საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან XXV კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

17 ნოემბერი
sultmofenobidan-xxv-kviriakes-sakitxavi-saxarebisa

 5 (18) ნოემბერი, 2018

სულთმოფენობიდან 25-ე კვირიაკე

წირვაზე – ეფეს. 4:1-6; ლკ. 8:41-56.

 

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 4:1-6

ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.

სიყვარულის საკვრელებით შეკრული ქრისტეს მოყვარულნი უფალს მიჰყვებიან. არსებობს სხვა ახსნაც [კერძოდ, ორიგენესი, რომელიც სხეულს სულის საპყრობილედ მიიჩნევდა. – რედ.], რომელიც მკითხველს შეუძლია, საკუთარი სურვილისამებრ, მიიღოს ან უარყოს.  მოციქული აქ სულის ბორკილებს უწოდებს სხეულს, ხოლო რაკი პავლემ თავისი სხეული სახარების მსახურებისათვის მიიღო, ამიტომ შესაბამისად, იგი ქრისტე უფლის ტყვედ იწოდება.

მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.

თუ ვინმეს ესმის, რას ნიშნავს დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი, ის ვერ იფიქრებს, რომ ეს მცნება წმინდა ადამიანებისთვისაა მოცემული, არამედ იმათთვის, ვინც გაეცნო მხოლოდ სათნოებათა საწყისებს. მართლაც, წმინდანები კი არ საჭიროებენ ერთმანეთისადმი დიდსულოვნების გამოჩენას, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც რაიმე ვნებით მარცხდებიან. და გასაკვირიც არაფერია, თუკი ეფესელებს ესმით ეს, ვინაიდან მორწმუნეთა სიმრავლეს შორის ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები, ვინც ერთმანეთის სულგრძელებას, მიმტევებლობას და ნუგეშისცემას საჭიროებდნენ.

ღირსი იორინემე სტრიდონელი.

ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.

როგორც სხეულში მყოფი სული ყველაფერს მოიცავს და აერთიანებს, ისე აერთიანებს ეკლესიას სულიწმიდა. თუმცა, ჩვენ განვსხვავდებით გვარით, ხასიათით და  საქმიანობით ერთმანეთისგან, მაგრამ სულიწმიდის მეშვეობით ერთი სხეული ვხდებით. ასე რომ, დავიცვათ ეს ერთიანობა ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრებით. ვინაიდან თუ ერთურთს შორის სიყვარულის კავშირი და მშვიდობა არ გვექნა, მაშინ სულიწმიდისგან ნაბოძებ ერთიანობას დავკარგავთ. ეს იმის მსგავსია, განხეთქილება რომ მოსვლოდათ ხელებს ან ფეხებს დანარჩენ სხეულთან და მათ უარი ეთქვათ სხეულის სხვა წევრებთან კავშირზე. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, ისინი აღარ იქნებოდნენ ერთი და იმავე სულის დაქვემდებარების ქვეშ. ამგვარად, დიდი გულმოდგინება გვმართებს, რომ დაუზარებლად დავიცვათ მშვიდობა და მყარად შევუერთდეთ ერთმანეთს, რათა საითაც ერთი ისწრაფვის, მეორეც იქით ისწრაფოდეს (ასე ახასიათებთ მეკავშირეებს), და არა თვითნებურად განკარგავდეს საკუთარ თავს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვიქნებით ყველანი ერთ სულში.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.

ამრიგად, ეცადეთ, უფლისა და მოციქულების სწავლებით განმტკიცდეთ, რათა ყველაფერში, რასაც აკეთებთ, სასიკეთოდ წარემატოთ ხორცითა და სულით, რწმენითა და სიყვარულით, ძეში, მამასა და სულში, დასაბამსა და დასასრულში. უღირსეულეს ეპისკოპოსთან, ბრწყინვალედ მოწნულგვირგვინიან თქვენს სამღვდელოებასა და ღვთისგან დადგენილ დიაკვნებთან ერთად. დაემორჩილეთ ეპისკოპოსსა და ერთმანეთს, როგორც იესო ქრისტე დაემორჩილა ხორცით მამას, ხოლო მოციქულები – ქრისტეს, მამასა და სულს, რათა ერთიანობა ხორციელიც იყოს და სულიერიც.

მღვდელმოწამე ეგნატე ანტიოქიელი

 

ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.

ნათლისღება არ შეიძლება ორჯერ ან სამჯერ; წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვა, პირველ ჯერზე ის ჩემთვის უსარგებლო იყო, ამიტო მეორე ჯერზე გამოვასწორებო. პირიქით, თუ პირველი უსარგებლო იყო შენთვის, მას ვეღარ გამოასწორებ, რადგან ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. მხოლოდ მწვალებელს ნათლავენ მეორედ, ვინაიდან მისი პირველი ნათლობა ნამდვილი ნათლობა არ იყო.

წმინდა მღვდელთმთავარი კირილე იერუსალიმელი

ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.

ყურადღებიანი მკითხველი მოციქულის ამ სიტყვებში  წმიდა სამებას შეიცნობს. იგია ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული. „ყველაზე უზენაესი“, ე. ი. მისი არსებობა არავისზეა დამოკიდებული; „ყოვლის გამრიგე“ – ეს შეიძლება გადმოვცეთ, როგორც „შუამდგომლის მეშვეობით“; „ყველაში დავანებული“ – ეს იგივეა, რაც „ერთში“, ვინც ყველას იცავს, ანუ ერთად კრავს.

. ნეტარი ავგუსტინე იპონიელი

 

 

 

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 8:41-56


და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო.

რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს.

სინაგოგის წინამძღვარი  იგივე იუდეველთა შესაკრებლის მთავარია. ამ სინაგოგის წინამძღვარს, სახელად იაიროსს, 12 წლის ასული უკვდებოდა. ამიტომ მივიდა ის იესო ქრისტესთან, ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, მასთან სახლში მისულიყო და ბავშვი განეკურნა. იხილე ამ კეთილკრძალული იაიროსის რწმენა და სასოება! მას სწამდა, რომ იესოს მისი ასულის განკურნება შეეძლო; იმედი ჰქონდა, რომ იესო ქრისტე მის თხოვნას შეისმენდა. დიდი მოკრძალებით განერთხო იგი უფლის ფერხთით და უდიდესი სიმდაბლით დახმარება შესთხოვა. კაცთმოყვარე ღმერთმა მყისვე შეისმინა მისი ვედრება და შვილის განსაკურნებლად სახლში გაყოლაზე დათანხმდა. აქედან ვსწავლობთ, რომ სამი რამაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი სათხოვარი ღმერთმა შეისმინოს: რწმენა, სასოება (იმედი) და კეთილკრძალულება (უაღრესი მოკრძალება იმის წინაშე, ვისიც გვწამს და ვისი იმედიც გვაქვს). წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს.

ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,

უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა.

როგორც ისტორიკოსები გვიამბობენ, ეს ავადმყოფი ქალი, სახელად ვერონიკა, წარმოშობით ელინი იყო, ფილიპეს კესარიის პანეადად წოდებული ადგილიდან. შემდგომში მან ქრისტე მაცხოვრის კეთილი საქმეების მოსახსენებლად სპილენძის ქანდაკება დადგა თავისი სახლის კართან. ამ ადგილზე მალე ყოველივე უძლურების მკურნალი მცენარეულობა აღმოცენდა. ქანდაკებამ იულიანე განდგომილის დრომდე მოაღწია და მის მიერ განადგურდა.

ეს სისხლმდინარე ქალი მთელი თორმეტი წლის განმავლობაში იტანჯებოდა თავისი ავადმყოფობით და მთელი ავლადიდება ექიმებისთვის მიეცა.  ექიმებმა კი, დახმარების ნაცვლად, მისი ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადეს, როგორც მარკოზ მახარებელი გვამცნობს, მან ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო“ (მარკ. 5: 26). ამის შემდეგ მან იესოს ამბავი გაიგო. მარკოზ მახარებლის თანახმად, შეიტყო მისი სასწაულების შესახებ. ამიტომაც მივიდა მასთან და ხალხის სიმრავლეს შეუერთდა. მერე უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა, – დაუშრა სისხლის წყარო. ქალი მიხვდა და ხორციელადაც იგრძნო, რომ განიკურნა.

განიხილე ახლა ავადმყოფობის გარემოება და სასწაულის სიდიადეს შეიცნობ. სისხლდინება თავისთავად განუკურნებელი ავადმყოფობაა. ხანგრძლივობამ, ანუ თორმეტმა წელიწადმა, ზებუნებრივი სისხლის დენა დაუძლურებული ბუნებისათვის ბუნებრივი გახადა. ექიმების უძლურებამ და ავადმყოფობის გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მაგრამ აი, საოცრება – სისხლი გაჩერდა და სრულიად დაშრა ზუსტად იმ წამს, როცა დასნებოვნებული ქალი ქრისტე მაცხოვრის სამოსის კალთას შეეხო. რომელი ბუნებრივი ძალა დააშრობდა ერთ წამში და გააჩერებდა თვალის ერთ დახამხამებაში ამ თორმეტწლიან დინებას? ვერანაირი ბუნებრივი ძალა ამას ვერ შეძლებდა – ეს მხოლოდ მაცხოვრის საღვთო და ცხოველმყოფელ ძალას შეეძლო, გაეკეთებინა.

და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?

ყოვლისმცოდნე ღმერთი კითხულობს, ვინ შეეხო მას. მასთან ახლომყოფნი უარყოფენ, ანუ ეუბნებიან, რომ არავინ შეხებია. როგორც ჩანს, არავის დაუნახავს, როგორ შეეხო ეს ქალი უფლის სამოსის კალთას. პეტრემ და იქვე მყოფმა მოციქულებმა მოძღვარს ასე უპასუხეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?  რა თქმა უნდა, იესომ იცოდა, მაგრამ იმისათვის, რომ გამოვლინებულიყო სისხლმდინარე ქალის რწმენა და საღვთო ძალის სასწაულთმოქმედება, ასევე, გარემომცველები რწმენაზე მოექცია, თქვა: ვიღაცა შემეხო მე.

მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.

როდესაც ბალზამს, ნელსაცხებლებსა და სალბუნებს ვინმეს სხეულზე მიადებენ, მაშინ გამოდის მათგან ძალა, ანუ მცირე, თვალით უხილავი ნივთიერი ნაწილაკები, ორგანიზმში შედიან და  სხეულს თავიანთი მოქმედებებით კურნავენ. უფლის სამოსს არ ჰქონია ასეთი ძალა – მისგან არც თავისთავად გამოდიოდა მაკურნებელი ნივთიერება, არც სისხლმდინარის ხელით შეხებით შედიოდა ის მის უძლურ სხეულში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა გაიგონებ: ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან, – არ იფიქრო, თითქოს ნივთიერი ძალა გამოვიდა იესო ქრისტეს სამოსიდან, შევიდა სისხლსმდინარე ქალის სხეულში და განკურნა იგი, არამედ იცოდე, რომ იესო, როგორც გულთამხილველი, მის რწმენასაც ხედავდა და სამოსის კალთაზე მისი ხელის შეხებასაც, ამიტომ განკურნა იგი თავისი ყოვლისშემძლე ძალით.

რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.

სისხლმდინარე ქალი თავისი უბრალოებითა და უმეცრებით ფიქრობდა, რომ მან, მართალია, კურნება იესოს სამოსის კალთაზე შეხებით მიიღო, მაგრამ იესომ ეს არ იცოდა და არც უგრძვნია. მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ეს საქმე ამ დიდი მკურნალისგან დაფარულად ვერ აღსრულდებოდა და რომ ის ყოვლისმხილველია, შეშინდა, თავისი გასაჭირით არ გაეღიზიანებინა კეთილისმყოფელი. ამიტომ კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, მთელი ხალხის წინაშე განაცხადა მიზეზი, თუ რატომ შეეხო. თუმცა არც ამას დასჯერდა და ისიც უთხრა, რომ მის სამოსთან შეხებისთანავე განიკურნა. რა უპასუხა ამაზე ყოვლადმოწყალემ და ყოვლადძლიერმა ღმერთმა?

ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით.

უპირველესად, უფალი მისგან შიშს განაგდებს და აიმედებს: მხნედ იყავ. შემდეგ თავმდაბლობას ასწავლის და თავის მიერ აღსრულებულ სასწაულს მის რწმენას მიაკუთვნებს: შენმა რწმენამ გიხსნა; დაბოლოს, ღვთის მიერ მშვიდობას უსურვებს: წადი მშვიდობით. მარკოზ მახარებლის თანახმად, მას შემდეგ, რაც იგი დაარწმუნა ავადმყოფობისგან განკურნებაში, უფალმა უთხრა: „წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან“ (მარკ. 5:34). ჭეშმარიტად, დიდი იყო ეს რწმენა: აი, უძლური და ავადმყოფი დედაკაცი მიდის იესო ქრისტესთან, ჩუმად და მიზანდასახულად მიძვრება ხალხში; მას ყოველი მხრიდან ავიწროებენ, გვერდებში მუჯლუგუნებსაც ურტყამენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ, მაგრამ ის მაინც დაჟინებით მიიწევს წინ; ეფოფინება უფლის იმედს, რომ საკმარისია, მისი სამოსის კიდეს შეეხოს და მაშინვე განიკურნება. ღვთისმეტყველი მათეს თანახმად, „რადგან გულში ამბობდა:  თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო“ (მთ. 9:21). უნდა ვიცოდეთ, რომ არა მხოლოდ ბრძანებით, ხელის შეხებით და შენერწყვით კურნავდა იესო ქრისტე, არამედ, ასევე, მისგან სამოსელზე გადასული მადლითაც. იმავეს ვხედავთ ჩვენ წმინდანების შემთხვევებშიც: პავლე მოციქულის ნაქონი ხელსახოცებითა და მისი ტანის ნაოფლარი წელსაკრავებით ეშმაკეულებს კურნავდნენ (საქ. 19:12). აქედან მიიღო მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანების არა მხოლოდ წმინდა ნაწილების, არამედ მათი  ნაქონი ტანსაცმლის თაყვანისცემა, როგორც სიწმინდისა და მადლის მატარებლისა.

ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.

მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.

მათ არ სჯეროდათ, რომ იესო ქრისტე იყო ყოვლისშემძლე ღმერთი, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ავადმყოფების განკურნება მას შეეძლო, მაგრამ მკვდარს ვერ აღადგენდა. ამიტომ, როდესაც ავადმყოფი გოგონა გარდაიცვალა, ერთი კაცი მოვიდა, ალბათ, ნათესავი ან მეგობარი, ანაც მსახური სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან, – და უთხრა მას: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს, – აზრი აღარ აქვს სახლში მის მიყვანას. ეს გაიგონა იესომ და სანამ იაიროსი რამეს იტყოდა, შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება, – ნუ შეეჭვდები, თითქოს არ შემეძლოს მკვრეთით აღდგენა. მთავარია, გწამდეს, რომ მე ეს შემიძლია და შენი შვილი გადარჩება, ანუ მკვდრეთით აღდგება.

ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედმამის გარდა.

სისხლმდინარე ქალზე აღსრულებულმა სასწაულმა მხილველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დიდძალი ხალხი, ზოგი ცნობისმოყვარეობით და ზოგი მოკრძალებით აღძრული, გაჰყვა იესოს იაიროსის სახლამდე; იქ კი ახალი და უფრო დიდი სასწაულის მოწმენი გახდნენ! თუმცა მიყოლილი ხალხიდან იესომ სახლში არავინ შეუშვა. ამასვე ამბობს მარკოზ მახარებელიც: არავის მისცა გაყოლის ნება (მარკ. 5:37); მხოლოდ სამი მოწაფე შეიყვანა თან – ისინი, ვინც მას თაბორის მთაზე ახლდნენ, და კიდევ გარდაცვლილი ბავშვის დედ-მამა. ამით უფალი პატივმოყვარეობისგან განრიდებას გვასწავლის, ხოლო სამი მოციქული და გარდაცვლილი გოგონას მშობლები სასწაულის მოწმეებად დაიტოვა ოთახში. ის რომ გოგონასთან მარტო დარჩენილიყო, მაშინ ვისაც არ სწამდა, რომ მას შეეძლო მკვდრეთით აღდგენა, შეეჭვდებოდნენ, შესაძლოა, სასწაულის დაგმობაზეც კი გაკადნიერებულიყვნენ და არ დაეჯერებინათ, რომ მან ერთი სიტყვით აღადგინა მკვდარი.

ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.

ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა.

მათე მახარებელი ამბობს, რომ იაიროსის სახლში ამ დროს „მოზარენი და მოყაყანე ბრბო“ იყო (მთ. 9:23) და გარდაცვლილ გოგონას დასტიროდა. აქედან ცხადია, რომ იუდეველები მაშინ არა მხოლოდ მოტირალებს იწვევდნენ მიცვალებულის ოჯახში, არამედ, ძველი ჩვეულების თანახმად, გოდებდნენ კიდეც სამგლოვიარო ლექსებით (იხ. ამოს. 5:16); და, საერთოდ, ყველა, ვინც კი იქ იკრიბებოდა, წუხდა და ტიროდა. რატომ უთხრა მათ იესო ქრისტემ, რომ გოგონა კი არ მოკვდა, არამედ სძინავს? ან იმიტომ, რომ მალე ის, როგორც ძილიდან, ისე უნდა გაეღვიძებინა, ან უნდოდა, რომ მისი სიკვდილი ყველას ეღიარებინა და, ამგვარად, როცა აღდგებოდა, ვეღარ უარყოფდნენ, რომ ის ნამდვილად მკვდარი იყო და აღდგა. ამით იგი საფუძველს აცლიდა ყოველგვარ ეჭვსა და ცილისწამებას, ასევე არწმუნებდა ხალხს თავის ყოვლისშემძლეობაში, რომ იგი ნამდვილად განაგებდა სიცოცხლესა და სიკვდილს, მიუხედავად ამისა, მაინც ითმენდა მათგან დაცინვას; მას დასცინოდნენ, როგორც ჭკუიდან გადასულს იმის გამო, რომ მკვდარ გოგონაზე თქვა, სძინავსო. მეორე მხრივ, მათი ეს დაცინვა აჩვენებს, რომ გოგონას სიკვდილში ისინი დარწმუნებულნი იყვნენ და ამიტომ მით უფრო დიდი სასწაული იქნებოდა მათთვის შემდგომში მისი ცოცხლად ხილვა.

ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;

სასწაულის აღსრულების მყისიერების დანახვის ღირსნი არ იყვნენ იქ მდგომი მოზარენი, მოტირალნი და მწუხარენი, ამიტომ იესომ ისინი ოთახიდან გამოაძევა,  მხოლოდ მასთან ერთად მისული სამი მოციქული და შვილმკვდარი მშობლები დატოვა. ამას ღვთივსულიერი მარკოზიც ამოწმებს, როცა ამბობს: მან კი გარეთ გამოასხა ყველანი“, – ყველანი, ვინც კი იმ ოთახში იყო  და „შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და თავისი მოწაფენი და შევიდა, სადაც მკვდარი გოგონა იწვა“ (მარკ. 5:40).
რადგანაც იაიროსმა იესოს სთხოვა, მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს(მარკ. 5:23), ამიტომ მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ, – ასულო, აღდეგ მკვდრეთით!

მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.

მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.

ჰოი, ყოვლადდიდებული სასწაული! მკვდრეთით აღდგენა არის სასწაულთა შორის სასწაული, ყველა სხვა სასწაულზე აღმატებული! სულის სხეულთან გაყრის შემდეგ  სისხლის მოძრაობა და სიცოცხლის უნარის მოქმედება მთლიანად წყდება: სხეულის ყველა ხორციელი წევრი და ნაწილი ნებისმიერ ცხოველში კარგავს თავის ბუნებრივ ძალას და იწყება სხეულის დაშლა, რასაც ხრწნილება მოჰყვება. სულს შემოქმედი ქმნის ადამიანში, როგორც ნათქვამია: „შემქმნელი სულისა კაცისა მის წიაღში“ (ზაქ. 12:1), და სხეულიდან გამოსული  უკან ვეღარ ბრუნდება: რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი (ფს. 102:16). ერთადერთი ყოვლისშემძლე უზენაესი ძალა თავისი სურვილისამებრ ცვლის ბუნების შეუცვლელ კანონებს; მას ერთადერთს შეუძლია, უბრძანოს სულს, დაბრუნდეს მკვდარ სხეულში, მოძრაობაში მოიყვანოს გაციებული სისხლი და მკვდარ სხეულს ცხოველმყოფელი ძალა შესძინოს. ამ დროს სხეულის წევრებსა და ნაწილებს უბრუნდებათ დაკარგული სიცოცხლის უნარი, სხეულის დაშლა წყდება, ხრწნილება ჩერდება და სხეულის შემადგენლობა და აგებულება კვლავ ძველებური ხდება. ყოველივე ეს ყოვლადძლიერმა იესო ქრისტეს ხმამ თვალის დახამხამებაში აღასრულა: პატარავ, აღდეგ! მასში სხვა სული კი არ ჩაბუდებულა, არამედ მისივე  სული დაბრუნდა სხეულში და მყისვე მკვდრეთით აღადგინა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს სასწაული ოცნებად და გონების წარმოდგენად არ ჩაეთვალათ, მაცხოვარმა ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.  ამ სასწაულის ხილვამ  მშობლები განაცვიფრა. იესომ კი „მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს“ (მარკ. 5:43).

შენ კი, ქრისტიანო, აქედან ისწავლე სიკეთის კეთება და ამაო პატივისაგან განრიდება.

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი