საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან XXVI კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

24 ნოემბერი
sultmofenobidan-xxvi-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 12 (25) ნოემბერი, 2018

სულთმოფენობიდან 26-ე კვირიაკე

წირვაზე – ეფეს. 5:9-19; ლკ. 10:25-37.

 

 

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 5:9-19

 

ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.

ამ მოწმობას ჩვენ მარკიონის წინააღმდეგ ვიყენებთ, რომელიც სამართლიანობის ღმერთს გამოყოფს სიკეთის ღმერთისგან და ამბობს, რომ შემოქმედი სამართლიანია, ხოლო მეორე, რომლის ძეც არის განხორციელებული ქრისტე, ჩემთვის უცნობია, ის მხოლოდ კეთილი ღმერთია. მაგრამ ნათლის ნაყოფი მხოლოდ სიკეთეში არ ვლინდება, არამედ – სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაშიც. ასე რომ, სადაც სიკეთეა, იქ სამართლიანობაცაა, ხოლო სადაც სამართლიანობაა, შესაბამისად, ჭეშმარიტებაც იქაა. ამრიგად, ქრისტეს კეთილი მამა, როგორც მარკიონელები თავადაც აღიარებენ, არის ჭეშმარიტიც და სახიერიც. ხოლო ვინც ჭეშმარიტი და სახიერია, იგი,  როგორც მოციქული ამჟამად გვასწავლის, სამართლიანიცაა. დაე, მარკიონმა ისიც გაიგოს, რომ თავად ქრისტეც იწოდება სახიერად, ჭეშმარიტებად და სამართლიანად. სახიერად იმიტომ, რომ იგი საქმეების საზღაურად კი არ აძლევს მადლს მორწმუნეებს, არამედ თავისი სიკეთითა და გულმოწყალებით; სამართლიანია იმიტომ, რომ ყველას მიაგებს დამსახურებისამებრ; ჭშმარიტი კი იმიტომაა, რომ მხოლოდ მან იცის მიზეზი ყოველი ქმნილებისა და საგნისა.

გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს.

 

ყველაფერი განსჯით უნდა გავაკეთოთ, რათა სიფრთხილითა და მზუნველობით აღვასრულოთ მხოლოდ ის, რაც ვიცით. ღმერთისთვის სათნოა, საქმე აღვასრულოთ კეთილგონიერი მეკერმესავით, რომელიც მონეტას არა მხოლოდ გარეგნულად სინჯავს, არამედ წონითაც და ხმითაც. ხოლო რადგანაც ამ ადგილას აზრების წყობა, როგორც ჩანს, დარღვეულია და მთელი ნაწყვეტი თითქოსდა ზედმეტად გადავსებულია სიტყვებით, ამიტომ, ვგონებ, ეს სიტყვა შეიძლება ასე გადმოვცეთ: „ნუ იქნებით მათი თანამოზიარენი, გამოსცადეთ, რა არის ღმერთისთვის სათნო. ოდესღაც თქვენც სიბნელეში იყავით, ახლა კი ნათელი ხართ ქრისტეში, ამიტომ იარეთ როგორც ნათლის შვილებმა და გამოავლინეთ ნათლის ნაყოფი სიკეთეში, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში“.

ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,

ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს. გალატელთა მიმართ ეპისტოლეშიც პავლე მოციქული ნაყოფს სულში მოიაზრებს, საქმეს კი – ხორცში: ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა…“ და მისთ. (გალ. 5:19-21); ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა..,“ და ა.შ. ამის შემდეგ, ბნელის საქმეებს იგი უწოდებს „უნაყოფოს“, და ვინც მათ სჩადის, ისინი ერთ საზოგადოებას შეადგენენ. არამედ უმეტესად ამხილეთ. გქონდეს უფლება და შესაძლებლობა იმისა, რომ ცოდვილები ამხილო, ეს უდიდესი თავისუფლებისა და კადნიერების  საქმეა. მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც არ იმსახურებს შემდეგი სიტყვების მოსმენას: „თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი“ (ლკ. 6:42). ამიტომ წინასწარმეტყველებს, რომლებიც არ იყვნენ შებილწულები არანაირი ცოდვის სიბილწით და შეუბღალავი სინდისი ჰქონდათ, შეეძლოთ, ემხილებინათ ცოდვილები. ამრიგად, უნდა შევნიშნოთ, რომ მხილება იმას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში არ იმხილება.

 

ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.

ვფიქრობ, აქ კავშირი არ იხილვება: რაზეც მოციქული ახლა საუბრობს, ის არ არის დამოკიდებული ზემოთ თქმულზე და შეუძლებელია, გავიგოთ, ვის მიემართება ეს, თუ ნათქვამს არ დავუკავშირებთ „ურჩობის ძეებს“ (იხ. ეფეს. 5:6). ამის შემდეგ გასაგები ხდება ნათქვამის აზრი: რასაც ურჩობის ძენი ფარულად აკეთებენ, სათქმელადაც კი სამარცხვინოა; მათ საქმეებს შორისაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა და სხვ.

ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,

„ყოველივე“, ანუ ის, რასაც ურჩობის ძენი ფარულად აკეთებენ, რადგან მხილების გზით მათ ნათელი ეფინებათ. ნათელი ამხელს იმას, რაც მანამდე ბნელი იყო და მერე ნათლად იქცა უფალში. ასე რომ, მხილებით იგი უკეთესი ხდება და შეცვლილი სახით ჩნდება სახალხოდ, როგორც საყოველთაოდ ცნობილნი, ისინი ნათელნი ხდებიან, რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული.


რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.

 

ვინაიდან ნათლით მხილებული ბნელის საქმენი სინათლეზე გამოდიან, ამიტომ მხილებულის უკეთესობისკენ შეცვლის შემდეგ, სიტყვა უკვე მძინარეებსა და მკვდრებს მიემართებათ, რადგან მათ ბნელი საქმეები ჩაიდინეს: გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: „ამას ვინ ამბობს?” ან: „ვისი სიტყვებით ისარგებლა მოციქულმა?“ ვინც უბრალო პასუხით კმაყოფილდება, ის იტყვის, რომ მან აქ მოიყვანა წინასწარმეტყველების დაფარულ (აპოკრიფულ) ნაწარმოებებში ამოკითხული სიტყვები, როგორც ამას სხვა ადგილებზეც აკეთებს, და იმიტომ კი არა, რომ მას აპოკრიფები მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ იგი სასურველი აზრის დასამტკიცებლად სხვადასხვა დროს სარგებლობდა არატის[1], ეპიმენიდისა[2] და მენანდრეს[3] სხვა ლექსებითაც. თუმცა, ამით არ დაუმოწმებია, რომ მათ მიერ დაწერილი ყველაფერი წმინდაა, მაგრამ დაადასტურა, რომ გარკვეული რაღაც მათ სწორად გამოთქვეს. სხვამ კი შესაძლოა, იფიქროს, რომ მოციქულმა აქ წარმოადგინა ერთგვარი განსახიერება სულიწმიდისა, და იტყვის, რომ ეს არის სინანულისკენ მოწოდება. მე კი, უბადრუკმა, წმინდა წერილის ყველა ძველ გამოცემას გადავხედე, ებრაულ ასლებსაც ყურადღებით გავეცანი, მაგრამ ეს გამოთქმა ვერსად ვნახე. შესაძლოა, როგორც ძველ დროში წინასწარმეტყველები შეკრებებზე ამბობდნენ: ასე ამბობს უფალი, ასევე მოციქულმაც აქ, სულიწმიდით აღვსილმა, უეცრად აიღო და გამოთქვა ის სიტყვები, რასაც მასში ქრისტე ამბობდა: ასე ამბობს უფალი. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანს მიემართოს როგორც ცოცხალს: გაიღვიძე, მძინარევ, და როგორც მკვდარს: აღსდეგ მკვდრეთით? ეს იმიტომ, რომ ადამიანში არის სული, რომელიც,  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველთვის დადებითი მნიშვნელობით მოიხსენიება, და სამშვინველი, რომელსაც,  როგორც ვკითხულობთ,  გადაეცემა ცოდვილის უძლურება და სიკვდილი; ამიტომ სიტყვები: გაიღვიძე, მძინარევ, – უნდა მივაკუთვნოთ სულს, ხოლო მისი შემდგომი სიტყვები: აღსდეგ მკვდრეთით – სამშვინველს, ვინაიდან ცოდვილი სული [იგულისხმება: „სამშვინველი“] უნდა მოკვდეს“ (ეზეკ. 18:4), სულის სიკვდილზე კი ჩვენ ნამდვილად არასდროს წაგვიკითხავს. ქრისტეს ჭეშმარიტი ნათელი განანათლებს იმათ, ვინც ადგნენ ძილისგან და აღდგნენ მკვდრეთით. ამ ადგილთან დაკავშირებით მოპაექრე მავანისგან გამიგონია: იმისათვის, რომ მაყურებლები ფრიად განეცვიფრებინა, მან, როგორც ამას თეატრალურ სანახაობებზე აკეთებენ, ხალხის წინაშე შესამოსელი შემოიხია, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებია, და ამტკიცებდა, რომ მოციქულის ეს სიტყვები ადამს მიეკუთვნება, რომელიც გოლგოთაზეა დაკრძალული, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ამდენად, ჯვარცმის დროს უფალი  ადამის საფლავს ზემოთ ეკიდა და აღსრულდა წინასწარმეტყველება: გაიღვიძე მძინარე ადამ, და აღსდექ მკვდრეთით, და არა ისე, როგორც ჩვენ ვკითხულობთ: გაგანათლებს შენ ქრისტე (επιφαύσει σοι Χριστός), არამედ – შეგეხება შენ ქრისტე (επιψαύσει σοι Χριστός). ეს იმიტომ, რომ სწორედ სისხლთან და ხორცთან შეხებით  გაცოცხლდება და აღდგება ადამი და მაშინ ჭეშმარიტად აღსრულდება ის, რისი წინასახეც იყო მკვდრის გაცოცხლება ელისეს ძვლებთან შეხებით (იხ. 4 მეფ. 13:21).  მკითხველს თავისუფალ არჩევანს ვუტოვებ, თავად აირჩიოს, მართალია ეს თუ არა. ეჭვს არ იწვევს, რომ ხალხს მაშინ მოეწონა და ტაშ-ფანდურით მიიღო ეს ნათქვამი. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი – ასეთი განმარტება არ შეესაბამება ამ ადგილს, არც მოყვანილი სიტყვების წყობას.

 

მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.

ეფესელებს, რაკი მათ მომზადებული გონება ჰქონდათ კეთილისა და ბოროტის გასარჩევად, მოციქული მოუწოდებს, რომ ფრთხილად იარონ და ყველაფერი გამოსცადონ, და მიჰყვნენ იმას, რაც მტკიცედ იციან, რომ ნამდვილად კეთილია. რა თქმა უნდა, ბრძენია ის, ვინც ხედავს, თუ როგორ უნდა იაროს და როგორ ფრთხილად ავიდეს საფეხურებზე, რომ ქვაზე არ წაიფორხილოს. ვინც ამბობს: უფალო, სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა“ (ფსალ. 118:105), ის, რა თქმა უნდა, ბრძენია. მართლაც,  არა მგონია, რომ ვინმე ბუნებით უგუნურმა, რარიგაც არ უნდა მოინდომოს ფრთხილად სიარული, შეძლოს ამ მცნების შესრულება, რადგან ის მოცემულია გონიერთათვის და არა უგუნურთათვის. აქედან უნდა მივხვდეთ, რომ ზნეობრივი მცნებებიც, – მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ბევრს გასაგებად ეჩვენება იმის საფუძველზე, რაც ნათქვამია მე-18-ე ფსალმუნში: „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (ფსალ. 18:9), – საჭიროებენ გონივრულ და ფრთხილ განმარტებას, რადგან ეს  მცნება გონების თვალს მხოლოდ იმას უნათებს, ვინც მიატოვა უგუნურება და გულმოდგინედ შეუდგა სიბრძნის შესწავლას.

   

გაუფრთხილდით  დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი[4].

 

ვინც ბრძენია და ფრთხილად დადის, ის დროსაც უფრთხილდება. ხოლო უფრთხილდება (ან: იძენს, ყიდულობს) იმიტომ, რომ უკეთურნი არიან დღენი. როდესაც დროს კეთილი საქმეების კეთებაში ვხარჯავთ, მაშინ ჩვენ ვყიდულობთ და ვითვისებთ იმას, რაც გაყიდული იყო ადამიანური ბოროტმოქმედებით. მაგრამ ვერავინ, – ვინც მისთვის აუცილებელს მხოლოდ ამ ცხოვრებაში ეძებს და მისი ფიქრები სიმდიდრესა და ამქეყნიურ საზრუნავებზეა მიმართული, რასაც სახარებაში „ეკალ-ბარდები“ ეწოდება (მარკ. 4:7; ლკ. 8:7), – ვერ შეძლებს, კვლავ იყიდოს  დრო. მაგრამ როდესაც დროს ვყიდულობთ (ვუფრთხილდებით) მაშინ, როცა უკეთურნი არიან დღენი, ჩვენ მას, ერთგვარად, ვცვლით: უკეთურ დღეებს კეთილ დღეებად ვაქცევთ და არა ახლანდელი, არამედ მომავალი საუკუნის დღეებად. ეს ადგილი სხვანაირადაც შეიძლება განიმარტოს: ჰოი, ეფესელნო, თქვენთვის, რომლებმაც ამ საუკუნის ძილისგან გაიღვიძეთ, ამოვიდა სიმართლის მზე – იესო ქრისტე. ფრთხილად და კეთილგონივრულად იარეთ, განაგდეთ უგუნურება, მიჰყევით სიბრძნეს, რათა არ შეგცვალოთ ცვალებადმა დრომ, არამედ დროის მრავლფეროვნება თქვენთვის ერთ დროდ აქციოთ. ხოლო ვინაიდან სხვა სახის დევნა იწყება (თავდაპირველისგან განსხვავებული, როდესაც თითქმის ყოველდღიურად განიცდიდა ეკლესია სასტიკ ძალადობას), ამიტომ ერთ დინებას მიჰყევით და იცოდეთ, რომ ის უნდა დაიცვათ, რათა არ შეიცვალოთ უგუნური  მთვარის მსგავსად; გონების სიმტკიცით დაიცავით ის, რაც ერთხელ მიგიღიათ და არ შეიცვალოთ მსაჯულის ნებისამებრ, როცა ის მდევნელია; ხოლო თუ პირიქით, ისეთი  მსაჯული გამოჩნდება, რომელიც თქვენს სწავლებას შეაქებს, მაშინ აღიარეთ საკუთარი თავი ქრისტიანად. მაგრამ, ამასთან, ყოველთვის შეინარჩუნეთ ის, რაც გაგაჩნიათ. ეს რომ უფრო გასაგები იყოს, მოვიყვანთ ზოგიერთ მაგალითს წმინდა წერილიდან. იოსებს მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა: ეცხოვრა ღვთისათვის სათნოდ. მისი ეს სწრაფვა არ შეცვლილა დროის ცვლილებასთან ერთად: არც ძმების შურს უმოქმედია მასზე, არც მონობის მძიმე უღელს, არც სიჭაბუკის თანმდევ განსაცდელს, არც საპყრობილეს, არც სამეფო კარზე დაწინაურებას. ის ყოველთვის ერთნაირი იყო. როგორც აღვნიშნეთ, უფრთხილდებოდა რა დროის მრავალფეროვნებას, ბოროტი დღეები მან კეთილად აქცია. იგივე უნდა ვიფიქროთ იობის შესახებაც, რადგან ისე გაიარა სხვადასხვა განსაცდელი, რომ იგი არ შეუცვლია (მისი განწყობა ღვთის მიმართ) არც სიმდიდრეს, არც უბედურებას, არც წყლულებს, არც მეგობრების საყვედურს, არც მარტოობას, არც კვლავ დაბრუნებულ სიუხვეს, რადგან მან იყიდა თავისთვის ეს დრო და ბოროტი დღეები კეთილად აქცია.

17 ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.

რადგანაც უკეთური დღენი, როგორც ზემოთ ითქვა, უნდა შევიძინოთ –კეთილ საქმეებზე მივმართოთ, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ღვთაებრივი სიბრძნე უნდა ვეძიოთ, რათა მისი მეშვეობით შევიძინოთ ღვთის ნების შემეცნების უნარი. თუ ღვთის ნება წინასწარ არ გვეცოდინება, მაშინ, ცხადია, ფრთხილად ვერ ვივლით. ყველა საქმის წინ უნდა ვიმსჯელოთ, რა ნებავს ღმერთს და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ ის, რაც ღმერთისთვის სათნოდ მიგვაჩნია.

ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.

 

ასევე, ჩვენ ვერ შევძლებთ ორი ბატონის მსახურებას – ღმერთისა და მამონისა (მთ. 6:24); ვერ შევძლებთ, ერთდროულად სულითაც აღვივსოთ და ღვინითაც. ვინც სულით ივსება, მას კეთილგონიერებაც აქვს და სიმშვიდეც, სირცხვილის გრძნობაც და სიწმინდეც; ხოლო ვინც ღვინითაა სავსე, ის შლეგობს, თავხედობს და ავხორცობს. მართლაც, შესაძლებლად მიმაჩნია, ლოთი კაცის მთელი მდგომარეობა ერთი სიტყვით გამოვხატო: აღვირახსნილობა. ზოგიერთები ამას რომ ჩასწვდომოდნენ, მაშინ არასდროს დამაბრალებდნენ უგუნურებას და მწვალებლობას იმის გამო, რომ წიგნში, ქალწულობის დაცვის შესახებ, აღვნიშნე, რომ ყმაწვილებს ღვინოზე აუცილებლად უარი უნდა ეთქვათ, რათა ცეცხლზე ნავთი არ  დავასხათ და  ბუნებრივი ხორციელი აღტყინება ავხორცობის კერით არ გავაძლიეროთ. თუმცა, ღვინის სახელქვეშ, საიდანაც წარმოდგება აღვირახსნილობა, შეიძლება ის ღვინოც ვიგულისხმოთ, რომლის შესახებაც მოსეს გალობაშია ნათქვამი: გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი“ (2 რჯ. 32:35), იმიტომ, რომ ვინც კი მთვრალია ამ საუკუნის აზრებით, ყველა მათგანი სვამს და შლეგობს, მერე ეწყებათ პირღებინება და უფსკრულში იჩეხებიან, ლაპითებისა და კენტავრების შესახებ მითის მსგავსად, ერთმანეთის განადგურებას  ცდილობენ. ამ ღვინოს უპირისპირდება ის, რომელიც უფალმა აღგვითქვა სასუფეველში (მარკ. 14:25). ჩვენ არაერთხელ შეგვინიშნავს, რომ სიტყვა „სული“, ყოველგვარი დამატების გარეშე, დადებითი შინაარსის შემცველია. ვფიქრობ, ეს ამ ადგილთან დაკავშირებითაც უნდა შევნიშნოთ.

  ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.

 

ვინც თავს შეიკავებს ღვინით თრობისგან, რასაც თავშეუკავებლობა და აღვირახსნილობა ახასიათებს, და ამის ნაცვლად სულით აღივსება, ის ყველაფერს სულიერი მნიშვნელობით მიიღებს: ფსალმუნებს, საგალობლებს, სულიერ სიმღერებს, ხოლო თუ რა განსხვავებაა მათ შორის, ეს ჩვენ სრულად შეგვიძლია, ფსალმუნებიდან გავიგოთ. ახლა კი უფრო საშურია, მოკლედ ვთქვათ, რომ სადიდებელი გალობა იუწყება ღმერთის ძლიერებასა და დიდებულებას და ყოველთვის განცვიფრებას გამოხატავს მისი ყოვლადმოწყალე ქმედებებით, სიკეთის მომადლებით. სწორედ ამას შეიცავს ყველა ის ფსალმუნი, რომელიც იწყება ან მთავრდება ღაღადებით (შეძახილით): ალილუია. საერთოდ, ფსალმუნები უფრო ზნეობრივ მოღვაწეობას ეხება. ასე რომ, სხეულის მეშვეობით ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ და რას გვერდი ავუაროთ. მაგრამ ვინც ამაღლებულ საგნებზე ფიქრობს და როგორც დახვეწილი განმმარტებელი, გვიხსნის სამყაროში არსებულ მშვიდობიან თანაცხოვრებას, წესრიგს და ყოველივე ქმნილის აგებულებას, ის სულიერ სიმღერას მღერის. მოკლედ ვიტყვით (უბრალო ადამიანებისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, რაც არის კიდეც ჩვენი სურვილი), რომ ფსალმუნი მიეკუთვნება სხეულს, გალობა – სულს. ასე რომ,  ქება-დიდება და გალობა უფალს უნდა აღვუვლინოთ უფრო მეტად სულით, ვიდრე ხმით. აი, სწორედ ეს არის ნათქვამი სიტყვებში: თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს. ისმინონ ეს ყმაწვილებმა, ისმინონ ეკლესიის მსახურებმა: ღმერთს გულით უნდა უგალობო და არა ხმით. ტრაგიკოსების მსგავსად, არ არის საჭირო ყელში ნელსაცხებლების გამოვლება, რათა ტაძარში ისმოდეს ჰანგების თეატრალური რხევები. გალობას უნდა ახლდეს ღვთის შიში, კეთილი საქმეები, წმინდა წერილის ცოდნა. თუნდაც ვინმე ცუდი მგალობელი აღმოჩნდეს,  თუ მისი საქმეები კეთილია, მაშინ ღვთის წინაშე იგი ტკბილმგალობელია. როდესაც ქრისტეს მონა გალობს,  მომწონს არა მგალობლის ხმა, არამედ სიტყვები, რომლებიც ისე წარმოითქმის, რომ უკეთური სული, რომელიც საულში იყო. ის განეშორება ყველას, ვინც მის მსგავსად ემორჩილება უკეთური სულის ხელმწიფებას (1 მეფ. 16:23).

ღირსი იერონიმე სტრიდონელი

 

 

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 10:25-37

და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?

საცდუნებლად უთხრა, – ამით უკვე ის თავს იღუპავს და ვითომ საუკუნო სიცოცხლის დამკვიდრება სურს! სინამდვილეში ეს მაცდური საკუთარ კი არა, ქრისტეს სიცოცხლეზე ფიქრობდა, ის კი არ ადარდებდა, თუ როგორ ცხონდებოდა თავად, არამედ უფალი როგორ ეცთუნებინა. მას სურდა, ქრისტეში რაიმე ბრალეულობა აღმოეჩინა, მოსეს რჯულის საწინააღმდეგო სასიკვდილო ბრალეულობა, რითაც იმედოვნებდა, რომ ქრისტეს დაღუპავდა, თვითონ კი სახელს გაითქვამდა თავის მსგავსთა შორის, როგორც რჯულის მცოდნე და ადვოკატი. მაგრამ რატომ ეკითხება იგი მარადიულ, საუკუნო სიცოცხლეზე, რომლის შესახებაც მას არაფერი ეცოდინებოდა მაშინდელი რჯულის კანონიდან? იმ ერთადერთი ჯილდოს გამო ხომ არა, რომელიც რჯულმა მის შემსრულებელს აღუთქვა: რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად“ (გამოს. 20:12; ეფ. 6:2-3)? წინასწარმეტყველები, განსაკუთრებით კი დანიელი,  მართლაც საუბრობდნენ მესიის მარადიულ სასუფეველზე, ყოვლადწმიდას მარადიულ სამყოფელზე, მაგრამ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს  იუდეველების ცნობიერებაში მარადიულობად მხოლოდ  ხანგრძლივი ამქვეყნიური ცხოვრება ითვლებოდა. აქედან ცხადია, რომ  რჯულის მოძღვარმა თავად მოისმინა ან სხვებისგან შეიტყო, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ქადაგებს ისეთ მარადიულ ცხოვრებას, რომელიც განსხვავებულია მარადიულ ცხოვრებაზე მათი წარმოდგენისგან. ღვთისა და ადამიანის მოდგმის მოძულე, თვითონ რომ წარუმატებლად აცთუნებდა უფალს უდაბნოში, ახლა თავის ბნელ საქმეს სულიერად დაბრმავებული ადამიანების მეშვეობით განაგრძობს. ეშმაკს რომ რჯულის მოძღვრები არ დაებრმავებინა, მაშინ განა ბუნებრივი არ იქნებოდა, რომ მათ, როგორც რჯულისა და წინასწარმეტყველების მცოდნეებსა და განმმარტებლებს, პირველებს ეცნოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, პირველებს ეცათ მისთვის თაყვანი და მის წინ ევლოთ, როგორც სახარების მაცნეებს და ყველასთვის ექადაგათ ამქვეყნად მეუფისა და მესიის მოსვლა?

 

უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ?

 

ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი ენი, ვითარცა თავი შენი.

   

გულთამხილველმა უფალმა იცის მისი ბოროტი განზრახვა, ამიტომ არ სურს, პასუხი გასცეს და თავად ეკითხება რჯულის შესახებ: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ? აქ ორი შეკითხვაა, პირველი: იცი თუ არა, რა წერია ამის შესახებ? და მეორე: ამ დაწერილს როგორ კითხულობ და როგორ გესმის? რა წერია – ეს ყველა რჯულის მოძღვარს შეეძლო, სცოდნოდა. მაგრამ სულით როგორ გაეცნობიერებინათ წაკითხული, იმ დროს მათ შორის არავინ იცოდა; და არა მხოლოდ იმ დროს, არამედ დიდი ხნით ადრე. ჯერ კიდევ მოსე საყვედურობდა თავისი სიკვდილის წინ იუდეველებს მათი სულიერი სიბრმავის გამო: მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად“ (2 რჯ. 29:4). ფრიად უცნაურია, რომ ამ იუდეველმა რჯულის მოძღვარმა ღვთის ეს ორი მცნება თითქმის გააერთიანა და გამოყო სხვებისგან, როგორც უფრო მეტად საცხოვნებელი; უცნაურია ორი მიზეზით: მოსეს რჯულში ისინი არ დგანან პირველ ადგილზე სხვა მთავარ მცნებებთან ერთად; უფრო მეტიც, ისინი ერთადაც კი არ დგანან, როგორც ეს რჯულის მოძღვარს მოყავს. ერთი მათგანი მოხმობილია მოსეს ერთი წიგნიდან, მეორე – სხვა წიგნიდან (ლევ. 19:18; 2 რჯ. 6:5). მეორეც, უცნაურია იმიტომ, რომ იუდეველები ღვთის სხვა მცნებების შესრულებას ცდილობდნენ მაინც, სიყვარულის შესახებ მცნებას კი უგულებელყოფდნენ. ისინი ვერასდროს ავიდნენ ღვთის სიყვარულამდე, მხოლოდ ღვთის შიშს მიაღწიეს. ხოლო ის, რომ რჯულის მოძღვარმა ეს ორი მცნება გააერთიანა და გამოყო ისინი, როგორც საცხოვნებლად ყველაზე მთავარნი, ეს მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ მან იცოდა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე სიყვარულის შესახებ მცნებებს აყენებს ყველა მცნებისა და ყველა სათნოების კიბის მწვერვალზე.

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი

უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები.

რჯულის მოძღვარს არ სწამდა იესო ქრისტე, მაშ, რატომ უთხრა მას იესომ: ეგრე მოიქეცი და ცხონდები, ანუ დაიმკვიდრებ მარადიულ სიცოცხლეს? ნუთუ ვინმე ცხონდება ქრისტეს რწმენის გარეშე? ნუ იყოფინ! ქრისტეს „რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს“ (ებრ. 11:6). ასეთივე პასუხი გასცა ღმერთკაცმა რჯულის მოძღვარს, უპირველესად, იმიტომ, რომ მოსეს რჯული იყო იუდეველების აღმზრდელი და მოძღვარი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოსაქცევად. ვისაც მოსეს სწავლების სჯერა, მას იესო ქრისტეც სწამს. ამიტომ ეუბნება: „მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა“ (ინ. 5:46). მეორეც, „ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს“ (1 ინ. 5:1). ვისაც ღმერთი ჭეშმარიტად უყვარს, ის არ რჩება უმეცრების წყვდიადში, არამედ ღვთისგან განათლებას იღებს და რწმენის ნათლით ნათლდება. ამას მოწმობს კორნელიოს ასისთავი და ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს, დიდებული, ასევე, მრავალი სხვა, ვისაც ქრისტეს რწმენა არ ჰქონდათ, მაგრამ რადგანაც ღმერთი უყვარდათ, ამიტომ მისგან განათლდნენ და იწამეს მის მიერ წარმოგზავნილი იესო ქრისტე. რა პასუხი მიაგო ქრისტეს ამ სიტყვებს რჯულის მოძღვარმა?

ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?

ნუთუ არ იცოდა რჯულის მოძღვარმა, თუ ვინ იყო მისი მოყვასი? ან რაში სჭირდებოდა თავის გამართლება? ან კიდევ, ამ შეკითხვით როგორ უნდა გაემართლებინა თავი? როგორც რჯულის მოძღვარმა, მან, რა თქმა უნდა, იცოდა, ვინ იყო მისი მოყვასი; ისიც იცოდა, გამართლება რომ სჭირდებოდა, რადგან შენიშნა, რომ იესო ქრისტეს პასუხმა მისი უმეცრება გამოაშკარავა რჯულის საფუძვლებზე; უფრო მეტიც, მიხვდა, რომ იესო ქრისტემ განჭვრიტა მისი ბოროტი ჩანაფიქრი. მაგრამ ვინაიდან იუდეველები მოყვასს ყველა ადამიანს არ უწოდებდნენ, არამედ მხოლოდ თანატომელებსა და მეგობრებს, ამიტომ სვამს ამ მეორე შეკითხვას, რომ საკუთარი განზრახვაც დამალოს და უმეცრებაც. თუმცა, შესაძლოა, ეს კითხვა იმიტომაც დასვა, რომ საკუთარი თავი იმდენად მართალი და წმინდა ეგონა, რომ სათნოების მხრივ, თავისი დარი და ტოლი არავინ ეგონა. ამ შეკითხვით იესოს შემთხვევა მიეცა, შემდეგნაირად ეპასუხა:

მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალმკვდარი დააგდეს.

ამ პასუხით ქრისტემ ასწავლა, თუ ვინ არის მოყვასი. ის ჯერ ზოგადად ამბობს: ერთი კაცი, მერე კი ეს კაცი წარმოადგინა არა როგორც  იუდეველის, არამედ სამარიელის მიერ შეწყალებული. ამით მან აჩვენა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ერთი ბუნების გამო, არის მეორე ადამიანის მოყვასი და მას თითოეული ადამიანის მიმართ სიყვარულისა და დახმარების ვალდებულება აკისრია. ამ იგავური პასუხით უფალმა ადამიანური ბუნებისათვის თავისი განხორციელებით გაცხადებული წყალობაც გამოავლინა, რამეთუ ადამიანში, რომელიც იერუსალიმიდან იერიქონში მიდიოდა, მთელი კაცობრივი ბუნება იგულისხმება, რომელიც პირველმშობელთა ცოდვის გამო გამოვარდა იერუსალიმიდან, – ნეტარი სიმშვიდიდან და სიმყუდროვიდან, – და შთავარდა იერიქონში, ამ გაუბედურებულ და ამბოხებულ ქალაქში, რადგან არ იყო მასში მშვიდობიანი, დაწყნარებული ცხოვრება, რაც მრავალჭირნახულ და მწუხარე წუთისოფლის ანალოგია. ყაჩაღებში კი ეშმაკები იგულისხმებიან, რომლებიც ადამიანებს საღვთო საბოძვარს ართმევენ, ცოდვის წყლულებით ავსებენ და მერე ცოცხალმკვდარს სადმე მიაგდებენ ხოლმე.  უფალმა ცოცხალმკვდარი იმიტომ უწოდა, რომ სული ცოდვის შემდეგაც უკვდავი დარჩა, მხოლოდ სხეული მოკვდა; ანაც იმიტომ, რომ ცოდვის აღსრულების შემდეგ ადამიანმა კინაღამ დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და ცხოვრების მომნიჭებელი; ან კიდევ იმიტომ, რომ ადამის შეცოდების გამო კაცობრიობა სიკვდილს დაექვემდებარა, მაგრამ აღორძინდა ქრისტეს რწმენით (რომ. 5:18).

შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.

ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია.

მღვდელი მოსეს რჯულს ნიშნავს, რომელიც ყველაფერს შეიცავს, რაც მღვდელმსახურებას ეხება; ლევიტელი – წინასწარმეტყველებს, როგორც ღვთის ცხებულ მსახურებს და ქვეყნად მისი მხოლოდშობილი ძის მოსვლის გამოცხადების მოძღვრებს. წავიდა რჯული, მოვიდა მადლი. მართალია, ზეციდან გარდამოვიდა რჯული და მოსეს ღმერთისგან  სინას მთაზე მიეცა, წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ არც რჯულისკანონს და არც წინასწარმეტყველებს არ ძალუძდათ, წარეხოცათ ცოდვები და აღედგინათ ადამიანური ბუნება ამ უსაშინლესი დაცემიდან, „რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით (ებრ. 10:4). რჯული და წინასწარმეტყველებიც იმ გზით მიდიოდნენ და იმ ადგილზე იყვნენ, სადაც ადამიანი გამოაძევეს, ანუ მიწაზე, და ხედავდნენ მის სავალალო ყოფას, მაგრამ გვერდს უქცევდნენ, არ შეეძლოთ მისი წყლულის მორჩენა.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

 

მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი;

როგორ უწოდა, იკითხავ, ქრისტემ სამარიელს მოყვასი, როცა დიდი განსხვავებაა მასსა და ჭეშმარიტ მორწმუნეს შორის? თუმცა, არა ბუნებითი ნათესაობის მხრივ. ასე რომ, დაე, თითოეული ადამიანი, ვისაც შენი დახმარება სჭირდება, შენი მოყვასი იყოს; ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას ეხება, მაშინ განასხვავე ერთმანეთისგან შენიანი და სხვისიანი.

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.

ჭრილობები შეუხვია. ანუ  სწავლების სახვევებით. ზეთით და ღვინით მოჰბანა, ნიშნავს – სიმშვიდითა და  სიმძაფრით: ქრისტეს სწავლება ზოგან მშვიდად იქადაგება და სულს აწყნარებს, ზოგან კი მძაფრი მხილებაა და შანთივით წვავს მასში ვნებით აღძრულ წყლულებს. ამგვარად, ის კარგადაა შერეული და სარგებელი მოაქვს ყოველი მხრიდან. თავის სახედარზე შესვა – თავის სხეულზე, რომელიც უნდა მომკვდარიყო, ანუ მიიღო რა კაცობრივი ბუნება, ამით მისი უძლურება საკუთარ თავზე აიღო. სასტუმროში მიიყვანა – ეს არის მორწმუნეთა ეკლესია, რომელიც ყველა ეროვნების ხალხს იღებს თავის წიაღში. და უპატრონა – მის მიმართ საღვთო განგებულება გამოავლინა.

ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.

ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას – ცოტა ხნის შემდეგ მოკვდა და გავიდა ამაქვეყნიდან. ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე – სანამ ცოცხალი იყო, თავად ზრუნავდა უძლურებზე, მაგრამ როცა სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღდგა და ზეცაში ავიდა, ეს საზრუნავი უკვე მოციქულებს დააკისრა. მეფუნდუკე (სასტუმროს მეპატრონე) – ეს არის ეკლესიის ყოველი წინამძღვარი, ანუ ყოველი ეპისკოპოსი, მოციქულების თითოეული მემკვიდრე. ორი დინარი ახალი და ძველი აღთქმაა, უძლურებს რომ კურნავს. მათეს სახარების მე-13 თავში ვკითხულობთ: „ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც“ (მთ. 13:52); ან ორი დინარი ნიშნავს სახარების ორ – ისტორიულ და სულიერ – შემცველობას. და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო. ეს ნიშნავს: თუ მის სასარგებლოდ შენი მხრიდან რამეს დაამატებ; მოძღვრები ხშირად თავის მხრივაც ამატებენ, როცა ცდილობენ, ღვთის სიტყვა უფრო გასაგებად განმარტონ. საფუძვლად ისინი ორ აღთქმას იღებენ და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემენ მსმენელს წმინდა წერილის აზრს, რითაც მათზე დიდ ზრუნვას იჩენენ. აქეთობას გადაგიხდი – ანუ უკან დაბრუნებისას, რაც ქრისტეს მეორედ მოსვლას ნიშნავს, როცა იგი ყველას დამსახურებისამებრ გადაუხდის.

 

როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?

მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.

იზრუნე მასზე, ვინც დახმარებას ითხოვს. ვინც ამგვარად არ იქცევა, მას არ უყვარს მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი, ხოლო ვისაც მოყვასი ასეთნაირად არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით (ლკ. 10:27), რაც სიყვარულის მგზნებარებასა და ძალას გამოხატავს.

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი

 

აზრები წლის ყოველ დღეზე

(ლკ. 10:25-37) რჯულის მოძღვარს კითხვაზე, თუ როგორ ცხონებულიყო,  უფალმა თავის მხრივ, ჰკითხა: „რა წერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ?“. ამით მან აჩვენა, რომ ყველა გაურკვევლობის გადასაჭრელად ღვთის სიტყვას უნდა მივმართოთ. ხოლო თვით ეს გაურკვევლობები რომ არ იყოს, ამისთვის, ყველაფერს ჯობია, წმინდა წერილი ვიკითხოთ – გულდასმით, მსჯელობით, განცდებით, საკუთარ ცხოვრებასთან მისადაგებით. წაკითხულიდან რაც აზრებს ეხება, ის აზრობრივად უნდა შევასრულოთ, რაც გრძნობებს – გრძნობებითა და განწყობით, რაც საქმეებს – საქმეებით.

ღვთის სიტყვის ყურადღებით მიმღები სწორად აფასებს ყველაფერ იმას, რაც მასშია, რაც მის ირგვლივაა და რაც მის ზემოთაა: არკვევს თავის სავალდებულო დამოკიდებულებას ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის; წმინდა წესებს, როგორც ძვირფას მარგალიტებს, სინდისის ძაფზე მძივად კინძავს, რათა შემდგომში ზუსტად და გარკვევით მიიღოს მისგან მითითება, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რომ ღმერთს სათნო ეყოს; ითოკავს ვნებებს, რომელთაც ღვთის სიტყვის კითხვა აწყნარებს. რომელი ვნებაც არ უნდა გაწუხებდეს, დაიწყე წმინდა წერილის კითხვა და ვნება სულ უფრო და უფრო მინელდება, მალე კი სრულიად ჩაცხრება. ვინც ღვთის სიტყვის ცოდნით მდიდრდება, მას თავს ზემოთ იმ ღრუბლის სვეტი ადგას, ებრაელებს უდაბნოში რომ გზას უკვლევდა.

წმინდა თეოფანე დაყუდებული

 

 

[1] არატი (315-240 ჩვ. წ.-მდე) – სტოიკოსი პოეტი სიცილიიდან, რომელსაც პავლე ციტირებს ათენის არეოპაგისადმი მიმართვაში (საქ. 17:22-31). აქ, როდესაც სამყაროსა და ადამიანების შემქმნელ ღმერთზე ქადაგებს, მოციქული ამბობს: ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ“ (საქ. 17:28), ამით არატის პოემის, Phaenomena 5, პერფრაზირებას ახდენს, სადაც აღნიშნული სიტყვები ზევსს მიემართება [რუს. ტექ. რედ.].

[2] ეპიმენიდი – (მე-6 ს. ჩვ. წ.-მდე) – ლეგენდარული პოეტი კუნძულ კრეტადან, რომელსაც ორფიზმის მამამთავართა რიცხვში ასახელებენ. ტიტეს მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ციტირებს მის გამონათქვამს კრეტელთა შესახებ De oraculis / реп Chresmon (იხ. ტიტ. 1:12) [რუს. ტექ. რედ.].

[3] მენანდრე – (342-291 ჩვ. წ.-მდე.) – ბერძენი დრამატურგი. ფრაზა: ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს“ (1 კორ. 15:33), აღებულია მისი კომედიიდან – „ტაისი“ (Thais, Frg.218). ვინაიდან მენანდრეს აფორიზმები ხალხში პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ პავლეს მიერ ამ ფრაზის გამოყენება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი იყო დრამატურგის თვით ეს ნაწარმოები [რუს. ტექ. რედ.].

[4] ძვ. ქართ.: „გამოიფრიდიდით“ („შეისყიდდეთ დროს“), ანუ კეთილ საქმეებზე ხარჯავდეთ დროს.