ და ვიდღესასწაულოთ.

რა პასუხი გასცა იესომ სინაგოგის წინამძღვრის ამ უპასუხისმგებლო და უგუნურ ნათქვამს?

მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?

 

ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?

 

ღმერთკაცმა საღვთო სიბრძნით ამხილა  სინაგოგის წინამძღვრის ორგულობა: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად, განა ეს კანონს არ ეწინააღმდეგება? შენ კი ამ ქალის კურნება, რომელიც გონიერებით დაჯილდოებული ადამიანი და აბრაამის ასულია, კანონის დარღვევად მიგაჩნია. ამის გამო უქადაგებ ხალხს და ამცნებ, რომ ავადმყოფობისგან არ უნდა განიკურნონ? ნუთუ შენ მართლა ურჯულოებად მიგაჩნია ამ საწყალობელი ქალის განკურნება, რომელიც თვრამეტი წლის განმავლობაში სატანას ჰყავდა შეპყრობილი და ტანჯავდა?

აქვე უნდა აღვნიშნოთ და ამის ცოდნა აუცილებლად გვმართებს, რომ იესო არ უთვლის ამ ქალს ღირსებად აბრაამის შთამომავლობას, რამეთუ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქ. 10:35). ეს ქალი მან აბრაამის ასულად იმიტომ მოიხსენია, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება სწორედ აბრაამის შთამომავლებში იყო  დაცული და ამით მიანიშნა, რომ ეს ქალიც მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო და მას ერთადერთს ემსახურებოდა. ამიტომ იყო კანონიერი სატანის ბორკილებისგან მისი გათავისუფლება.

 

ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.

როდესაც იესო ქრისტე ამას ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც შურის გამო ეურჩებოდა მას, მაგრამ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო პასუხს ვერ პოულობდნენ და რისხვით ანთებულნი დუმდნენ. ხალხი კი ამ დროს, რომლისთვისაც უცხო იყო შურიანობა და არ სჯეროდა სინაგოგის წინამძღვრის უგუნური წარმოდგენებისა, ხარობდა ყოველივე იმ სასწაულების გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იესო ქრისტე.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი